კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ზიანს აყენებს ონლაინგამსესხებელი ეკონომიკასა და მსესხებლებს, რატომ ითხრის ძირს მსესხებელი საკუთარი ნებით და რატომ არ დაზარალდებიან გამსესხებლები, თუ გაცემული თანხის ნახევარსაც კი ვერ დაიბრუნებენ

იმის მიუხედავადაც, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს დიდ ტვირთად აწევს გაუსტუმრებელი თუ გასასტუმრებელი სესხები, ჩვენს ღარიბულ რეალობაში აქტიურად მოიკიდა ფეხი ახალმა პროდუქტმა – ონლაინსესხებმა. არცთუ დიდი რაოდენობის სესხის ასაღებად, ოღონდ მცირეხნიანის (ორი კვირიდან ერთ თვემდე ვადით), სრულწლოვან მსურველს მხოლოდ ონლაინგანაცხადის შევსება ევალება. იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ახალგამოჩეკილი ონლაინგასესხების სისტემა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და ისედაც ღარიბი ჩვენი თანამემამულეების გაღარიბებაზე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ ლია ელიავასთან ერთად ვისაუბრებთ.

– ზოგადად, მსოფლიოში ონლაინსესხების როგორი პრაქტიკა არსებობს?

– მსოფლიოში ძალიან არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ონლაინსესხებისადმი და ეს საქმიანობა არცთუ ისე ბევრ ქვეყანაშია კანონით ნებადართული. ხოლო, სადაც ნებადართულია, საკმაოდ მკაცრად რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სესხების საპროცენტო განაკვეთებზე. მიიჩნევა, რომ ონლაინსესხები მუშაობს სამევახშეო საპროცენტო განაკვეთით, ამიტომ ამ სესხების განაკვეთის ზედა ზღვარი ძალიან მკაცრად რეგულირდება. მაგალითად, შეერთებული შტატების ყველა შტატში მიღებულია სპეციალური კანონი და დადგენილია სამევახშეო-საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი. არა საკომისიოები, რომლითაც ჩვენთან ონლაინგამსესხებლები მუშაობენ, არამედ –  წლიური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, რომელიც მერყეობს 8-დან 16 პროცენტამდე, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც საპროცენტო განაკვეთი ზოგ შემთხვევაში 1 000 პროცენტამდეა. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებში არის სპეციალური კანონმდებლობები, რომლებიც გამსესხებლებს უკრძალავს ქვეყანაში სესხებზე არსებულ საშუალო-საპროცენტო განაკვეთზე მეტი პროცენტით სესხის გაცემას და რიგ ქვეყნებში ამაზე დაწესებულია არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ანუ ასეთი სახის დაწესებულებას ან აიძულებენ, დაწიონ საპროცენტო განაკვეთი და სხვაობა დაუბრუნონ მსესხებელს, ან საერთოდ გააუქმებენ საქმიანობას. იმის თქმა მინდა, რომ ეს პროცესი ყველგან საკმაოდ მკაცრად რეგულირდება.

– რა არის ამ სიმკაცრის მიზეზი, თვით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამდეც კი? თუ მე, მსესხებელი, თანახმა ვარ, ვისესხო ამ პროცენტად, რატომ არის ასეთი მკაცრი რეგულირება? რას აყენებს ზიანს ონლაინსესხები?

– ევროკავშირში მიღებულია სპეციალური დირექტივა, რომელიც გულისხმობს ფინანსური მომსახურების მომხმარებლის უფლებების დაცვას. ეს კეთდება იმისთვის, რომ დაიცვან ადამიანი, რომ ის არ გაძარცვოს ბიზნესსექტორმა. ამას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან, როდესაც შენი შემოსავლის დიდ ნაწილს იხდი საპროცენტო განაკვეთებში, შენ ეს გაღარიბებს.

– ღარიბი ადამიანი კი უკვე სახელმწიფოს პრობლემა ხდება.

– რა თქმა უნდა, ამიტომაც რეგულირდება ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე. ევროკავშირში მიღებულია სპეციალური კანონმდებლობები: ფინანსური მომსახურებების მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც საქართველოში ჯერ არ ჩანს და ის არსებითად განსხვავდება ზოგადად მომხმარებელთა უფლებების დამცველი კანონმდებლობებისგან, იმიტომ რომ ფინანსური მომსახურება არის სპეციფიკური მომსახურება და მას სჭირდება სპეციფიკური რეგულირება.

