კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხშირად მიირთვით ნარინჯისფერი და ყვითელი ხილ-ბოსტნეული

ვინც ხშირად მიირთმევს ყვითელ და ნარინჯისფერ ხილსა და ბოსტნეულს, ის ართრიტის რისკისა და სახსრების ანთებისგან მეტად არის დაცული.

ხილ-ბოსტნეულს ყვითელ შეფერილობას აძლევს კაროტინი, ანუ ნივთიერება, რომელსაც აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი. ამის წყალობით ხილი და ბოსტნეული ხელს უშლის თავისუფალი ჟანგბადის რადიკალების დამაზიანებელ ზემოქმედებას უჯრედებსა და ქსოვილებზე.

გარდა ამისა, A და C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები სასარგებლოა მხედველობისთვის და გუნება-განწყობის ასამაღლებლად. 

თუ ყოველდღიურად ლიმონის წვენგარეულ 3 ჭიქა წყალს დალევთ, ამით ორგანიზმს ტოქსინებისა და წიდებისგან გაათავისუფლებთ.

გრიპის დროს, ლიმონი არ დაივიწყოთ, რადგან მას გაციების საწინააღმდეგო უნიკალური თვისებები გააჩნია.

2-3 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ყოველდღე ჩაამატეთ ჩაისა და სასმელ წყალში და ისე დალიეთ – ასე იმუნურ სისტემასაც გაიძლიერებთ და გრიპისგანაც დაიცავთ თავს.

ლიმონის ზომიერი მოხმარება დაგიცავთ თავის ტკივილისგან, მოგიწესრიგებთ საჭმლის მომნელებელ სისტემას, დაგირეგულირებთ არტერიულ წნევას, და, ასევე, კარგია თირკმელების დაავადების პროფილაქტიკისთვის.

 

აუცილებლად აკონტროლეთ გულის რიტმი 

ადამიანის გულის კუნთი მკვეთრად რეაგირებს ემოციებზე, რადგან მას საკუთარი ნერვული ქსელი აქვს, რომელიც ნორმალურ შემთხვევაში, გულის კუნთს დაახლოებით 60-70-ჯერ კუმშავს. ზოგჯერ გულისცემა ნელდება, ან, პირიქით – ხშირდება, რაც მაშინვე აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. იმისთვის, რომ გული დიდხანს და ერთგულად გემსახუროთ, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ მისი რიტმი. ჯანმრთელი გულისთვის დღეში ერთსაათიანი დატვირთვა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ნავარჯიშები გული ადვილად უმკლავდება გაძლიერებული რიტმით მუშაობას. პულსი მაჯაზე თითის დადებით უნდა დაითვალოთ. პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმის შემთხვევაში კი გულისცემა კისერზე ასახავს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას.

თუ გსურთ, გაარკვიოთ, როგორ მუშაობს თქვენი გული, როგორ უმკლავდება სხვადასხვა დატვირთვას და ხომ არ არის აუცილებელი თქვენი ცხოვრების რიტმის შეცვლა, ქვემოთ მოყვანილი რჩევები გაითვალისწინეთ:

1. ათი წუთის განმავლობაში იარეთ სწრაფი ტემპით და შემდეგ პულსი დათვალეთ. 180-ს გამოაკელით თქვენი ასაკი, პულსის რაოდენობა ერთ წუთში მიღებულ რიცხვს არ უნდა აღემატებოდეს. ეს თქვენთვის დატვირთვისთვის დასაშვები მაქსიმუმია. რაც უფრო მეტია სხვაობა, მით მეტია გულისა და სისხლძარღვების დაზიანების რისკიც.

2. დაახლოებით ხუთი წუთი იხტუნეთ ადგილზე, შემდეგ დათვალეთ პულსი მაჯაზე. ახლა წამოწექით, ხუთი წუთით დაისვენეთ ასეთ მდგომარეობაში და კვლავ დათვალეთ პულსი. თუ ორივე შემთხვევაში მაჩვენებელი დაახლოებით ერთნაირია, მაშინ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ, თუ დასვენების შემდეგ გულისცემა ათი დარტყმით მაინც აჭარბებს პირველს, მაშინ გულს ფიზიკური აქტივობა აკლია.

3. დაიხარეთ ისე, რომ თითებით იატაკს შეეხოთ, ოღონდ, მუხლები არ მოხაროთ. შემდეგ გასწორდით წელში. 40 წლამდე ასაკში, ეს ვარჯიში 15-ჯერ შეასრულეთ, თუ 40 წელს გადასცდით – 10-ჯერ. თუ ვარჯიში გიჭირთ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი გული კუნთოვანი აქტივობის უკმარისობის გამო თანდათან სუსტდება. ვარჯიშის შემდეგ დაითვალეთ პულსი. თუ ის 100-ზე ნაკლებია, შესანიშნავ ფორმაში ხართ, თუ მეტი – აუცილებლად მიიღეთ ზომები.

