კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დავით თევზაძე 2003 წლის 22 ნოემბრის კულუარებსა და მის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი; სამხედრო-საინჟინრო აკადემიის სამხედრო ხელოვნების კათედრის გამგე; საქართველოს დანიშნული წარმომადგენელი „ნატოში”; გეოსტრატეგიული კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი; ინტერდისციპლინურ კვლევათა ევროკავკასიური უნივერსიტეტის პროფესორი (ომის თეორია და ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფორმულირება); IB ევროკავკასიური უნივერსიტეტის სრული პროფესორი, რექტორის მოადგილე... – ეს ძალიან მოკლე ჩამონათვალია დავით თევზაძის თანამდებობებისა. მის განათლებასა და პროსფესიულ გამოცდილებაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, ამიტომ, პირადად მას მოუსმინეთ.            

– თქვენი წინაპრებით დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, ისინიც საინტერესო და გამორჩეული ადამიანები იყვნენ.       

– ბებია-ბაბუას თუ გულისხმობთ, ძალიან ზოგად ხაზებში  მახსოვს, ბევრი დრო გავიდა რაც აღარ არიან. მამის მამა – გიორგი თევზაძე სამტრედიაში ცხოვრობდა, დეპოში უმუშავია. ახალგაზრდობაში რევოლუციურ მოძრაობაში იღებდა მონაწილეობას, რაღაც მისიით ბაქოშიც ყოფილა გაგზავნილი, თუმცა 1905 წლის მერე ჩამოსცილებია ამ საქმიანობას და ოჯახს მოჰკიდებია. ექვსი შვილი ჰყოლია, თუმცა, მე მამაჩემისა და ბიძაჩემი გიორგის (გოგი) გარდა არავინ მახსოვს – ადრე გარდაიცვალნენ. თვითონ ბაბუამ დიდხანს იცოცხლა. ასი წლისა ვარო, ამბობდა, მაგრამ  დანამდვილებით ეს არავინ იცის. რაც შეეხება დედის მამას – კონსტანტინე (კოწია) იოსელიანს, წინა საუკუნის დასაწყისში აჭარაში  გადმოსულა მულახიდან, ასე რომ, დედაჩემი უკვე აჭარაში დაბადებულა. მამაჩემს სოხუმში შეხვედრია, სადაც მამა, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისა და ფოთის თეატრში ერთი  თუ ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, სოხუმის თეატრში მუშაობდა ჯერ მსახიობად, მერე სალიტერატურო ნაწილის ხელმძღვანელად. თეატრიდან წამოსვლის შემდეგ მთელი ცხოვრება ქართული ლიტერატურის კვლევას მოანდომა. იყო დოქტორი, პროფესორი, ჰყავდა უამრავი მოწაფე, რომელთაგან შევხვედრივარ რამდენიმეს. ძალიან თბილად იხსენებენ მამაჩემს დღემდე. დედა სტომატოლოგი და ქართული ენის მასწავლებელი იყო, სანამ სოხუმში ვცხოვრობდით – მასაც ორი უმაღლესი განათლება ჰქონდა. თბილისში გადმოსვლის შემდეგ ახალი სპეციალობის ათვისება მოუხდა, ლოგოპედის. სხვათა შორის, ისიც ძალიან წარმატებული იყო თავის საქმიანობაში და მოწაფეები მასაც ჰყავდა. სხვა დეტალების გახსენება ძალიან შორს წაგვიყვანს.           

– თუ ჰგავხართ რომელიმე მათგანს და რითი?

– ძნელი სათქმელია. იერით დედის მხარეს მამსგავსებენ; ხასიათით, რა ვიცი, ორივე მჯობდა, დედაც და მამაც, მე ასე ვფიქრობ.

– მოგვიყევით ამბები სკოლის, ჯარის ცხოვრებიდან.      

– ამბებით ძალიან მდიდარი იყო ორივე ცხოვრება და ასე გამოყოფა რომელიმე ამბისა გამიჭირდება. გარდა ამისა, სკოლის ამბები სკოლის ამხანაგებს რომ ვხვდები, მაშინ მახსენდება, ხოლო ჯარისა – როდესაც ჩემს თანამებრძოლებს ვხვდები. ერთს ვიტყვი მხოლოდ: სამი სკოლა გამოვიცვალე – სოხუმის პირველი საშუალო, თბილისის პირველი საშუალო და თბილისის 42-ე, მათემატიკური. სამივეგან რაღაც გადამხდენია, რაც დღემდე ახალისებთ ჩემს მეგობრებს.  

– როდესაც დადგა პერიოდი, ჩაგებარებინათ უმაღლესში, საით გიწევდათ გული, რა გინდოდათ ყველაზე მეტად თქვენ და რა უნდოდა ოჯახს?

