კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ აპირებდა მზეო გოგოჭურისგან მიეღო ბანკის მმართველი და როგორ დასრულდა ეს ექსპერიმენტი

ჩვენს რუბრიკაში ერთი და იგივე კითხვებით მივმართავთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მდგომ ცნობილ ადამიანებს. 

 

– ვინ ხართ? გაგვეცანით.

– მე ვარ დამოუკიდებელი ადამიანი – მზეო გოგოჭური.

– ყველაზე მძაფრი შეგრძნება ბავშვობიდან...

– სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სცენა. ჩემს უბანში მარტო, ფეხით მივდიოდი 4 წლის ბავშვი. უნდა მივსულიყავი ბებიასთან და ამ დროს დავინახე, რომ ჩვენს ქუჩაზე მოასვენებდნენ მიცვალებულს. მახსოვს, შემეშინდა. ისინი მოიწევდნენ ჩემკენ, მე მარტო ვიყავი და არ ვიცოდი, რა მექნა. მერე გადავწყვიტე, გავქცეულიყავი, მაგრამ წავიქეცი. წაქცეულმა თავი რომ ავწიე, ისინი ისევ ჩემკენ მოდიოდნენ. არ მავიწყდება, ასეთი განცდა არ მქონია მეტჯერ. ჩემი კივილი მესმოდა თვითონ მე. მერე მოვიდნენ, ამაყენეს, დამაწყნარეს, მაგრამ ეს მქონდა ჩარჩენილი ძალიან დიდხანს.  

– დაახასიათეთ საკუთარი თავი.

– ყველაფერი არის ჩემში – ცუდიც და კარგიც. არ ვარ ინდური ფილმივით, ერთი რომ ძალიან კარგია და მეორე – ძალიან ცუდი. ეგეთი არ ვარ. როცა საჭიროა, უარყოფითი თვისებებიც იჩენს ხოლმე ჩემში თავს, როგორიცაა თუნდაც, შურისძიება. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ცუდია და ვცდილობ, შევებრძოლო. კარგი თვისებებიც მაქვს – მიზანდასახული ვარ და შრომაც მიყვარს.

– ყველაზე სასაცილო და არარეალური, რაც საკუთარ თავზე გსმენიათ?

– უფრო სოციალურ საკითხებზე გამიგია. მაგალითად, ძალიან სასაცილოა, თითქოსდა მე, რაღაც გავლენიანი თანამდებობა მინდოდა და ამ საქმეზე თავქუდმოგლეჯილი დავრბოდი. სასაცილოა. 

– სწორი არჩევანი გააკეთეთ ცხოვრებაში?

– ყოველ შემთხვევაში, რაც არასწორად ჩამითვლია, თვითონვე შემიცვლია.

– როგორი ჰგონიხართ და სინამდვილეში როგორი ხართ?

–  აღმოჩნდა, ძალიან რბილი ვეგონე ადამიანებს და როცა მივხვდი, ბოროტად ისარგელეს ამით, მაშინ დავანახვე, რომ არა ვარ ასეთი.

– გაინტერესებთ, რას ფიქრობენ თქვენზე?

–  ნაწილობრივ, საზოგადოების გარკვეული წრის აზრი მაინტერესებს.

– ვინ გინდოდათ ყოფილიყავით და ვინ ხართ რეალურად დღეს?

– ბავშვობაში ვოცნებობდი საოპერო ჟანრის მომღერლობაზე. მქონდა მონაცემები, მაგრამ შემდეგ დავკარგე. ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია. 

– რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ საკუთარ თავში.

– როცა რაღაც პრობლემებს ვხედავ, ვცდილობ ნაწყენმა დავტოვო ყველაფერი. სინამდვილეში, საჭიროა გავჩერდე, გავაანალიზო, ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო და ამას ვაკეთებ, ახლა უკვე ძალით, რადგან ვიცი ძალიან კარგად, რომ ეს ცუდი თვისებაა. ასე არ ხდება – თუ ნაწყენი ყველაფერს დატოვებ, მერე უფრო ზარალდები. ჯერ ერთი, – წყენა და მეორე, მთლად მარტო ხარ, არავინ გადაგყვება, სამწუხაროდ.

მომწონს, რომ შეუპოვარი ვარ, მიზანსწრაფული. ვიცი, ეს ახირება მაქვს, თუ რაღაც მინდა, გავაკეთო – გავაკეთებ.

– ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში ჩაგიდენიათ...

– როცა სკოლა დავამთავრე და პროფესია თვითონ კი არ ავირჩიე, გარკვეულმა სანათესაო წრემ შემირჩია. ეს აღმოჩნდა დიდი შეცდომა. მერე დიდი დრო მოვანდომე მის გამოსწორებას. ეკონომიურზე შემიყვანეს, რაღაც ექსპერიმენტი ჩაატარეს. წარმოიდგინეს, რომ ჩემგან გამოვიდოდა ბანკის მმართველი. ეს იყო კატასტროფა.

– ყველაზე მეტად მიყვარს...

–  კეთილშობილება.

