კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ განკურნა „თოვლის ბაბუა“ დათო როსტომაშვილმა სიცხიანი ბავშვი და რომელი საახალწლო ტრადიციის სჯერა მას განსაკუთრებით

ახალი წელი ახლოვდება და, შესაბამისად, თითოეულ ოჯახში სამზადისი აქტიურ ფაზაში გადადის. რაც უნდა ბევრი პრობლემით იყოს დატვირთული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება, ეს დღე მაინც ყველას გვახარებს და, ვცდილობთ, სადღესასწაულო განწყობა შევიქმნათ. ამჯერად, საახალწლო, პოზიტიური განწყობის შესაქმნელად დათო როსტომაშვილს მივმართეთ. აღმოჩნდა, რომ მას ახალი წელი ლაპლანდიაშიც ჰქონია გატარებული და თოვლის ბაბუად ყოფნის დროს სიცხიანი ბავშვიც განუკურნავს. მეკვლეც ბევრჯერ ყოფილა და მადლობის ნიშნად, ხუთიანებიც დაუმსახურებია.

– ბატონო დათო, რა გეგმები გაქვთ საახალწლოდ?

– დალევას ვაპირებ (იცინის). ოჯახთან ერთად შევხვდები რომელიმე კარგ რესტორანში. მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბებით და ისე აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს.

– რასთან ასოცირდება თქვენთვის ახალი წელი? 

– ახალი წელი დღესასწაულია, მაგრამ, რამდენჯერაც მოდის, იმდენი ერთი წელი გვემატება. ეგეც კარგია, ცუდი არ არის, უბრალოდ, ვბერდებით. ყველა ადამიანი უნდა დაბერდეს, აბა, ახალგაზრდა ხომ არ უნდა წავიდეს, ამ ქვეყნიდან?!

– ახალი წლის შემდეგ ნაბახუსევი და ზედმეტი კილოგრამები არ გაწუხებთ?

– ახლა მე გეტყვი. რა არის, იცი? შევემზადე უკვე ახალი წლისთვის – ერთი თვით ადრე დავიწყე მზადება და ახლა უკვე ოცდაათი კილოგრამი მაქვს მომატებული. ჰოდა, ახალ წელს ცოტასაც მივამატებ და, მერე ერთბაშად რომ დავიკლებ, ეგ უფრო ეფექტური არ იქნება?! იტყვიან, ნახე, რამდენი დაიკლოო (იცინის). მაგრამ, მინდა გითხრა, ამ ასოცირების ხელშეკრულებაზე რომ გვაქვს ხელი მოწერილი, ამიტომ, გოჭს აღარ შევჭამ. ამბობენ, სხვანაირად ევროპაში არ მიგიღებენო, მე კიდევ, ვიზა მაქვს და, რა გავაკეთო, ხომ არ გავაუქმებინებ?! (იცინის) ნაბახუსევს რაც შეეხება, კიდევ დავლევ. საერთოდ, ქართველებმა ნაბახუსევზე გამოსვლა არ ვიცით. ნაბახუსევი ცუდმა ღვინომ და უძილობამ იცის. ამიტომ, უნდა დალიო ცოტაოდენი, რომ მერე კარგად გამოხვიდე, მაგრამ, ჩვენ ბოლომდე ვსვამთ და ეს გრძელდება ერთი კვირა, სანამ არ დავცვივდით მაგდანას ლურჯასავით.

– ახალი წლის ტრადიციული რიტუალებიდან რომელს არ არღვევთ არასდროს?

– მეკვლის ტრადიცია არის ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ამას შეიძლება ვინმემ ცრურწმენა დაარქვას, მაგრამ მე მჯერა, რომ მეკვლეზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩემს ოჯახში ან მე შევდივარ ხოლმე სახლში მეკვლედ, ან – გიორგი, ჩემი შვილი. ჩემს დედმამიშვილებთან მივდივარ ხოლმე, დედაჩემთან და ახლობლებთან, ვისთანაც ვასწრებ მისვლას. ბროლიამ თუ არ დამასწრო ახალი წლის მილოცვა, მე ვულოცავ ხოლმე მათ (იცინის).

– რას გეუბნებიან, კარგი ფეხი გაქვთ?

– რა ვიცი, ეგრე ამბობენ. ბევრი მთხოვს მეკვლეობას და ფეხსაცმელებსაც კი ყიდულობენ ხოლმე ჩემთვის, ოღონდ მოდიო. შენ იცი, სვანს რომ თოვლის ბაბუობა უნდოდა? ისე ძალიან უნდოდა, რომ შვილიშვილს „თოვლი” დაარქვა (იცინის).

– რომელიმე ახალ წელს თუ გამოარჩევთ, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ?