–  რატომ უნდა აიღო ონლაინსესხი, იმავე ევროპაში, როდესაც არსებობს ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთად მოგცემს სესხს? რა მომხიბვლელობა აქვს ონლაინსესხს?

–  კომერციული ბანკები მთელ მსოფლიოში არ არიან ორიენტირებულები წვრილი სესხების გაცემაზე. ეს ჩვენთან მოქმედებენ კომერციული ბანკები, როგორც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. თუმცა კომერციული ბანკები, ვინაიდან ისინი საკმაოდ მკაცრად რეგულირდებიან, ვალდებული არიან, დაითვალონ საკუთარი რისკები, როგორც წესი, ერიდებიან სესხის გაცემას ისეთ პიროვნებაზე, რომელსაც არ აქვს საკმარისი შემოსავალი სესხის დასაფარავად. რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს: ისინი ძალიან ბევრ ქვეყანაშია და მართლაც საკუთარ ფუნქციას ასრულებენ: აფინანსებენ „სტარტ აფებს“, მიკრო და საშუალო ბიზნესებს. საქართველოში კი ამან ცოტა სხვაგვარი სახე მიიღო და მიკროსაფინანსოები უფრო იპოთეკური სესხების გაცემით არიან დაკავებული.

– დავამატებდი: ბანკების მიერ დაწუნებული კლიენტების მომსახურებით.

– დიახ, თუმცა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც ვალდებულები არიან, აკონტროლონ თავიანთი რისკები, მაგრამ ეს ვერ შეედრება ბანკების მიმართ არსებულ მოთხოვნებს. იცით, რომ ბანკებისა და მიკროსაფინანსოების მიერ მსესხებლის გადახდისუნარიანობის გაკონტროლება შესაძლებელია კერძო სტრუქტურით, რომელსაც ჰქვია „კრედიტინფო“ და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ თვით „კრედიტინფოს“ საქმიანობაც არ არის მოქცეული საკანონმდებლო ჩარჩოებში.

– აბა, რის საფუძველზეა შექმნილი?

– არაფრის საფუძველზე, მათი საქმიანობა არ რეგულირდება არანაირი კანონმდებლობით, არადა ისინი აგროვებენ უზარმაზარ პირად ინფორმაციას, საბანკო საიდუმლოებებს და როგორც მითხრეს, რასაც ვერ დავადასტურებ, მათი სერვერები, ანუ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ არის განთავსებული საქართველოში. უპირველესად, ეროვნული ბანკი უნდა რეაგირებდეს ამაზე, მაგრამ ის, რატომღაც, დუმს. რაც შეეხება მიკრომსესხებლებს: ონლაინსესხის აღებისას არავინ ინტერესდება მათი ფინანსური მდგომარეობით, შემოსავლებით. ერთადერთი, რაც სჭირდებათ, განაცხადის გაკეთებაა და რამდენიმე წუთში გირიცხავენ თანხას საბანკო ანგარიშზე, რომელიც მითითებულია განაცხადში. ამ მომსახურებით, ძირითადად, სარგებლობს ის ხალხი, რომელთა მომსახურებაზე უარი თქვეს ბანკებმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა. თუმცა ისიც მინდა, გითხრათ, რომ ონლაინსესხები იმდენად პოპულარული გახდა, ადამიანები აღარ ცდილობენ, მიმართონ ბანკებსა და მიკროსაფინანსოებს. ერთგვარი ტალღა აგორდა და ადამიანი ამ სიტუაციაში კარგად ვერ ითვლის თავის ხარჯებს. თითქოს არაფერია 200 ლარზე 20 ლარის გადახდა, მაგრამ, სინამდვილეში, ეს არის დაახლოებით 1 000-პროცენტიანი სესხი და ეს 200 ლარი ბევრად იაფი დაუჯდებოდათ, კომერციული ბანკიდან რომ აეღოთ. ამ გათვლების შეუძლებლობა და სესხის ხელმისაწვდომობა და სიმარტივე ხდის პოპულარულს ონლაინსესხს.

– რა არეგულირებს ონლაინგამსესხებლის საქმიანობას?

– ონლაინსესხების გამცემების საქმიანობა რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მხოლოდ რამდენიმე მუხლით, რომლებიც შეეხება კრედიტორსა და მსესხებელს შორის ურთიერთობას. სხვა არანაირი კანონი ამას არ არეგულირებს. მე ჩავატარე პატარა კვლევა: მოვიძიე ინტერნეტით ონლაინგამსესხებლის სარეკლამო ინფორმაცია და დავძებნე საგადასახადო ბაზაში, აღმოჩნდა, რომ ყოველი მეორის შესახებ ინფორმაცია არ იყო რეესტრში.

