კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-51(730) 

 

ნოე ბუცხრიკიძე ჩუმად უსმენდა გენერალს. გულბათმა კი თქვა:

– აბა, თქვი, გისმენ.

– გენერალმა გულბათს და ნოეს ოცდაათი კილოგრამი ოქროს ამბავი უამბო და თქვა:

– ეს ოქრო ფინანსური კუთხით დაგვეხმარება. გარდა ამისა, მტრებისგან თავდასაცავად საიდუმლო არქივიც გვაქვს, სადაც აგენტი პრისტუპნიკების საქმიანობაა აღწერილი და ასევე, იარაღია, თუკი თავდასხმას დაგვიპირებენ. ყველაფერი ეს საიმედოდაა გადამალული და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ.

– ასე გამოდის, რომ საიდუმლო კავშირს ვქმნით, – გაეღიმა ნოეს.

– სწორედ მასეა, – დაუდასტურა გამრეკელმა და იკითხა:

– რას იტყვით?

– რა უნდა ვთქვა. ძალიან კარგია ეს და შენთან ვარ, – თქვა მარგიანმა.

– რა თქმა უნდა, მეც თქვენთან ვარ, ბატონო მერაბ. აუცილებელი და დროული ნაბიჯია, – მიუგო ნოე ბუცხრიკიძემ.

– ეჭვი არ მეპარებოდა თქვენში, – კმაყოფილებით თქვა მერაბ გამრეკელმა, – ძალა ერთობაშია. პატიოსანი ხალხი ვართ და სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვაკეთოთ ის, რასაც მთელი ჩვენი შეგნებული ცხოვრება მივუძღვენით. ჩვენს საქმეს სხვები განაგრძობენ და მიტოვებულ ეკლესიას ეშმაკები ვერ დაეპატრონებიან, რადგან ამ ეკლესიას ჩვენ და ჩვენნაირები დაიცავენ.

გულბათ მარგიანმა გაოცებით შეხედა გენერალს  და უთხრა:

– ეს როგორი ლაპარაკი გცოდნია. პირველად მესმის შენგან. ამას წინათ, სოხუმში მიტინგი ჩატარდა და ერთი ლიდერი ლაპარაკობდა მასე. ზუსტად ისე თქვა, როგორც შენ ახლა.

– იმათმა ილაპარაკონ. ჩვენ კი საქმე გავაკეთოთ, – საქმე კი თავზე საყრელი გვექნება. შეიძლება, იმაზე მეტიც კი, ვიდრე ოდესმე, – მიუგო მერაბმა გულბათს. 

– კარგი, ძმებო, ყველაფერი გარკვეულია, – თქვა გულბათმა, როდესაც გამრეკელმა გაშლილ სუფრასთან მიიწვია სტუმრები. ღვინით სავსე ჭიქა ასწია და რადგან თამადა იყო, წარმოთქვა:

– ჩვენს საძმოს გაუმარჯოს!

***

კალმარმა მანქანა აგარაკზე შეაყენა. გადმოვიდა და ნაძვებში ჩაფლულ ორსართულიან სახლში შევიდა. ხის კიბეები აიარა და უზარმაზარ სასტუმრო ოთახში ამოყო თავი. ანთებულ ბუხართან რუზგენ ჩოჩიანი იყო მოკალათებული. ეწეოდა და თან ვიდეოფილმს უყურებდა მაფიაზე.

– არ მოგბეზრდა ამ ერთი და იგივეს ყურება? – ჰკითხა ახალმოსულმა რუზგენს, ვიდეომაგნიტოფონი გამოურთო და მის წინ სავარძელში მოკალათდა.

– ჩართე რა, ბარემ ბოლომდე ვუყურებ, – თქვა ჩოჩიანმა, კალმარმა კი შეუღრინა:

– სხვა დროს. ახლა კი მომისმინე.

– მოხდა რამე?

– კი.

– რა?

– მერაბ გამრეკელი გადადგა.

– როგორ?

– რა როგორ? მინისტრობიდან წავიდა და სხვა დანიშნეს.

– ვაა, ხედავ შენ?! რატომ?

კალმარს საკუთარი მოსაზრება ჰქონდა გამრეკელის გადადგომაზე, მაგრამ ჩოჩიანთან ამის განხილვას არ აპირებდა და რუზგენს უთხრა:

– მე რა ვიცი, რატომ. მთავარია, რომ გადადგა და მთელი თავისი „შაიკაც“ გაიყოლა.

– ვინ „შაიკა“?

– სოხაძე, ბუცხრიკიძე და რაც მთავარია, ზვიადაური.

– მერე?