– შარშანწინ ვიყავი ლაპლანდიაში. ძალიან მაგარი იყო. სანტა კლაუსმა მარხილებზე „გვაკატავა.” წელსაც დაპატიჟებული ვარ და შეიძლება წავიდე. შენ გგონია ვხუმრობ? მართლა ვიყავი. ჩემმა მეგობარებმა – კახა ჯოხაძემ და მიშა კიკნაველიძემ მიგვიპატიჟეს მე და ჩემი კიდევ ერთი მეგობარი, გია დონაძე, მეუღლეებით ვიყავით წასულები. თოვლის პაპა-სანტა კლაუსმა „გვაკატავა” მარხილებით; ელფებიც იყვნენ და საჩუქრებიც მოგვიტანეს.

– საახალწლო სუფრიდან რომელი კერძი გიყვართ განსაკუთრებულად?

– საცივი მიყვარს მეშვიდე დღეს. კარგად არის ჩაბუჟბუჟებული კაკალში ინდაურის ხორცი (იცინის).

– სახიფათო მდგომარეობაში არ აღმოჩენილხართ ახალ წელს?

– სახიფათო ფოიერვერკი თუ მოგხვდება, თორემ, სხვა რა უნდა დაგემართოს? (იცინის) ჰო, გამახსენდა: მარნეულში ვმუშაობდი. იმდენ ოჯახში მომიწია მისვლა, რომ, ძალიან დავიღალე და გზაში დამეძინა, საჭესთან. ცოტა ხანში გამეღვიძა, მართლა. 1996 წელი იყო. გზიდან რომ გადავედი, ხრეშის ხმამ გამაღვიძა. მერე რაღა დამაძინებდა შიშისგან, ძველით ახალ წელსაც კი უძილოდ შევხვდი (იცინის).

– განსაკუთრებული ისტორია არ გახსენდებათ ამ დღესთან დაკავშირებით?

– სკოლაში ვსწავლობდი და „თოვლის პაპას“ ფორმა მქონდა. იმ დროს ეს ძალიან დიდი რამე იყო. თეატრის გარდერობიდან ვითხოვე და ახალ წლებზე ჩემთან იყო. მივადექით ბიოლოგიის მასწავლებელს სახლში, ახლა მისი შვილი ჩემი შვილის ნათლიაა, მაგრამ, მაშინ არ ვიყავით ნათელ-მირონები. მეუღლემ გამიღო კარი. ჩვენ არ გამოგვიძახებია თოვლის ბაბუაო. მე ვუთხარი, თქვენ არ გამოგიძახებიათ, მაგრამ, მე მოვედი-მეთქი. შევედი, დავლიეთ. შვილი ჰყავდათ ჯარში და, იმ წელს გამოვიდა კანონი, რომლის მიხედვითაც, ნაადრევად დააბრუნეს სახლში. გადარეული იყო ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი – კარგი ფეხი გაქვსო და იმის მერე ხუთიანები არ მოუშორებია ჩემთვის. იქედან რომ წამოვედი, ისეთი მთვრალი ვიყავი, კიბეებს ვითვლიდი, ხომ არ მერევა-მეთქი. პირველ სართულზე რომ ჩამოვედი, კაცი გამოვიდა და მეუბნება: ვაიმე, შენ გენაცვალე, ბავშვი მყავს ცუდად და თოვლის ბაბუას ითხოვს, გეხვეწები, შემოდიო. დიდი სათამაშო მანქანა გამოიტანა სახლიდან, ვითომ შენ მოიტანეო. 40 გრადუსი აქვს სიცხე და გვიშველეო – ნამდვილ ამბავს გიყვები. შევედი მთვრალი, ძლივს ვიკავებ თავს, ბავშვმა რომ დამინახა, წამოხტა და ჩამეხუტა გულში. სამი-ოთხი წუთი არ იყო გასული, სიცხე გაუზომეს და აღარ ჰქონდა – სასწაული იყო. ბავშვი ემოციაა და, ნატვრა რომ შეუსრულდა, კარგად გახდა. მამამისი, თურმე, იმიტომ გამოსულა ქუჩაში, რომ საჩუქარი თვითონ შემოეტანა და ეთქვა, თოვლის ბაბუამ თვითონ ვერ მოახერხა მოსვლა და სხვას გამოატანაო. გამოვიდა და, მართლა არ იპოვა თოვლის ბაბუა?! (იცინის).

– თქვენ გჯეროდათ ბავშვობაში თოვლის ბაბუის არსებობის?

– არა. ჭკვიანი ბავშვი ვიყავი (იცინის). ნაძვის ხის ქვეშ მხვდებოდა ხოლმე საჩუქრები, მაგრამ, დავინახე ერთხელ, დედაჩემმა ჩანთით რომ მოიტანა (იცინის).

– თქვენ თუ იყავით თქვენი შვილებისთვის თოვლის ბაბუა?

– მე სულ თოვლის ბაბუა არ ვარ? უფრო სწორად, თოვლის პაპა – კახელი ვარ (იცინის).

– თუ დაიწყეთ ოჯახში საახალწლო სამზადისი?

– სამზადისს ვიწყებთ ხოლმე ორი თვით ადრე. კანფეტებს წინასწარ ვყიდულობთ – ახალი წელი მოდის და მერე რიგები იქნებაო. მაგრამ სანამ ახალი წელი მოვა, ის კანფეტები უკვე შეჭმული მაქვს (იცინის).

скачать dle 11.3