კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეუბნება მოსკოვი უარს ცხინვალს მიერთებაზე და როგორ გაყიდა 2 მილიარდ რუბლად „იუჟნაია ოსეტიას“ ხელმძღვანელობამ სუვერენიტეტი

აფხაზეთი ახალ 2015 წელს რფ-სთან გაფორმებული ინტეგრაციისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებით შეხვდა, რის მიხედვითაც, აფხაზეთი კიდევ უფრო დაუახლოვდა რუსეთთან ინტეგრაციის გზას, თუმცა ცხინვალის რეგიონს ეს ბედნიერება წინ აქვს. შეთანხმების ტექსტზე ცხინვალი თავად მუშაობს, რადგან სოხუმისგან განსხვავებით მათთვის შეთანხმების ტექსტი მოსკოვს გამზადებული არ უახლებია. მაგრამ წინდაწინვე ვიცით (ოსურმა მხარემ არაერთხელ განაცხადა), რომ ოსური ვარიანტი აფხაზურზე მჭიდრო ინტეგრაციას გაითვალისწინებს რუსეთთან (თუმცა ისიც სათქმელია, რომ იმაზე მჭიდრო რაღა უნდა იყოს). კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძესთან ვისაუბრებთ „იუჟნაია ოსეტიასა“ და რუსეთის ფედერაციას შორის იანვრის ბოლოსთვის გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალებზე.

– რატომ მოხდა ისე, რომ ცხინვალმა თავად დაიწყო ამ ტექსტზე მუშაობა, არ აპირებდა რუსეთი მათთანაც იმავე ტიპის დოკუმენტის გაფორმებას, რაც აფხაზებთან გააფორმა?

– როგორ არ აპირებდა, ასეთი გეგმაც ჰქონდა, მაგრამ ცხინვალში ცოტა სხვანაირად განვითარდა მოვლენები. თუ გახსოვთ, ბოლო არჩევნების შედეგად ოფიციალური ცხინვალის ხელმძღვანელობაში მოვიდა პარტია ანატოლი ბიბილოვის მეთაურობით, რომლის მთავარი ამოცანა იყო რუსეთთან შეერთება და ამის შედეგად გაიმარჯვა არჩევნებში. ამდენად, ეს ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთი აფორმებს ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან, არის ამ გეგმის ერთგვარი შემაკავებელი. რუსეთი, მართალია, უარს ეუბნება შეერთებაზე, მაგრამ სახელმწიფო მართვის თითქმის ყველა ატრიბუტი გადადის რუსეთის ხელში. დაახლოებით, ისეთი ფორმაა, ძალიან მცირე განსხვავებით, როგორიც აქვს მოსკოვს ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებთან, ყაბარდო-ბალყარეთთან ან ყარაჩაი-ჩერქეზეთთან.

– ანუ აფხაზებთან გაფორმებული ხელშეკრულება მაინც უფრო მსუბუქია?

– რასაკვირველია, ახლა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი და რუსეთი ხელს აწერენ ისეთივე დოკუმენტს, როგორიც რუსეთს აქვს ხელმოწერილი ჩრდილო კავკასიურ რესპუბლიკებთან ჩეჩნეთის გარდა. აფხაზური და სამხრეთ ოსური ხელშეკრულებები განსხვავდება იმდენად, რამდენადაც აფხაზებმა უფრო მოახერხეს, შეენარჩუნებინათ თავიანთი სუვერენიტეტი, თუმცა უნდა ითქვას, რომ აფხაზი საზოგადოების გავლენიანი ნაწილი არ არის კმაყოფილი იმ ხელშეკრულებით, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი კმაყოფილია, განსაკუთრებით კმაყოფილები არიან აფხაზი პენსიონრები, რომელთა პენსია გაუთანაბრეს რუსეთის პენსიონრების პენსიას და შესაბამისად, ისინი აფხაზეთისთვის საკმაოდ მაღალ პენსიას მიიღებენ. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს: იქ სუვერენიტეტის დაცვაზე აღარავინაა ორიენტირებული მათგან, ვისაც გავლენა აქვს. არის ახალგაზრდების მცირე ჯგუფები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს მომავალში მათი სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას წერტილს დაუსვამს, მაგრამ მათ არავინ უსმენს. რუსეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს შორის ფორმდება 16-პუნქტიანი ხელშეკრულება, რის მიხედვითაც მთელი რიგი ფუნქციები უსაფრთხოების, თავდაცვის, თვით კანონმდებლობაც, ფაქტობრივად, რუსული იქნება.

