კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-1(752) 

ზვიადაური მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა, რადგან რუსულად მოლაპარაკე ქერათმიანი გოგონა აშკარად ცრუობდა. ვაჟამ ზუსტად იცოდა, რომ მის კარის მეზობელს, ქალბატონ ნინას არც კიევში და არც სხვა რესპუბლიკაში არანაირი ნათესავი არ ჰყავდა. გარდა ამისა, ქალბატონი ნინა ჯანმრთელი ქალი იყო და არამც თუ წნევა აწუხებდა, ფრჩხილიც კი არასდროს წამოსტკენია. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ქალბატონი ნინა შუადღეს ბათუმში უნდა გამგზავრებულიყო ქალიშვილთან. ვაჟამ არაფერი შეიმჩნია და გოგონას უთხრა:

– ახლავე ანუშკა. დეიდა ნინას ხშირად ვუზომავ ხოლმე წნევას. აპარატსაც წამოვიღებ და წნევის წამალსაც. ახლავე გამოვალ.

ვაჟა ბინაში შებრუნდა. ქამარში მაყუჩიანი პისტოლეტი გაირჭო. წნევის აპარატს ხელი მოჰკიდა. დედას და მეუღლეს უთხრა, – გარეთ ცხვირი არ გამოჰყოთო. შემდეგ სადარბაზოში გავიდა, ქერათმიანს წნევის აპარატი ხელში შეაჩეჩა და ღიმილით უთხრა:

– ნუ ღელავ, ანუშკა, კარგად იქნება თქვენი ნინა დეიდა. პირველად არ უწევს მას წნევა. გამიძეხით წინ, ვნახოთ, რა სჭირს.

ვაჟა ზვიადაურმა იმიტომ გაუშვა წინ გოგონა, რომ ზურგი დაცული ჰქონოდა. თადარიგის პოდპოლკოვნიკი ვარაუდობდა, რომ გოგონა მხოლოდ სატყუარა იყო და მას მეწყვილეც ეყოლებოდა. სწორედ ამიტომ წამოიღო იარაღი და საბრძოლველად მოემზადა. ქერათმიანი გოგონა კი სინამდვილეში ანფისა ზიკოვა იყო. ის ერთი კვირის წინ ჩამოვიდა თბილისში და სწორედ იმ დღეს მიაგნო ვაჟა ზვიადაურს. შემდეგ ვაჟას მეზობლის, ქალბატონ ნინას ბინაში მოტყუებით შეიჭრა. ქალი მოკლა. დაელოდა, სანამ საქორწილო სუფრა აიშალა და მხოლოდ ამის მერე მიადგა ზვიადაურს. ზიკოვას გათვლით, მას ჯერ ვაჟა უნდა გაეტყუებინა და მოეკლა. შემდეგ კი ზვიადაურის ბინაში შესულიყო და პატარა ჯაბასთან ერთად, ყველა იქ მყოფი ამოეხოცა.

– ბოდიში, რომ შეგაწუხეთ, მობრძანდით, – უთხრა ზიკოვამ ზვიადაურს და გზა დაუთმო.

– რას ბრძანებთ, თქვენ შემდეგ, – თავაზიანად მიუგო ვაჟამ და ანფისა წინ გაატარა.

– აქეთ მობრძანდით, – ანფისამ საძინებლის კარისკენ გაიშვირა ხელი. ამ დროს ვაჟამ გოგონას მარჯვენა ხელი უკნიდან პირზე ააფარა, მარცხენით კი მაყუჩიანი პისტოლეტი ხერხემალზე მიარჭო და უჩურჩულა:

– თუ არ გინდა ჩაგაძაღლო, მითხარი, სადაა შენი პაძელნიკი.

ანფისა არ დაბნეულა. ვაჟასთვის მოულოდნელად ჰაერში ახტა, კედელს ტყუპი წიხლი მიარტყა და ზვიადაური მეორე კედელს მიანარცხა. შემდეგ ელვისებურად შემოტრიალდა, ვაჟას ზემოდან მოექცა და პისტოლეტის წართმევა სცადა. თუმცა, ზვიადაურმა ანფისა მოიშორა და კედელს მიანარცხა. შემდეგ ყბაში წიხლი სთხლიშა და გონება დააკარგვინა. გაჩხრიკა. ქამრიდან მაყუჩიანი პისტოლეტი ამოუღო. საკუთარი იარაღი ქამარში გაირჭო. მარცხენა ხელში ანფისას პისტოლეტი ჩაბღუჯა, მარჯვენა კი გოგონას თმაში ჩაავლო და სასტუმრო ოთახში გაათრია. ფანჯრის ქვეშ რადიატორთან მიაგდო. მის გონზე მოსვლას დაელოდა და ჰკითხა:

– ვინ ხარ და აქ რისთვის მოხვედი?

– წადი, შენი დედაც... – შეაგინა ანფისამ ზვიადაურს და ზიზღნარევი მზერა ესროლა.

– აქ ვინ გამოგგზავნა, შე ძუკნა, – კბილებში გამოსცრა ზვიადაურმა.