– რომ არ მოგატყუოთ, ზღვა მიტაცებდა და საზღვაო სასწავლებელი მინდოდა ბიძაჩემივით. დედას უნდოდა, ექიმი გამოვსულიყავი, ხოლო მამას მიაჩნდა, რომ ქართული ლიტერატურის გარეშე შეუძლებელია ქართველობა. შედეგად, ჩავაბარე ფილოსოფიურზე, რაც ყველასთვის სიურპრიზი აღმოჩნდა – ბიძისთვისაც (ცნობილი მეზღვაური იყო, წყალქვეშელი, იაროსლავ იოსელიანი), დედისთვისაც და მამისთვისაც, თუმცა, მამა უფრო კმაყოფილი ჩანდა. ისე, ჩაბარება ყველგან შემეძლო – სკოლა ოქროს მედალზე მქონდა დამთავრებული და ერთ გამოცდას „ჩამოკიდებულიც” ჩავაბარებდი. 

– დღეს რომ არ ყოფილიყავით ის, ვინც ხართ, მაშინ, ვინ შეიძლებოდა, ყოფილიყავით, გიფიქრიათ ამაზე?  

– რთული სათქმელია. მეზღვაური, ექიმი, ფილოლოგი, მწერალი, მხატვარი, სპორტსმენი, მწვრთნელი... – მეტი რაღა ვთქვა (იცინის). გამოვედი ის, რაც განგებამ ინება.   

– სირთულეები თქვენს ცხოვრებას მუდამ ახლდა. როგორ უმკლავდებოდით პრობლემებს და რა კომპრომისებზე წასულხართ ადამიანურ ურთიერთობებსა და საქმეში? 

– ბავშვობის გარდა, თითქმის არ მახსოვს პერიოდი, დალხენილად რომ მეგრძნო თავი, თუმცა, საკუთარი პრობლემა თავზე არასდროს არავისთვის მომიხვევია. ურთიერთობებში კომპრომისზე ბევრჯერ წავსულვარ, ვინაიდან, ურთიერთობა ბევრად მეტად მიღირდა, ვიდრე სხვა რამე; საქმეში კი – არასოდეს. 

– ყველაზე მეტად რას ნანობთ თუნდაც თქვენი საბრძოლო ცხოვრებიდან და, დღევანდელი გადასახედიდან, როგორ მოიქცეოდით? 

– ვნანობ?.. არაფერს არ ვნანობ. რაც ვიცხოვრე, ის ვიცხოვრე. შეცვლითაც აღარაფერს შევცვლიდი. სხვა ცხოვრება თუ მექნება იქ, ალბათ, იღბალიც სხვა მექნება და ვიცხოვრებ ისე, როგორც გამომივა.  

– ვიცი, რასაც ახლა გკითხავთ, თქვენთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია და არც გამიკვირდება, თუ ამაზე არაფერს მიპასუხებთ, მაგრამ, ესეც თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდია – 2000 წლის 1 ივნისს თბილისში ტერაქტი განცხორციელდა თქვენს ძმაზე, გურამ თევზაძეზე. ჩემთვისაც ძნელი გადმოსაცემია ის, რაც მაშინ ტელეეკრანიდან ვნახე – საშინელი კადრები იყო, ამიტომ, ამ თემას არ გავშლი, მხოლოდ გკითხავთ: რატომ?      

– ეს უკვე ჩემი ცხოვრების ნაწილია და ვერსად წაუვალ. ჩემს ძმასაც რთული ცხოვრება შეხვდა და მოწამეობრივად აღესრულა. დრო იყო ეგეთი, სხვას არაფერს გეტყვით. ქვეყანას ვიცავდი და, ჩემი ძმა, ოჯახი ვერ დავიცავი.                   

–  1993 წლის დეკემბერში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა თქვენს ოჯახში – უმცროსი ვაჟი დაგეღუპათ. 

– ისიც მოწამეობრივადაა წასული. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა. ერთი-ორი მეგობარი აღმოჩნდა ისეთი,  ძალიან ახლოს, იმდენად ახლოს, რომ ფიზიკურად შემეხო. მათ დაცემის საშუალება არ მომცეს. ერთ-ერთი იყო გია ყარყარაშვილი. 

– დღეს რომ შემოგთავაზონ, თუ დაბრუნდებოდით იმ პოსტზე, რომელზეც ბოლოს იყავით მთავრობაში? მე სოციალურ ქსელში ყველაფერს ვადევნებ თვალყურს და, ვიცი, დღემდე როგორი დამიკიდებულებაა თქვენდამი. უმრავლესობას ახლაც მიაჩნია, რომ თქვენ იყავით ყველა დროის საუკეთესო თავდაცვის მინისტრი, მიუხედავად პატარ-პატარა მინუსებისა, რაც ისედაც ყოველთვის იყო ამ სისტემაში.         

