კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიშიფრა ქართველ მძარცველთა ბანდა, რომელმაც ახალი წლის ღამეს 13 კილოგრამი პლატინა და 16 კილოგრამი ოქრო მოიპარა

საახალწლო ნობათი

1975 წლის 1 იანვარს, ღამის 1 საათსა და 45 წუთზე, მოსკოვის ქარხანა „ჩაიკის“ შესასვლელთან „უაზის“ მარკის ფურგონიანი ავტომობილი გაჩერდა და ძლიერად დაასიგნალა. საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჯიხურიდან შუახნის მამაკაცი გამოვიდა და მანქანიდან გადმოსულ მძღოლს შეუღრინა:

– რა კაკაფონია ატეხე, სიმთვრალეში გზა აგერია? – შემდეგ კურდღლის ფორმაში გამოწყობილი მძღოლი აათვალიერ-ჩაათვალიერა და დაამატა: – საგიჟეთიდან მოხიე?

– ეეჰ, ძმობილო, სულ გამოგაშტერა მაგ ჯიხურში გდებამ, – მხიარულად მიუგო მძღოლმა „კურდღელმა,“ – პირველ ყოვლისა, ახალ წელს გილოცავ. გზა კი არ ამერია, თოვლის ბაბუა და  „სნეგუროჩკა“ მოგიყვანეთ და საახალწლო ნობათი მოგიტანეთ, შენ კი მლანძღავ.

– რა ნობათი? – იკითხა დარაჯმა.

„კურდღელმა“ ფურგონის კარი გახსნა და იქიდან თოვლის ბაბუისა და „სნეგუროჩკას“ ფორმაში გამოწყობილი წყვილი გადმოვიდა. მათ უზარმაზარი ხურჯინები ჰქონდათ მხარზე გადაკიდებული. თოვლის ბაბუამ დარაჯს ახალი წელი მხიარულად მიულოცა და ჰკითხა:

– რამდენი მორიგე ხართ?

– როგორც ყოველთვის, ექვსი, – მიუგო დარაჯმა.

– მიიღეთ საახალწლო ნობათი, – მხიარულად თქვა თოვლის ბაბუამ და „სნეგუროჩკასა“ და „კურდღლის“ თანხლებით სამორიგეოში შეჰყვა დარაჯს. მაგიდასთან მსხდომ ხუთ დარაჯს ახალი წელი მიულოცა. ხურჯინი გახსნა და ექვსი ცალი ყუთი მაგიდაზე დააწყო.

– ეს რა სიურპრიზია? – მხიარულად იკითხა შექეიფიანებულმა ცვლის უფროსმა დარაჯმა.

 – ტკბილეული, ნაძვის ხის სათამაშოები და სუვენირები, – თქვა „სნეგუროჩკამ,“ – ეს სიურპრიზი რაიკომმა მოგიწყოთ. ჩვენს რაიონში მდებარე ყველა დაწესებულებაში მივდივართ და, ვინც ახალ წელს მუშაობს, საჩუქრებს ვურიგებთ. კიდევ ათი ასეთი ობიექტი გვაქვს მოსანახულებელი.

არასაუწყებო დაცვის მორიგე თანამშრომლებს პატარა ბავშვებივით გაუხარდათ საახალწლო სიურპრიზი, უზომოდ გამხიარულდნენ და სტუმრები სუფრასთან მიიწვიეს. „სნეგუროჩკამ“ კი ხურჯინიდან შამპანურის ბოთლი ამოიღო, გახსნა და დარაჯებს ჩამოუსხა, შემდეგ თავადაც დაისხა და ახალი წელი ადღეგრძელა, მაგრამ უცებ ჭიქა ხელიდან გაუვარდა და დაიმსხვრა.

– ჩვენი ბედნიერებისა იყოს, – გადაიკისკისა „სნეგუროჩკამ“, – უკვე ხუთი ჭიქა მაქვს დალეული და დავთვერი.

დარაჯებმა ბოლომდე გამოცალეს ჭიქები, შემდეგ სტუმრები გამოაცილეს და ჯიხურში შებრუნდნენ. „კურდღელმა“ „უაზი“ ადგილიდან დაძრა. ღობის კუთხეში შეუხვია და გაჩერდა.

– ათ წუთში მაგრად ჩაეძინებათ. მოემზადეთ, – უთხრა „სნეგუროჩკამ“ „კურდღელსა“ და თოვლის ბაბუას, თან პატარა ხურჯინი გახსნა და იქიდან ტყავის ჩანთა ამოიღო.

