კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწოდეს ანას ბაჯი და რა უჩვეულო ძალის პატრონი იყო ეს ქალბატონი

ანა ბაჯის სახელი რამდენიმე ლიტერატურულ ნაწარმოებში გვხვდება. ძველი თბილისის აშუღმა საიათნოვამ ასეთი სიტყვებით შეამკო ეს ქალბატონი: „მტერსა სრესავს ფეხქვეშ ჭიასავითა...” იეთიმ გურჯმა კი პოემა მიუძღვნა სახელწოდებით: „გმირი ქალი ანა-ბაჯი”, რომელშიც მოთხრობილია ანას მამაცური თავგადასავალი. ამბობენ, რომ ანა ქალისათვის უჩვეულო ღონის პატრონი ყოფილა. თავის წიგნში „ქართველი ქალები” დ. ქორიძემაც გვიამბო ანა ბაჯის შესახებ. თუ ვინ იყო ის და რა არის ცნობილი ანას შესახებ, ჩვენს სტატიაში გიამბობთ.

ანას სახელი ცნობილია, როგორც უჩვეულო ძალ-ღონის მქონე ქალბატონისა. ის გაზრდილა და დაბადებულა თბილისში, დაახლოებით მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში. ანა ღარიბი ქართველი ხელოსნის შვილი ყოფილა. 16 წლის ასაკში გათხოვილა. მისთხოვებია მუხათელ მამაკაცს და საცხოვრებლადაც მუხათში გადასულა. ახალგათხოვილ ქალს ქმრის ოჯახში 7 რძალი დახვედრია. ანა მათთან ერთად შესდგომია შრომას და ყველანი ერთად გადიოდნენ ფონს. არც ანას და არც მისი ქმრის გვარი ჩვენთვის ცნობილი არ არის. სამაგიეროდ, ცნობილია ამ ქალის გამჭრიახი გონებისა და უჩვეულო ძალის შესახებ. ანა, თურმე გაქცეულ კამეჩს რქებში ხელს ჰკიდებდა და ისე აჩერებდა, მას გულადობისთვის თათრებმა ძმობა აღუთქვეს და ამიტომ დაარქვეს ანა ბაჯი. „ბაჯი” დას ნიშნავს.

ამ ღონიერ ქალს, რომელსაც კარგად ეხერხებოდა ცხენით ჯირითი, ხმლის ქნევა, მტრის წინააღმდეგ ვაჟკაცური ბრძოლა, ჭიდაობა,  რამდენიმე ცნობილი ფალავანიც ჰყოლია დამარცხებული. 

ხანდაზმული მუხათელები მეოცე საუკუნეშიც იხსენებდნენ წინაპართა მონაყოლს, რომ თურმე, მეუღლისა და მამათილის თანხლებით წასულა ერთხელ კვირაცხოვლის დღეობაზე ანა ბაჯი. იქ მყოფებს ჭიდაობა გაუმართავთ, რომელშიც ახლომახლო სოფლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვება თელეთს რგებია. მუხათელების დამარცხებულად გამოცხადება ანას ძალიან დამამცირებლად მიუღია. ქმრისა და მამამთილის დაუკითხავად, თვალის დახამხამებაში შევარდნილა საჭიდაო მოედანზე და რამდენიმე მამაკაცი ზედიზედ წაუქცევია. ამის შემდეგ, თურმე, ყველა ანაზე ალაპარაკებულა. მისი ასეთი ძლევამოსილების ამბავი თბილისელ მოჭიდავე გეო ტერტერაშვილსაც გაუგია და ანასთვის შეუთვლია: გიორგობა დღეს, ბოლნისში გიწვევ საჭიდაოდო.

ანამ მიიღო ტერტერაშვილის გამოწვევა. თურმე დიდი, პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა გიორგობას, ყველა ბოლნისს გამგზავრებულა. ანაც მამამთილსა და მაზლთან ერთად წასულა. გზად მათ ყაჩაღები დახვედრიან. ბორჩალოელ ყაჩაღ ბაირამს, რვა ამხანაგთან ერთად, მგზავრების ძარცვა დაუწყია. მათ ანას მამამთილი მოუკლავთ, მაზლი კი მკლავში დაუჭრიათ. ყაჩაღს ანა მოსვლია თვალში, ხელიც მოუხვევია საკოცნელად, მაგრამ ქალს მოულოდნელად მისთვის ხანჯალი წაუძვრია, რომლითაც თვალის დახამხამებაში თავი მოუჭრია. ანა ბაჯის ბაირამისთვის მისი მეგობრებიც მიუყოლებია. შემდეგ კი, დაჭრილი მაზლისთვის მიუხედავს, ხელი მოუბანია, შეუხვევია, მიცვალებული მამათილი ცხენზე გაუკრავს და მუხათში გაუტანებია. ანა კი, ბაირამის ცხენზე შემჯდარა, მისივე იარაღი აუსხავს და ბოლნისისკენ გაქროლებულა.

ბოლნისის სიონის ეზოში შეკრებილი ხალხი თურმე, მოუთმენლად ელოდა ანას გამოჩენას. ანას ერთ-ერთი მაყურებლისთვის გადაუცია ცხენი და იარაღი, თვითონ კი მოედნის ცენტრში გასულა და გეო ტერტერაშვილი გამოუწვევია. რამდენიმე წამში მოწინააღმდეგეები ერთმანეთს შერკინებიან. ანას, ძლიერი და სახელოვანი მეტოქე ზურგზე მოუგდია და ძირს ისე დაუხეთქებია, ტერტერაშვილს ცხვირ-პირიდან სისხლი წასკდომია. სამი დღის შემდეგ კი, გარდაცვლილა.