– ფორმალურად რჩება ეგრეთ წოდებული პარლამენტი მთავრობა, პრეზიდენტი?

– ფორმალურად რჩება, მაგრამ უფუნქციოდ. ანუ სუვერენიტეტის ატრიბუტიკა რჩება, მაგრამ ბუტაფორიულად. იქ ყველაფერს, გარდა, ალბათ, სოციალური საკითხებისა,  წყვეტს რუსული სამხედრო ხელმძღვანელობა და დარწმუნებული ვარ, ეკონომიკის მართვაშიც ისინი მიიღებენ მონაწილეობას.

– აფხაზეთთან გაფორმებულ შეთანხმებაში ნათქვამია, რომ აფხაზური პენსიები და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასები გაუთანაბრდება რუსეთის სამხრეთის ფედერალურ ოლქში არსებულ პენსიასა და საბიუჯეტო ხელფასებს. აქაც იგივე ხდება?

– იგივეა. ვიმეორებ, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთშიც იქნება ისეთივე მდგომარეობა, რაც არის რუსეთის სამხრეთის ფედერალურ ოლქში.

– აფხაზები ამ ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ რუსეთისგან მიიღებენ 5 მილიარდ რუბლს, სამხრეთელი ოსები –  რამდენს?

– რასაკვირველია, როდესაც ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, მაშინ დაესმება ამ საკითხს წერტილი და თანხა დასახელდება. ლაპარაკია 2 მილიარდ რუბლზე.

– უფრო მეტ თანხას იღებდნენ აქამდეც სამხრეთელი ოსები რუსეთისგან. ესე იგი, ახლაც ასე გამოდის?

– ახლაც მეტი გამოსდის, იმიტომ რომ, მიუხედავად დეკლარირებული 70 000-სა, იქ მოსახლეობის რაოდენობა სულ არის 25 000-30 000.

– რატომ არ იერთებს რუსეთი ცხინვალის რეგიონს, რატომ ანაწყენებს? ზედმეტი თავისტკივილი იქნება?

– რასაკვირველია და ყირიმის მოვლენების ფონზე არ სჭირდება დამატებითი პრობლემა, იმიტომ რომ რუსეთმა, თავისი ლობისტური მუშაობით თუ სიტუაციის ხელახალი ჩიხში შეყვანით, მოახერხა, რომ ევროპაში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე ალაპარაკდნენ, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. ამ ფონზე მიერთება გამოიწვევს ამ ხალხის ჩაჩუმებას.

– ოლანდიც კი გაჩუმდება.

– ვერავინ ვერაფერს იტყვის, იმიტომ რომ ეს დანარჩენი მსოფლიოს მორიგი გამოწვევა იქნება. პრინციპში, რუსეთმა საქართველოში მიაღწია იმას, რაც უნდოდა. მისი მთავარი ამოცანა იყო სამხრეთ კავკასიაში თავისი სამხედრო გავლენის აღდგენა, ამას მიაღწია. მთელი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი გადააქცია თავის სამხედრო ბაზად სამხრეთ კავკასიის გულში. იქ მას ჰყავს ბევრად უფრო დიდი სამხედრო წარმომადგენლობა, ვიდრე აფხაზეთში და მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აკონტროლებს მთელ სამხრეთ კავკასიასა და ენერგომატარებლებსაც.

– მაინც ხომ რუსეთის იყო აფხაზეთიც და ცხინვალის რეგიონიც? ეს დამატებითი შეთანხმებები რაში სჭირდებოდა? ვინ არის რუსეთის ამ გადაწყვეტილების სამიზნე ჯგუფები?

