კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი სტუმარმასპინძლობაა მიუღებელი ნიკუშა შენგელაიასთვის და რისი შიში მიაჩნია მას გადაჭარბებულად

ეროვნება: ქართველი.

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი.

პროფესია: მხატვარი.

ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი.

– ქართველებს შუალედის პოვნა გვიჭირს ხოლმე ყველაფერში. ასევე ვუდგებით საკუთარ თავსაც და სხვებსაც. პიროვნებას ჯერ ცამდე ავიყვანთ და გავაღმერთებთ, მერე კი ძირს დავანარცხებთ. შეიძლება, ეს ჩვენი მრავალფეროვანი ბუნებიდან გამომდინარეობს. ტემპერამენტიანი, იმპულსური და ემოციური ხალხი ვართ, მაინც, კავკასიელები. თუმცა, ჩემთვის ქართველი იმ დიდი ცივილიზაციების ჯამია, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გაიზიარა ქრისტიანობა. დიდი ცივილიზაციის ნაწილი ვართ. სამწუხაროდ, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, მოვყევით ძალიან რთულ ვითარებასა და გარემოში. ძალიან ხშირად გვიპყრობდნენ ჩვენზე გაცილებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნები. თუმცა, იმ დიდი კულტურის თუ ცივილიზაციის ნაწილს მაინც ყოველთვის ვინარჩუნებდით – მე ასე ვუყურებ ჩემს ერს.  

– როგორ უყურებთ იმ მოსაზრებას, რომ ქართველობას გვართმევენ?

– ვერავინ წაგვართმევს ქართველობას. ხომ ავხსენი, რა არის ქართველობა – ეს ისეთი რამეა, ვერაფრით წაგართმევენ, რადგან, ის ადამიანებშია და, თუ ფიზიკურად არ მოსპე, რომც დაიპყრო, დაჩაგრო, ქართველობას, მეობას ვერ წაართმევ. თუმცა, შეიძლება, დავკარგოთ საქართველო, ტერიტორიები, სამშობლო... შეგვამცირონ, დაგვხოცონ, ათი კაცი დაგვტოვონ... მთავარიაა, დავრჩეთ იმ დიდი კულტურის ნაწილად – ჩემთვის ეს არის უმთავრესი დანარჩენ პრობლემებთან შედარებით – სოციალურ პრობლემებს ვგულისხმობ. საშინელებაა, როცა ერი საუკუნეებგამოვლილ კულტურულ მემკვიდრეობას კარგავს – აი, ესაა ძალიან დიდი პრობლემა, თანაც, მარტო ჩვენი კი არა, ზოგადად ყველა ეთნოსის. საყოველთაო გლობალიზაციის პირობებში ჭირს თვითმყოფადობის გადარჩენა და ყველა ეთნოსი ფიქრობს ამაზე...

ჩვენი კულტურა გლეხიდან დაიწყო, მიწათმოქმედებიდან... მხოლოდ მიწათმოქმედი ერი ვითარდება. მომთაბარე ერი კულტურულად ვერ განვითარდება... ადამიანი მხოლოდ პურით არ არსებობს. ამიტომ, მიმაჩნია, რომ შიშები ცოტა გადაჭარბებულია, ბოლოს მაინც კულტურა იმარჯვებს – ჩვენ ხომ სულიერებითაც ვარსებობთ. ცივილიზაციაც შევა იქ, სადაც მას წინააღმდეგობები დახვდება და, ადამიანის უდიდესი მონაპოვარი – სულიერება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. 

– ქართველი მართლაც ზარმაცი ერია, თუ, ეს მცდარი სტერეოტიპია? 

– მე ვანგრევ მაგ სტერეოტიპს. ზარმაცი ერი არ ვართ. თუ ქართველი ნახავს, რომ შრომა უფასდება, ის არავისზე ნაკლებად არ იშრომებს – ამის მაგალითები გვაქვს...