ცოტა ხანში სამეული ქარხნის ტერიტორიაზე შევიდა. მათ ჩქარი ნაბიჯით ჩაუარეს მძინარე დარაჯებს, შენობაში შევიდნენ და ლიფტით სარდაფში ჩავიდნენ, სადაც ოქროსა და პლატინის ზოდები იყო შენახული სპეცსაცავში.

ქარხანა „ჩაიკაში“ ძვირფას საათებს ამზადებდნენ და საექსპორტოდ გზავნიდნენ. ძვირფასი ლითონებიც ამისთვის სჭირდებოდათ და ყოველივე ეს უზარმაზარ სეიფში ჰქონდათ გამოკეტილი.

სეიფი „თოვლის ბაბუამ“ 20 წუთში გახსნა და მძარცველებმა იქიდან 13 ცალი პლატინის ერთკილოგრამიანი და ოქროს 8 ცალი ორკილოგრამიანი ზოდები გამოიღეს. შემდეგ ხურჯინებში გადაანაწილეს და „უაზით“ მიიმალნენ. მანქანამ ორიოდე კილომეტრი გაიარა და ერთ-ერთ ბნელ შესახვევში გაჩერდა. ფურგონიდან „თოვლის ბაბუა” გადმოვიდა და „მოსკვიჩში“ გადაჯდა, „უაზმა“ კი ძვირფასი ტვირთით გზა განაგრძო.

„მოსკვიჩის“ საჭესთან მჯდარ ციხის თანამშრომლის ფორმაში გამოწყობილმა მაიორმა ახალმოსულს ქართულად უთხრა:

– ყოჩაღ, ცხვირა, ყველაფერი ფრიადზე შეასრულეთ! ახლა კარცერში დაგაბრუნებ და ეშმაკიც კი ვერ გაიგებს, ვინ გაიტანა სეიფი.

– მაგარი იყო, – გაეცინა „თოვლის ბაბუას“, რომელსაც ციხის პატიმრის უნიფორმა ეცვა და „მოსკვიჩის“ უკანა სალონის ფსკერზე იწვა.

ეძიეთ ქალი

„მედვეჟატნიკი“ (სეიფების გამხსნელი) თოვლის ბაბუა სინამდვილეში ცნობილი ბოროტმოქმედი ნუგზარ ალანია იყო, რომელსაც შავ სამყაროში „ცხვირას“ ეძახდნენ. საათების ქარხნის ძარცვის მომენტში ცხვირა რვაწლიან სასჯელს იხდიდა „ბუტირკის“ ციხეში და გათავისუფლებამდე ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი. მაიორი კი, რომელმაც ცხვირა კარცერში დააბრუნა, ციხის რეჟიმის სამსახურის უფროსის მოადგილე იური ზაალიშვილი იყო; მძღოლი „კურდღელი“ – თბილისელი ჟენია ბობროვი – ახალგაზრდა, დამწყები ბოროტმოქმედი და ცხვირას მარჯვენა ხელი; „სნეგუროჩკა“ კი – ანა როისმანი, მოსკოვის ერთ-ერთი საპარფიუმერიო მაღაზიის უბრალო გამყიდველი. როისმანი ბობროვის საყვარელი იყო და ქარხნის სეიფის ძარცვის იდეა სწორედ მას მოუვიდა თავში. ბობროვის გარდა, როისმანს მეორე საყვარელიც ჰყავდა, ვინმე მაქსიმ ზარეცკი, „ჩაიკის“ ინჟინერ-ტექნლოგი და ქალმა მისგან იცოდა ქარხანაში შენახული ძვირფასი ლითონების შესახებ. როისმანმა საკმაოდ მახვილგონივრული სქემა მოიფიქრა და ბობროვს ძარცვის იდეა მიაწოდა. შემდეგ ბობროვი ცხვირას შეხვდა და ეს იდეა გაუზიარა. ცხვირამ კი, თავის მხრივ, მაიორი ზაალიშვილი დაითანხმა თანამონაწილეობაზე და სწორედ ამგვარად განხორციელდა საათების ქარხნის ძარცვა 1975 წლის 1 იანვარს...

„ჩაიკაში“ მომხდარმა დანაშაულმა მთელი მილიცია ფეხზე დააყენა. დაიწყო გამოძიება, მაგრამ, ბოროტმოქმედთა კვალს ვერ მიაგნეს. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ სეიფი ცხვირამ გახსნა, რომელიც „ბუტირკის“ ციხეში, თანაც კარცერში იჯდა. ამიტომ, ძიება მეორე დღესვე ჩიხში შევიდა და გამომძიებლებს რეალური ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდათ. თუმცა, დანაშაულის კვალი სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა და ამაში მაძებრებს სხვა დანაშაული დაეხმარათ.

