კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ფუნქცია აქვს შიდაპარტიულ სპეცსამსახურს, რა კატეგორიის აგენტურა აქტიურდება წინასაარჩევნოდ და რატომ ფასობენ აგენტ-ანალიტიკოსების პარტიული „ბოევიკები“

სპეცსამსახურები, როგორც წესი, საკუთარი თუ უცხო ქვეყნის სპეციალურ სახელმწიფო სტრუქტურებთან ასოცირდება. თუმცა, როგორც წესი, ამ ტიპის სამსახური აუცილებელია, ჰქონდეს არა მხოლოდ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, არამედ სოლიდურ იურიდიულ პირსაც, რადგან პოლიტიკური თუ ბიზნესინფორმაციის უსაფრთხოება მათთვისაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა ისიცაა, რომ მშობლიური თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიც აქტიურად მუშაობენ პარტიული სტრუქტურების გასაკონტროლებლად თუ საკუთარი გავლენის პარტიების, ეგრეთ წოდებული სატელიტების შესაქმნელად. როგორ ხორციელდება ეს პროცესი რეალობაში, რა უნდა გაითვალისწინონ პოლიტიკური პარტიების მესვეურებმა და რატომ არის პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი პარტიული სპეცსამსახურების არსებობა, – ამ თემაზე არასამთავრობო ორგანიზაცია სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ბესო ალადაშვილი გვესაუბრება.

– რას ნიშნავს პარტიული სპეცსამსახურები?

– საქართველოში არსებულ არცერთ სერიოზულ პარტიას საკუთარი სპეცსამსახურის გარეშე, არჩევნებზე წარმატების არანაირი შანსი არა აქვს. გააცნობიერეს რა ეს ჭეშმარიტება, პარტიების დიდმა ნაწილმა საკუთარი სპეცსამსახური საბჭოთა სუკის კლასიკური სქემით  ააგო: დაზვერვა, კონტრდაზვერვა, სპეცოპერაციების ჯგუფი, ანუ „ბოევიკები“ და დაცვის ჯგუფი.

– ვინ ხელმძღვანელობს ასეთ სტრუქტურას პოლიტიკურ პარტიაში?

– თითოეულ ზემოჩამოთვლილ დანაყოფს მეთაურობას და „პოლიტიკურ კომისრობას“ პარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უწევს, რომელიც უშუალოდ ლიდერისგან იღებს მითითებებს. კერძოდ, დაზვერვის  ინტერესთა სფეროა: სხვა პარტიების დაფინანსების მოცულობისა და წყაროების დადგენა, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში; ფარული კავშირი ხელისუფლებასთან და სხვა პარტიებთან; წინასაარჩევნო პიარის სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება; ლიდერების პარტიული და არაფორმალური ურთიერთობების უზრუნველყოფა; კომპრომატების მოპოვება პარტიის ლიდერებზე და ასე შემდეგ. დაზვერვის აგენტურა არის შეგზავნილი და გადმობირებული. აგენტურის შეგზავნა შედარებით იაფი, მაგრამ უფრო ხანგრძლივი პროცესია, ვიდრე სხვა პარტიის რომელიმე დიდი ფუნქციონერის ან ლიდერის მოსყიდვა. შეგზავნილები ძირითადად ტექნიკური პერსონალია და ამიტომაც მათ ხელი, როგორც წესი, შეზღუდულ ინფორმაციაზე მიუწვდებათ. უფრო „გემრიელი ნადავლი“ პარტიის ლიდერია, რომლის შესაძლებლობებიც გაცილებით ფართოა, თუმცა გადმობირებაც არაა იაფი და იოლი. კონტრდაზვერვა: პარტიის საარჩევნო შტაბში მოქმედებს საკუთარი უშიშროების ჯგუფი, რომლის მთავარი მიზანია უცხო აგენტურის გამოვლენა, ინფორმაციის დაცვა, პარტიის წევრებისა და კანდიდატების სპეცშემოწმება და გაცხრილვა. სპეცოპერაციების ჯგუფი: იგივე „ბოევიკები“, რომლებიც „აქტიურ ღონისძიებებში“ იღებენ მონაწილეობას, როგორიცაა საქმეების გარჩევა, ცემა-ტყეპა, კონკურენტი პარტიის შტაბ-ბინის და მიტინგის დარბევა და ასე შემდეგ. დაცვის ჯგუფი კი, ძირითადად, პარტიის ლიდერებსა და პარტიის ოფისს იცავს.