– შენი დედა... – გაიმეორა ანფისამ.

ვაჟამ ანფისას პისტოლეტი ბარძაყზე მიადო და სასხლეტს თითი გამოჰკრა. ტყვიამ გოგონას რბილში გაუარა. მან ერთი დაიკვნესა და კედელს მიეყრდნო.

 – ამოღერღე, შე ძუკნავ, ვინ და რატომ გამოგგზავნა აქ, თორემ კოჭებს დაგიხვრიტავ, – ზიზღით უთხრა ზვიადაურმა ანფისას.

– ამას ვერასოდეს ეღირსები ჩემგან, შე სამშობლოს მოღალატე, მკვლელო. მე თუ არა, სხვა ჩააძაღლებს  იმ ნაბიჭვარს და შენც ზედ მიგაყოლებს, ყველანი დაიხოცებით, ყველა მოღალატე!.. და ჩვენი სამშობლო ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდება თქვენგან, – უთხრა ანფისამ გაოგნებულ ზვიადაურს, რომელიც თვალებგადმოკარკლული უყურებდა მას. შემდეგ, ანფისა დადუმდა და თვალები დახუჭა. ერთხანს ასე იყო. ბოლოს თვალები გაახილა. კედელს მოსწყდა. თავით ფანჯარას შეასკდა და მეექვსე სართულიდან ქვევით გადაეშვა...

ზვიადაური წამით დაიბნა. შემდენ ანფისას პისტოლეტი ცხვირსახოცით გაწმინდა და ტახტზე დააგდო. მეზობლის საძინებელში შევიდა და შუბლგახვრეტილ ქალს დახედა. ბოლოს ცხვირსახოცი ხელზე შემოიხვია. წნევის აპარატს ხელი დაავლო. კარი გააღო და გავიდა. სახლში რომ დაბრუნდა, პისტოლეტი დამალა და მოფუსფუსე ქალებს უთხრა:

– ახლა აქ ერთი ამბავი ატყდება და არაფერი შეიმჩნიოთ.

ვაჟას დედა შეჩვეული იყო მოულოდნელობებს და შვილს მდუმარედ დაუკრა თავი. არც ნინო იყო პანიკიორი, მაგრამ ქმარს შეშფოთებულმა ჰკითხა:

– რა მოხდა ვაჟა, რა ამბავი უნდა ატყდეს?

– ცოტა ხანში აქაურობა მილიციით გაივსება.

– მილიციით? – გაიმეორა ნინომ.

– ჰო, საყვარელო და გარეთ ცხვირიც არ გაჰყო. ხოლო თუ ვინმემ რამე გკითხოს, ვითომ არაფერი იცი და არაფერი შეიმჩნიო.

– მაინც, რა მოხდა?

– მკვლელი მოგვიგზავნეს.

– მკვლელი?

– ჰო, საყვარელო, მაგრამ ნუ გეშინია.

– შენს გვერდით არაფრის მეშინია, მაგრამ, რა მოხდა, არ მეტყვი?

– ჯაბას და ჩემს მოსაკლავად მკვლელი გამოგზავნეს.

– ჯაბას და ჩემს მოსაკლავად მკვლელი გამოგზავნეს. იმ გოგონამ საცოდავი ნინა დეიდა მოკლა. შემდეგ ფანჯრიდან გადახტა და თავი მოიკლა.

– გოგონამ? – გაიმეორა ნინომ და დაამატა, – საცოდავი ნინა დეიდა...

– ჰო, გოგონამ. სწორედ მან მოაკაკუნა წეღან და ჩემი შეტყუება უნდოდა. მე ყველაფერს მივხვდი და ამან გადაგვარჩინა. თუმცა, კინაღამ მაჯობა. ნამდვილი ალქაჯი იყო. პროფესიონალი მკვლელი და რომ არ გამეშიფრა, ახლა ოთხივე მკვდარი ვიქნებოდით.

– რა საშინელებაა, – ნინომ თავზე შემოივლო ხელები და საძინებლისკენ გაიხედა, სადაც პატარა ჯაბას ტკბილად ეძინა.

– დამშვიდდი, შვილო. მთავარია, ყველაფერმა ჩაიარა. წამოდი, დავწვეთ. დანარჩენს ვაჟა მიხედავს, – უთხრა დედამთილმა რძალს. მხარზე ხელი მოხვია და საძინებელში შეიყვანა.

ნახევარი საათის შემდეგ, ვაჟა ზვიადაურის ეზო მილიციელებით აივსო. ცოტა ხანში ვაჟასაც მიუკაკუნეს. ზვიადაურმა თავი მოიმძინარა. მთქნარებით გააღო კარი და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ახალგაზრდა ოპერს ჰკითხა: 

– რაშია საქმე? ვინ ბრძანდებით?

– უფროსი ლეიტენანტი ჩაფიძე! – მიუგო ზვიადაურს ოპერმა და ბინაში შესვლა სცადა, მაგრამ ვაჟამ არ გაატარა და ჰკითხა:

– რა გნებავთ, უფროსო ლეიტენანტო ჩაფიძე?

