კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს...

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N27-51(730) 

ანას ჩვეულებრივზე გვიან გაეღვიძა. მთელი ღამე წრიალებდა, მხოლოდ გამთენიისას ჩაეძინა და როცა თვალები გაახილა, სახლში გამეფებულმა უჩვეულო სიჩუმემ შეაშფოთა. სწრაფად წამოდგა, სავარძლიდან ხალათი აიღო და ატლასის პერანგზე შემოიცვა... ვერ მიხვდა, რა აშფოთებდა. ჩვეულებას უღალატა – პირდაპირ სააბაზანოში არ შესულა; ისევე, როგორც იყო – პირდაუბანელი და თმადაუვარცხნელი, სასტუმრო ოთახში გავიდა. დევიდი ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა ჩაფიქრებული გამომეტყველებით. შუბლზე გაჩენილი ორი ღრმა ნაოჭი გასცემდა მის შინაგან მდგომარეობას...

– დევიდ, რა მოხდა? საავადმყოფოში რატომ არ ხარ? დევიდ?! სიგარეტს ეწევი? შემომხედე... რომელიმე პაციენტს შეექმნა პრობლემა.

კაცი შემობრუნდა და ცოლს დამნაშავესავით შეხედა... სიგარეტის ნამწვი საფერფლეზე დასრისა, ქალთან მივიდა, ორივე ხელი დაუჭირა და თვალებში ჩახედა:

– ანა, მომისმინე... პირობა მომეცი, რომ მშვიდად შეხვდები იმ ამბავს, რასაც ახლა გეტყვი... სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო... ძალიან მთხოვა.

ქალს გული უსიამოვნოდ შეუქანდა:

– დიანა... სად არის? დევიდ, მითხარი, სად არის დიანა... თუ ეს ის არის, რასაც ვეჭვობ, გული გამისკდება, იცოდე!..

– არა, გული არ გაგისკდება, დაჯდები და ძალიან მშვიდად მომისმენ... ჩვენ ვერაფერს შევცვლიდით, ვერც მე და ვერც შენ. დიანა ზრდასრული ადამიანია და მან თავად მიიღო გადაწყვეტილება.

– რა გადაწყვეტილება, რას ამბობ? – ანა გაფითრდა და მთელი სხეულით აკანკალდა.

– აეროპორტიდან მოვედი... გაემგზავრა.

– რა?! ამით რისი თქმა გინდა?! დევიდ, შეიშალე? სად წავიდა ბავშვი, ისევ ირლანდიაში გაუშვი?

– არა... ანა, შეეცადე, გამიგო და იმასაც გაუგო... ეს მისი არჩევანია და მისი უფლება.

– რა არის მისი უფლება, დევიდ, თავი რომ დაიღუპოს? შენ მას ამის საშუალება მიეცი? არ მითხრა, რომ იქ გაემგზავრა...  – ანას ხმა ჩაუწყდა და უღონოდ მიესვენა სავარძელზე. დევიდი გაიქცა და წყალი მოიტანა.

– ანა, გემუდარები, თავი ხელში აიყვანე...

– დევიდ, როგორ გააკეთე ეს, რატომ დაღუპე ბავშვი? ის ერთადერთია, ვინც ამქვეყნად დამრჩა და შენ ყველაზე კარგად იცი ამის შესახებ.

– ეგ არ ნიშნავს იმას, რომ შენს საკუთრებად აქციო. ანა, რატომ არ გინდა გაიგო, რაზე გელაპარაკები?

– ჰო?! შენ რატომ არ გაიგე ჩემი? რომ წარმოვიდგენ დიანას იმ საშინელ ქვეყანაში, მარტოს, შიშის ჟრუანტელი მივლის. მორჩა, სალაპარაკო აღარაფერია, ვიღებ ბილეთს და მივფრინავ. არ მაინტერესებს, შენ გამომყვები თუ არა. ხოლო იმაზე, ჩემ წინააღმდეგ შეთქმულება რომ  მოაწყვეთ, ყველაფერი როცა ჩაივლის, მერე დაგელაპარაკებით ორივეს.

– რა მეთქვა დეასთვის, შენი მშობლების საფლავზე არ წახვიდე-მეთქი?

ანა გველნაკბენივით შეხტა:

– რა? ღმერთო, რა საფლავი, სულ გაგიჟდი? მარტომ რა უნდა ქნას? დევიდ, ვერ ხვდები, რამხელა ხიფათში შეიძლება გაეხვიოს? საერთოდ არ ფიქრობ ამაზე?