– პარტიული აგენტურა რა ნიშნით შეირჩევა?

– პარტიული აგენტურა, როგორც წესი, წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურდება. ისინი უფრო ხშირად საშუალო რგოლის ფუნქციონერები და ტექნიკური მუშაკები არიან. მათი კარიერული წინსვლა მიღწეულ შედეგებზეა დამოკიდებული.  განსაკუთრებით დაფასებული ანალიტიკოსები და ინტელექტუალები კი არ არიან, არამედ, როგორც წესი,  „ბოევიკები“ და მუშტი-კრივის ოსტატები. სამწუხაროა, რომ ბევრმა პარლამენტის წევრობა ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობა, ინტელექტისა და გამოცდილების გამო კი არა, სწორედ ცემა-ტყეპაში გამოჩენილი „დიდი მამაცობისთვის“ მიიღო.   ეს კი ძალზე დამაფიქრებელი ტენდენციაა, რადგანაც რა კანონშემოქმედებით პროცესზე შეიძლება ამ ვითარებაში საუბარი?!

– როგორ მოქმედებს პოლიტიკურ პარტიაში შეგზავნილი აგენტურა, რა არის მათი ფუნქცია?

– საქართველოს პოლიტიკური პარტიები შეგზავნილი აგენტურითაა გაძეძგილი. თუმცა არც პოლიტელიტა და აღმასრულებელი ხელისუფლება განიცდის აგენტურის ნაკლებობას. მოკლედ, ძალზე მხიარულად ვცხოვრობთ. ისევე, როგორც შემოდგომა სოფლად მოსავლის აღების დროა, პარტიებში მოქმედი აგენტურაც იღებს თავის „მოსავალს“ დროის კონკრეტულ მონაკვეთში. ეს „მოსავალი“  წინასაარჩევნო პერიოდითა და არჩევნების შედეგებით ფასდება. თუ კარგად იმუშავეს, სპეცსამსახურების რეზიდენტები, აგენტები და ღრმა დაშიფვრის ოფიცრები სამთავრობო ჯილდოებსა და ვარსკვლავებს მიიღებენ, ხოლო კონფიდენტები, სანდო პირები და ოპერატიული კონტაქტები ფულად ჯილდოებსა და ფასიან საჩუქრებს უნდა დასჯერდნენ. მთავარია, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს და რომელიმე „საეტაპო“ მნიშვნელობის არჩევნები სპეცსამსახურებმა „ღირსეულად“ ჩაატარონ.

– რა იგულისხმება არჩევნების „ღირსეულ“ ჩატარებაში?

– გააჩნია ამოცანას. სპეცსამსახურებიც გარკვეულწილად, პოლიტიკური პარტიების მანიპულირებით არიან დაკავებული. არ არის საიდუმლო, იმავე ანზორ მაისურაძეს, ყოფილ მინისტრს, რამდენიმე ინტერვიუში უთქვამს, როდესაც პირველი, გამსახურდიასდროინდელი პარლამენტის სია ნახა ჩემმა თანამშრომელმა, მითხრა, ჩემი სეიფის დოკუმენტაცია წარმომიდგა თვალწინო.

– ანუ სუკის აგენტურით იყო დაკომპლექტებული?