– ბინაში შემომიშვით.

– რატომ. რა ხდება?

– ჩვენება უნდა ჩამოგართვათ.

– რა ჩვენება. დავაშავე რამე?

– ახლა რიჟა ბაზარი არ გინდა. ვითომ არ იცი, რა მოხდა უნდა დაგკითხო. გაიწიე, შემოვიდე! – მარცხენა წარბი ასწია ახალგაზრდა ოპერმა, რომელიც სულ რაღაც სამი დღის გადმოყვანილი იყო ზესტაფონიდან თბილისში და წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ ვის ელაპარაკებოდა.

– სახლში ვერ შეგიშვებთ. პატარა ბავშვს და ქალებს სძინავთ. ან, რა უფლებით მეჭრებით ბინაში, თანაც, მიზეზს არ მეუბნებით, – მშვიდად უთხრა ზვიადაურმა ჩაფიძეს.

– ახლა რომ შეგაგდებ სახლში, იმდენს გირტყამ, ნახევარი ვერ დათვალო. რას მერიჟავები, ბიჭო.

ვაჟამ წინ ნაბიჯი გადადგა. შემდეგ ჩაფიძეს მარცხენა ხელი ამოუტრიალა, ას ოთხმოცი გრადუსით შეაბრუნა, უკანალში წიხლი ჰკრა და კიბეებზე დაუშვა. უფროსი ლეიტენანტი რაიონის მილიციის უფროსს მუცელში თავით დაეჯახა და კედელზე მიანარცხა.

– გაგიჟდი, შე შობელძაღლო? – მილიციის უფროსმა ჩაფიძეს ყურში გაულაწუნა. შემდეგ ზვიადაური დაინახა. გაუღიმა და მოიკითხა:

– როგორ ბრძანდებით, ბატონო ვაჟა?

მილიციის უფროსი ზვიადაურის ძველი ხელქვეითი იყო და ვაჟას დიდ პატივს სცემდა. ზვიადაურის ხილვა გულწრფელად გაუხარდა და ასე გულითადადაც ამიტომ მოიკითხა.

– არა მიშავს. შენ?

– ძალიან დატვირთული ვარ. ისე კი, არა მიშავს.

ჩაფიძე გაისუსა. ვაჟამ კი მილიციის უფროსს ჰკითხა:

– ეგ ბლატნოი ძაღლი სად იპოვე?

– რა ვიცი, არაფორმალებმა გადმოათრიეს ზესტაფონიდან, – უხალისოდ თქვა მილიციის უფროსმა. შემდეგ ჩაფიძეს უღრიალა:

– გაეთრიე აქედან და საქმეს მიხედე, შე ნაბიჭვარო! არ იცი, ვის როგორ ელაპარაკო? შენ რა, ორღობეში ხომ არ გგონია თავი?

ჩაფიძე გაიძურწა. ვაჟამ კი მილიციის უფროსს უთხრა:

– დღეს ქორწილი მქონდა და სტუმრები რომ გავაცილეთ, დასაძინებლად დავწექით. ეგ კრეტინი კი სახლში მივარდებოდა, – უნდა დაგკითხოო. რა მოხდა?

– მაგას ვუჩვენებ სეირს. გილოცავთ, ბატონო ვაჟა. ღმერთმა გაგამრავლოთ.

– დიდი მადლობა.

– რა მოხდა და თქვენი მეზობელი მოკლეს, – მილიციის უფროსმა მოკლულის ბინისკენ გაიშვირა ხელი, – მეორე ტრუპი კი ეზოში გდია.

– ვაა. ორი „ტრუპი“ გყავს? რომ არაფერი გაგვიგია? – თქვა ვაჟამ, – ისეთი დაღლილები ვიყავით, რომ არაფრის თავი არ გვქონდა და მკვდრებივით დაგვეძინა. მაინც, რა მოხდა?

– თქვენ წინ მცხოვრები ქალბატონია პისტოლეტით მოკლული.

– ნინა დეიდა?

– კი.

– ღმერთო ჩემო... დღეს ის ბათუმში უნდა წასულიყო თავის ქალიშვილთან. კი მაგრამ, ვინ რას ერჩოდა. მტრები მაგას არ ჰყავდა და ფული და ოქრო მაგას არ ჰქონდა. მეორე ვინღაა?

– ვიღაც რუსის გოგო.

– რუსის გოგო?

– დიახ. როგორც ეტყობა, მკვლელმა ის ჯერ მსუბუქად დაჭრა. შემდეგ კი ფანჯრიდან გადააგდო, თქვენი მეზობლის ფანჯრიდან.

– რას მეუბნები. ნინა დეიდა რომ მარტო ცხოვრობდა?

– შეიძლება, სტუმრად იყო მასთან.

– რამდენადაც ვიცი, ამ საცოდავთან არავინ ყოფილა სტუმრად, – მხრები აიჩეჩა ვაჟამ, – ყოველ შემთხვევაში დღეს საღამომდე მაინც.

– აბა, რა გითხრათ, ბატონო ვაჟა. მოკვლევას ვატარებთ და ექსპერტებს ველოდებით.