ამის შემდეგ, გამარჯვებული ანა მუხათში დაბრუნებულა და მამათილი დიდი პატივით დაუკრძალავს.

 ანა ოჯახში წყნარი, მორჩილი და საქმიანი ყოფილა, როგორც ყველა ქართველი ქალი.  ერთხელ, სულ რამდენიმე დღის გათხოვილი ანა და მისი რძლები, თურმე კამეჩებს წველიდნენ. უცებ, ბუღა მოვარდნილა და პირუტყვს დარევია. შეშინებულ ქალებს წივილ-კივილი აუტეხავთ და აქეთ-იქით გაფანტულან. ეს რომ ანას დაუნახავს, ბუღასთვის ხელები ფეხებში უტაცია და მოშორებით გადაუსვრია. რძლის ასეთ მოქმედებას თვალს ადევნებდა ანას დედამთილი, რომელიც თავის ვაჟთან მისულა და უთქვამს, შენმა ცოლმა კამეჩების მოწველაზე უარი განაცხადა და გვითხრა: არც თქვენი კამეჩები მაინტერესებს და არ მათი მოწველაო. ქმარი გაბრაზებული შესულა ანასთან და დაუტუქსავს. ანა, თურმე მორჩილად თავწახრილი იდგა. ეს რომ დედამთილს დაუნახავს, შვილი შეუჩერებია და უთქვამს: შვილო, ტყუილი გითხარი, მაინტერებდა, ანა თავს როგორ დაიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ უსამართლოდ მოექეცი ის მორჩილად იდგა და თავდახრილი გისმენდაო და რძალი გულში ჩაუკრავს.

არსებობს გადმოცემა, რომელიც იუწყება, რომ თითქოს ანა ბაჯის დათვიც ჰყოლია მოკლული. თურმე, ორი წლის გათხოვილი ყოფილა ანა, როდესაც სოფელ წყნეთში წასულა სტუმრად. საღამო ხანს წყნეთელ ქალებს ტყეში შინდის მოსაკრეფად წასვლა გადაუწყვეტავთ და ანაც გაჰყოლია. ტყეში, შინდის მკრეფავებს, მოულოდნელად, დაჭრილი დათვი წამოსდგომია ღრიალით. შეშინებული ქალები თურმე ერთმანეთს ასწრებდნენ. ანა არ დაბნეულა, წინ დახვედრია დათვს, ხელები დაუვლია ფეხებში, აუტაცია და მიწაზე ბურთივით დაუნარცხებია. ქალების კივილზე, იქვე ახლოს მყოფი, ცნობილი მონადირე, თევდორე მოვარდნილა. ანას მკვირცხლად ამოუცლია მისთვის ხანჯალი და მხეცისთვის ჩაუცია. დათვის მოკვლის ამბავი თვალის დახამხამებაში მოსდებია სოფელს.

ერთხელ მუხათელებს თათრები შემოსევიან. ტყვიან-ალაფიანად მიმავალთ, თანასოფლელებთან ერთად, ანა მარაბდის ველზე დასწევია. ბევრი მოუკლავს, დარჩენილებს კი მუდარა დაუწყიათ: ბაჯი (ანუ დაო), ნუ დაგვხოცავო. ანას შესცოდებია, უპატიებია და უთქვამს: თუ კვლავ შეგვაწუხებთ, უარეს დღეს გაგითენებთო. 

ანას სახელი დღითი დღე უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდებოდა ცნობილი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი შიშით მებატონე მუხათლებს გადასახადის გადახდაზე ძალას ვეღარ ატანდა. საიათნოვას ლექსიდან ისიც ჩანს, რომ პატარა კახი პირადად იცნობდა ანა ბაჯის, დიდ პატივსა სცემდა და აფასებდა. ისიც ცნობილია, რომ ერეკლე მეორეს მისთვის წარწერიანი ხმალიც უბოძებია საჩუქრად.

ერთხელ, ანა რომელიღაც რელიგიურ დღესასწაულზე თბილისში ყოფილა მშობლებთან. სწორედ იმ დღეს ოსმალურად ჩაცმულ ამქრებს ყეენობა გაემართათ და ქუჩაში გამოსულიყვნენ. უცბად, მათ ორი გახელებული კამეჩი დარევიათ. ანას ეს ფანჯრიდან შეუნიშნავს და გარეთ გამოვარდნილა. გაქცეულებისთვის ძლივს დაუწევია სიტყვა: არა გრცხვენიათ, ამოდენა ხალხი ორმა კამეჩმა შეგაშინათ. ეს თუ მტერმა გაგვიგო, სასაცილოდ აგვიგდებსო. კამეჩი ანასკენ გამოქცეულა. ანა არ დაბნეულა, რქებში სწვდომია, კისერი მოუგრეხავს და მიწაზე წაუქცევია. ახლა, მეორე კამეჩი გამოქანებულა მისკენ, მაგრამ ისიც პირველისთვის მიუწვენია. ამის შემდეგ, ხალხი მიშველებია ანას და კამეჩები თოკებით შეუკრავთ.

ანა 42 წლის ასაკში გარდაცვლილა. გადმოცემის თანახმად, მას ოჯახში სტუმრები სწვევიან, რომელთაგან ერთს, ანას საჭმელში საწამლავის ჩაყრა მოუხერხებია. ქალს ცუდად უგრძნია თავი და სტუმრებს გასცლია. თქვენ მოილხინეთ, მე რაღაც შეუძლოდა ვარ და ნუ მიწყენთო. მეორე დღეს ანა გარდაცვლილი უნახავთ. ის მუხათის ტაძრის ეზოში დაუკრძალავთ. ანა ბაჯის შთამომავლები დღემდე ბაჯიაშვილის გვარს ატარებენ.

скачать dle 11.3