– დიახ, ანუ იმ ხალხით, რომლებთანაც იმჟამინდელი „კაგებე“ მუშაობდა. ანზორ მაისურაძე იმასაც ამბობს, რომ ქართული ინტელიგენციის ყველა წარმომადგენელი, ვინც რეპრესიებს გადაურჩა, თანამშრომლობდა სუკთანო. ასეც იყო, რადგან თანამშრომლობის რამდენიმე ფორმაა: აგენტი ის იყო, ვისაც ხელწერილი ჰქონდა დაწერილი; თანამშრომლობის ფორმა იყო რაღაც სიკეთის შეთავაზება. თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდეთ: აგენტურის „გამარჯვებაა“, ვთქვათ, პარლამენტში ათი, ხუთი კაცის შეყვანა, თუნდაც, ფრაქციის შექმნა. ჩვენ გვახსოვს სატელიტი პარტიები, რომლებიც გარეთ ბაქიბუქობდნენ, მაგრამ იქ, პარლამენტში, ხმას აძლევდნენ იმას, რასაც „ნაციონალები“ იტყოდნენ. აღარ დავაკონკრეტებ: ზოგი ერთი კაცი იყოო, ზოგი –  რამდენიმე; მე ის მიკვირს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეს ინფორმაცია აქვს და არ იყენებს.

– შეუძლია გასაჯაროება?

– ფორმალურად ეს კანონდარღვევა იქნება.

– მაგრამ ყოველთვის შეიძლება ნაცნობი ჟურნალისტისთვის ამ ინფოს გადაცემა.

– რა თქმა უნდა, იმიტომ რომ, ყველაზე დიდი უზნეობაა, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე მოსყიდული ხალხი გამოდის, ვიდრე ის, რომ ასეთ ხალხს ერთხელ და სამუდამოდ გაუქრეს იმის ილუზია, რომ შეუძლიათ, პატრიოტებად და დიდ პოლიტიკურ მოღვაწეებად წარმოაჩინონ თავი.

– პირველად რომელმა პარტიამ შექმნა საქართველოში შიდა პარტიული სპეცსამსახური?

– ჯაბა იოსელიანი თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ გია ჭანტურიას შეიარაღებული რაზმები ჰყავდა და მე ეს გამიკვირდაო. სხვა თემაა, რა უნდა გაჰკვირვებოდა „მხედრიონის“ ლიდერს, მაგრამ ფაქტია. შემდეგ ზურაბ ჟვანიამ შექმნა ასეთი ფორმირებები. განსაკუთრებით, ახალგაზრდული ფრთის, ეგრეთ წოდებული რეფორმატორების  სახით. ჩემი აზრით, ზურაბ ჟვანია მაინც დასავლურად მოაზროვნე კაცი იყო და იმ ყაიდაზე ქმნიდა „მოქკავშირის“ სპეცსამსახურს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ. გემახსოვრებათ, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები როგორ მოხვდნენ პარლამენტში –  ხელჩართული ჩხუბის ოსტატები იყვნენ. შემდეგ „ნაციონალებმა“ საერთოდაც ქვეყნის სპეცსამსახური დაიქვემდებარეს.

– პარტიულ სპეცსამსახურად აქციეს?

– დიახ. მოსმენები, თვალთვალი, კომპრომეტირება და ეს გრძელდებოდა 9 წელი. დღესაც იმიტომ აქვთ მათ საკმაოდ მყარი პოზიციები, ფინანსური და ადამიანური რესურსიც, რომ ეს კომპრომატები აქვთ. არ არის მმართველი პარტია, მაგრამ აქვს სპეცსამსახურების მსგავსი სტრუქტურა, რომელიც არ განიცდის ფინანსების, ტექნიკისა და ხალხის ნაკლებობას. გავიხსენოთ ივანიშვილის ცნობილი ბოლოდროინდელი განცხადება: ალასანიასთან შეხვედრამდე, რომელსაც პირადად შევუთანხმდი შეხვედრაზე და ჩვენ ორს გარდა, ამის შესახებ არავინ იცოდა, „რუსთავი-2-ის” კორესპონდენტები დაგვხვდნენო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს მოსმენები საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდა და გაიოლდა.

