კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (50)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ორმაგი შანტაჟი

პენინგტონ სმიტის კაბინეტში საკმაოდ უცნაური ზარი გაისმა.

– მისტერ სმიტ...  – მამაკაცს ბოხი ხმა და თავდაჯერებული ტონი ჰქონდა, – ვფიქრობ, მოინდომებთ ჩემთან შეხვერას. გელოდებით დღეს, 2 საათზე, „ტაუერ ოტელში“, 713-ე ნომერში. არ დააგვიანოთ.

– კი მაგრამ, ვის ველაპარაკები? – გაიოცა სმიტმა.

– როცა მოხვალთ, მაშინ გაიგებთ.

– ეს რა, საახალწლო ხუმრობაა? – გაეცინა სმიტს.

– სულაც არა. გირჩევთ, ამ საკითხს სერიოზულად მიუდგეთ... მე ვიცი, სად იყავით და რას აკეთებდით 17 ივნისს. მიმიხვდით, ალბათ, რასაც ვგულისხმობ.

ხანმოკლე დუმილი სმიტმა დაარღვია:

– კარგი. მოვალ...

ნომერი 713 არაფრით გამოირჩეოდა სასტუმროს დანარჩენი ნომრებისგან. მისაღებ ოთახში, საწერ მაგიდასთან, ზორბა მამაკაცი იჯდა და წინ საბეჭდი მანქანა ედგა. იქვე იყო ლითონის კარადა, სავარაუდოდ – სეიფი.

სმიტი მაგიდასთან მოშორებით მდგარ სავარძელში მოთავსდა.

– კარგია, რომ მოხვედით. მე მქვია ჰამილტონ ბრიგსი.

– ეს თქვენი ნამდვილი გვარია? – ეჭვით იკითხა სმიტმა.

– კონკრეტულ შემთხვევაში, შენთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. თუმცა, გეტყვი, რომ ჯერ არ მქონია პრობლემა ჩემს საქმიანობაში და, ამიტომ, არც ვინაობას ვმალავ, – მაშინვე ფამილარულ ტონზე გადავიდა მასპინძელი, – მოკლედ, გაგაცნობთ ამ ვიზიტის მიზეზს: 17 ივნისს თქვენ ქალბატონ იქსთან ერთად ბრძანდებოდით ერთ-ერთ სასტუმროში, რომლის სახელწოდებაც ორივემ კარგად ვიცით; იქ დარეგისტრირდით, როგორც ცოლ-ქმარი და ღამე ერთად გაატარეთ. ამ ფაქტის დამადასტურებელი ყველა მასალა, მათ შორის ფოტომასალაც, მე მაქვს და დანიშნულებისამებრ გამოვიყენებ კიდეც.

– ეჭვიც არ მეპარება, – ნაძალადევად გაიღიმა სმიტმა, – თქვენ, თურმე, ჩემი ჟამთააღმწერელი ბრძანებულხართ. დარწმუნებული ვარ, კიდევ გეცოდინებათ რამე საინტერესო ჩემ შესახებ.

– დიახ. თქვენ 47 წლის ხართ. ცოლიანი. შვილი არ გყავთ. იმ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს წევრი ბრძანდებით, რომელსაც სათავეში თქვენი მეუღლის მამა უდგას. ის საკმაოდ მოხუცია და, სავარაუდოდ, ძალიან მალე პრეზიდენტი თქვენ გახდებით. როგორ ფიქრობთ, თუ 17 ივნისის ცელქობის ამბავი გამჟღავნდება, ისევ შედგება თქვენი კარიერული სვლა? ბატონო სმიტ, რას იტყვით ამ ყველაფერზე?

– მხოლოდ იმას, რომ კარგად გიმუშავიათ, ძალიან კარგადაც კი... რა გინდათ ჩემგან? პირდაპირ მითხარით. როგორც უკვე იცით, მე ამდენი დრო არ მაქვს.

– მეც არ ვისარგებლებ ბოროტად და გეტყვით – სამოცი ათასი დოლარი ნაღდი ფული.

სმიტს ხმამაღლა გაეცინა:

– უფრო პრაქტიკული მეგონეთ. თქვენ ფიქრობთ, რომ მე ამდენი ფული მაქვს?

– ეგ უკვე თქვენი პრობლემაა. უარის თქმის შემთხვევაში, ადეკვატურად მოვიქცევი, – მხრები აიჩეჩა ბრიგსმა. სმიტმა თითები გაატკაცუნა.

– მომისმინე, მე არ მითქვამს, რომ ჩვენი შეთანხმება შეუძლებელია. მინდა პატარა გარიგება შემოგთავაზოთ.

– საინტერესოა, რას შემომთავაზებთ. გაფრთხილებთ, ჩემი გაცურება არც ისე ადვილია.

– არც ვაპირებ თქვენს მოტყუებას, პირიქით, ძალიან პატიოსან გარიგებას გთავაზობთ.

ბრიგსმა გაოცებით ასწია წარბები:

– რა ხელშეკრულებაზე მელაპარაკებით?

– როგორც თქვენ თქვით, მე ძალიან მალე გავხდები კომპანიის პრეზიდენტი და მინიმუმ შვიდი წელი მაინც ვუხელმძღვანელებ მას, შეიძლება, მეტიც. მზად ვარ, ხვალინდელი დღიდან, ყოველთვიურად ორი ათას ოთხასი დოლარი გადაგიხადოთ. მარტივი არითმეტიკაა – შვიდი წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებთ ამ თანხას, რაც, საბოლოო ჯამში, თქვენ მიერ მოთხოვნილ თანხაზე ხუთჯერ მეტია. მგონი, ცუდი გარიგება არ უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, შანტაჟისთვის ხელფასი ჯერ არავისთვის დაუნიშნავთ.