– რა მერე. შტერი ხარ?

– წესიერად, თორემ... – ჩოჩიანს თვალები წამოენთო, კალმარმა კი ირონიით უთხრა:

– ნუ ცხარობ, რუზგენ. ძალები დაზოგე.

– შენ კი ენას კბილი დააჭირე, – არ შეეპუა ჩოჩიანი.

– მოკლედ, ეს ყველაფერი ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს და საქართველოში უნდა დაბრუნდე.

– თბილისში?

– თბილისში. რა, არ მოგენატრა?

– ჩემი ტყავი უფრო ძვირფასია.

– გეშინია?

– რა, სულელი ვარ, ძაღლებს ჩავბარდე?

– კი არ ჩაბარდე, საკუთარ სახლში დაბრუნდი.

– და თავი დავაჭერინო.

– ხელს არავინ გახლებს. ძებნილი შენ არ ხარ და თუ ვინმე მოგაკითხავს, ეტყვი, რომ დასასვენებლად იყავი წასული. ფაქტი არ დაგიტოვებია სახლში და მომჩივანი შენ არ გყავს. ყველა მოწმე საიქიოში გავისტუმრეთ და სუფთა ხარ.

– რომ მკითხონ, საიდუმლო ოთახი და საიდუმლო გვირაბი რად გინდოდაო?

– გკითხონ მერე. ვისი რა საქმეა. კანონი ამას არ კრძალავს.

– ზუსტად იცი, რომ ძებნილი არ ვარ?

– კი.

– ხომ არ გეშლება?

– ეს შენ გეშლებოდა და მე რომ არ ვყოფილიყავი, ახლა შენი სული ჯოჯოხეთის ფსკერზე იქნებოდა ჩაძირული.

– შენი ხომ, რას ამბობ, სამოთხეში იფრენდა.

– ადრე უფრო მორჩილი იყავი და ამდენს ვერ მიბედავდი, – გაეცინა კალმარს.

– ადრე ჭკვიანად იქცეოდი და იმიტომ, – ცინიკურად მიუგო რუზგენმა.

– რუზგენ, ცეცხლს ნუ ეთამაშები და ნუ გავიწყდება, ვინ ვარ.

– ნურც შენ გავიწყდება. გგონია, ზორბეგი მოკალი და მეც მომიშორებ?

– რას ბოდავ?

– შენ გეგონა, ალბათ, რომ ზორბეგი იყო ის კაცი, ვისაც შენი სახელი ვუთხარი და ჩემი მოკვლის შემთხვევაში გაგშიფრავდა, ხომ? – ცინიკურად ჩაეცინა ჩოჩიანს, – ცდები. ჩემს კაცს შენ ვერასდროს მიაგნებ. ღმერთი არ გაგიწყრეს და ჩემი მოკვლა არც იფიქრო.

სინამდვილეში, მართლა ზორბეგ შილბანმა იცოდა კალმარის შესახებ და ის მართლაც კალმარმა მოიშორა თავიდან. თუმცა, კალმარი მაინც ფრთხილობდა და ჩოჩიანის მოკვლას არ ჩქარობდა. თანაც, რუზგენი მას ახალ საქმეში სჭირდებოდა და უთხრა:

– შილბანი მე არ მომიკლავს. გეშლება.

– შენ არა. შენი ბრძანებით მოკლეს.

– არა, რუზგენ, არა. ნამდვილად გეშლება.

– არ მეშლება. კარგად გიცნობ.

– გეშლება-მეთქი.

– იქნებ არც პატარიძე და ნონა მოგიკლავს?

– რა, არ იყვნენ მოსაკლავები? ასე რომ არ მექნა, ახლა ორივე დახვრეტილები ვიქნებოდით.

– კარგია, რომ აღიარებ.

– მარტო ჩემ გამო გავაკეთე ეს?

– აბა, ჩემ გამო?

– საქმის გამო. გვეყოფა კბენა-ღრენა და საქმეზე გადავიდეთ.

– გვეყოფა და გვეყოფა. აბა, თქვი, გისმენ.

– თბილისში უნდა დაბრუნდე და შენები ისევ შეკრიბო. ახალ საქმეს ვიწყებთ.

– რა საქმეს?

– რას და, ტაჯიკეთიდან წამალს შემოვიტანთ და იქვე გაყიდით.

– ჰეროინს არა?

– ჯერ არა. წამალი ამ ეტაპზე უფრო სარფიანია და ბევრად უსაფრთხო. ჰეროინის „კანალზე“ კი მიდის მუშაობა და შეიძლება, სხვა  მიმართულება ავიღოთ. ახლა ისეთი არეული დროა, რომ წამალს არავინ დაუწყებს დევნას და ადვილად გაასაღებთ. მთავარია, ფული შემოვიდეს, თან ბაზარსაც მოვსინჯავთ.