– დაბრუნება შეუძლებელია. არაფერი არ ბრუნდება, მუდმივ ცვლილებაშია ყველაფერი და, თუ პოსტზე ხელახლა მომიწევდა ყოფნა, ეს იქნებოდა ახალი პოსტი, ახალი ამოცანებითა და შესაძლებლობებით. ასავე, რთული სათქმელია, თუ რა არის „ჩემი დრო”. „ჩემს დროში” სწორედაც რომ ვერაფერს შევცვლიდი,  ვინაიდან, ის აღარ არის.  

– რა გინდოდათ, მიგეღოთ ცხოვრებისგან და რა მიიღეთ?

– როგორც იქნა, მივაღწიე ასაკს, როდესაც ადამიანი ღმერთზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე ამა სოფლის სიამეებზე. ასე რომ, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა მინდოდა მიმეღო ცხოვრებისგან. მივიღე ის, რაც მივიღე და მადლიერი ვარ ამის.

– ქუჩა თუ იყო თქვენს ცხოვრებაში თავისი ამბებით?  

– ქუჩა არასდროს იყო ასპარეზი, რომელიც მიტაცებდა, შესაბამისად, არც არანაირი გავლენა არ მოუხდენია. როცა დრომ მოაწია, თავის დაცვის პრობლემა არასოდეს მქონია, ამიტომ ვისაც ვიცნობდი და მიცნობდა, პატივს ვცემდით ერთმანეთს. ნდობას რაც შეეხება, ყოველთვის ვენდობოდი ადამიანებს – შენ თუ არ ენდე, არც ის გენდობა, ამის გარეშე კი ძნელია ბრძოლაც და ცხოვრებაც. არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არავის არ უნდა ენდო. მე მიმაჩნია, რომ, ვინც არავის არ ენდობა, ყოველთვის მარცხდება საბოლოოდ.  

– წეღან ომზე გკითხეთ, თუ ნანობთ რამეს-მეთქი. გესროდნენ და ესროდით და, შესაბამისად, ალბათ, თქვენი ფიზიკური განადგურების საფრთხეც ბევრჯერ დამდგარა...      

– საერთოდ, ომში ბევრმა რამემ ერთბაშად დაკარგა აზრი...  რეალურად, ეს არ იყო არც ომი, არც ბრძოლა, თითქოს ეს შესავალი იყო სხვა ცხოვრების, რომელიც გახდა ჩემი ნაწილი თუ მე გავხდი მისი ნაწილი... იცით, არის ასეთი, ძალიან საინტერესო ტრაქტატი – „ბუშიდო”. ეს გახლავთ იაპონელი სამურაების ღირსების კოდექსი: მეომარი თუ ხარ, პოეზიაც უნდა იცოდე, კარგი კალიგრაფიაც უნდა გქონდეს, სინაზესაც უნდა აფასებდე და უნდა იცხოვრო ისე,  თითქოს მოგკლეს გუშინ, ოღონდ, შენ წინ კი არ არის სიკვდილი, არამედ – უკან. ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, ეს შენს მეომრობას აჩლუნგებს, ნულზე დაჰყავს. სხვანაირად მეომარი ვერ იქნები, ყოველთვის რაღაცის შეგეშინდება.  

– მახსოვს, 1992 წლის დასაწყისში რამდენიმე შეიარაღებული ფორმირებული დაჯგუფება შეიქმნა თბილისში, მათ შორის იყო „ორბი”, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობდით. მინდა, ეს პერიოდიც გაიხენოთ.    

– ბევრ გაუგებრობაში მოვყევით მაშინ. თუ ვინმე ცოცხალია, შემთხვევითაა ცოცხალი, ამიტომ, სალაპარაკოდ არ ღირს. ერთია – შენ არ უნდა იყო დამნაშავე იმაში, რომ მეგობარი გეკარგება. იქ სხვისი სიცოცხლე უფრო ღირებულია, ვიდრე შენი, სხვანაირად  ვერასოდეს იომებ. ...ზოგი იქ არის მაგარი და, აქ რომ ჩამოდის, რაღაც ემართება. მას სჭირდება ჯანმრთელი საზოგადოება, რომ შეძლოს ასეთი ადამიანების ხელახლა ათვისება. ჩვენი საზოგადოება არ იყო ამისთვის მზად. გახსოვთ, ალბათ, თუ რამე დაშავდებოდა, ეგრევე თითს ჩვენკენ იშვერდნენ – გვარდიელის ფორმით იყვნენო. რას ნიშნავს – გვარდიელის ფორმით, რა ფორმა იყო ამისთანა?! მძიმე რა იყო, იცით? ერთბაშად აღმოჩნდა, რომ, ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, არავის სჭირდებოდა, თვითონ ჩვენ არავის ვჭირდებოდით, ფორმით რომ დავდიოდით. იცით, რომ ძალიან ბევრი ჩემი თანამებრძოლი სიგარეტის კოლოფის გამო მოხვდა ციხეში? ეს უფრო ამძიმებდა ომს, ვიდრე სხვა რამ, თორემ, მატერიალურად ყველას ერთნაირად უჭირდა.