– რომელ ეპოქასა და ცივილიზაციაში იცხოვრებდით  და რას გააკეთებდით?

– ალბათ, ანტიკურ საბერძნეთში ვიცხოვრებდი. ჩემს წარმოსახვაში, რასაკვირველია, არ ვიქნებოდი რიგითი მოქალაქე (იცინის). ალბათ, უფრო ხელოვანი ვიქნებოდი. წარმოდგენილი მაქვს, როგორ შევიმოსებოდი პეპლოსებით, რომლითაც დადიოდნენ წარჩინებული ქალბატონები. ყველაზე მეტად ჩემთან ახლოსაა ფილმები ანტიკურ პერიოდზე და მგონია, იმათი როლი ყველაზე ახლოსაა ჩემს წარმოსახვებთან, გაცილებით უფრო ახლოს, ვიდრე დღევანდელობაა. 

თუნდაც იგივე მეცხრამეტე საუკუნე ავიღოთ. მასხოვს, ძალიან ხშირად, ტელევიზორს გადავრთავდი და ჩვენებს ვაიძულებდი ეყურებინათ, როგორ სხდებიან ლამაზკაბიანი დეკოლტემოღებული ქალები ეტლში და ინიავებენ მარაოს. ერთხელ ჩემმა დისშვილმა თქვა: ვაიმე, მოდით ხალხო, ერთი ასეთი კაბა ვუყიდოთ და ჩვენც დაგვასვენებს და თვითონაც დაისვენებსო (იცინის).

– დღეს, იქ ხართ, სადაც თქვენი ადგილია?

– არა, წასვლა მინდა ძალიან შორს. გადავცურავ ზღვას... რეალობას გავურბივარ?... არ ვიცი, ეგებ ეგრეც არის.

– როდის გრძნობთ თავს უხერხულად და როგორი ხართ ამ დროს?

– უზრდელობასა და თავხედობას რომ წავაწყდები, იმ დროს ვგრძნობ თავს უხერხულად. იმიტომ რომ, ვიცი, მე ვერ გავჩერდები. ვრეაგირებ ამაზე და ვიცი, კონფლიქტში ვერთვები. ტელევიზორშიც რომ ვუყურებ ასეთ სცენას, აქეთ, ეკრანის გადმოღმა ვგრძნობ, ლოყები მეწვის. 

– საერთოდ, ფიცხი ხართ?

– რაღაცას ვითმენ, იმიტომ რომ, დედაჩემმა მასწავლა თავის დროზე, თავი უნდა შევიკავო. თუმცა, შინაგანად ყველანი ფიცხები ვართ. ნასწავლი მაქვს, რომ არ შეიძლება და როგორი ვარ, არ ვიცი...

– როგორი ხართ გაბრაზებული?

– საშინელი. ნეტა, არასოდეს არავინ მნახოს გაბრაზებული (იცინის). ყოველ შემთხვევაში, ისეთმა ადამიანმა, რომელსაც თავს ვაწონებ. საშინელი ვხდები, აღმოჩნდა, რომ სათნოება და ეს ყველაფერი, მერე თურმე ჩემს წინააღმდეგ მუშაობს. აღარ ვიცი როგორ  მოვიქცე, დავიბენი, ცხოვრება სულ სხვა რამეა, დედაჩემმა სულ სხვა რამ მასწავლა. ისეთი შეუიარაღებელი, მოუმზადებელი ვიყავი კარგა ხანი, მთლად მარტო რომ დავრჩი ამ რეალობის წინაშე... ვახუშტის გვერდით მე ეს არ მაწუხებდა, ისე გავლიე 20 წელი და ახლა აღმოვჩნდი მარტო ცხოვრების პირისპირ. საკმაოდ დაუნდობელია იცი, ხალხი და კარგადაც  სარგებლობენ შენით – შენი კეთილშობილებით, მორიდებულობითა და ზრდილობით. ამით ნაწყენი შენს თავს ღალატობ. სხვანაირი ხდები. ცხოვრება გაიძულებს, რომ ისეთი გახდე, როგორიც არ  მოგწონს. 

– რა შემთხვევაში კარგავთ თავს?

– როცა ძალიან მიყვარს, მქონდა ასეთი ასაკიც. ახლა ასე აღარასოდეს მოვიქცევი (იცინის).

– მინდა...

– რაღაც ამბიციური სურვილები მაქვს (იცინის). მინდა, დავხატო, შევქმნა, ან დავწერო რაღაც ისეთი, რომელიც თვითონვე ძალიან დიდ აღტაცებას მომგვრის. სარკეში ჩავიხედები და საკუთარ თავს ვეტყვი, რომ ძალიან მაგარი ხარ-მეთქი. მინდა, მაგრამ რა იქნება, არავინ იცის.

– მომწონს...

– მოწონების უკან ყოველთვის დგას მოსაწონი საქციელი, მოსაწონი მანერა... ყველაფერი ესთეტიკურად გადაწყვეტილი.

– მაღელვებს...