4. სწორი კვება და სპორტი თქვენს გულს შესაძლო დაავადებებისგან დაიცავს. ამიტომ, ამაზე ახლავე დაფიქრდით.

 

სვით ბევრი მწვანე ჩაი და ჭამეთ ბევრი კივი, ვაშლი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლასა და საჭმლის მონელებას, არამედ მას მატონიზებელი ეფექტიც აქვს და ის ხელს უწყობს სხეულის ფორმის შენარჩუნებას. მწვანე ჩაი ყოველდღიურად უნდა ვსვათ. ის შეიცავს ნატრიუმს, მაგნიუმსა და კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესებას.

ფორთოხალი არის C ვიტამინის საბადო. მჟავე გემოს წყალობით, C ვიტამინი ააქტიურებს კუჭის წვენის ფერმენტების მუშაობას, აუმჯობესებს ცილების, რკინისა და კალციუმის ათვისებას.

კივიც მდიდარია C ვიტამინით. ეს ხილი აუმჯობესებს ნახშირწყლების შეთვისებასა და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. გარდა ამისა, კივი დიდი რაოდენობით შეიცავს ნატრიუმს, მაგნიუმსა და კალიუმს, რომელიც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და დიდი რაოდენობით შეიცავს ასევე იოდს.

ვაშლი აჯანსაღებს ნაწლავებს. ის კარგია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის პრობლემა აწუხებს, დილით მირთმეული ერთი ვაშლი კი გულის მუშაობას აუმჯობესებს.

 

საჭმელს ერთი ჭიქა წითელი ღვინო დააყოლეთ

გულის იშემიური დაავადების მთავარი მიზეზი სისხლში ქოლესტერინის შემცველობის მომატება და მაღალი არტერიული წნევაა. ჩვეულებრივ, თუ სისხლში ქოლესტერინის მაჩვენებელი მომატებულია, გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკი ერთიორად იმატებს. რაც შეეხება წნევას, თუ მისი მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია, იშემიის განვითარების რისკიც მეტია.

ადამიანების უმეტესობის რაციონში ნაჯერი ცხიმები საჭიროზე გაცილებით მეტია, რის გამოც, ბევრს ჭარბი წონა აწუხებს და აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა. ორგანიზმიდან მავნე ქოლესტერინის გამოსადევნად და არტერიული წნევის დასარეგულირებლად საჭიროა, ჭამოთ ჯანსაღი საკვები, რომელიც ორგანიზმს მავნე ქოლესტერინისგან და, შესაბამისად, სისხლძარღვებს ათეროსკლეროზისგან დაიცავს.

ჭამეთ გემრიელი საკვები და დააყოლეთ ერთი ჭიქა ნატურალური წითელი ღვინო. კერძი მცენარეული ზეთით მოამზადეთ. მასში შემავალი უჯერი ცხიმები ნაკლებად აზიანებს და ათეროსკლეროზისგან იცავს სისხლძარღვებს. მიირთვით მხოლოდ უცხიმო რძის პროდუქტები, ხშირად კი – თევზი, რადგან ის გულს „უყვარს“. ამ მხრივ განსაკუთრებით სასარგებლოა: სკუმბრია, ქაშაყი, ორაგული, კალმახი და ზუთხი. დღის განმავლობაში მიირთვით ბევრი ხილი, ბოსტნეული და ნურც პარკოსნებისგან მომზადებულ კერძებს დაივიწყებთ.

მთელი დღის განმავლობაში არ მიიღოთ ერთ ჩაის კოვზზე მეტი მარილი. დალიეთ 2 ლიტრამდე სითხე. საჭმლის მოსამზადებლად გამოიყენეთ მზესუმზირის, სიმინდის, ზეითუნის ან სოიის ზეთი. მიირთვით ხიზილალა, უცხიმო ხორცი, ქათმის თეთრი ხორცი. არ გირჩევთ ღორისა და ცხვრის ხორცს; ასევე, იხვის ხორცის, სოსისის, შაშხის ხშირად ჭამას.

დღის განმავლობაში მიიღეთ მხოლოდ ერთი ცალი კვერცხის ცილა, ნაკლებად ცხიმიანი ხაჭო, ნადუღი, ყველი, მაწონი, კეფირი და იოგურტი. არ არის რეკომენდებული ცხიმიანი რძე, არაჟანი, ნაღები და გუდის ყველი.

ჭამეთ ყველა სახის ხილი, გოგრა, მზესუმზირა, ნიგოზი, თხილი, ნუში, ზეთისხილი, ჭვავისა და ხორბლის პური, შვრია, წიწიბურა და ბრინჯის ფაფა.

