კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ნომინაცია მიანიჭა ნიუ-იორკის ორკესტრმა ქართველ მევიოლინეს, ლიზა ბათიაშვილს და რატომ არ თანხმდება ის 70-ზე მეტ კონცერტს წლის განმავლობაში

ორი წლის იყო, ვიოლინო რომ მოეწონა და მშობლებს სთხოვა, ეყიდათ. მაგრამ, ასაკიდან გამომდინარე, მისი სურვილი სერიოზულად არ მიიღეს. მიუხედავად ამისა, თავისი მაინც არ მოიშალა და ნათხოვარ ვიოლინოზე დაიწყო დაკვრა.  უკვე ოთხი წლის ასაკში, როდესაც მამა  მიხვდა, რომ მის ქალიშვილს ეს ინსტრუმენტი სათამაშოდ არ სჭირდებოდა, შვილს ერთი მეთექვსმეტედი ვიოლინო აჩუქა... მან საქართველო დიდი ხნის წინ დატოვა და ახლა გერმანიაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. საუბარია, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილზე, რომელიც ჟურნალ „მუზიკალ ამერიკას“ შერჩევით, ხუთ მუსიკოსს შორის მოხვდა და წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტად დასახელდა.

ლიზა ბათიაშვილი: ეს პრიზი ჩემთვის მოულოდნელი იყო. ის  დაკავშირებულია კონცერტებთან, რომლებიც 2014 წელს ჩავატარე ნიუ-იორკში. ამ პრიზს ყოველეწლიურად გადასცემენ თითო ინსტრუმენტალისტს, ვოკალისტს, დირიჟორსა და კომპოზიტორს. ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრთან ათი წელია, ვუკრავ. ვფიქრობ, პრიზიც ჩვენი დიდი ხნის ურთიერთობას უკავშირდება. ამ ორკესტრმა საუკეთესო მუსიკოსად გამომაცხადა, რაც გულისხმობს, რომ ამერიკაში დაგეგმილ რამდენიმე პროექტში მივიღებ მონაწილეობას „მოწვეული შემსრულებლის“  სტატუსით. ზოგადად, მოწვეული შემსრულებლები ერთხელ ჩადიან კონცერზე, მე კიდევ მთელი სეზონი დატვირთული მაქვს: თებერვალში ნიუ-იორკის ორკესტრთან ერთად დავუკრავ, მარტში სოლო კონცერტი მაქვს დაგეგმილი, აპრილში ისევ ორკესტრთან ერთად მიწევს გამოსვლა.

– 2015 წელს, თქვნი საიუბილეო კონცერტიც იგეგმება?

– დიახ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ  ნიუ-იორკის ფილარმონიის ორკესტრთან ამდენწლიანი ურთიერთობა შეგვეჯამებინა. აქედან გამომდინარე, აპრილში, ჩვენი  50-ე, საიუბილეო კონცერტი გაიმართება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამდენი არცერთ ორკესტრთან არ დამიკრავს. პირველად, მათთან ერთად 2004 წელს დავუკარი.

– წელიწადში დაახლოებით რამდენი კონცერტი გაქვთ?

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ წელიწადში 150 კონცერტი მაქვს, მაგრამ ეს ტყუილია. შემოთავაზებები  არის, მაგრამ ამდენ კონცერტში რომ მივიღო მონაწილეობა, მაშინ ოჯახს უნდა მოვწყდე. მყავს შვილები და, შესაბამისად, მათთვის დრო მჭირდება. ამიტომ, წლის განმავლობაში, დაახლოებით, 70 კონცერტი მაქვს. ესეც ბევრია ჩემითვის – 70 დღე ვარ გასული სახლიდან. სულ ვცდილობ, ბავშვებსაც დავუთმო დრო, ნორმალური ცხოვრება და ბავშვობა რომ ჰქონდეთ (იცინის).

– მეუღლეც მუსიკოსია და მასაც ასეთი დატვირთული გრაფიკი აქვს?

– კი, ძალიან დატვირთულია. ფრანსუა სოლისტი, დირიჟორი და  კონსერვატორიაში პროფესორია. ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, მაგრამ ორივე ვინარჩუნებთ ყოველდღიურ ცხოვრებას. არც ერთს არ გვავიწყდება, რომ სამსახურის გარდა, გვაქვს ოჯახი. საერთოდ, მუსიკოსისთვის ძალიან მარტივია ყოველდღიურობის დაკარგვა. ჩვენ არ გვინდა ბავშვებისგან მოშორებით,   სულ თვითმფრინავებსა და სასტუმროებში ვიყოთ. ამიტომ,  ყოველთვის შესაბამისად ვგეგმავთ კონცერტებს.

– თქვენს ინტერვიუებს რომ გადავხედე უცხოურ მედიასთან, ძალიან ხშირად საუბრობთ საქართველოზე...