–  ვინ შეიძლება, იყოს დაინტერესებული საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში აგენტურის შეგზავნით: სახელმწიფო, ოპონენტი პოლიტიკური პარტიები?

– ბევრისთვის გასაკვირად უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკურ პარტიებში აგენტურის შეგზავნით დაინტერესებული ბევრი არაა. ესენია: კონკურენტი პოლიტპარტიები; ადგილობრივი სპეცსამსახურები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები.  საქართველოს სინამდვილეში ლოკალურ დონეზე პოლიტიკური შპიონაჟით კონკურენტი პოლიტპარტიები „ერთოებიან“. მათ აგენტურას მიზნებიც და შესაძლებლობებიც ლოკალური აქვთ და ბევრიც რომ ეცადონ, ჩვენი და უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დახმარების გარეშე, ქვეყნის სტრატეგიულ კურსს  მნიშვნელოვნად ვერ შეცვლიან. გაცილებით სახიფათოა სპეცსამსახურების „აგენტურული თამაშები“ პოლიტიკურ პარტიებში. საქართველოში დღეს ბევრი ოპერატიული მიზნით შექმნილი პარტიაა. მათგან უმრავლესობა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან მემკვიდრეობით ერგო დღევანდელ სპეცსამსახურებს. ამ პარტიების მოქმედების დეტალური სცენარები  სპეცსამსახურებში რომ იწერება, დღესავით ნათელია, მაგრამ საკითხავია, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებში?! დღეს საკმაოდ რთულია იმის გარკვევა, თუ ვისი კონტროლით მოქმედებენ ჯერ კიდევ საბჭოთა სუკის მიერ შექმნილი ან, თუნდაც, ახლად წამოჩიტული „ნორჩი“ პარტიები. ეს საქართველოს სპეცსამსახურების პირდაპირი მოვალეობაა და სულაც არ ვაპირებთ, მათ უმაღლეს ხელისუფლებასთან თავის გამოჩენის საშუალება წავართვათ.

– ეს არ რეგულირდება კანონით?

– ქვეყნის სპეცსამსახურებს კანონით ეკრძალებათ ქვეყნის შიდა პარტიულ ორომტრიალში მონაწილეობა. ასევე, ეკრძალებათ  აგენტურის მეშვეობით ოპოზიციის მარტივ მამრავლებად დაშლა და ერთმანეთზე „ლამაზად“ წაკიდება, რადგანაც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონით“ აკრძალულია ფარული ოპერატიულ-აგენტურული მუშაობა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ  და რელიგიურ ორგანიზაციებში. მაგრამ, მეორე მხრივ, მათი მოვალეობაა, რომ გამოავლინონ და აღკვეთონ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ოპერატიულ-აგენტურული შეღწევა პარტიებსა და პოლიტელიტაში; საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებში; აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ასე შემდეგ. ამგვარი ამკრძალავი კანონები სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს, მაგრამ რეალობა გვიჩვენებს, რომ სპეცსამსახურების მიერ უკანონო საშინაო ოპერატიული მოქმედებები სხვა ქვეყნებში დღესაც გრძელდება. თუმცა კურიოზი მაინც რუსეთის ერთ-ერთი ოლქის პროკურორის აღიარებაა, რომელსაც, მისივე სიტყვებით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ადგილობრივი სამმართველო სახლშიც და სამსახურშიც უსმენს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის  აგენტურულ-ოპერატიული მუშაობა გაცილებით იოლია, რადგანაც  მათ არც კანონი აწუხებთ და ჯერჯერობით არც ქართული სპეცსამსახურების კონტრდაზვერვითი ღონისძიებების ეშინიათ.