– ერთმანეთი რომ არ გვიყვარს? ერთმანეთის გატანა რომ არ ვიცით?

– არა მგონია, ერთმანეთი არ გვიყვარდეს, თუმცა, სამწუხაროდ, ხანდახან ერთმანეთის ჯიბრზე და ჯინაზე ვარსებობთ. ქართველ კაცს სიყვარულის უნარი ნამდვილად არ აკლია და, თუ ვინმე შურიანია ან გაუტანელია, ეს ზოგადად ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებებია და არა კონკრეტულად ქართველის. მაგრამ, რადგან ძალიან პატარა ქვეყანა გვაქვს და ძალიან ცოტანი ვართ, ერთი ასეთი ადამიანიც კი უფრო თვალში მოსახვედრია.

– ძალიან ვტრაბახობთ ჩვენი სტუმარმასპინძლობით.

– არ მახსოვს, ასეთი ემოციური და სიხარულით დატვირთული სტუმარმასპინძლობა მენახოს სხვაგან. ეს არ არის ცუდი. სტუმრის პატივისცემა, თუნდაც ხვალინდელ დღეზე არ იფიქრო და იმ ერთ დღეს ბოლომდე დაიხარჯო მასთან, მხოლოდ დადებითი თვისებაა.

– თუნდაც ვალი აიღო ამ სტუმრის ღირსეულად დასახვედრად?

– რა თქმა უნდა. ეს ღირსების საქმეა. კი, ნამდვილად დევს „საჩვენებელი გამოსვლის“ ელემენტებიც, მაგრამ, სტუმარმასპინძლობის ტრადიციას მაინც დადებითად ვუყურებ. სუფთა გულით, ნამდვილად სიხარულით გაკეთებულს, ყველაფერს დადებითად მივიჩნევ, თუნდაც ვინმეს გადაჭარბებულად ეჩვენებოდეს.

– დიდი საბჭოეთის ხანაში ჩამოყალიბდა კიდევ ერთი სტერეოტიპი – რომ ქართველ მამაკაცებზე გიჟდებიან სრულიად ჩრდილოელი ქალები.

–  სხვათა შორის (იცინის) ეს სტერეოტიპი მარტო ჩრდილოელ ქალებზე არ ვრცელდება. დღესაც კი, ქართველი მამაკაცები, ყველა არა, რა თქმა უნდა, ისეთი სახეებით სხდებიან თვითმფრინავში და მიფრინავენ უცხო ქვეყანაში, თითქოს, როცა ჩავლენ, იქაური ქალები მათზე გადაირევიან და ტრაპთან ქალების არმია დახვდებათ. არ ვიცი, რა არის ამისი მიზეზი. ძალიან უტრირებული მოლოდინები და წარმოდგენები აქვს ზოგიერთ მამაკაცს საკუთარ თავზე. ასეთები ან ადეკვატურად ვერ აფასებენ რეალობას, ან ეს ყველაფერი სხვა პრობლემების გადასაფარად სჭირდებათ და ესეც ადამიანის ფსიქიკაა. საერთოდ, ქართველებს გვაქვს ერთი თვისება – სახლიდან რომ გავდივართ, სხვანაირები ვხდებით. ყველას ეს არ ეხება, მაგრამ, უმეტესობას ახასიათებს, დიდ ვინმედ წარმოიდგინოს თავი. ამის გამო ძალიან წვალობენ და მე მეცოდებიან ისინი – დაძაბულები, გაღიზიანებულები... იმედი მაქვს, სახლში რომ ბრუნდებიან, იქ მაინც ისვენებენ. სხვათა შორის, ამპარტავნული ხასიათი, რომელიც ხანდახან შეგვეტყობა ხოლმე, სამხრეთულია, იტალიელებსაც ახასიათებთ.

– რატომ ვერ შეეჩვია ქართველი მამაკაცი ქალს საჭესთან და რატომ ავიწყდება ამ დროს რაინდობა?