– ვიფიქრე, ანა, ბევრი ვიფიქრე, მაგრამ ვერ დავუშლიდი. თუ ახლა არ გააკეთებს ამას, მთელი ცხოვრება დაიტანჯება და უფრო მეტი პრობლემაც შეექმნება, რატომ არ გესმის?

– შენ რატომ არ გესმის, რომ საფლავები ჩემზე, ცოცხალ ადამიანზე წინ დააყენე... სამი წლის იყო, ჩემი საცოდავი დის კუბოზე ჩაფრენილი რომ ავიყვანე და წამოვიყვანე... იცი, მაშინ რას განვიცდიდი? იცი?.. მეც მოვკვდი ჩემს დასთან ერთად და მხოლოდ დიანას გამო გავცოცხლდი...

– ვიცი... – ჩამწყდარი ხმით ჩაილაპარაკა კაცმა.

– არ იცი, არა! – ისტერიულად იყვირა ქალმა... – გვანცა ჩემი ტყუპისცალი იყო... ჩემი მეორე ნახევარი... იგივე მე! – მორჩა, ახლავე მივდივარ.

– სად მიდიხარ?

– იქ, სადაც ჩემი შვილია... უფლებას ვერ მივცემ, თავი დაიღუპოს. ისე, ყველაფერი შენი ბრალია – რატომ უთხარი სიმართლე? ვცხოვრობდით მშვიდად და ბედნიერები ვიყავით.

– მშვიდად და ბედნიერად ტყუილში ვერ იცხოვრებ, ანა...

– საკმარისია... სანამ მე არ მეხებოდა, ვიტანდი შენს ახირებულ იდეებსა და თეორიებს... მაგრამ, ვატყობ, შენთვის ეს თეორიები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი ოჯახის ბედნიერება.

– რატომ ამბობ ამას? დიანა ჩემი შვილიც არის... როცა ვიხსენებ, პირველად როგორ მომხვია კისერზე თავისი ვარდისფერი, ბუნჩულა ხელები და ჩემს მკერდზე ჩაეძინა, სუნთქვა მეკვრება და პულსი მიჩქარდება.

– მით უმეტეს, უნდა გესმოდეს ჩემი... წამომყვები?

– იქნებ, ერთი-ორი დღე ვაცალოთ... თანაც, ხომ დაიფიცე, რომ იქ აღარასოდეს დაბრუნდებოდი?

– შენ მაიძულე, ეგ ფიცი გამეტეხა. ბილეთები შეუკვეთე, პირველივე რეისით მივდივართ... მარტო მე ვიცი, რად მიღირს იმ ქალაქში დაბრუნება, სადაც არა მარტო ადამიანები, სახლებიც კი მძულს.

– შეცდომას ვუშვებთ.. არც კი იცი, რომ ჩახვალ, დიანა სად უნდა ეძებო.

– ვიპოვი როგორმე. არა, შენ იპოვი, შენი ბრალია, რომ ჩემი შვილი ახლა ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაშია. არაფრის მოსმენა აღარ მინდა! ან ამ წუთშივე რეკავ და ბილეთებს უკვეთავ, ან მარტო გავემგზავრები... 

დევიდმა ამოიოხრა და ტელეფონის ყურმილს მოჰკიდა ხელი...

***

კოტე მოუსვენრად ცქმუტავდა. რამდენჯერმე გაიქცა სუპერმარკეტში და ათასგვარი სასმელ-საჭმელი მოზიდა... მერე გაახსენდა, რომ ყვავილებიც აუცილებელი იყო და ლამის მთელი მაღაზია გამოაცარიელა... ცალკე სანთლები და ბროლის შანდლები შეიძინა... ეს ყველაფერი მისთვის ძალიან უცხო იყო. სხვას, ალბათ, ძალიან დასცინებდა, მაგრამ, მასში ერთბაშად გაიღვიძა სხვა ადამიანმა. დამლაგებელი მოიყვანა, სახლი დაალაგებინა და თან წამდაუწუმ საათზე იყურებოდა... ერთი პირობა, იფიქრა, მობილურიც ხომ არ გამოვრთო, რომ ლენუკამ ან ვინმემ არ შემაწუხოსო, მაგრამ, მერე გადაიფიქრა – ხომ შეიძლებოდა, დეას საიდანმე დაერეკა?! სააბაზანოში შევიდა და სარკეში ჩაიხედა... საკუთარი თავი ვერ იცნო: თვალები ახალგაზრდულად უბრწყინავდა... ერთიანად ანთებულს, ყველაფერზე ეტყობოდა ენით უთქმელი ბედნიერება... დეამ რომ უთხრა, ჩამოვდივარ და დამხვდიო, ეგონა, მეხი დაეცემოდა. მუხლებში ისეთი სისუსტე იგრძნო, შეეშინდა, არ წაქცეულიყო და კედელს მიეყრდნო... მიუხედავად იმისა, რომ არაფერი იმაზე მეტად არ უნდოდა, ვიდრე დეას ჩამოსვლა, მაინც ვერ დაიჯერა მასთან ერთად ყოფნის შესაძლებლობა...