– რა ბაზარს? – ვერ მიხვდა ჩოჩიანი.

– ნარკოტიკების გასაღების ბაზარს, – გაეცინა კალმარს.

– დამცინი?

– საიდან მოიტანე.

– კალმარო, ნუ გგონია საკუთარი თავი ძალიან ჭკვიანი.

– შენი აზრით, სულელი ვარ?

– არც ისე ჭკვიანი. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ მომატყუებ.

– არც მიფიქრია, რუზგენ, – თქვა კალმარმა და დაამატა, – მოკლედ, მოვრჩეთ კამათს და საქმეზე გადავიდეთ. ჩადიხარ თბილისში და შეკრებ შენებს. ორი-სამი კვირა წყნარად იყავი და სიტუაციას დააკვირდი. თან, შენს „ბრატებსაც“ დაუკავშირდი.

– ვინ „ბრატებს“?

– არაფორმალებს. ახლა ისინი „გრიმიტობენ“. დაუახლოვდი, „გაუსწორე“ და დრო რომ მოვა, გამოგვადგებიან.

– ისევ რაღაცას ხლართავ, ხომ? – გაეცინა ჩოჩიანს.

– სულ მალე ისინი მოვლენ მთავრობაში და ფრთებს გავშლით. მოკლედ, შენი იმედი მაქვს. შენ კი ამბობ, ჩემი მოკვლა გინდაო.

– გინდა, გინდა, მაგრამ არ გამოგივა.

– ხომ შევთანხმდით, რომ აღარ ვიჩხუბოთ.

– არ გეჩხუბები.

– ჰო, კიდევ, – ვაჟა ზვიადაურის ადგილზე ერთი კარგი კაცი დანიშნეს.

– ძაღლი და კარგი? – ცინიკურად ჩაეცინა ჩოჩიანს და დაამატა, – ყველა ძაღლი ერთ დღეს უნდა გაწყვიტო.

– ნუ მაწყვეტინებ და ბოლომდე მომისმინე. ის კაცი ადრე ერთ საქმეში მყავს გამოჭერილი, მაგრამ არ იცის. მოკლედ, ჯერ სიტუაციას შევხედოთ და თუ ძალიან გაატრაკა, ჯერ კომპრომატს დავუდებთ, შემდეგ ფულს და ჩვენზე ვამუშავებთ.

– რომ არ იმუშაოს?

– იმუშავებს. ისეთ წინადადებას შევთავაზებ,  უარს ვერ იტყვის.

– რა წინადადებას?

– სულ მაფიოზურ ფილმებს უყურებ და ვერ მიხვდი, რას ვამბობ? ციტატა ვთქვი ერთი ფილმიდან.

– კი. მივხვდი.

– გარდა ამისა, შინაგან საქმეთა ახალ მინისტრთანაც შეიძლება გზის პოვნა. მოკლედ, ფესვები უნდა გავიდგათ და ახალ დროებას მომზადებულები შევხვდეთ. დრო იცვლება.

– მაინც, როგორ?

– ქვეყანა აირევა, ქვეყანა. წყალი აიმღვრევა და ამღვრეულ წყალში ოქროს თევზს დავიჭერთ.

– გარკვევით მითხარი.

– აი, მაგალითად, შენ ხომ მთელი ცხოვრება მილიციას გაურბოდი და ან ციხეში იჯექი, ან პაბეგში იყავი?

– კი. მერე რა?

– მერე ის, რომ სულ მალე ისეთი დრო მოვა, რომ პატივცემული ადამიანი გახდები და უბატონოდ ვერავინ ვერაფერს გეტყვის. შეიძლება, მთავრობის კაციც კი გახდე.

– ისევ დამცინი?

– არა. ნამდვილად არ დაგცინი. დამიჯერე, რომ ძალიან რეალურ რაღაცას გეუბნები, –  ისეთი სახით უთხრა კალმარმა რუზგენს, რომ ჩოჩიანმა მართლა დაიჯერა მისი სიტყვები და ჰკითხა:

– მაინც, რისი იმედი გაქვს?

– ხომ გითხარი უკვე?

– გამიმეორე.

– სულ მალე ქვეყანა აირევა და ახალი ვლასტი მოვა. სავარაუდოდ, ისინი, ვინც ახლა ქუჩებში მიტინგებს მართავენ. ამ არეულობაში შეიძლება, კარგად გაიჩითო. ხოლო ერთხელ თუ გაიჩითები და იაღლიში არ მოგივა, სულ გაჩითული იქნები. გაიგე?