– თვალშისაცემია, რომ, მაგალითად, იმავე რუსეთის სპეცსამსახურებს მოქმედების სცენარი არ შეუცვლიათ აგერ უკვე 20 წელია.

–  ერთი სცენარით –  პარტიებისა და პოლიტიკოსების ერთ წყებას დავალებული აქვს „საუკუნოვანი მეგობრობის“ ლოზუნგების საფარქვეშ დაუფარავად გაახმოვანონ უცხო ქვეყნის ინტერესები, რითაც ეჭვი ააცილონ იმ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რომელებიც უფრო „ღრმა იატაკქვეშეთში“ იმყოფებიან და რომლებმაც მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უნდა განახორციელონ შემკვეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ინტერესები. ამ პოლიტპარტიებიდან ზოგი ადრეა შექმნილი, ზოგი კი სპეციალურად წინასაარჩევნო პერიოდისთვის იქმნება.

– რა მეთოდებს იყენებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები პოლიტიკური პარტიების გასაკონტროლებლად?

–  სპეცსამსახურები პოლიტპარტიებში ოპერატიულ-აგენტურული საქმიანობისათვის ძირითადად ოთხ მეთოდს იყენებენ: პირველი –  ქმნიან პოლიტიკურ პარტიას და თავად აკონტროლებენ მას; ამ დროს მოქმედების სცენარი საკმაოდ მარტივია და მისი დევიზია: „ყველა თავისთვის“, ანუ აგენტურული საქმიანობით დაკავებული სამივე სუბიექტი (კონკურენტი პარტიები; ადგილობრივი სპეცსამსახურები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები) დამოუკიდებლად მოქმედებს. მეორე –  უკვე მოქმედ პარტიაში „ნერგავენ“ ფარულ თანამშრომლებს და ლეგენდირებულ აგენტურას ან უფრო სწრაფი და ეფექტიანი შედეგის მისაღწევად, კომპრომატების, მატერიალური დაინტერესების და კარიერული წინსვლის დაპირებით, იბირებენ ახალგაზრდა თუ „სტაჟიან“ პოლიტიკოსებს. ამ დროს მოქმედების სცენარი შემდეგნაირია –  ორივე სპეცსამსახური, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, საფარად იყენებს რომელიმე, უკვე არსებულ სერიოზულ და ძლიერ პარტიას და მისი სახელით მოქმედებს. მესამე –  ორივე სპეცსამსახური ქმნის ახალ პარტიებს, რომლებიც დამოუკიდებლად ან სხვა პარტიებთან გაერთიანების შემდეგ, გამოიყენება ოპერატიულ-აგენტურული მოქმედებებისთვის. მეოთხე –  უცხო ქვეყნის სპეცსამსახური საფარად იყენებს ადგილობრივ სპეცსამსახურებში არსებულ თავის აგენტურას. აღნიშნული მდგომარეობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კატასტროფულ მდგომარეობაზე მეტყველებს.

პოლიტპარტიებსა და სახელისუფლებო ელიტაში მყოფი აგენტურა ყოველთვის იშიფრება –  ჩვენი სპეცსამსახურების მიერ შეგზავნილი სწრაფად –  მცირე ბიუჯეტის შემყურე აგენტი დიდხანს ვერ უძლებს ორმაგი თამაშის ნერვულ დაძაბულობას. უფრო დიდხანს ძლებენ სხვა ქვეყნების აგენტები. მათი გაშიფვრა, ისევ მათი მოქმედებებიდან და არა პატრიოტული მოწოდებებიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს. ამიტომ ჩვენი კონტრდაზვერვის სამსახურების შემყურეს, ისღა დაგვრჩენია, რომ იმ ბედნიერ დღეს ვუცადოთ, როდის გაშიფრავენ ისინი საკუთარ თავს. იმედია, ლოდინი დიდხანს არ მოგვიწევს.

скачать dle 11.3