კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მან გაიგონა მკვლელობა

ეძინა, როცა უცებ მეზობელი ოთახიდან ქალის შეკივლება გაიგონა. კედელი არ იყო სქელი და ზოგჯერ ესმოდა ხოლმე, როგორ სცემდა ბოლთას და დაახრიგინებდა სკამებს მისი მეზობელი. მაგრამ ახლა იქ რაღაც სერიოზული ხდებოდა – აშკარად ჩხუბობდნენ. ისმოდა ისეთი ყრუ დარტყმების ხმა, რომ მაშინვე მიხვდა – ხელჩართული ბრძოლა მიდიოდა; ქალი და კაცი აშკარად არ ინდობდნენ ერთმანეთს.

– შენ ასე არ მოიქცევი! – გაისმა კაცის ხმა, – არ გაბედო, აქედან არ გახვიდე!

სავარძლიდან ადგა, კედელთან მივიდა და მიაყურადა. ერთბაშად, ქალმა ისევ იკივლა და ისეთი ხმა გაისმა, იატაკზე დაზღერთებული სხეული რომ გამოსცემს ხოლმე. უცებ ყველაფერი ჩაწყნარდა. საშინელმა ეჭვმა თავი აატკივა. ცოტა ხანს კიდევ ელოდა ამბის გაგრძელებას. მერე მიხვდა, რომ მამაკაცმა ქალი მოკლა და, შეშფოთებული, ოთახში წინ და უკან სირბილს მოჰყვა. რაღაც უნდა ეღონა. იქ მკვლელობა მოხდა – ამაში ეჭვი არ ეპარებოდა. ქალის ბედზე ფიქრმა, რომელიც, შეიძლება, ცოცხალი აღარც იყო, მასში სიმამაცე გააღვიძა. 57 წლის იყო. უფერული ცხოვრება განვლო – არაფრით განსაკუთრებული – უბრალო კომივოიაჟერი იყო და კომივოიაჟერადაც დაბერდებოდა, ალბათ... 

ცნობისმოყვარეობას ამას ვერ დაარქმევდა – მის გვერდით უდანაშაულო ქალი მოკლეს. პოლიციაში უნდა დაერეკა, მაგრამ, შეიძლებოდა, პოლიციის მოსვლამდე მკვლელი მიმალულიყო... თავისი ოთახიდან გამოვიდა. დანაშაული, სავარაუდოდ, ზუსტად მის გვერდით ბინაში მოხდა – 10ა რომ ეწერა... კართან მივიდა და ჭუჭრუტანაში შეიხედა. სრული სიბნელე... ცოტა იყოყმანა, მერე ლიფტში შევიდა და ქვემოთ ჩავიდა. ჰოლი ცარიელი იყო. აშკარად უკვე ყველას ეძინა. პორტიეც თვლემდა. უცებ თავი ნამდვილ იდიოტად იგრძნო და გამობრუნებასაც აპირებდა, რომ პორტიემ თავი ასწია და შეხედა:

– რამე გნებავთ, მისტერ უორენ?

– იცით, მომეჩვენა, რომ ჩემს მეზობელ ნომერში ძალიან ჩხუბობდნენ და იქ ტრაგედია მოხდა.

– დარწმუნებული ხართ? თქვენ გვერდით ხომ ნომერი 10ა არის? ჰოდა, იქ მხოლოდ მისტერ მალკოლმი ცხოვრობს. როგორ გგონიათ, ის საკუთარ თავს ეჩხუბებოდა?

– არა, ქალი და კაცი ჩხუბობდნენ. მეძინა და მათმა ყვირილმა გამაღვიძა.

– გეძინათ? – ირონიული ღიმილით ჩაეკითხა პორტიე და ამით ყველაფერი თქვა. მისტერ უორენმა საშინელი უხერხულობა იგრძნო. წარმოიდგინა, რას ფიქრობდა პორტიე – ასაკოვანი მამაკაცი, რომელსაც ძილშიც ქალების ემოციური შეძახილები ელანდება... ვეღარც შებრუნებას და უკან, ლიფტში შესვლას ახერხებდა.

– ქალი და კაცი ჩხუბობდნენ, გარკვევით გავიგონე. მერე კაცმა ქალს დაარტყა... ჰო, ასეთი ხმა იყო.

– კარგი, ცოტა ხანს დაიცადეთ, – პორტიემ ტელეფონის ყურმილი აიღო და 10ა ნომერში დარეკა. პასუხის გაცემა საკმაოდ დაუგვიანეს.

– მისტერ მალკოლმ, ვწუხვარ, ასე გვიან რომ გაწუხებთ. აქ თქვენი მეზობელია და ამბობს, რომ გაიგონა ჩხუბი და ხმაური თქვენი ბინიდან... დიახ, ვიცი, რომ მარტო ცხოვრობთ... დიახ, გასაგებია... კიდევ ერთხელ მომიტევეთ, მისტერ მალკოლმ...

– ხომ გეუბნებოდით, – მიუბრუნდა პორტიე გაწითლებულ უორენს, – ეძინა და გავაღვიძე. წაბრძანდით და თქვენც დაიძინეთ, ჩემი რჩევა იქნება...

უორენი ფეხათრევით ავიდა თავის ბინაში. ახსენდებოდა პორტიეს სახის გამომეტყველება, როგორი დამცინავი სახე ჰქონდა. აშკარად ფიქრობდა – ეს ბებერი და გამოშტერებულიო...