– მისტერ სმიტ, იქნებ, მაგ სიტყვის წარმოთქმისგან თავი შეგეკავებინათ?

– კი ბატონო, ანუ, დანარჩენზე თანახმა ხართ?

– ცოტა დრო მჭირდება, უნდა დავფიქრდე... – ბრიგსი ადგა და ოთახში გაიარ-გამოიარა, – კარგი, – თქვა ბოლოს ყოყმანით, – ასე იყოს... დავთანხმდები თქვენს წინადადებას, მაგრამ, არ მესმის, ხელშეკრულება რაღა საჭიროა? სიტყვიერი შეთანხმებაც მაკმაყოფილებს – სამხილები ხომ ჩემს სეიფში რჩება?! არ შეასრულებთ პირობას და ბომბიც აფეთქდება.

სმიტმა თავი გადააქნია:

– არა, მე საქმიანი ადამიანი ვარ და, მირჩევნია, ხელშეკრულებით გაფორმდეს შეთანხმება. დამსვით თქვენს საბეჭდ მანქანასთან, ახლავე გავამზადებ ორ ეგზემპლარს, თანხას კი ხვალვე ჩაგირიცხავთ პირად ანგარიშზე, ან, ახლავე გამოგიწერთ ჩეკს და თქვენს ეგზემპლარს დავურთავ.

სმიტმა სწრაფად დაბეჭდა ტექსტი.

– ესეც ასე. აქ წერია, რომ თქვენ გადაიღეთ ჩემი შეხვედრა ქალთან და ამის დამადასტურებელი სათანადო მასალაც მოგეპოვებათ. ამის სანაცვლოდ, რათა ეს ყველაფერი საიდუმლოდ დარჩეს, ყოველთვე, შვიდი წლის განმავლობაში, გადაგიხდით ორი ათას ოთხას დოლარს. ვადასტურებ ხელმოწერით და თან ვურთავ პირველი გადახდის ჩეკს. ახლა თქვენ მოაწერეთ ხელი...

ერთი კვირის შემდეგ ბრიგსი სასტუმროს ვერანდაზე იჯდა, ყავას სვამდა და დილის გაზეთებს კითხულობდა. მისი ყურადღება ერთმა სათაურმა მიიპყრო, შეშლილივით წამოხტა და ტელეფონს ეცა:

– სმიტ, ეს რა არის?

– ო, მისტერ ბრიგს,  ველოდი თქვენს ზარს. არ გინდათ, ჩემთან მოხვიდეთ? მგონი, სალაპარაკო გვაქვს. გელოდებით.

ერთი საათის შემდეგ მისტერ ბრიგსი სმიტის წინ იჯდა და ოფლიან შუბლს ცხვირსახოცით იწმენდა.

– ესე იგი, ცოლს ეყრებით? – იკითხა, პირველმა შოკმა რომ გაუარა.

სმიტმა გაიცინა:

– დიახ. ეს ერთი კვირის წინათაც გადაწყვეტილი ამბავი იყო, ერთმანეთს ოფიციალურად მივეცით თანხმობა განქორწინებაზე. იმას თავისი ცხოვრება აქვს, მე – ჩემი. ცნობისთვის, იმ ქალზე ვაპირებ დაქორწინებას, რომელთან ერთადაც 17 ივნისს სასტუმროში გამომიჭირეთ.

– კი მაგრამ...

– დიახ, ასეა. მე არც კომპანიის პრეზიდენტობას ვაპირებ – რამდენიმე თვეში საკუთარ ბიზნესს ვიწყებ და აქედან მივდივარ. ასე რომ, ჩემო ძვირფასო პარტნიორო, როლები შეიცვალა...

– რაზე მელაპარაკებით?

– იმაზე, რომ ჩვენი ხელშეკრულების ერთი პირი, თავისი ორიათასოთხასდოლარიანი ჩეკით, აქ მაქვს და, ვაპირებ, პოლიციაში წავიღო.

– რა?! – ლამის ენა ჩაუვარდა ბრიგსს.

– ჰო. იცით, ჩვენი კანონმდებლობით შანტაჟისტებს რამდენს უსჯიან, მით უფრო – თქვენისთანა პროფესიონალებს?! დარწმუნებული ვარ, სასტუმროს სეიფში პოლიცია ძალიან საინტერესო მაკომპრომეტირებელ მასალას ნახავს.

– არა, ამას არ გააკეთებთ! – შეჰყვირა ბრიგსმა.

– არ გავაკეთებ მხოლოდ ერთი პირობით: თუ ხუთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, სამი ათას ოთხას დოლარს გადამიხდით, დასაწყისისთვის კი ჩემ მიერ ერთი კვირის წინ მოცემულ ფულს დამიბრუნებთ...

– ეს, ეს წარმოუდგენელია... მაშანტაჟებთ?

– თუ შეიძლება, ამ სიტყვას ხშირად ნუ გაიმეორებთ, – გაიცინა სმიტმა, – შეიძლება, უკან შემოგიტრიალდეთ... აბა, რას იტყვით?

ბრიგსმა დაიგმინა. საფულე ამოიღო, ორი ათას ოთხასი დოლარი გადათვალა და წინ დაუდო.

– ხელშეკრულებას არ გავაფორმებთ?

სმიტმა უდარდელად გაიცინა:

– არა, საჭირო არ არის. რაღაც, ისე აღარ აღვიქვამ ხელშეკრულების მნიშვნელობას, როგორც ადრე...

скачать dle 11.3