– და კიდევ ერთ პერიოდს გამოვყობდი – 2003 წლის შემოდგომას: სანამ სიტუაცია ბოლომდე დაიძაბება, თქვენს უწყებას – თავდაცვის სამინისტროს, სადაზვერვო სამსახური საგულისხმო ცნობებს აწვდის, თქვენ კი, თქვენი  მხრივ – შევარდნაძეს, მაგრამ, ინფორმაცია ქვეყანაში მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა, რატომღაც, წაუყრუა. ფაქტობრივად, თქვენ იყავით ქვეყანაში ერთადერთი პიროვნება, ვისაც მოცემულ სიტუაციაში კონტროლი არ უნდა დაეკარგა და შესაბამისად ემოქმედა. რაზე ფიქობდით იმ მომენტში?                 

– რა თქმა უნდა, შემეძლო, სამხედრო გადატრიალება მომეწყო. აი, იმ სიტუაციაში, რაც მაშინ ხდებოდა, ერთადერთი სწორი გამოსავალი, გენშტაბის აზრით, სწორედ სამხედრო გადატრიალება იყო, რომელიც დაალაგებდა და დააწყნარებდა ქვეყანას, ისე, როგორც თურქეთში  მოხდა, მაგრამ, ეს არ გავაკეთე. 22-ში ღამით შევარდნაძემ დარეკა და მისვლა მთხოვა. ძალიან ცუდი კავშირი იყო. არ მითქვამს, რომ არ მივალ, ვუთხარი: თუ ისე მოხდება, რომ ვერ მოვდივარ, მაშინ როგორ მოვიქცე-მეთქი? მე მჭირდებოდა დავალება, რომელსაც გენშტაბის უფროსს დავუტოვებდი, რადგან, ყველაზე რთულია, როცა შენ სწყდები მართვის პუნქტს – შეიძლება, შენი სტრუქტურა გაგექცეს. ქუჩაში რაც ხდებოდა, გასაგებია, მაგრამ, ჯარიც რომ გაქცეულიყო, ეს იქნებოდა უბედურება და მაგაზე არც შევარდნაძე იყო პასუხისმგებელი და არც სხვა ვინმე, ჩემ გარდა. ამიტომ, მე უნდა დამეტოვებინა მკაცრი დირექტივა. მგონი, სწორად ვერ აღიქვა შეკითხვა და მკითხა – ქუჩაში გამოსვლის ხომ არ გეშინიაო. წესით, ეგ არავინ არ უნდა მკითხოს და, მით უმეტეს, მას არ უნდა ეკითხა. მან მშვენივრად იცოდა, რისი მეშინოდა ცხოვრებაში და რისი – არა. 

P.S. ბატონი დავითის ჩანაწერებში ერთი გამორჩეულად საინტერესო ადგილია. ჩემი აზრით, ეს ნამდვილი „მეომრის ფილოსოფიაა, მწერლობაზე შეყვარებული კაცის: „რომ დავფიქრდი, ასე მგონია, ჩემს მაგივრად სხვამ იცხოვრა. მთელი ცხოვრება სხვის მაგივრად ვცხოვრობდი, სხვისი სასიარულო ბილიკი ავირჩიე. როგორ მოხდა, როდის – ახლა არ მახსოვს და გახსენებაც არ ძალმიძს. დიდხანს მატორღიალა უგზოობაში ამ ბილიკმა, მაწვალა ბევრჯერ და, ახლა, როდესაც ჩემ წინ დაღმართის მეტი არაფერი ჩანს, მივხვდი, რომ ჩემი ასავლელი მწვერვალი ამივლია... წინ მიწა და სიკვდილის სუნთქვაა, თბილი,  ნაზი და ალერსიანი, როგორც ჩემი ნაბოლარას ალერსი; უკან – უთავბოლოდ გავლილი და გატარებული, გასაცოდავებული ჟამია, ჟამი იმედის, ჟამი სიყვარულის, ჟამი უდიდესი ბედნიერებისა და ჟამი წუხილის...” 

скачать dle 11.3