– მე ხომ ვერაფრით დაგეხმარები?

– აბა, რით? თუ არაფერი გაგიგიათ, ახალს მაინც ვერაფერს გვეტყვით და...

– ვაჟა, შვილო, რა მოხდა, რა ხმაურია? – გამოსძახა ზვიადაურს დედამ, რომელიც ყურადღებით ისმენდა საუბარს და შვილს შეგნებულად შეეხმიანა.

– არაფერი, დედი, დაიძინე, – მიუგო ვაჟამ. მილიციის უფროსმა კი ზვიადაურს ჩურჩულით უთხრა:

– კარგი, კარგი, ბატონო ვაჟა. შებრძანდით და დაისვენეთ. ჩვენ კი ვეცდებით, არ ვიხმაუროთ.

– მოკლედ, სახლში ვარ და თუკი დაგჭირდით, არ მოგერიდოთ და დამიძახეთ, – უთხრა ვაჟამ მილიციის უფროსს და სახლში შებრუნდა.

– რა ხდება ვაჟა? – ერთდროულად ჰკითხეს ზვიადაურს დედამ და მეუღლემ.

– იძიებენ. არ ინერვიულოთ, – თქვა ვაჟამ და დაამატა, – მოკლედ ასე, ნინო, დილიდანვე წაიყვან ჯაბას და შენთან, სახლში იქნებით დედასთან ერთად. მე მეტრიკას ავიღებ და მოვალ. უახლოეს დღეებში კი აქაურობას უნდა გაერიდოთ დროებით მაინც. მით უმეტეს, რომ შვებულება გაქვს და შენ და ჯაბა ცოტას დაისვენებთ.

– რუსეთში უნდა წავიდეთ? – იკითხა ნინომ.

– არა.

– აბა, სად?

– უცხოეთში.

– სად, მაინც?

– ზუსტად არ ვიცი, სადმე.

– უცხოეთში გამგზავრებას ცოტა ფული არ სჭირდება.

– მაგაზე ნუ იდარდებ. მთავარია, მშვიდობით გააღწიოთ აქედან. მე კი მანამდე რაღაც-რაღაცეებს გავარკვევ.

ვაჟა ზვიადაურს უკვე შემუშავებული ჰქონდა გეგმა, თუმცა ცოლს სრული სიმართლე არ უთხრა და მხოლოდ გეგმის ნაწილი გაუმხილა. ვაჟას გადაწყვეტილი ჰქონდა, ჯაბას და ნინოს უცხოეთში დასახლება დროებით მაინც. მანამდე, სანამ კალმარის ამბავს არ გაარკვევდა. დარწმუნებული იყო, რომ მკვლელი ქალი სწორედ მან გამოგზავნა და ისიც კარგად იცოდა ზვიადაურმა, რომ ის ამაზე არ გაჩერდებოდა, მათ მოკვლას კვლავ შეეცდებოდა.

როგორც კი გათენდა, ვაჟამ ცოლ-შვილი და დედა „ვოლგაში“ ჩასხა და ნინოს ბინაში მიიყვანა. მანამდე კი რამდენიმე მანევრი შეასრულა და მხოლოდ მას მერე გაემგზავრა მეუღლის ბინაში, როდესაც დარწმუნდა, რომ არავინ აჯდა კუდზე.

ნინო ვაკეში ცხოვრობდა და დედ-მამის დანატოვარი, უზარმაზარი კერძო სახლი ჰქონდა. ჯაბა საბავშვო ოთახში შეუშვეს და სათამაშოები მისცეს. ვაჟამ კი ქალები სამზარეულოში გაიხმო. მაგიდაზე ორი ცალი მაყუჩიანი პისტოლეტი დადო და დედას უთხრა:

– აი, დედი, ეს შენ გქონდეს. არა მგონია, დაგჭირდეს, მაგრამ რამე რომ იყოს, იცი, როგორ იმოქმედო.

– დარდი ნუ გაქვს, შვილო. შენს ცოლ-შვილს არავის დავაჩაგვრინებ, – მიუგო ვაჟას დედამ. შემდეგ პისტოლეტები შეამოწმა და ორივე ჭურჭლის კარადაში შეინახა.

ნინო თვალებგადმოკარკლული უყურებდა დედა-შვილის დიალოგს. შემდეგ დედამთილს უთხრა:

– დეიდა ქეთო, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ თქვენ რევოლვერის ხმარება იცოდით.

 – ეს პისტოლეტებია, შვილო, – გაეცინა ვაჟას დედას, – იარაღის გამოყენება ჯერ კიდევ ჩემმა ცხონებულმა ქმარმა მასწავლა. მესაზღვრე იყო ის სულმნათი. ხან სად მსახურობდა და ხან სად. მეც სულ მასთან ვიყავი. გვერდიდან არ ვშორდებოდი და ძალაუნებურად იარაღის ხმარებაც ვისწავლე. შენც გასწავლი, შვილო, თუ დაგაინტერესებს.

– მასწავლეთ, – ღიმილით მიუგო ნინომ დედამთილს.