– დასავლეთი და საქართველო. ჩავიხედოთ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის შიდა პოლიტიკაშიც: ამ ნაბიჯით რუსეთმა თავი დაიზღვია ისეთი ექსცესებისგან, რაც მოხდა ჯიოევას არჩევის შემთხვევაში, როდესაც რუსეთს დასჭირდა სერიოზული ძალისხმევა, რომ დაესტაბილურებინა ვითარება. მას თავი ეჭრება, რომ ვერ აკონტროლებს მცირე ზომის ცხინვალის რეგიონსაც კი. ამიტომ ახლა ისეთი პოლიტიკური სისტემა შეიქმნება, სადაც ასეთი რამ გამოირიცხება. ამას გარდა, ნუ დაგვავიწყდება, რომ იქ არიან რუსეთის მოქალაქეები. გაითვალისწინეთ, იმ სამხედროების ოჯახებს, რომლებიც იქ მსახურობენ და სამხედრო ქალაქში ცხოვრობენ –  სამხედრო ქალაქ მოსკოვში, რომელიც შეიქმნა თამარაშენის ადგილას…

– ქართული სოფელის თამარაშენის ადგილას სამხედრო ქალაქია?!

– დიახ. ამ მოსახლეობას შეუძლია დარჩენა. ასე რომ, რუსეთს პოლიტიკური ცხოვრების პულსზეც ედება ხელი და ყოველგვარ პოლიტიკურ ექსცესებსაც გამორიცხავს. ახლა იმაზე, თუ რატომ არ შეიერთა რუსეთმა ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეგიონი: ამ ორი ხელშეკრულების გაფორმებაში აჩქარება დაკავშირებულია საქართველოსა და „ნატოს“ დაახლოების საკითხთან. საქართველომ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დგამს მეორე ნაბიჯს –  თავის ტერტიორიაზე განათავსებს „ნატოს“ სასწავლო ცენტრს. ეს უნდა მოხდეს თებერვალში. ჰოდა, აი, ეს იყო რუსეთისგან საპასუხო ქმედება.

– მაგრამ ჯერჯერობით არაფერს ამბობენ ცენტრის გახსნაზე.

– ყოველ შემთხვევაში, ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს. ამდენად, ესე იგი, ძალაში რჩება.

– კუბასთან დაკავშირებით მოხდა საინტერესო რამ: კუბისა და ამერიკის შეერთებული შტატების დაახლოების ტენდენცია გამოიკვეთა, მგონია, რომ მოვლენები იქ და აქ დაკავშირებულია ერთმანეთთან. 

– პირდაპირი კავშირია. რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ცდილობენ, რომ ერთმანეთის მიერ დეკლარირებული ნაბიჯები როგორმე დაბლოკონ. რამდენიმე ხნის წინათ შოიგუმ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, გააკეთა განცხადება, რომ რუსეთი აპირებს გახსნას სამხედრო ბაზები კუბაში, ვენესუელასა და არგენტინაში. ზუსტად ამის პრევენციული ნაბიჯი გადადგა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბასთან დაახლოების და კუბისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევის თვალსაზრისით. თუმცა ვენესუელასთან დაკავშირებით იგივე გაჭირდება, რადგან მადურო, ვენესუელის პრეზიდენტი, ძალიან რთული ფიგურაა. მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ კუბასთან მუშაობა დაიწყება, რადგან კუბა ყველაზე სუსტი წერტილია, მას ყველაზე მეტად სჭირდება ფული და ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია, იქ სიტუაცია სათავისოდ დაალაგოს, მით უმეტეს, წამსვლელი ლიდერების პირობებში, როდესაც ფიდელ კასტრო და მისი ძმა ხელიდან უშვებენ მართვის სადავეებს.

– ვენესუელის შემთხვევაში ნავთობის ფასის დაცემამ არ შეიძლება, შეასრულოს თავისი როლი მოსახლეობის პრეზიდენტის წინააღმდეგ აბუნტებაში?

– საქმე ის არის, რომ ვენესუელის შემთხვევაში ნავთობის ფასი ნაკლებ როლს ასრულებს, იმიტომ რომ ვენესუელა ისევე, როგორც ნიგერია მსოფლიოსთვის ნავთობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმწოდებელია. ეს სიმდიდრე არის ქვეყნის პატარა ჯგუფის ხელში. აქედან გამომდინარე, ორივე ქვეყანაში ეკონომიკა განუვითარებელია და სოციალურად რთული მდგომარეობაა, ამიტომ მოსახლეობის ცხოვრების დონეზე გადამწყვეტ გავლენას ვერ იქონიებს ნავთობის ფასის შემცირება, თუმცა, რასაკვირველია, გარკვეული შედეგი ექნება, ოღონდ არა –  გადამწყვეტი, როდესაც, მაგალითად, რუსეთისთვის ნავთობის ფასის დაცემა გაცილებით უფრო რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ვენესუელის შემთხვევაში, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რამდენიმე კურდღლის დახოცვას ცდილობენ ერთდროულად. მათი მთავარი ამოცანაა რუსეთის დასუსტება და არა არეულობის გამოწვევა რუსეთის შიგნით, მაშინ იმავე პროცესებს წამოიწყებდნენ ჩინეთის მიმართაც: ჩინეთიც ატომური ქვეყანაა და ბევრად უფრო საშიშია პერსპექტივაში.