– კი.

– ჰო და ძალიან კარგი. ახლა კიდევ ერთი: ჩვენს მტრებს უნდა მივხედოთ და რაც შეიძლება, მალე.

– ვის გულისხმობ?

– გამრეკელს და მის ბანდას. მართალია, ვლასტი დაკარგეს, მაგრამ ჩვენთვის მაინც ძალიან საშიშები არიან.

– მაგაში მართალი ხარ. თანაც, გამრეკელთან პირადი ანგარიში მაქვს. არ გამახარა და სამაგიერო უნდა გადავუხადო.

– არა მარტო გამრეკელს, მთელ მის შაიკას.

– მთავარი გამრეკელია.

– ყველას ერთად უნდა მოვუღოთ ბოლო. ტყუილად არ დატოვა გამრეკელმა მინისტრობა. ჭკვიანი კაცია და ეტყობა, მიხვდა, რაც უნდა მოხდეს.

– რა უნდა მოხდეს?

– რაც უკვე გითხარი. ქვეყანა გადატრიალდება და ახალი ხელისუფლება მოვა. ყველა გადატრიალებას კი სისხლი ახლავს თან და არ უნდა, რომ სისხლში ხელები გაისვაროს. თუმცა, მას რაღაც ზომებიც ექნება მიღებული.

– რა ზომები?

– თავდაცვის.

– რა თავდაცვის?

– ხომ გითხარი, ჭკვიანი კაცია. კარგად იცის, რაც მოხდება. ისიც ხომ იცის, რომ უამრავი მტერი ჰყავს და შურისძიებას მოინდომებენ. ჰოდა, აუცილებლად ექნება რამე მოფიქრებული და უნდა ვაჯობოთ.

– ვაჯობოთ მერე.

– თუ დამიჯერე, ვაჯობებთ კიდეც. ახლა კი მომზადება დაიწყე და რამდენიმე დღეში თბილისში გაემგზავრები. გაზაფხული მოდის და ზაფხულამდე ბევრი საქმე გექნება.

– შენ კიდევ რაღაც გექნება ჩაფიქრებული.

– ჩაფიქრებული ბევრი რამ მაქვს. ჯერ რაც გითხარი, ის გავაკეთოთ. დანარჩენიც იქნება, – უთხრა კალმარმა ჩოჩიანს და ხელი ჩამოართვა,  – საბოლოოდ შევრიგდეთ და აღარ ვიჩხუბოთ.

– მოსულა, – მიუგო ჩოჩიანმა.

***

მერაბ გამრეკელი ერთი თვის გადამდგარი იყო, ვაჟა ზვიადაური სახლში რომ ეწვია და უთხრა:

– როგორ ხართ, ბატონო მერაბ?

– ისე, როგორც გადამდგარ მინისტრს შეეფერება. არა მიშავს. შენ?

– მეც არა მიშავს. ახალი ამბავი გაიგეთ?

– რა ამბავი?

– რუზგენ ჩოჩიანი დაბრუნდა.

– დაბრუნდა უკვე? – არ გაკვირვებია გამრეკელს, – ეტყობა, ვიღაცისგან რაღაც გარანტიები მიიღო.

– არაფორმალებთან დაძვრება.

– ეტყობა, კავშირებს ამყარებს.

– კი, მასეა. ძალიან აქტიურადაა გარეული მარაქაში და მისი „გალავარეზები“ მიტინგებს იცავენ.

– ძალიან გააქტიურებულია. ჩვენც ყურადღებით უნდა ვიყოთ.

– მართალს ბრძანებთ. მილიცია საერთოდ მოეშვა და დემორალიზებულია. ახალი ხელმძღვანელობა კი ფულის კეთებაზეა გადასული.

– შენი ბიჭები გიყვებიან, ალბათ.

– დიახ. ყველა თქვენ მოგტირის.

– სხვა რა ხდება? ცხონებული გივის ცოლ-შვილზე ხომ არაფერი გაგიგია?

– ზეგ მივემგზავრები ვოლგოგრადში. ჩავაკითხავ და მოვინახულებ.

– ლიადოვი როგორაა, თუ იცი?

– მე მგონი, მოხსნას უპირებენ.

– მართლა?

– გუშინწინ ველაპარაკე ტელეფონით და ასე მითხრა.

– ირევა, ირევა ქვეყანა. მოსკოვშიც, ეტყობა, რაღაც ხდება.