– ეს ნიშნავს, რომ ისინი გადასახადებს არ იხდიან?

– უნდა ვივარაუდოთ, ერთი ონლაინგამსესხებელი აღმოვაჩინე, რომელსაც ორი მოქმედი შპს აქვს. ანუ რაღაც უცნაურობა ხდება, რაც აუცილებლად ყურადღების მისაქცევია ხელისუფლების მხრიდან. სავარაუდოა, რომ ამ ონლაინგამსესხებლების გარკვეული ნაწილი არ იხდის გადასახადებს, არ არიან დაფიქსირებული სამეწარმეო რეესტრში. თუმცა აქვე უნდა დავამატო, რომ ასეთი ფანტომების გაკონტროლება და საგადასახადო ადმინისტრირება ძალიან რთულია, იმიტომ რომ შეიძლება, დღეს ერთი ფირმა არსებობს, მაგრამ ხვალ შეიცვალოს სახელი და სხვა გახდეს. ამასთან, ამ ფირმებს იმდენად დიდი შემოსავალი აქვთ, ერთ დღესაც რომ გაქრნენ, ამით არ დაზარალდებიან, ანუ თუ ვინმეს მაინც დარჩა მათთვის თანხა დაუბრუნებელი, იმდენად დიდ მოგებას ნახულობენ, რომ ეს არ დააზარალებთ. ანუ მათ აქვთ თავისუფალი სივრცე საიმისოდ, რომ ერთ მშვენიერ დღეს უბრალოდ აორთქლდნენ და საგადასახადოს წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს, ვინ იყვნენ. ასეთი ვითარების გამო სახელმწიფო კარგავს გადასახადებს და მე მინდა გითხრათ, რომ არა მარტო გადასახადების ამოღებაა პრობლემა, არამედ გადასახადების რაოდენობის დათვლაც კი შეუძლებელია იმ ონლაინგამსესხებლების, ვინც რეგისტრირებულია საგადასახადო ორგანოში. მათი ბუღალტერიის, შემოსავალ-ხარჯების გაკონტროლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ამიტომაც მრავლდებიან ისინი ასე სწრაფად სოკოებივით.

– კანონმა დააწესა მევახშეების, ანუ კენძო გამსეხებლებისთვის საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, რომელიუ ორჯერ მეტად არ უნდა აღემატებოდეს წინა წელს საშუალო საბანკო განაკვეთს. რატომ არ ვრცელდება ეს რეგულაცია ონლაინგამსესხებლებზე, რადგან საკანონმდებლო სივრცის გარეთ არიან?

– საქმე ის არის, რომ ჯერჯერობით ამას არ მიუღია ნეგატიური საზოგადოებრივი რეზონანსი. არ არის ხალხი, ვინც იტყვის, რომ ავიღე სესხი ამა და ამ პროცენტად და ამით ძლიერ დავზარალდი, რადგან ეს ონლაინგამსესხებლები გირაოდ არაფერს ითხოვენ.

– რაკი ქონება არ იკარგება, სახელმწიფო არ დგება იმ პრობლემის წინაშე, რაც იპოთეკარების შემთხვევაში?

– არც ქონება იკარგება და არც ადამიანი რჩება ქუჩაში. ონლაინსესხებს სხვა სოციალური დატვირთვა აქვს. ის, რომ ჯიბეში გიძვრებიან და უფრო მეტ ფულს იღებენ, ვიდრე ამას რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტები გააკეთებდნენ. საერთოდ, კანონმდებლობა მიჰყვება ხოლმე ეკონომიკურ ცხოვრებას, მაგრამ გონიერი კანონმდებელი ჯერ შეხედავს, რა ხდება სხვა ქვეყანაში და მიიღებს წინასწარ ზომებს, რომ პროცესები არ გახდეს უმართავი. უკვე დასაწყებია მსჯელობა, მით უფრო, ევროპაში არსებობს შესანიშნავი კანონმდებლობა, შესაძლებელია მისი გადმოღება და ადაპტირება საქართველოს პირობებისთვის.