– მაღელვებს ძალიან დიდ ემოციებზე შექმნილი ან შესრულებული ხელოვნების ნაწარმოები. მაღელვებს ისე, რომ შეიძლება, ერთხელაც ინფარქტი მივიღო და გაიგოთ, რომ მოუსმინა პლასიდო დომინგოს. ან ჩვენს გოგოებს, გინდა ნინო სურგულაძეს, ანიტა რაჭველიშვილს. 

– აღმაღშფოთებს...

– უტიფრობა.

– კომფოტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა...

– ვაკეთებ საყვარელ საქმეს ჩემთვის სასურველ გარემოში.

– ვის ეკუთვნოდა რჩევა, რომელიც ცხოვრებაში     გამოგადგათ და რა იყო მისი შინაარსი?

– ბევრი რჩევა  გამომადგა სხვადასხვა ადამიანების მიერ მოწოდებული. მამაჩემის რჩევა ჩამრჩა, რომელიც მეუბნებოდა: მძიმედ მოიქეცით და წონაში მეტი მოხვალთო.

– ცხოვრებამ მასწავლა, რომ...

– არ უნდა გაჩერდე.

– რისთვის ღირდა ცხოვრება?

– ცხოვრება ღირდა იმისთვის, რომ გამოვცადე სიყვარული. რომ არსებობს დედა, ახლობელი ადამიანები, მეგობრები... ძალიან დიდი ბედნიერებაა, უამისოდ ცხოვრება დიდი ტრაგედია იქნებოდა. აზრსაც დაკარგავდა.

– რას არ გააკეთებთ არასდროს, რამდენი ნულით დაბოლოებული თანხაც არ უნდა შემოგაძლიონ?

– ადამიანს არ გამოვუთხრი ძირს არასოდეს.

– რა მიგაჩნიათ საკუთარ მიღწევად?

– ის, რომ დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებებს.

– ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიგიღიათ?

– ის, რომ დავიწყე ხატვა. მაგრამ ეს ჩემთვის სუბიექტური განცდაა. ობიექტურად რას მივიღებ, მაგაზე პასუხს არ ვაგებ. მე არ მინდა ეს ვინმემ ჩათვალოს ისე, რომ ამით რაღაც განსაკუთრებული მოვლენა მოხდა მხატვრობაში. არა, – მხოლოდ და მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში.

– რით ხართ მდიდარი?

– ჩემი ახლობლებით და მათი სიყვარულით.

– როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი სიბერეში?

– ერთხელ, მე და ჩემი ბიძაშვილი ირმა ვუყურებდით საინფორმაციოს და გვაჩვენეს უცხოეთის ამბები. 90 წლის მოხუცები გამოდიოდნენ პოდიუმზე მთელი ამბებით (იცინის). ეს ხარ შენ, ეს არის შენი სიბერეო. ის ქალი, მართლა მგავდა გარეგნულად და ეცვა რაღაც ჩემს სტილში. ძლივს მოძრაობდა და თან, იპრანჭებოდა. არ ვიცი, ვინ იყვნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, თავდავიწყებით გამოდიოდნენ ამ პოდიუმზე. ასე მხედავენ ჩემი მეგობრები. შეიძლება, მართლები არიან. მეც მჯერა, რომ სიბერეს არ შევეპუები. 

–  რელიგიური ხართ?

– ეკლესიაში ვერ დავდივარ ინტენსიურად, აღსარებაც მითქვამს რამდენჯერმე, მაგრამ იმდენად სერიოზული იყო ჩემი მხრიდან და ისე ძალიან იმოქმედა ამ ყველაფერმა, გამიძნელდა ხელახლა იგივეს გაკეთება. ძალიან მინდა, ხელახლა შევუდგე ამ ყველაფერს, მაგრამ ვერ ვმაგრდები. ჩვეულებრივ, ყოფითმა ცხოვრებამ ჩამრთო თავის ორომტრიალში. წარამარა ვერც აღსარებას ვიტყვი და შესაბამისად, ვერც ზიარებას დავიმსახურებ. ისე შინაგანად ძალიან მაშინებს სამსჯავროს მოლოდინი. რადგან მჯერა ამ ყველაფრის. რელიგიურობაში არ ვგულისხმობ ეკლესიაში სიარულის სიხშირეს. ვიცი, რომ ყველგან ვჩანვართ და ვერსად დავიმალებით (იცინის). როგორც გოჩიაშვილმა თქვა თავის არჩევულებრივ ლექსში.

– რას დაწერენ თქვენზე 22-ე საუკუნეში?  

– „ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა,“ – გალაკტიონმა რომ თქვა. არ ვიცი, რა გითხრათ... ალბათ, დაწერენ, რომ ჩემს თავს ძალიან ბევრ უფლებებს ვაძლევდი. განსხვავებით სხვა ადამიანებისაგან, უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელი ვიყავი. ახლაც თავისუფალი და დამოუკიდებელი ვარ და არ მინდა, მყავდეს არც მბრძანებელი, არც მიმთითებელი და არც ამკრძალველი. იმიტომ რომ, არც მყოლია და ვერც მეყოლება. უფალმა ყველა ადამიანი თავისუფალი გააჩინა.

скачать dle 11.3