 – ლიადოვის ნახვაც მინდა და ვოლგოგრადიდან მოსკოვში გამოვივლი. თან, თეას და ჯაბას ამბავს ჩავუტან მას. დაახლოებით ერთ კვირაში ჩამოვალ და ამიტომ გამოგიარეთ. რამე ხომ არ გჭირდებათ?

– არა. მადლობა. რომ ჩამოხვალ, შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ.

– კარგი, ბატონო მერაბ. წავალ მაშინ.

– მოიცა, კაცო, სად მიდიხარ. ცოტა დავლიოთ.

– არა, არა. სხვა დროს. პაემანი მაქვს.

– მართლა? – გაეხარდა გამრეკელს, – როგორც იქნა, გადაწყვიტე დაოჯახება?

– ჯერ არა, მაგრამ, ალბათ, მალე გადავწყვეტთ.

– მიდი, დააჩქარე. სანამ ეს ქვეყანა საბოლოოდ არ დაქცეულა, კარგი ქორწილი გავაჩაღოთ.

– პირობა ხომ გახსოვთ?

– მახსოვს. შენს ქორწილში მე უნდა ვითამადო.

– კარგი. წავედი.

– ნახვამდის, ვაჟა. რომ ჩამოხვალ, მოდი და ახალი ამბები მომიყევი.

– აუცილებლად, – ზვიადაურმა ხელი ჩამოართვა მერაბ გამრეკელს და წავიდა.

ვაჟა ზვიადაური, ორი დღის შემდეგ ვოლგოგრადში გაემგზავრა. ერთი კვირა რომ გავიდა და არ გამოჩნდა, გამრეკელმა სახლში დაურეკა. თუმცა, ტელეფონი არ პასუხობდა. კიდევ ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ვაჟასგან არაფერი ისმოდა. მარტის მიწურულს, საღამოს ათ საათზე გამრეკელის ბინაში ტელეფონმა დარეკა. ყურმილი მერაბმა აიღო და უპასუხა:

– გისმენთ.

– გამარჯობათ, ბატონო მერაბ, – მოესმა გამრეკელს ზვიადაურის ხმა.

– ვაჟა, სად დაიკარგე.

– ბატონო მერაბ, უხერხული ხომ არ იქნება, რომ მოვიდე?

– რა უხერხული, მოდი. ჩემები მაინც წყნეთში არიან, – უპასუხა გამრეკელმა და მიხვდა, რომ რაღაც მოხდა.

ათი წუთის შემდეგ ვაჟა უკვე მასპინძლის პირისპირ, სავარძელში იჯდა და გაფითრებული სახით სიგარეტს ეწეოდა.

– რაღაც ცუდი მოხდა, ხომ? – ჰკითხა მერაბმა ვაჟას.

– დიახ.

– რა მოხდა?

– ვოლგოგრადში თავდასხმა მოხდა.

– მერე, – სავარძლიდან გაფითრებული წამოხტა მერაბ გამრეკელი, – ჯაბა და თეა როგორ არიან?

– ჯაბა კარგადაა. თეა და ვარვარა სერგეევნა კი დაიღუპნენ.

– ვინ, როგორ, რა მოხდა?

– ორი თავდამსხმელი საღამოს დაადგნენ თავზე. ვარვარა სერგეევნა ჯაბას ასეირნებდა. მათ თეა დააბეს და აწამეს. ალბათ, ჯაბას და მოხუცის ადგილსამყოფელს ეკითხებოდნენ და ბოლოს ყელი გამოსჭრეს.

– ყელი გამოსჭრეს?

– დიახ.

– ღმერთო ჩემო. მერე?

– როგორც ჩანს. მოხუცი და ბავშვი რომ სახლში დაბრუნდნენ, ვარვარა სერგეევნამ საფრთხე იგრძნო და ჯაბა ფარდულში დამალა. შემდეგ ბინაში უკანა კარიდან შეიპარა და მკვლელები საკუთარი ხელით დახოცა. ხომ გითხარით ადრე, რომ ის მზვერავი იყო და იარაღიც ჰქონდა. ორივე თავდამსხმელს ტყვია შუბლში აქვს მოხვედრილი.

– თვითონ ქალი როგორ დაიღუპა?

– როგორც ეტყობა, ამ დროს სხვებიც მოვიდნენ. მოხუცი დაატყვევეს, აწამეს. მასაც ყელი გამოსჭრეს და გაიქცნენ. ამ დროს, თურმე, მეზობელს დაუძახია და ამან დააფრთხო ის ნაძირლები.

– ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო. ჯაბა ახლა სადაა?

– ნინოსთან. ჩემს საცოლესთან. იქ ის საიმედოდაა დაცული.