3 იანვარს მოსკოვის ერთ-ერთი ბინიდან ტოქსიკოლოგიურ კლინიკაში მოწამლული ჟენია ბობროვი მიიყვანეს, რომელიც ექიმებმა სიკვდილს გადაარჩინეს და მილიცია გამოიძახეს. ბობროვმა გამომძიებელს ანა როისმანის შესახებ მოუყვა და უთხრა, რომ სწორედ მან მოწამლა და მოკვლის მიზნით შამპანურში საწამლავი ჩაუყარა. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო და „მურის“ გამომძიებელმა გაბრუებულ ბობროვს „ჩაიკის“ ძარცვის ამბავი დასტყუა. ეს ინფორმაცია იმდენად მოულოდნელი იყო, რომ „მურის“ უფროსს ეჭვიც კი შეეპარა. თუმცა, ოპერმუშაკებმა ჯერ ზაალიშვილი დააკავეს და ყველაფერი ათქმევინეს, შემდეგ ცხვირაც დაამუშავეს და, მიხვდნენ, რომ ანა როისმანი ძვირფასი ზოდების ხელში ჩაგდებას და, სავარაუდოდ, მიმალვას ცდილობდა, ამისთვის კი მან თავისი საყვარელი ბობროვი მოწამლა, რომელიც მხოლოდ იმან იხსნა სიკვდილისგან, რომ მან პირველადი დახმარება თავადვე აღმოუჩინა საკუთარ თავს და სასწრაფო დახმარების გამოძახებაც მოასწრო...

მთელი „მური“ ფეხზე დადგა და ანა როისმანის ტოტალური ძებნა გამოცხადდა, მაგრამ 29 წლის ქალი არსად ჩანდა – ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. ამასობაში ძარცვის საქმის გამოძიება დასრულდა და ნუგზარ ალანიას, იგივე ცხვირას, მაიორი იური ზაალიშვილსა და ჟენია ბობროვს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და სამივე მკაცრი რეჟიმის ციხეებში გაამწესეს.

როისმანის ძებნა წამითაც არ შეწყვეტილა და ალბათ, ბედის ირონია იყო, რომ ეს მზაკვარი ბოროტმოქმედი ქალი თბილისში, თანაც, იმ სახლში დააპატიმრეს, სადაც ცხვირა, ანუ ნუგზარ ალანია ცხოვრობდა. დიღმის მასივის ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ოპერმუშაკები იმ დროს შეიჭრნენ, როდესაც  ანა როისმანი გრიმს იკეთებდა და გასამგზავრებლად ემზადებოდა. ერთი სართულით ზევით ცხვირას ბინა მდებარეობდა. როისმანს დიღმის მასივში ჰქონდა ორი ოთახი ნაქირავები და არც კი იცოდა, ვის მეზობლად ცხოვრობდა. ქალის შესახებ კი მილიციის ერთ-ერთმა დამსმენმა, ვინმე ჯილდა გოგოსურმა შეატყობინა უბნის ინსპექტორს – გოგოსურს საეჭვოდ მოეჩვენა მარტოხელა მდგმურის კარჩაკეტილი ცხოვრება. ინსპექტორმა ჯერ ფარულად გადაუღო ქალს სურათები და მილიციის სამმართველოში მიიტანა. იქ კი გამოცდილმა ექსპერტ-კრიმინალისტებმა იდენციფიკაცია მოახდინეს და მდგმურში ძებნილი როისმანი ამოიცნეს.

დაკავებული ანა როისმანი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა და ყველაფერს უარყოფდა, თუმცა, ერთი კვირის შემდეგ 29 კილოგრამი ძვირფასი ზოდების ადგილსამყოფელი გაამხილა. ქართველმა მილიციელებმა თბილისის ვაგზლის ერთ-ერთი შემნახველი საკნიდან ორი ჩემოდანი ამოიღეს, რომლებშიც 13 ცალი პლატინისა და 8 ცალი ოქროს ზოდი იყო ჩალაგებული. ნაძარცვი ნივთები ქარხანას დაუბრუნეს, ანა როისმანს კი მკვლელობის მცდელობისა და ძარცვაში მონაწილეობისთვის თხუთმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს...

скачать dle 11.3