საქმე ის არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალი მსოფლიოსთვის რუსეთი და მისი რესურსები. მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთის ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იყენებს ამ რესურსს სათანადოდ. სხვათა შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში იდეა, რომელსაც ახლა ვიტყვი, თავის დროზე სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ, ახლა კი ფეხს იკიდებს: ეს არის ციმბირის ყიდვა და მოჰყავთ ალასკის მაგალითი. შესაძლოა, ეს ერთგვარი პიარსვლაა და არ არის გათვლილი სერიოზულ მოლაპარაკებებსა და გადაწყვეტილებებზე, მაგრამ საქმე ის არის, რომ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული ამერიკელები, ისევე, როგორც ბრიტანელები ორიენტირებულები იყვნენ იმაზე, რომ როგორმე ხელში ჩაეგდოთ ციმბირის რესურსი –  როგორც წიაღისეულია, ისე ტყე. აი, ამისთვის მიდის გადამწყვეტი ბრძოლა და ვიმეორებ, დასავლური პოლიტიკის სტრატეგიაში არ შედის რუსეთის განადგურება, მათი მიზანია რუსეთის დასუსტება, იმიტომ რომ რუსეთი სჭირდებათ ჩინეთის საპირწონედ.

– ციმბირს, ადრე თუ გვიან, მაინც ჩინელები დაიკავებენ, არ ჯობია, მიჰყიდონ ამერიკელებს?

– ზუსტად ამ არგუმენტს ასახელებენ ამერიკელები, რომ ჩინეთი ჩაიგდებს ხელში აღმოსავლეთ ციმბირს, ოღონდ ხალხის მეშვეობით და ამიტომ ჯობია, გაიყიდოსო, თუმცა მე ეს არარეალურად მეჩვენება პუტინის პირობებში.

– მარადიული არავინაა, არც პუტინი.

– მეორე მხრივ, ჩვენ არ ვიცით, როგორ განვითარდება რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა, რუსული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით, სანქციებს დიდხანს შეიძლება, ვერ გაუძლოს, განსაკუთრებით, ტექნოლოგიურ შიმშილს.

– უფრო საშიში ხომ არ გახდება ამის გამო ჩვენთვის? ამერიკა შორსაა, ევროპასთან საერთო ენას ყოველთვის გამონახავს და ისევ ჩვენ ხომ არ გავილახებით?

– ამის საშიშროება ამ წუთას არ გველოდება, თუმცა შიშს დიდი თვალები აქვს, მეორეც –  მესმის საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გავილახეთ უახლოეს წარსულში და პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენი და უკრაინის გარდა ასეთ მდგომარეობაში სხვა არავინაა. ამდენად, გალახული ხალხის ფსიქოლოგიური მდგომარეობა გასაგებია: ნებისმიერი ზედმეტი გეოპოლიტიკური გაფაჩუნება იწვევს შიშს, არიქა, ისევ თავს არ დაგვესხანო. მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ გეოპოლიტიკური სიტუაციიდან, შესაბამისად, ამ წუთას რუსეთს ეს ხელს არ აძლევს, მით უმეტეს, საქართველოსთან, რომლის ხელისუფლებაც მას ამის პირდაპირ საბაბს არ აძლევს. თუმცა ისეთი ირიბი საბაბები არსებობს, რაც განაპირობებს რუსეთის მხრიდან ხელშეკრულებების დადებას აფხაზეთთან და ცხინვალთან, მაგრამ პირდაპირი სამხედრო აგრესიის საბაბი არ არსებობს. მე ასეთ რამეს არ ველი.

скачать dle 11.3