– როგორ მოახერხე ბავშვის ჩამოყვანა?

– ლიადოვი დამეხმარა. პირადად ჩამოვიდა ვოლგოგრადში და ჯაბა ჩამოვიყვანეთ. პავლეს უნდოდა, ჯაბა ეშვილა, მაგრამ არ დავანებე. ბოლოს დამითმო და გამომატანა. ლიადოვის, მისი ცოლის, თქვენი, ჩემი და ჩემი საცოლის გარდა, არავინ იცის ჯაბას ადგილსამყოფელი.

– კარგია, – თქვა გამრეკელმა და ზვიადაურს ჰკითხა, – თავდამსხმელების ვინაობა დაადგინეს?

– ვინაობა – კი, მაგრამ ვისზე მუშაობენ, ვერა. მოსკოველები იყვნენ, უმუშევრები. დანაშაულში ადრე არასდროს ყოფილან შემჩნეულები.

– ძალიან საეჭვოა.

– დიახ. მეც მასე ვფიქრობ.

– როგორც ეტყობა, შურისძიების მანქანა ამუშავდა და სულ მალე ჩვენც მოგვადგებიან.

– კი. მასეა.

– მოკლედ ასე. ზეგ შევიკრიბოთ და დავილაპარაკოთ. გამორიცხული არაა, რომ უახლოეს დღეებში შემოგვიტიონ და მომზადებულები უნდა დავხვდეთ.

– კარგი. წავედი და ხვალ დაგირეკავთ.

–  შენს ზარს ველოდები, – უთხრა გამრეკელმა ზვიადაურს და ჰკითხა, – იარაღი თან გაქვს?

– დიახ. თანაც, ორი.

– კარგი. წადი და ძალიან ფრთხილად იყავი.

– თქვენც ფრთხილად იყავით.

– ნოეს და გულბათსაც დავურეკავ და გავაფრთხილებ, – უთხრა გამრეკელმა ზვიადაურს და სახლიდან გააცილა.

***

შებინდდა თუ არა, ნაძვნარში ჩაფლული აგარაკიდან თეთრი ფერის „ვოლგა“ გამოვიდა და ტყის ფართო ბილიკს გაუყვა. საჭეს კალმარი უჯდა. გვერდით კი ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა კაცი ეჯდა, რომელიც სიგარეტ „ზალატოე რუნოს“ აბოლებდა. ხუთიოდე კილომეტრი რომ გაიარეს, კალმარმა თავის მეგზურს უთხრა:

– არა რა,  კაცი თქვენ ორ ბატს ვერ ჩაგაბარებთ. ქალებსა და ბავშვს ვერ მიხედეთ და მოხუცმა ქალმა ორი კაცი მოგიკლათ.

– შემთხვევითობა იყო, – თავი იმართლა ახალგაზრდამ.

– კარგი, კარგი. ამ საქმეს მაინც ნუ ჩააფლავებენ და რიგიანად შეასრულონ.

– ყველაფერი კარგად იქნება. ამჯერად შეცდომას აღარ დაუშვებენ.

– როდის მიფრინავენ თბილისში?

– ამაღამ.

– სამნი არიან, ხომ?

– დიახ.

– შენ გარდა, ხომ, მართლა არავინ იცის, რომ ეს საქმე მე მოგეცით?

– არა.

– ძალიან კარგი, – თქვა კალმარმა. შემდეგ „ვოლგა“ უზარმაზარ ნაძვთან გააჩერა და მეგზურს უთხრა:

– მივაფსამ. შენ არ გეფსია?

– კი. გადმოვალ მეც, – მიუგო ახალგაზრდამ და „ვოლგიდან“ გადმოვიდა.

კალმარმა აქეთ-იქით გაიხედა. შემდეგ მაყუჩიანი პისტოლეტი ამოიღო, წინ წასულ ახალგაზრდას მიუშვირა და კეფაში ორი ტყვია ესროლა. მიუახლოვდა და კიდევ ორჯერ დაახალა თავში. პისტოლეტი გაწმინდა და გადააგდო.

კალმარი „ვოლგაში“ ჩაჯდა, გზატკეცილზე გავიდა და აეროპორტისკენ გაემგზავრა. დანიშნულების ადგილზე რომ მივიდა, მანქანა ხეივნის ბოლოში გააჩერა. ათი წუთის შემდე გულბათ მარგიანი გამოჩნდა. მას სპორტული ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული და დინჯად მოაბიჯებდა. „ვოლგას“ რომ გაუსწორდა, შედგა და მძღოლს დააკვირდა. კალმარი მანქანიდან გადმოვიდა, მარგიანს გაუღიმა და უთხრა: 

– გულბათ, შე ძველო, როგორ ხარ?

