კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (104)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

ვახო ავად გამხდარა

თემურ წიკლაური ჩვენი სიამაყეა, თემური ჩვენი „არწივია“. მოკლედ, თემური ჩვენი უბრწყინვალესი მეგობარია და დიდი იუმორის გრძნობითაა დაჯილდოებული. მართალია, როგორც „უარწივესი არწივი“, დინჯია და სიტყვაძუნწი, მაგრამ, იუმორი აქვს?! – გადასარევი! მაგალითად, ანეკდოტს რომ მოუყვები, ზოგიერთივით დიდი ხნის შემდეგ კი არ იწყებს სიცილს. არა, ძმაო, დასაწყისშივე კვდება სიცილით, მაგრამ, ანეკდოტი რომ დამთავრდება, ყველა ასკდება ერთმანეთს, ეს კი გაოცებული გვიყურებს – რა აცინებთო. 

მოკლედ, საახალწლო,  ტრადიციული კონცერტების სერიაა – გადაჭედილია ფილარმონიის დარბაზი. ძირითადად ბავშვები არიან. ბავშვები, ბებიკოები, მამიკოები. აბა, ამ დროს მამიკოები და ბაბუკოები გრადუსებს ამოწმებენ.  რა თქმა უნდა, ღმერთმა გვიმრავლოს ბავშვები, პატარები ჭარბობენ. სცენა და დადგმის პროექტი ასეთი იყო:

მე, თემურ წიკლაური, ვახო ტატიშვილი და ორკესტრი ვასრულებთ ბავშვებისთვის უსაყვარლეს ნომერს, სიმღერით „ეს საწყალი კურდღელი“.

ვიწყებ მე – „ეს საწყალი კურდღელიიი“...

ვახო: „ძლიერ ავად გაგვიხდაა“...

თემო: „არც სტაფილო ეამა” (ბარიტონი)...

ყურისწამღებად გრიალებს აპარატურა.

ათასჯერ მაინც გაგვივლია ეს ბავშვების უსაყვარლესი სპექტაკლი, მაგრამ კოკას წყალი ყოველთვის როდი მოაქვს.

ერთ დღესაც, მორიგი სპექტაკლია.

გაიხსნა ფარდა. აგრიალდა მუსიკა და ჩვეულებრივად დავიწყე მე, პატიოსანმა და უღალატომ:

„ეს საწყალი კურდღელი..“

ახლა ველოდები, ვახომ უნდა თქვას: „ძლიერ ავად გაგვიხდა“, მერე თემომ – „არც სტაფილო ეამა“... მაგრამ, სადაა ვახო, არაა...

– „ეს საწყალი კურდღელი”... – წავიწვრილე ხმა თავიდან. ვახო მაინც არ ჩანს. მეცა პირკატა. არადა, გადატენილია დარბაზი, კაცო. აქეთ თემური ელოდება ფრაზას და  გაოგნებულია. მეც ცუდ დღეში ვარ და ისევ დავიწყე...  წიკლაურს მეტი კი არ უნდა – წასკდა სიცილი და დურთა თავი კულისებში. დავრჩი მარტო ამ „საწყალი კურდღელით...” 

ამასობაში „ამბავი მოვიდა“ კულისებიდან – ვახო გაციებულია, თან, ძალიან და ვერ მოვაო (ასეც ხდება ხანდახან).

ააშენოს ღმერთმა – ისევ თემური მომეშველა და გამოვარდა სცენაზე:

– ბავშვებო! – დაიყვირა მიკროფონში ბარიტონით. ჩვენი ვახო-კურდღელი (სულაც არ იყო კურდღელი) ძლიერ ავად გამხდარა!  აბა! ავად გამხდარა, ცოდო არაა? – აგრძელებს წიკლაური.

– ჰოდა, ახლა, – აჰყავს დარბაზი წიკლაურს), – ძლიერ ავად გამხდარა და, მე და ნუგზარი ბიძია (ჩემზე), წავალთ მის მოსანახულებლად!  – თემურის აზრით, ჩვენ რომ ვახოს მოსანახულებლად უნდა წავსულიყავით, ფარდა დაიხურებოდა და ასე დამთავრდებოდა ეს ფრიად უხერხული ინციდენტი, მაგრამ, საქმეში ხარ?!

– რაო?! – წყობიდან გამოვიდნენ ბავშვები, – აბა, ჩვენ აქ რა გაგვაჩერებს ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში, ჩვენც მოვდივართ სანახავადო და... არ ამოცვივდნენ ერთმანეთის მიყოლებით სცენაზე „წაგვიყვანეთ, ძიას” ძახილით?!

საქმეში ადგილობრივი ტექნიკოსები ჩაერთნენ ოპერატიულად და დახურეს ფარდა. ვინც (ბავშვები) ფარდის შიგნით დარჩნენ, ყელში თითებმოჭერილები გვეხვეწებოდნენ – წაგვიყვანეთ, მოვინახულებთო. გარეთ დარჩენილები სასტიკად „ბუინობდნენ“: რა, ჩვენ ვეღარ წამოვალთო?! – მოკლედ, საქართველო მორიგი დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა. 

„როგორ ვყვარებივარ ბაღნებს,“ – იცრემლებოდა ვახო ტელეფონში. 

შემდეგი სპექტაკლი „პოლნი სასტავით“ დაიწყო.

 

ნუგზარ კვაშალის ნაამბობის მიხედვით

 

 

იპოლიტე დანით

როცა კინოსტუდიის ბიჭებს ფული არ გვქონდა, იპოლიტე რომ შემოვიდოდა ეზოში, თვალით მანიშნებდნენ, მიდიო. მეც მივეპარებოდი, იპოლიტეს ზურგიდან ხელს შემოვხვევდი, გავაკავებდი, ბიჭები 20-კაპიკიან „პასტას“ ამოუღებდნენ და 25 მანეთად ვუბრუნებდით თავის „პასტას“. ჩვენ ღვინოზე გავრბოდით, იპო გვლოცავდა: „რა უნდა ელაპარაკო ამ ვირებს, ამათა“. ერთხელაც ახალი კინოსტუდიის დიდ ეზოში მივედი, იპოლიტე ხალხში დგას. მე ხელები გავშალე და იპოლიტესკენ მისასალმებლად, მოსახვევად წავედი. იპომ ამოიღო ჩინური, გრძელი ჯაყვა და გამომეკიდა. ორი წრე რომ დავარტყით ეზოს, იპოლიტე მიყვირის:

– შეჩერდი, შე ვირო, დავიღალე!

– რა იყო, იპო, დანით რატომ მომდევ?

– არ მომეკარო და იმიტომ! – თურმე წინა დღით ნასვამს ცოტა მაგრად მომიჭერია ხელი, ნეკნები სტკენია და ეს ჯაყვაც ჩემ გამო ჩაუდია ჯიბეში. შევრიგდით, ჩემს მარანში ჩემი ღვინით და იპოს პურმარილით!

 

ზურაბ ქაფიანიძის მოგონებებიდან

скачать dle 11.3