– კარგი. წავედი ახლა. აბა, თქვენ იცით, – თქვა ვაჟამ.

– მალე მოხვალ, შვილო?

– მერაბ გამრეკელი უნდა ვნახო. შემდეგ კი პირდაპირ სახლში წამოვალ.

– კარგი, შვილო. ნურაფერზე იდარდებ.

– საყვარელო, ფრთხილად იყავი, – ნინო მეუღლეს ჩაეხუტა და მკერდზე დაადო თავი.

– ფრთხილად ვიქნები. აბა, წავედი, – თქვა ვაჟამ და ბინიდან გავიდა.

ზვიადაური ყურადღებით მართავდა „ვოლგას“ და ყველა წვრილმანს აკვირდებოდა. მან მანქანა ერთ მყუდრო ქუჩაზე გააჩერა. შემდეგ გადმოვიდა და ტელეფონ-ავტომატიდან მერაბ გამრეკელს სახლში დაურეკა.

– მამა, ძია კოტე და ძია ნოე წყნეთში, აგარაკზე წავიდნენ, – უთხრა ვაჟას გამრეკელის ერთ-ერთმა ტყუპისცალმა შვილმა.

– დედიკო სახლშია?

– დიახ. მორიგეობიდან დაბრუნდა და სძინავს. გავაღვიძო?

– არა, შვილო. იძინოს. კარგი, აბა, ჭკვიანად იყავით. ნახვამდის, – თქვა ვაჟამ. ყურმილი გათიშა. „ვოლგაში“ ჩაჯდა და წყნეთისკენ გაემგზავრა.

ის-ის იყო კოტე სოხაძემ თავისი „ვოლგა“ აგარაკის ეზოში შეაყენა და სამივენი სახლში შედიოდნენ, რომ ჭიშკარს ვაჟა ზვიადაური მიადგა. ნოე ბუცხრიკიძემ მას ეზოს კარი გაუღო. ვაჟამ მანქანა შიგნით შეიყვანა, გადმოვიდა და მეგობრებს შეუერთდა.

– როგორც ეტყობა, რაღაც მოხდა, – თქვა გამრეკელმა და პირველი შევიდა სახლში, – აბა, ერთი ავიდეთ, მოგვიყევი, რა მოხდა.

ვაჟა ზვიადაურმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო თავის კოლეგა-მეგობრებს და ბოლოს თქვა:

– ნამდვილი ალქაჯი იყო ის ძუკნა. ახალგაზრდობის მიუხედავად, კარგად გაწვრთნილი, პროფესიონალი მკვლელი და შეიძლება ითქვას, რომ ყველანი ბეწვზე გადავურჩით სიკვდილს.

– მდაა, „ნუ ი ძელა,” – თქვა გამრეკელმა და დაამატა, – ვერ ისვენებს კალმარი. თავს დავდებ, რომ ეგ გოგონაც მისი გამოგზავნილია.

– კი. მეც მასე ვფიქრობ, – დაეთანხმა გენერალს ვაჟა.

– როგორ გითხრა? – მაგ ნაბიჭვარს და სამშობლოს ყველა მოღალატეს ამოგწყვეტენო?

– დიახ. სწორედ მასე თქვა და თავიც მოიკლა, – მიუგო ზვიადაურმა.

– ამ საქმეს ძალიან სერიოზული სუნი უდის, – თავი გააქნია ნოე ბუცხრიკიძემ, – ფანატიკოსი იყო ეგ ძუკნა და საქმე რომ ვერ შეასრულა, თავი მოიკლა.

– კი. ზუსტად მასეა, – დაამატა კოტე სოხაძემ.

მერაბ გამრეკელი ერთხანს ჩაფიქრდა. შემდეგ გააბოლა და თქვა:

– სხვა გზა არ არის. რადიკალურ ზომებს უნდა მივმართოთ.

– რას გულისხმობ, მერაბ? – ჰკითხა გამრეკელს სოხაძემ.

– კალმარი უნდა გავანადგუროთ. ფიზიკურად მოვსპოთ.

– კი, მაგრამ კალმარზე როგორ გავიდეთ?

– ხომ იმ დასკვნამდე მივედით, რომ კალმარის ვინაობა რუზგენ ჩოჩიანმა იცის?

– კი. მერე რა?

– ჩოჩიანი უნდა გავიტაცოთ და ძალით ვათქმევინოთ მისი სახელი.

 – გამორიცხულია, – თავი გააქნია სოხაძემ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ ჩემო მერაბ, ცეკას პირველი მდივნის მოტაცება უფრო ადვილია, ვიდრე ჩოჩიანის.

– ისეთი ვინაა, რო?