მარგიანი კალმარს გადაეხვია და ზურგზე ხელები დაუტყაპუნა, შემდეგ მხრებში ჩაავლო, შეაჯანჯღარა და მიუგო:

– რა მიჭირს. შენ როგორ ხარ? ნამდვილად არ მოველოდი შენს ნახვას. აქ რას აკეთებ?

– მგზავრს ვხვდები. შენ?

– უნდა დამხვდნენ, მაგრამ, ეტყობა, აგვიანდებათ.

– ჩემი პასაჟირი კი უკვე ადგილზეა, – თქვა კალმარმა.

– მოდის? – იკითხა მარგიანმა და შებრუნდა. მაგრამ, რომ ვერავინ დაინახა, კალმარს ჰკითხა:

– აბა, სადაა?

– აქ, – ღიმილით მიუგო კალმარმა.

– აბა, სად? – გაიმეორა მარგიანმა. შემდეგ შეცბა და კალმარს უთხრა: – მე?!

– მიხვდი, როგორც იქნა. ჩაჯექი, ჩაჯექი, წავედით, – თქვა კალმარმა და, გულბათიც რომ ჩაჯდა, „ვოლგა“ ადგილიდან დაძრა.

– საიდან სადაო, სტიოპა სადაა? – ჰკითხა კალმარს გაოცებულმა მარგიანმა.

– ჩემს აგარაკზე მწვადებს წვავს, – მიუგო კალმარმა.

– სტიპოას თუ იცნობდი, ნამდვილად არ ვიცოდი.

– რა გიკვირს, მთელ ქვეყანას ვიცნობ, – ღიმილით მიუგო გულბათს კალმარმა, – რომ გავიგე, სტიოპასთან ჩამოდიოდი სტუმრად, ვუთხარი, ოინი მოვუწყოთ-მეთქი და მე წამოვედი. ვიცოდი, ძალიან გაგიხარდებოდა.

– მართლა ძალიან გამიხარდა, – გულბათმა მარჯვენა მხარზე მოუთათუნა ხელი კალმარს და დაამატა: – არც შენ იცვლები და არც კრავჩენკო. გუშინწინ გაგრაში დამირეკა და მითხრა, ჩემი გოგონას ქორწილში გეპატიჟები და ზეგ გელოდებიო. მივხვდი, რომ რაღაც უჭირდა და ჩემი დახმარება სჭირდებოდა – უცოლშვილოა სტიოპკა. ნეტავ, რაშია საქმე, შენ არ იცი?

– ვიცი, – მიუგო კალმარმა.

– რა მოხდა?

– მივალთ და თვითონ გეტყვის. შენ ის მითხარი, თქვენთან რა ხდება?

– ნუ მკითხავ, მაგარი არეულობაა, – ხელი ჩაიქნია გულბათმა.

– მინისტრი და მთელი მისი ამალა რომ ასე ერთბაშად გადადექით, პირი შეკარით?

– რა პირი, ბიჭო, ვერ ხედავ, რა ხდება? ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებს და, რამე რომ მოხდეს, ხელებს ჩვენ შეგვაწმენდენ.

– ჭკვიანი კაცია გამრეკელი, – ჩაეცინა კალმარს, – მიხვდა, რაც უნდა მოხდეს და დროზე გაეცალა უბედურებას. თან, თქვენც აგარიდათ შარს.

– კი, მასეა.

– როგორაა ამხანაგი გენერალი, როგორ გრძნობს თავს ნამინისტრალი მერაბ კონსტანტინოვიჩი? – ხუმრობით იკითხა კალმარმა.

– კაჟივითაა, კაჟივით.

– აი, მე კი შარდის ბუშტი გამისკდება, თუ არ მივაფსი. მაინც ტყის ბილიკს უნდა გავუყვეთ და გამიჩერე. შენ არ გინდა? – ჰკითხა კალმარმა მარგიანს.

– კი, როგორ არა, – გაეცინა გულბათს.

კალმარმა „ვოლგა“ ტყის სიღრმეში შეიყვანა და იმ ადგილიდან ხუთასიოდე მეტრის მოშორებით გაჩერდა, სადაც ორი საათის წინ სტეპან კრავჩენკო მოკლა. შემდეგ მანქანიდან გადავიდა და უზარმაზარი ნაძვისკენ გაემართა. გულბათი ორიოდე მეტრის მოშორებით მიჰყვებოდა. უცებ კალმარი მკვეთრად შებრუნდა და გულბაათ მარგიანს მაყუჩიანი პისტოლეტიდან მუცელში ერთი ტყვია მოარტყა. გულბათი მუხლებზე დაეცა და კალმარს გაოცებული მზერა მიაპყრო.