– (იცინის) მაგ შემთხვევაში რა ხდება, გეტყვი – ქალი საჭესთან ქმნის უხერხულ სიტუაციებს. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით გიხსნი პრობლემის არსს: ის რეცეპტორები, რომლებმაც სწრაფად უნდა ირეაგიროს რაღაცაზე, ქალს შენელებული აქვს.

– ანუ, უფრო ფრთხილია.

– რა თქმა უნდა. თქვენ ხომ მიწიერი არსებები ხართ და, ქალი რომ არ იყოს, მამაკაცები კარგა ხანია, გაურკვევლად ვიფრენდით კოსმოსში – ასე ვხუმრობ ხოლმე, თუმცა ეს რეალობასთან ძალიან ახლოს არის. ქალებისგან მოდის რეალობის განცდა და თქვენ გამო ვართ „დამიწებულები“ (იცინის). ქართველი კაცი ორ ჭიქას მაინც თუ დალევს, მთელი ქვეყანა თავისი ჰგონია. დაჰკრავს ფეხს და მარსზე გაფრინდება...

მაგრამ, ქალი მოჰკიდებს ყურში ხელს და დასვამს თავის ადგილას – ასეა?

– (იცინის) ასეა. ქართველმა ქალებმა საკმაოდ დიდი ტვირთი აიღეს თავის თავზე, ძალიან წავიდნენ წინ და უნდა წავიდნენ კიდეც. არ მესმის, ამან კაცს კომპლექსი რატომ უნდა გაუჩინოს. ვერ წარმომიდგენია, არ მახარებდეს ჩემი მეუღლის წარმატება. თუ ფსიქოლოგიურად მივუდგებით საკითხს, ალბათ, მამრის დომინანტის თემა იწევს უკან, რაც მერე კომპლექსში გადადის. დაფიქრდით მამაკაცები, ამას გირჩევთ: რაც უფრო წარმატებული ქალბატონი გეყოლებათ სახლში, მით უკეთესი იქნება თქვენთვის, თქვენი შვილებისთვის, ოჯახისთვის. თუ წარმატებულ ქალს უყვარხარ, ესე იგი, შენც რაღაცას წარმოადგენ. ქალის სიყვარულს დამსახურება უნდა, ხოლო, ის კაცი, რომელსაც შეუძლია, სუსტი დაჩაგროს, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს...

ქალების გადარჩენილია საქართველო თავისი მძიმე ისტორიის განმავლობაში – ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში იყოჩაღეს და აქამდე ავად თუ კარგად მოგვიყვანეს.

– რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ, ბატონო ნიკუაშა...

– ვისაც ამაზე არ ეცინება, ის თვითონ არის სასაცილო ჩემთვის. ყველა ერშია კარგიც და ცუდიც. ჩვენ ვართ დიდი ისტორიის მქონე ხალხი, მაგრამ, ხშირად არ ვიცით, გააზრებულიც არ გვაქვს კარგად და ვერც იმ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებთ, რასაც ის გვაკისრებს. განათლების ნაკლებობაა ამ ყველაფრის მიზეზი. უნდა იცოდე, ვინ ხარ, ვისი გორისა ხარ, საიდან მოდიხარ და საით მიდიხარ... თუ შენს წარსულს აწმყოში არ გააანალიზებ, უკეთესი მომავალი ვერ გექნება, დღევანდელობა კი ძალიან რთულია. 

– ქართველის ნაკლი...

– როგორ თქვა მეგრელმა?! – ნაკლი რომ არ გვაქვს, ხომ არის ეს უკვე ნაკლიო (იცინის)... ისე კი, შეთანხმების პრობლემას ვხედავ ხოლმე ხშირად. როცა ქვეყანას სჭირდება, ყველა უნდა შეთანხმდეს და პირობა არ დაარღვიოს. კიდევ, რეალობის აღქმა და გაანალიზება გვაკლია... ძალიან ბევრს ვიღებთ ჩვენს თავზე და მერე ვისჯებით...

скачать dle 11.3