– ისევ ისეთი ნაძირალაა, როგორიც ადრე იყო. მაგრამ, ახლა მას სულ მცირე, ოცი შეიარაღებული „გალავარეზი“ დღე და ღამე არ სცილდება გვერდიდან. მისი გატაცება სწორედ ამიტომაა შეუძლებელი. მოკვლით, შეგვიძლია, მოვკლათ. ჩავუჯდები „სნაიპერიკით” და რომელიმე მიტინგის დროს შუბლს გავუხვრეტ. მაგრამ ამით რას მოვიგებთ? კალმარის სახელს ვერ გავიგებთ. მას კი მისი არაფორმალი ბრატები სიმართლისთვის წამებულად გამოაცხადებენ და არ გამიკვირდება, რომ წმინდანადაც კი მოინდომონ მისი შერაცხვა, – თქვა კოტე სოხაძემ.

– ჯერ იცოცხლოს. მაგის წმინდანობაღა გვაკლია, – ზიღზით თქვა გენერალმა და, – კიდევ ერთი აზრი მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რა გამოვა აქედან.

– რა აზრი? – ჰკითხა სოხაძემ.

– „კაგებეს“ ცენტრალურ აპარატში ერთი ახლო მეგობარი პოლკოვნიკი მყავს, პაველ ნოჟკინი და იქნებ მან შესძლოს ჩვენი დახმარება. მე ადრეც ვეცადე ეს, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა. უფრო სწორად კი, ჩემი ვარაუდი არ გამართლდა.

– ეგ რაღაც ახალია. რატომ ადრე არ თქვი. დაგვიმალე რამე? – ჰკითხა სოხაძემ გამრეკელს.

– დაგიმალეთ შენ და ცხონებულ გულბათს. ნოესთან და ვაჟასთან მაშინ ასე ახლო არ ვიყავი, – მიუგო გამრეკელმა.

– მაინც, რა დაგვიმალე?

– ის, რაც მრავალი წელია, მაწუხებს და რაზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს. ხან ასე მეგონა, ხან – ისე. ვერ გავიგე, ის კაცი წმინდანია თუ ეშმაკის მოციქული.

– მოიცა, მოიცა, მე მგონი, რაღაც მახსენდება, – თქვა სოხაძემ, – შენ ჯერ კიდევ განყოფილების უფროსი იყავი, მე კი შენი მოადგილე, როდესაც გაგრაში მომხდარ მკვლელობებს ვიძიებდით. მაშინ იმ დასკვნამდე მივედით, რომ ყველა ეს მკვლელობა ერთი პირის მიერ იყო ჩადენილი და პირობითად, შენ მას ფანტომი შეარქვი. მაშინ მე ვიეჭვე, რომ ფანტომში შენ კონკრეტულ პიროვნებას გულისხმობდი და მისი ვინაობის გამხელა გთხოვე. ხომ იყო ასე?

– კი, იყო.

– მაშინ, დამარწმუნე, რომ ვცდებოდი. მეც დავიჯერე და შენთვის აღარ მითხოვია მისი სახელის დასახელება. ასეა?

– კი. ასეა.

– ესე იგი, მე მართალი ვყოფილვარ და შენ მე მისი სახელი არ მითხარი?

– კი. სწორედ ასე იყო.

– არც ახლა იტყვი?

– ახლა ვიტყვი. ყველამ გულდასმით მომისმინეთ. არ შემაწყვეტინოთ და ერთად გავაანალიზოთ ყველაფერი, – უთხრა მერაბ გამრეკელმა მეგობრებს. შემდეგ ნესტორ პესკასელთან დაკაშვირებული ეჭვები სრულად უამბო მათ და ბოლოს თქვა, – აი, ძმებო, მთელი ამ წლების განმავლობაში ასე ვარ გაორებული და ვერ გამირკვევია, ისაა ფანტომი თუ სხვა ვინმე.

– ახლა, რას აკეთებს ნესტორ პესკასელი, ბატონო მერაბ? – ჰკითხა გამრეკელს ნოე ბუცხრიკიძემ.

– „კაგებეს“ გენერალ-მაიორია. ბოლო ინფორმაციით, ამ უწყების ერთ-ერთ მნიშვნელოვან განყოფილებას ედგა სათავეში. პაველ ნოჟკინი რომ ვახსენე წეღან, – მისი მოადგილე იყო, – თქვა გამრეკელმა.

– პაველ ნოჟკინს იმას ხომ არ ჰკითხავ, შენი უფროსი ფანტომია თუ არაო? – უთხრა სოხაძემ გამრეკელს.

– ამას არა, მაგრამ, იქნებ ისეთი რამ შევიტყოთ, რაც ჩვენს მიზანთან დაგვაახლოებს, –  თქვა გამრეკელმა და მცირე პაუზის შემდეგ დააყოლა, – ან საბოლოოდ გააბათილებს ჩემს ეჭვებს.

– ესე იგი, მოსკოვში აპირებ გამგზავრებას.

– კი.

– როდის?

– უახლოეს დღეებში. ზეგ ან მაზეგ.

– არ მგონია, აქედან რამე გამოვიდეს, მაგრამ სცადე. იქნებ, მართლა გაგვიმართლოს და საგულისხმო რამ შეიტყო, – თქვა სოხაძემ.

– ბატონო მერაბ, ერთი თხოვნა მაქვს და შეიძლება, ვთქვა? – იკითხა ზვიადაურმა.