– რაო, გაგიკვირდა? – ჰკითხა კალმარმა გულბათს და მაყუჩიანი პისტოლეტი შუბლისკენ მიუშვირა.

– ეს შენ ხარ ის? – ამოიოხრა სასიკვდილოდ დაჭრილმა მარგიანმა.

– ვინ ის? – ცინიკურად იკითხა კალმარმა.

– კალმარი... – ყრუდ თქვა მარგიანმა და სახეზე უკიდურესი ზიზღი გამოეხატა.

– ჩემი სახელიც გცოდნიათ, მაგრამ, არა უშავს. ყველანი ჩიწაში ჩაიტანთ.

– რას გვერჩი, შე დამპალო! – ხმას აუწია მარგიანმა და გამოშვერილი პისტოლეტისკენ გაიწია, მაგრამ, უძლურებისგან მიწაზე ცხვირ-პირით დაეცა.

– გადმობრუნდი, შე ბოზო! – ცინიკურად უთხრა კალმარმა მარგიანს და ფეხის წვერით ამოატრიალა და დახედა, – მამაჩემის სისხლს არავის შეგარჩენთ, და ყველას ამოგწყვეტთ!..

– ვინ ოხერი იყო მამაშენი, შე რჯულძაღლო!

– პოლკოვნიკი რობერტ მანძულია, მე კი მისი შვილი ვარ – ვამეხი!

– წყეულიმც იყავ, ნაბიჭვარო... მაინც არ შეგრჩება არაკაცობა და ოთხში ამოგიღებენ.

– ოთხში? – გადაიხარხარა კალმარმა და დაამატა, – თუ გამრეკელის იმედი გაქვს, იცოდე, რომ მწარედ ცდები. შენი ძმაკაცი კრავჩენკო აქედან ორ ნაბიჯში გდია ჩაძაღლებული, მისი მკვლელები კი თბილისში მიფრინავენ შენი ძმაბიჭების დასახოცად.

– წყეულიმც იყავ, მანძულიას ნაბიჭვარო! – ამოიხრიალა გულბათ მარგიანმა და კალმარის პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მას შუბლი გაუხვრიტა...

***

– მადლობა, ვაჟა, წავედი. ერთ თვეში დაგიბრუნებ, – უთხრა ვაჟა ზვიადაურს მამიდაშვილმა, თემურ კორინთელმა და კარისკენ გაემართა.

– აბა, შენ იცი, არ დაგავიწყდეს, – ირონიით მიუგო ვაჟამ და კარი გაუღო. შემდეგ ლიფტი გამოიძახა, გამოემშვიდობა და ბინაში შებრუნდა.

ვაჟა და თემური თითქმის თანატოლები იყვნენ და ერთად გაიზარდნენ. ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ ისინი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს და ყველას ტყუპები ეგონა. ბიძაშვილ-მამიდაშვილები ხშირად სარგებლობდნენ ამით და ბავშვობაში ათასნაირ ოინს აწყობდნენ. თემოსგან განსხვავებით, ვაჟა კარგად სწავლობდა, ხშირად მამიდაშვილის მაგივრად აბარებდა ხოლმე სასკოლო გამოცდებს და მასწავლებლები ვერაფერს ხვდებოდნენ. ხოლო, უმაღლესში რომ აბარებდა თემური, ოთხივე გამოცდაზე ვაჟა მივიდა და ოთხივეში ხუთიანი მიიღო. თუმცა, ინსტიტუტში უკვე ვეღარ ეხმარებოდა, რადგან, მოსკოვში სწავლობდა და ლექტორებს უკვირდათ – ეს ფრიადოსანი ბიჭი რამ გამოაჩერჩეტაო...

ოთახში შებრუნებულ ზვიადაურს გაახსენდა თემურის ეს მონათხრობი და გაეცინა. შემდეგ მაგიდაზე თემურის საფულეს მოჰკრა თვალი და ჩაილაპარაკა: „ფული დარჩა ამ შტერს“. მერე ფანჯარასთან მივიდა. გამოაღო და მეექვსე სართულიდან ეზოში გადაიხედა, რომ სადარბაზოდან გამოსული თემურისთვის საფულე გადაეგდო. ეზო ცარიელი იყო, ზვიადაურმა მხოლოდ შავ ქურთუკში გამოწყობილი, საშუალო სიმაღლის მამაკაცს მოჰკრა თვალი, რომელიც კორპუსებს შორის დინჯად მიაბიჯებდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3