– საქართველოზე ყოველთვის ბევრს ვფიქრობ. უფრო იმაზე, რაც ბავშვობის მერე ვნახე. როცა ვახერხებდი, სულ ჩამოვდიოდი თბილისში. სწორად აღნიშნეთ, ინტერვიუებში ყოველთვის საქართველოზე ვსაუბრობ. მხოლოდ იმიტომ არა, რომ აინტერესებთ ეს ქვეყანა, იმიტომ, რომ ბევრი რამ არ იციან მის შესახებ და მინდა გაიგონ. თბილისი  ჩემი სული და გულია, ჩემი ბავშვობა.  ბებია ნახევრად პოლონელი მყავს, მაგრამ, ისე,  სუფთა ქართველი ვარ. ძალიან ხშირად ვყვები ჩვენს მუსიკაზე – ქართულ ფოლკლორზე, ცეკვაზე, ცხოვრების სტილზე... როცა საქართველოდან გერმანიაში გადმოვედით  რთული პერიოდი იყო, ომი დაემთხვა. მაშინ, ფიზიკურად არ ვიყავი საქართველოში, მაგრამ ძალიან განვიცდიდი. 

– ახლა ახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას?

– დაახლოებით, წელიწადში ერთხელ ჩამოვდიოდი. ახლა, ორი წელია, არ ვყოფილვარ. ჩემი ვიზიტები თბილისში მუსიკას არ უკავშირდება. შვილები ჩამომყავს,  რომ ქართული არ დაავიწყდეთ. 

– წარმოშობით ფრანგი, გერმანიაში დაბადებული ბავშვები ქართულად საუბრობენ?

– კი, იციან ქართული. ჩვენთან სახლში, ცოტა რთული სიტუაციაა ენების მხრივ. ორივე გერმანიაში დაიბადა, მაგრამ სამი წელი საფრანგეთში ვიცხოვრეთ. ფრანგულ სკოლაში დადიან, სადაც გერმანულსა და ინგლისურს სწავლობენ. ვერ გეტყვით, რომელია მათი დედა ენა (იცინის). ქართულად წერა, კითხვა და საუბარიც იციან, მაგრამ, უფრო, ფრანგულად და გერმანულად გვაქვს ურთიერთობა. მეცინება ხოლმე, რა ენაზედაც დაიწყებენ ლაპარაკს, თავადაც ისე იცვლებიან. 

– მოსწონთ საქართველო?

– რა თქმა უნდა. თბილისთან ახლოს პატარა სახლი გვაქვს, სადაც ზაფხულობით ვისვენებთ. იქ ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობთ: არ გვაქვს  კომპიუტერი,  ტელეფონი და ტელევიზორი. მარტოები ვართ ბუნებაში. ბავშვებსაც მოსწონთ ეს. ადამიანი ხანდახან ცხოვრების ტემპს უნდა გამოეთიშოს.

– ქალბატონო ლიზა, გერმანიაში ცხოვრობდით და ფრანგი მეუღლე სად გაიცანით?

– ჩემი მეუღლე, ფრანსუა, მიუნჰენის ორკესტრის სოლო ჰობოისტი იყო.  გერმანიაში საცხოვრებლად დაახლოებით ოცი წლის წინ გადმოვიდა. მეც მიუნჰენში ვსწავლობდი. ერთმანეთი გერმანიაში გავიცანით, მაგრამ დიდი ხნის შემდეგ შევხვდით ისევ. მანამდე უბრალოდ ვიცნობდით ერთმანეთს და ეს იყო. მეორედ, უკვე ფინეთში შევხვდით მუსიკალურ ფესტივალზე. იქ ორივე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვუკრავდით, მაშინ დავახლოვდით და შეგვიყვარდა ერთმანეთი. საერთოდ მიუნჰენი ჩემი ბედია (იცინის). მე და ფრანსუა უნდა შევხვედროდით, ეს უნდა მომხდარიყო. 

– რამდენი წელია, რაც ოჯახი შექმენით?

– ზუსტად მეათე წელია. ჩემი შვილიც ათი წლის გახდა. არ მჯერა, რომ ამდენი დრო გავიდა. ძალიან ლამაზი ათი წელი გამოგვივიდა.

– ბავშვებიც მშობლების პროფესიას ხომ არ მიჰყვებიან?

– ბავშვები უკრავენ, მაგრამ მხოლოდ გასართობად. მუსიკოსობა ძალიან საპასუხისმგებლო და რთული ცხოვრებაა, მათ ვერ დავაძალებ. თუ თავად ენდომებათ, არ დავუშლი, მაგრამ ამის დიდი სურვილი უნდა ჰქონდეთ. ისე, უფრო სხვა ინტერესები აქვთ.

– საქართველოში ჩამოსვლას და კონცერტის გამართვას არ გეგმავთ?

– ამ ეტაპზე ვერ გეტყვით ზუსტად როდის, მაგრამ აუცილებად ჩამოვალ. გაისად დაგეგმილია განსაკუთრებულ ორკესტრთან კონცერტები, რომელიც ქართველი, პოლონელი, აზრბაიჯანელი და უკრაინელი მუსიკოსებისგან შედგება. მათთან ერთად დავუკრავ ევროპაში და ასევე, საქართველოშიც აგვისტოს ბოლოს. იმედი მაქვს, რომ ეს კონცერტი შედგება. კარგი შეგრძნება მაქვს, ახალგაზრდული ორკესტრი და საკუთარ სამშობლოში დაკვრა, ძალიან მიხარია.  

скачать dle 11.3