– გისმენ, ვაჟა, თქვი, –  მიუგო გამრეკელმა.

– სანამ რამე გაირკვევა და ჩვენი უხილავი მტრის კვალს დავადგებით, ღმერთმა უწყის, რა მოხდება. ამიტომ, გადავწყვიტე, ჯაბა და ნინო უცხოეთში გავხიზნო და ამისთვის გარკვეული თანხა მჭირდება. აქაც ძირითადად ამის სათხოვნელად მოვედი და რას იტყვით? – თქვა ზვიადაურმა.

– რაზეა ლაპარაკი. რა თქმა უნდა, – მიუგო გამრეკელმა ზვიადაურს და სოხაძეს და ბუცხრიკიძეს გადახედა, რომლებიც ერთხმად დაეთანხმნენ გენერალს. ნოე ბუცხრიკიძემ კი ზვიადაურს უთხრა:

– მე ვიცი ერთი ადგილი, სადაც მათი გადამალვა საიმედოდ შეიძლება და ეშმაკიც კი ვერ მიაგნებს.

– სად? – ჰკითხა ვაჟამ ნოეს.

– ბულგარეთში. შავი ზღვის პირას ერთი პატარა დაბაა და იქ.

– იქ ვინმე გყავს? – ჰკითხა ნოეს გამრეკელმა.

– დიახ. ჩემი ცოლის დაა იქ გათხოვილი. მისი ქმარი კი იქაური მილიციის უფროსია. ახალგაზრდა, ძალიან კარგი კაცია და ის მიხედავს მათ. იყვნენ იქ ჯაბა და ნინო, სანამ აქ რამე გაირკვევა. იქნებ გაგვიმართლოს, იმ ფანტომ-კალმარს მივაგნოთ და მოვსპოთ. თუ არა და, თავს ვდებ, რომ იქ მათ ვერავინ მიაგნებს.

– თუ კალმარი პესკასელია, მაშინ მას იმხელა შესაძლებლობები გააჩნია, რომ არამც თუ ბულგარეთში, ოკეანის გაღმაც კი მისწვდება ნებისმიერს, – თქვა გამრეკელმა, – თუმცა, აქ მათი გაჩერება ბევრად უფრო სახიფათოა და ჯობია, დროებით მაინც გაეცალონ აქაურობას.

– მათ გამგზავრებას საკუთარ თავზე ვიღებ. ამ საღამოს ჩემი ცოლი მიფრინავს თავის დასთან და დავაბარებ, რომ მოწვევა გამოგზავნონ. ახლა საზღვრები გახსნილია და ასეთი რამ უცებ კეთდება, როგორც კი მოწვევა ჩამოვა, ჯაბას და ნინოს მე თვითონ წავიყვან იქ და პირადად ჩავაბარებ ბორისს – ჩემს ქვისლს ბორისი ჰქვია.

– მერე და, რას ეტყვი მას. თუ ჩვენი კოლეგაა, რას გამოაპარებ? – ჰკითხა სოხაძემ ნოეს.

– არც არაფერს. არაა საჭირო ტყუილები. ვეტყვი, რომ თვალის ჩინივით მიხედოს და მიხედავს. ამაზე პასუხს საკუთარი თავით ვაგებ.

– კარგი. მე თანახმა ვარ. მაინც, რა დრო დასჭირდება ყველაფერ ამას? – იკითხა ზვიადაურმა.

– მაქსიმუმ ხუთი დღე. ჩათვალე, რომ ხუთი დღის შემდეგ ჯაბა და ნინო უკვე გზაში იქნებიან და გასამგზავრებლად მოამზადე ისინი, – მიუგო ვაჟას ნოემ და დაამატა, – ვიმეორებ, ამ ყველაფერზე საკუთარი თავით ვაგებ პასუხს. ბორისი საიმედოდ მიხედავს მათ და ბევრი ფულიც არ დასჭირდებათ. მხოლოდ ჯიბის ფული თუ ექნებათ და სულ ეგაა.

– არა, ფულს მათ არ მოვაკლებთ. გავატანთ კიდეც და სისტემატურადაც გავუგზავნით. მთავარია, უსაფრთხოდ იყვნენ, – თქვა გამრეკელმა. შემდეგ მაგიდაზე ათმანეთიანების ათი ცალი დასტა დადო, – ათი ათასი მანეთი ამ ჯერზე ეყოფათ. შემდეგ კიდევ გავუგზავნით.

– ბევრი არაა? – შეიშმუშნა ზვიადაური და ფულის დასტებზე მიანიშნა გამრეკელს.

– დასჭირდებათ, – თქვა მერაბ გამრეკელმა,  – ისე ვითარდება მოვლენები, რომ სულ მალე შეიძლება, მანეთი გაუფასურდეს და მე მგონი, ის დროა, საერთო სალარო ვალუტით, უფრო სწორად კი, დოლარებით შევავსოთ. მით უმეტეს, რომ დოლარის ფლობაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოიხსნა. ამის გამო უკვე არავის იჭერენ. ერთი სიტყვით, ამაზე მაშინ ვიმსჯელოთ, როცა ბავშვისა და ნინოს ამბავს მოვაგვარებთ და მე მოსკოვიდან დავბრუნდები. ახლა კი საქმეს მივხედოთ. მართალია, აქ საქეიფოდ ამოვედით, მაგრამ პურის ჭამა გადაიდო. აბა, დავეშვით თბილისში. იმედია, რომ უახლოეს დღეებში „ჩეპე“ არ მოხდება და თუ რამეა, ერთმანეთთან კავშირი გვქონდეს.