აეროპორტში წასვლამდე ორი საათი რჩებოდა. ოთახში ბოლთისცემას მოჰყვა. ტელევიზორი ჩართო, მერე გამორთო. გულს ვერაფერს უდებდა. გადაწყვიტა, წასულიყო და აეროპორტში მოეცადა – კაფეში დავჯდები, ყავას დავლევ, სიგარეტს მოვწევ და დროც გავაო... მობილურის ზარმა ზღურბლზე მოუსწრო. ხმა ეცნო, მაგრამ, ძალიანაც არ უზრუნია, გამოეცნო, ვინ ურეკავდა.

– რა გნებავთ? სწრაფად მითხარით! დრო ცოტა მაქვს! – ჩასძახა უხეშად.

– თიკო ვარ, – ხმა გაინაზა ქალმა, – კოტე, შენ ალბათ, ძალიან ხარ ჩემზე გაბრაზებული, მაგრამ, რა ვქნა, შევუყვარდი... მეც რაღაცნაირად შემიყვარდა.

– რა გინდა, თიკო? – გაღიზიანდა კოტე, – გათხოვდი, ხო? ჰოდა, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს შენი ქმარი, მე რატომ დამირეკე?

– ესე იგი, მაინც ბრაზობ. რა მექნა, როგორ მოვქცეულიყავი, შენი საყვარელი ხომ ვერ ვიქნებოდი ცხოვრების ბოლომდე? ლენუკაც გაიგებდა ადრე თუ გვიან, – აწუწუნდა თიკო.

– ლენუკამ უკვე იცის, შეგიძლია, მაგაზე აღარ იჯავრო. და, ისედაც, შემეშვი, რა, საერთოდ არ მაინტერესებს შენი ცხოვრება! – უთხრა კოტემ და მობილური გათიშა...

თიკო ხელში შერჩენილ ტელეფონს დააშტერდა გაოგნებული. არ იცოდა, სწყენოდა თუ გახარებოდა კოტეს საქციელი.

– რა მოხდა, ვის ურეკავდი? – ჰკითხა სააბაზანოდან თმის მშრალებით გამოსულმა კაცმა. მიუახლოვდა, დაიხარა და კისერზე აკოცა.

– რა? არავინ, უფრო სწორად – არავის... აბა, რას ვაკეთებთ დღეს?

– ოო, მართლა გაინტერესებს, მე და შენ ახლა რას გავაკეთებთ? – კაცმა პირსახოცი იატაკზე მოისროლა, საწოლზე ფეხმორთხმით მჯდარ თიკოს მოეხვია და კოცნა დაუწყო..

– მოიცადე, რესტორანში წასვლას არ ვაპირებდით?

– იმას მოვასწრებთ, საყვარელო, ყველაფერს მოვასწრებთ! – შესძახა კაცმა – მთელი ცხოვრება წინ გვაქვს – ბედნიერი ცხოვრება და ბევრი ლამაზი შვილი...

თიკო აკისკისდა:

– გადარეული ხარ... ჯერ რა დროს ბევრი შვილია, ჯერ ოფიციალური ცოლიც კი არ ვარ შენი...

– ეგ არ არის პრობლემა, თბილისში ჩასვლისთანავე მოვაწერთ ხელს და, თუ შენ გინდა, ჯვარსაც დავიწერთ...

– ვიფიქრებ მაგაზე, – თვალები მოჭუტა თიკომ, – ქორწილიც გვექნება?

– თუკი გინდა... – ხომ იცი, შენს ხელთ ვარ. მზად ვარ, შენი ყველა სურვილი შევასრულო.

– რა კარგია! სულ ასე იქნება?

– ანუ?.. – ჩაეკითხა კაცი.

– ანუ, ყოველთვის შეასრულებ ჩემს ყველა სურვილს?