მიირთვით ბოსტნეულით, ვერმიშელით, ბრინჯით, ყვავილოვანი კომბოსტოთი მომზადებული წვნიანები.

სვით გაზგასული მინერალური წყალი, ხილის წვენები, ჩაი, დაბალკალორიული ლუდი და დაბალი კოფეინის შემცველი ყავა.

 

რომელ დაავადებებს ამწვავებს სადღესასწაულო საკვები და როგორ დავიცვათ ჯანმრთელობა ამ დღეებში

სადღესასწაულო კერძების მიღების შემდეგ ბევრი ქრონიკული დაავადება მწვავდება და თავს გვახსენებს ორგანიზმში ფარულად მიმდინარე პროცესები, მაგალითად: პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, გასტრიტი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა. სტატისტიკურად, ამ დროს იმატებს, ასევე, ინფარქტებისა და ინსულტების რაოდენობაც; ასე რომ, ზედმეტმა საკვებმა, შესაძლოა, საახალწლო დღეები ჩაგიმწაროთ. 

კუჭი რომ არ გადაიტვირთოს, სასურველია, საკვები დოზირებულად მიირთვათ. სულაც არ არის აუცილებელი და საჭირო, ყველაფერი დააგემოვნოთ, რაც სუფრაზე დევს და მადის აღმძვრელად გამოიყურება. რასაკვირველია, საახალწლო სუფრა სადღესასწაულო და მრავალფეროვანი უნდა იყოს, მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ამ დროს განსაკუთრებით ზედმეტ საკვებს ვიღებთ და, თან – არასასურველ დროს, ანუ, გვიან საღამოს, ყოველივე ეს კი არასასურველ შედეგებს იძლევა. თუ გადააჭარბებთ იმ რაოდენობის საკვების მიღებას, რაც დღე-ღამის განმავლობაში უნდა ჭამოთ, არ აქვს მნიშვნელობა, ცხიმიანი იქნება, თევზეული, ტკბილეული თუ სხვა, ეს გამოიწვევს ლიპიდური, ცხიმოვანი ცვლის დარღვევას, რაც გამოიხატება საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების დონის მატებით სისხლში და სხვა გართულებებით. 

თავის მხრივ, ლიპიდური ცვლის დარღვევა იწვევს სისხლძარღვთა გართულებებს, რაც განაპირობებს არტერიული წნევის მომატებას, ინფარქტსა და ინსულტს. ბევრი სწორედ იანვარში, კერძოდ, ახალი წლის დღეების შემდგომ პერიოდში მიმართავს ენდოკრინოლოგიურ და კარდიოლოგიურ სტაციონარებს. ასე რომ, ამ დროს მათი რიცხვი საკმაოდ დიდია, ვიდრე სხვა პერიოდებში და, ამიტომ, გირჩევთ, ამ დღეებში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ასევე, არტერიული წნევის მატებას, ლიპიდური ცვლის დარღვევის გარდა, იწვევს დიდი რაოდენობით სითხის მიღებაც. საახალწლო დღეებში ბევრ მარილიან კერძს მივირთმევთ, მამაკაცები კი დიდი რაოდენობით იღებენ ალკოჰოლურ სასმელს, რაც იწვევს სისხლძარღვების გადატვირთვას და იწყება ჰიპერვოლემია. ეს უკანასკნელი კი იწვევს არტერიული წნევის მკვეთრ მატებას. 

მათ, ვისაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი და იმყოფებიან ინსულინოთერაპიაზე, ან, იტარებენ სხვადასხვა მედიკამენტური მკურნალობის კურსს და იცავენ ამ დაავადებისთვის საჭირო და შესაბამის დიეტას, თუ ისინი დიდი რაოდენობით მიირთმევენ ტკბილეულს – გოზინაყს, ნამცხვარს, შოკოლადს, ჩურჩხელას და სხვა (ანუ, რაც კატეგორიულად ეკრძალებათ დაავადების გამო), ახალი წლის შემდგომ, შესაძლოა, პრობლემებს ვერ აარიდონ თავი. კერძოდ, ამ დროს ხშირია პრეკომატოზური და კომატოზური მდგომარეობა. ეს გამოიხატება სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მატებით, რაც, თავის მხრივ, იწვევს წყურვილის შეგრძნებას, ღამის საათებში შარდვის გახშირებას, იწყება კანის სიმშრალე და შესაძლებელია გონების დაბინდვაც. ამ სიმპტომებს კი, სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, ადამიანი მიჰყავს პრეკომატოზურ და კომატოზურ მდგომარეობამდე. 

скачать dle 11.3