– ონლაინგამსესხებლები არ ითხოვენ გარანტიას, მაშინ რა მექანიზმი აქვთ გასესხებული თანხის ამოღების? მით უმეტეს, რომ მათი მეტი ნაწილი გასულია საკანონმდებლო სივრციდან, ანუ არც არის რეგისტრირებული?

– თუ ონლაინგამსესხებელი არის რეგისტრირებული იურიდიული პირი, მას აქვს მექანიზმი იმისა, რომ სასამართლოში იჩივლოს.

– მაგრამ ეს რთული, ხანგრძლივი და ფასიანი პროცედურაა?

– საკმაოდ რთული პროცედურაა და ონლაინგამსესხებელს დოკუმენტად აქვს ის გადარიცხვები, რომლებსაც ის ახორციელებს მსესხებლის ანგარიშზე და, ასევე, მსესხებლის განაცხადის ონლაინფორმა. ის ონლაინგამსესხებლები, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულბი, არასდროს მიმართავენ სასამართლოს, მაგრამ მიმართავენ სხვა ფორმას –  კერძო აღმასრულებელს, ანც კოლექტორულ ფირმებს. მინდა გითხრათ, რომ არც ამ კოლექტორების საქმიანობაა კანონს დაქვემდებარებული, ისინიც სტიქიურად მოქმედებენ. გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საფრთხე: ონლაინგამსესხებლებისთვის, ანუ გაურკვეველი წარმოშობის შპს-ებისთვის, რომელთა მფლობელი ან ერთი, ან ორი პირია, ინფორმაციის მიწოდება სარისკოა, ვინაიდან არაკეთილსინდისიერმა პირმა შესაძლოა, ეს თქვენი პირადი ინფორმაცია ვინმეს მიჰყიდოს. როდესაც იღებთ ონლაინ სესხს, გამსესხებელს თქვენ შესახებ ყველანაირ ინფორმაციასა და საბანკო ანგარიშს აწვდით, თუ ის მოხვდება ნიჭიერი ჰაკერის ხელში, მან შესაძლოა, გატეხოს თქვენი ანგარიშები და მოიპაროს ფული. ამის უამრავი მაგალითია როგორც ევროპაში, ისე ამერიკაში. ეს ჰგავს საკუთარი ხელით ძირის გამოთხრას და, როდესაც ადამიანი არ არის ინფორმირებული, არც დაფიქრდება მოსალოდნელ შედეგზე.

– კერძო აღმასრულებლისთვის მიმართვაც ხომ ხარჯია, რა შემოსავალს იღებენ ასეთ ონლაინგამსესხებლები, რომ ეს უღირთ?

– ჩიტი ბრდღვნად ნამდვილად ღირს, იმიტომ რომ მათ აქვთ უზარმაზარი შემოსავალი. მაშინაც კი, თუ მათ მიერ გაცემული სესხების ნახევარი არ დაბრუნდა. ეს სესხები მოკლევადიანია, ორკვირიანი ან ერთთვიანი, ანუ გამსესხებელი სტარტზე დგას, ერთ თვეში იბრუნებს თანხას და შეიძლება, აორთქლდეს. ამას გარდა, კომერციული ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, როდესაც საპროცენტო განაკვეთს აწესებენ, გათვალისწინებულია ხარჯები, რომლებსაც სწევენ ეს ორგანიზაციები. არადა, რა ხარჯებს სწევს ონლაინგამსესხებელი, რომელიც ზის სახლში თავის კომპიუტერთან და ერთი ანგარიშიდან მეორეზე რიცხავს ფულს?! საპროცენტო განაკვეთს კი უზარმაზარს აწესებს?! ანუ ზღვა მოგება რჩებათ. მით უფრო, თუ დავამატებთ იმას, რომ გადასახადებსაც არასრულფასოვნად იხდიან ან საერთოდ არ იხდიან.

– ან როგორ უნდა გააკონტროლო, რას იხდიან ან რა უნდა გადაიხადონ?

– ვერანაირად, ჩვენ არ გვაქვს საამისო ტექნოლოგიები. ჩემი რჩევა იქნება, არ გამოვიჩინოთ სულსწრაფობა, უმჯობესია, დავაგროვოთ ფული და შემდეგ შევიძინოთ სასურველი ნივთი თუ მომსახურება, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ ვაკლებთ ჩვენს ოჯახებს და ვამდიდრებთ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს. მეორე პრობლემაა ის, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი გაიბერა და, ფაქტობრივად, შეიწოვა მთელი ფული, რაც ტრიალებს საქართველოში.

скачать dle 11.3