***

კარზე დააკაკუნეს. უორენი შეკრთა – ესეც ხომ არ მეჩვენებაო. კაკუნი გამეორდა... მივიდა და გააღო. ზღურბლზე ახალგაზრდა კაცი იდგა, პიჟამაზე მოსხმული ხალათით.

– შეიძლება, დაგელაპარაკოთ? მე თქვენი მეზობელი ვარ. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ. შეიძლება, შემოვიდე? – ახალგაზრდა კაცი ძალიან აღელვებული ჩანდა.

უორენმა გზა დაუთმო და კარი დახურა.

– ჯონ ბრუკი გახლავართ. ბოდიში, ასე გვიან რომ გაწუხებთ, მაგრამ, ძალიან შეშფოთებული ვარ. ამ ღამეს რაღაც საშინელება მოხდა – აქვე, ჩვენ გვერდით. თქვენ არაფერი გაგიგიათ?

 უორენმა ეჭვით შეხედა:

 – თუკი იმას გულისხმობთ, რასაც მე... იცით, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ვიყავი პორტიესთან და ვაიძულე, იმ ბინაში დაერეკა. მოხდა ისე, რომ გიჟად ჩამთვალა. პოლიციაც ვერ გამოვიძახე. წარმოიდგინეთ, რას იფიქრებენ ჩემზე, თუკი ბინაში შევლენ და იქ არაფერი აღმოჩნდება.

– კი მაგრამ, მეც გავიგონე ჩხუბის ხმა. ამ სართულზე ჩვენ გარდა კიდევ ერთი ხანში შესული ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც ძალიან ცუდად ესმის, ფაქტობრივად ყრუა. რაღაც უნდა ვიღონოთ. ამ ამბავს ასე ხომ ვერ დავტოვებთ? გეტყობათ, ძალიან მამაცი ადამიანი ბრძანდებით. ახლა მარტო არ ხართ – მეც დავადასტურებ, რომ გავიგონე, როგორ ჩხუბობდნენ.

უორენს ესიამოვნა ახალგაზრდა კაცის სიტყვები. რა თქმა უნდა, მამაცია და ამას სხვებსაც დაუმტკიცებს.

– დავრეკო პოლიციაში? – ჰკითხა მეზობელს სიმხნევეშემატებულმა.

– ჯერ ხომ არ გვენახა, რა ხდება იმ ბინაში?

– ეს ადვილი გგონიათ? „ის“ ჩვენ კარს არ გაგვიღებს.

– არც დაგვჭირდება. უბრალოდ, ერთ-ერთი ჩვენგანი ფანჯრიდან უნდა გადავიდეს და პარაპეტზე რამდენიმე ნაბიჯი გადადგას – მეზობელი ბინის ფანჯარა აქვეა. შევიხედავთ და ვნახავთ, მართლა აუცილებელია თუ არა პოლიციის გამოძახება... ეს ხალათი რომ არ მეცვას, მე გავაკეთებდი ამას, – ახალგაზრდა კაცმა ტანზე დაიხედა.

– მე წავალ, ჯერ არც ისე ბებერი ვარ, – თავი გამოიდო უორენმა. ძალიან არ უნდოდა, მის სიმამაცეს, რომელიც სულ ახლახანს აღიარეს, ჩრდილი მისდგომოდა.

– მართლა? არ შეგეშინდებათ?

– არა, რა თქმა უნდა. თქვენ აქვე იყავით, რომ, საჭიროების შემთხვევაში, პოლიციაში დარეკოთ.

– მთავარია, წონასწორობა შეინარჩუნოთ.

– კარნიზი ნორმალური სიგანის არის, მოვახერხებ... – უორენი ღია ფანჯარაზე აძვრა და კარნიზს დახედა – ძალიან ვიწრო არ ეთქმოდა, მასზე ადამიანი გაივლიდა, თუმცა, საშიში ნამდვილად იყო. მაგრამ უორენს, უპირველესად, საკუთარი თავისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ ჯერ კიდევ ფორმაში იყო – ის ბეჭებით აეკრა აგურის ცივ კედელს და ფრთხილად დაიწყო გადაადგილება... უცებ მეზობლის, ბრუკის ხმა გაიგონა და ნელა მოატრიალა თავი – ის გამალებით უქნევდა ხელს:

– დაბრუნდით, მგონი, ვიპოვე, რაც გვჭირდება!.. – დაუძახა ჩურჩულით.

უორენი უკან გამობრუნდა. ჯერ ისევ ღია ფანჯარაში იდგა, როცა ბრუკმა მთელი ძალით ჰკრა ხელი და ხმამამღლა გადაიხარხარა...

პორტიე თვალების სრესით უყვებოდა პოლიციელებს:

– ჩამოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ თითქოს გაიგონა, როგორ მოკლა მისმა მეზობელმა თავის ბინაში ქალი... ვფიქრობ, ფსიქიკასთან პრობლემები ჰქონდა.

– მეც ასე მგონია, – ამოიოხრა მისტერ მალკოლმმა, რომელსაც პიჟამას ზემოდან ხალათი ეცვა...– საცოდავი ქალის გვამიც მის ბინაში იპოვეთ, ხომ? საშინელებაა! ჯერ მოკლა, მერე კი მოიგონა ისტორია, რომ დანაშაული მისმა მეზობელმა ჩაიდინა და, როცა ეს არ გამოუვიდა, ფანჯრიდან გადახტა... ისე, ჩხუბის ხმა კი მესმოდა თითქმის მთელი ღამის განმავლობაში, მაგრამ, რას ვიფიქრებდი, თუ ასე დასრულდებოდა ყველაფერი...

скачать dle 11.3