– რა თქმა უნდა! გინდა, საქორწილო კაბა აქვე შევარჩიოთ და ვიყიდოთ? მეჯვარე, ალბად, ლენუკა იქნება, – გაიღიმა ბეჟანმა, – რა უცნაურ სიურპრიზებს გვთავაზობს ცხოვრება...

ლენუკას ხსენებაზე თიკოს პირი გაუშრა. კოტეს სიტყვები გაახსენდა, ლენუკამ უკვე იცისო და შეაჟრჟოლა. იმის წარმოდგენაც არ უნდოდა, რა შეიძლებოდა ჩაედინა გადარეულ ლენუკას.

– ჯერ არ დავბრუნდეთ თბილისში, კარგი? – შეეხვეწა კაცს და მკერდზე მიეკრა.

– კარგი, მაგრამ, იმედია, რომში სამუდამოდ დარჩენას არ მომთხოვ, – გაიცინა ბეჟანმა.

– ჰო, თუმცა, პარიზშიც უნდა წამიყვანო.

– აქედანვე?

– რატომაც არა, შენთვის ხომ შეუძლებელი არაფერია?! – გაეპრანჭა თიკო.

– შეუძლებელი ცოლობაზე შენი დათანხმება მეგონა, მაგრამ, რადგან ეს მოვახერხე, ესე იგი, ყველაფერი გამომივა...

***

კოტე ენაჩავარდნილი იდგა და ისე მისჩერებოდა დეას, ნელი ნაბიჯით რომ მიდიოდა მისკენ... ეგონა, კიდევ ცოტა და, გული აუცილებლად გამისკდებაო.

– არ მჯერა, აქ რომ ხარ, ჩემთან... ვერც ვინატრებდი, რომ ჩამოხვიდოდი.

– რატომ? ხომ გითხარი, ყოველთვის ისე ვიქცევი, როგორც მინდა-მეთქი?

– ესე იგი, ჩემთან გინდოდა ყოფნა?

დიანამ თვალები მოჭუტა და უცებ ძალიან მაცდური, საშიში მზერა გაუხდა:

– ვნახოთ, ჯერ წინასწარ ვერაფერს გეტყვი.

– დიდი ხნით ჩამოხვედი?

– ხომ გითხარი, ჯერ არ ვიცი-მეთქი. ვნახოთ! სად მიგყავარ?

– მანქანაში ჩავსხდეთ, იქ გეტყვი, – ამოიხვნეშა კაცმა.

დეამ გაიცინა:

– ანუ, სასტუმრო ჯერ არ შემირჩიე?

– სასტუმროს დაჯავშნა და ნომრის აღება რთული არ არის, მაგრამ, იცი, რა ვიფიქრე? შეიძლებოდა, ჩემი გემოვნებით შერჩეული არ მოგწონებოდა. ჯერ ჩემთან ავიდეთ – დაისვენებ, მოწესრიგდები... თან, რაღაც-რაღაცეები მოვამზადე... მერე კი წავიდეთ და, რომელი სასტუმროც მოგეწონება, იქ დაგაბინავებ. მარტო ვცხოვრობ, საკმაოდ დიდი, კომფორტული ბინაა.

– პირდაპირ რატომ არ მეუბნები, რომ ჩემთან ყოფნა გინდა? – გაეღიმა დიანას.

კოტე გაფითრდა და მღელვარებისგან ხელები გაუოფლიანდა.

– ესე იგი, შემიძლია, ყველაფერი ვთქვა, რასაც ვფიქრობ და განვიცდი?

– ჰო, – უბრალოდ მიუგო გოგომ, – ასე გაცილებით მარტივია.

კოტემ დააპირა ეთქვა, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარო, მაგრამ, ენა დაება და მხოლოდ ეს თქვა.

– არ შემიძლია, მოგვიანებით გეტყვი. წავიდეთ?

– წავიდეთ, – მხრები აიჩეჩა დეამ, – თუმცა, რატომღაც, უფრო გამბედავი მეგონა კაცი, რომელმაც ლონდონში დამირეკა და მთხოვა, მასთან ჩამოვსულიყავი. შევცდი.

დეიკო პირდაპირ თვალებში ჩააშტერდა... კოტემ ვეღარ გაუძლო ცდუნებას, გოგოს ორივე ხელი წელზე მოხვია და მკერდზე მიიკრა, მერე კი მის გაბუტულ, ვარდისფერ ტუჩებს დაეკონა...

***

ლინა უკვე წასვლას აპირებდა, როცა ბარში ტომასი და ალექსანდრე შემოვიდნენ და მისკენ გაემართნენ.