პირველმა ვაჟა ზვიადაურმა დატოვა მერაბ გამრეკელის აგარაკი და ვაკეში, მეუღლის სახლისკენ გაემართა. შემდეგ კი კოტე სოხაძის „ვოლგაც“ თბილისისკენ წამოვიდა და ჯერ გამრეკელი მიიყვანეს სახლში, შემდეგ კი, ნოე ბუცხრიკიძე, რომელიც საბურთალოზე იყო გაჩერებული, თავისი ცოლისდის ბინაში.

***

მერაბ გამრეკელი მხოლოდ მას მერე გაფრინდა მოსკოვში, რაც ჯაბა და ნინო გაისტუმრეს ბულგარეთში. როგორც ნოე ამბობდა, ვიზის გაფორმება ძალიან მალე და ადვილად მოხერხდა და მან საკუთარი „ჟიგულით“ წაიყვანა ისინი თავის ქვისლთან.

– აბა, შენ იცი, ნოე. ამათ თვალის ჩინივით მიხედე. თავიდან თმაც კი არ ჩამოუვარდეთ, – უთხრა გენერალმა ნოეს, – ადგილზე რომ ჩახვალთ, ეგრევე დარეკე.

– დარდი ნუ გაქვთ, ბატონო მერაბ. ყველაფერი კარგად იქნება. ნახვამდის, – მიუგო ნოემ და მანქანა ადგილიდან დაძრა.

ორი საათის შემდეგ ვაჟამ და კოტე სოხაძემ უკვე მერაბ გამრეკელი გააცილეს მოსკოვში და მას მერე წამოვიდნენ თბილისის აეროპორტიდან, როცა თვითმფრინავი ცაში აიჭრა.

მოსკოვში ჩაფრენილი გამრეკელი სასტუმრო „როსიაში“ დაბინავდა. ცოტა დაისვენა. საღამოს შვიდი საათი რომ შესრულდა, პაველ ნოჟკინის სახლში დარეკა.

– გისმენთ, – გაისმა ტელეფონში ახალგაზრდა გოგონას ხმა.

– პაველს სთხოვეთ, თუ შეიძლება, – მიუგო გამრეკელმა.

– დიახ, გისმენთ, – თქვა ნოჟკინმა.

– პაველ, როგორ გიკითხო? – მოიკითხა გამრეკელმა ძველი მეგობარი.

– მერაბ კონსტანტინოვიჩ, როგორ ხარ, ძვირფასო, რამდენი ხანია თქვენი ხმა არ გამიგონია, – გაუხარდა ნოჟკინს.

– არა მიშავს. შენ როგორ ხარ? მოსკოვში ჩამოვედი და რომ არ დამერეკა, არ შემეძლო.

 – სად ხართ, მერაბ კონსტანტინოვიჩ.

– „როსიაში“.

– რატომ ჩემთან არ მოხვედით, ასე უნდა მეგობრობა?

– აუცილებლად გეწვევი სტუმრად. ორი-სამი დღით ვარ ჩამოსული და მოგინახულებ. 

– სტუმრად კი არა, ჩემთან უნდა გაჩერებულიყავით. მე რომ თბილისში ჩამოვდიოდი, სულ თქვენი სტუმარი ვიყავი. თქვენ კი სულ სასტუმრო და სასტუმრო. იქნებ ჩემთან გადმოსახლდეთ?

– არა, პაველ, არა. სხვა დროს იყოს. პირობას გაძლევ, რომ შემდეგ ჩამოსვლაზე აუცილებლად შენთან გავჩერდები. ამჯერად კი აქ ვიცხოვრებ.

– რა გაეწყობა. სტუმრად როდის მეწვევით?

– როდესაც მოიცლი. თუნდაც ხვალ. კვირაა და ალბათ, არ მუშაობ.

– სამუშაო ყელამდე მაქვს. მაგრამ ხვალ მცალია. დილით სამსახურში შევირბენ. მალევე დავბრუნდები უკან და თავისუფალი ვარ. ორი საათისთვის შეგიძლიათ მოხვიდეთ?

– რა თქმა უნდა.

– მაშინ შევთანხმდით. ხვალ ორ საათზე ჩემთან გელოდებით.

– შევთანხმდით.

– მისამართი ჩაიწერეთ.

– საცხოვრებელი შეიცვალე?

– დიახ. სამი თვეა, რაც ახალ ბინაში გადავედი, – მიუგო ნოჟკინმა გამრეკელს. ბინის მისამართი ჩააწერინა. გამოემშვიდობა და ტელეფონი გათიშა.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3