– სად ხართ აქამდე? წასვლას ვაპირებდი, – უსაყვედურა ლინამ და ტომასის გამოწვდილ ტუჩებს ლოყა შეუშვირა.

– ბილეთის ასაღებად ვიყავით. ხომ იცი, ახალი წელია მოახლოებული და ბილეთები ჭირს.

– რა ბილეთების? – ლინამ კითხვით სავსე მზერა მიაპყრო ჯერ ტომასს, მერე სანდროს.

– ალექსანდრე მიემგზავრება საქართველოში.

– მართლა? ესე იგი, უკვე იცი? – წამწამები დაახამხამა ლინამ.

ალექსანდრე დაიძაბა. ტომასი ერთბაშად ვერ ჩასწვდა გოგოს სიტყვების არსს.

– მოიცადე, რა უნდა ვიცოდე?

ლინა დაიბნა და შეცბუნებულმა მიმოიხედა გარშემო.

– არაფერი... დამავიწყდა კიდეც, რას ვამბობდი.

– არა, ეგრე არ გამოვა, – სანდრომ ხელზე სტაცა ხელი და მაგრად მოუჭირა, – ახლავე მითხარი!

– გამიშვი, მეტკინა... დიანა გაემგზავრა საქართველოში, ორი დღის წინ ველაპარაკე. მეგონა, ეს იცოდი და შენც იმიტომ გარბიხარ იქ, – სწრაფად თქვა ლინამ და შეწითლებულ თითებს სული შეუბერა, – რა გააკეთე, ლამის თითები მომამტვრიე, – უთხრა საყვედურით, მაგრამ სანდროს არც გაუგია მისი ნათქვამი.

– შეუძლებელია. კი მაგრამ, იქნებ გეხუმრა? რისთვის უნდა წასულიყო საქართველოში, არ უთვქამს?

– არა. საერთოდ, დიანას ბევრი საიდუმლო აქვს და ძალიან ცოტას ლაპარაკობს თავის გეგმებზე.

– ლინა, გეხვეწები, გონება დაძაბე და თქვენი საუბრის ყველა დეტალი გაიხსენე... იქნებ, რამე ისეთი გითხრა, რაც ჩემი კითხვის პასუხად გამოდგება? გემუდარები...

– არ ვიცი, სანდრო, მართლა არ ვიცი.

– მარტო გაემგზავრა?

– ეგეც არ ვიცი, ყველაფერს გეფიცები... მარტო ის მითხრა, მოულოდნელად მომიწია გამგზავრებაო.

– ღმერთო! არა, ეს სასწაულს ჰგავს, დაუჯერებელია! – სანდრომ თავზე იტაცა ხელები.

– ჰო, მაგრამ, შენ რატომ გადაწყვიტე წასვლა. თუკი ეს ამბავი არ იცოდი?

– დედაჩემმა მთხოვა, სასწრაფოდ ჩამოდიო. თუმცა, ახლა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. უფრო სერიოზული მიზეზი მქონია საქართველოში დასაბრუნებლად.

– არ გინდა, მეც წამოვიდე? დაველაპარაკები მამაჩემს, – თანაგრძნობით შეხედა ტომასმა.

– მერე, მე მარტო შევხვდე ახალ წელს? – წყენით გაბუსხა ტუჩები ლინამ, – ჩემზე სულ არ ფიქრობ?

– ლინა, რა ეგოიზმია? სანდროს უფრო ვჭირდები, – უსაყვედურა ტომასმა, თუმცა, შეეტყო, რომ გოგოს სიტყვები ესიამოვნა. 

საუბარში ალექსანდრე ჩაერია:

– მართალია ლინა, იყავით ორივე აქ. მივხედავ ჩემს თავს. იქნებ, იქ უფრო გამოვიდეს რამე.

– კი მაგრამ, როგორ იპოვი?

– თბილისი პატარა ქალაქია. ყველა სასტუმროს შემოვივლი და ვიპოვი, – ისეთი რწმენით ჩაილაპარაკა სანდრომ, რომ ტომასმა მეგობრის მიმართ პატივისცემა იგრძნო.

– იმაზე არ ფიქრობ, რა შეიძლება იყოს  დიანას თბილისში გამგზავრების მიზეზი?

სანდრომ თავი გააქნია:

– არა. ჩემთვის მთავარია, რომ ის იქ არის... თვითონ ჩავიდა და, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჯერად მაინც აღარსად გავუშვა ჩემგან.

 

     გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3