კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მცენარეა სიყვარულში წარმატების მომტანი და სად კეთდება თბილისში საშიში გამოქვაბული

თბილისის ბოტანიკური ბაღის ისტორია საუკუნეებს მოიცავს თავისი ტრადიციებით და ხელისუფლების ცვლილებებთან ერთად, ისიც ყოველთვის განიცდიდა პროგრესსა თუ რეგრესს. თუმცა, ჩემი ინტერესი ამ ბაღში არსებულმა მითიურმა მცენარეებმა გამოიწვია, რომელთა ჯადოსნურ ძალაზე არაერთხელ მსმენია. ადგილზე მისულს კი სულ სხვანაირი ბაღი დამხვდა, გასუფთავებული, დავარცხნილი და მოვლილი. მაგრამ, ვფიქრობ, სტატია განსაკუთრებით საინტერესო შეყვარებული წყვილებისთვის, ბარაქის მაძიებელთათვის და სტუდენტებისთვის იქნება.

 

– ქალბატონო ნინო, ქალაქის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ვამზადებ მასალას, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი ბოტანიკურ ბაღში თოვლის ბაბუის დასახლებაა. სიმართლე გითხრათ, ცოტა კრიტიკულად და სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ, რომ შემოვედი, სულ სხვანაირი ბოტანიკური ბაღი დამხვდა. მეჩვენება, თუ მართლა დასუფთავებულია?

ნინო გოცაძე (საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი): არ გეჩვენებათ. სამი თვეა, რაც დირექტორის თანამდებობა დავიკავე და პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს იყო წლების განმავლობაში ნაგროვები ნარჩენების გატანა. ჯერ კიდევ ამ დრომდე არ არის სრულად გასუფთავებული, მაგრამ მცენარეებმა სუნთქვა დაიწყეს. ასევე, დავაგეთ ასფალტის საფარი, მოვაწესრიგეთ წყალგაყვანილობის მილები.

– გასულ წლებთან შედარებით, როგორი ტენდენციაა დამთვალიერებლების მხრიდან, არდანაგვიანების კულტურამ მოიმატა თუ იკლო?

– ამას ახლა ვაკვირდებით, მაგრამ ეს, იცით, როგორი თემაა? ნებისმიერ ჩვენგანს დაბინძურებულ ადგილას გვიადვილდება კიდევ უფრო დაბინძურება. ანუ იქ, სადაც ნარჩენები ყრია, ადვილად შევმატებთ ხოლმე ნაგავს. მაგრამ ახლა, უკვე, როცა დასუფთავდა ყველაფერი, ბუნებრივია, იმ ადგილებში ცელოფნის ან სიგარეტის კოლოფის დაგდება, მოერიდება ადამიანს. თანაც, ნაგვის ურნები დავდგით ყველგან, რომ ვინმემ არ თქვას, აბა სად ჩავაგდოო.

– კარგი იქნება, უპირველესად, საპირფარეშოების პრობლემა მოაგვაროთ. ევროპელობაზე გვაქვს პრეტენზია, ლამისაა, მსოფლიო ტურისტულ ცენტრად ვაცხადებდით თავს და ამ დროს ქალაქის არცერთ წერტილში არ დგას ტუალეტი.

– გეთანხმებით. ამაზე უკვე ვიზრუნეთ და დაწყებულია სასმელი წყლის გაყვანილობის და საკანალიზაციო სისტემაზე მუშაობა, რომ ეს პრობლემა აღარ იყოს. გარდა ამისა, კიდევ უამრავი პროექტი გვაქვს, რომელიც განხორციელების სტადიაშია. გვინდა, ძველი ფრანგული ორანჟერიის აღდგენა-რესტავრირება.  ასევე ვაპირებთ საშიში გამოქვაბულის გაკეთებას, რომლის დეტალებზე საუბრისგან ჯერ თავს შევიკავებ. გვაქვს ბავშვებზე გათვლილი პროექტებიც, რადგან ჩვენი დიდი სურვილია, ბავშვებში გავაღვივოთ ამ ბაღის და ზოგადად, ბოტანიკის მიმართ ინტერესი. აუცილებელია, პატარაობიდანვე იცოდნენ, რატომ და როგორ უნდა მოუარონ მცენარეებს.

– მცენარეების ჯიშები სხვადასხვა ქვეყნიდანაც შემოგაქვთ თუ ადგილზე ხდება მათი გამოყვანა?

– 2011 წლიდან ბაღი გახდა „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის“  სტატუსის მქონე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ააიპ). გაწევრიანებულები ვართ, მსოფლიო ბოტანიკური ბაღების ასოციაციაში. ეს გვეხმარება, შევცვალოთ ან შევიძინოთ თესლები და ნერგები. ჩვენი თანამშრომლები სეზონურად დადიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ექსპედიციებში, სადაც ხდება თესლების შეგროვება. შემდეგ ამ თესლებიდან გამოგვყავს მცენარეები ბაღის ბოტანიკური კოლექციის გასამდიდრებლად. ამ ეტაპზე 3 500-ზე მეტი სახეობის ღია გრუნტის მცენარე გვაქვს. ვმუშაობთ ბაღის კოლექციების გამდიდრება-განახლებაზე. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, გარდა ადგილობრივი და ინტროდუცირებული სახეობებისა და ჯიშებისა, ფუნქციონირებს ტროპიკული ორანჟერეა, სადაც 1 000-ზე მეტი სახეობის მცენარეა თავმოყრილი. მინდა აღვნიშნო, რომ ასოციაცია „ქართუ“ 20 წელზე მეტია, ფინანსურ დახმარებას უწევს ბოტანიკურ ბაღს, რათა გაუმჯობესდეს ბაღის ინფრასტრუქტურა. ამას გარდა, მცენარეების ნაწილი ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადმოსცა ბაღს საჩუქრად. 

– გაქვთ თუ არა ისეთი უცანური მცენარეები, რომლებიც თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს?

– ყველა მცენარე ყურადღებას და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, ორი ხე აღმოჩნდა, რომელიც განსაკუთრებულად უნდა დავიცვათ. ერთი, ეს არის მარწყვის ხე, რომელიც საინტერესოა, როგორც ვიზუალურად, ისე თავისი სასარგებლო თვისებებით. მეორეა გინკგო ბილობა, რომელსაც განსაკუთრებით საგამოცდო პერიოდში ანადგურებენ. მაგრამ წელს ყველაზე მეტად კიდევ ერთი მცენარის განადგურების მეშინია, რომელიც გარდა იმისა, რომ ბარაქის მომტანი ყოფილა, თურმე, ცხვარსაც ჰყვარებია და წარმოგიდგენიათ, რა მოხდება ამ საახალწლოდ? ამიტომაც დაცვა განსაკუთრებით გვყავს ამ სამ მცენარესთან დაკავშირებით გაფრთხილებული. 

– ანუ, ცრურწმენების გამო ანადგურებენ ამ მცენარეებს?

– დიახ. მარწყვის ხეს, რომელსაც მეორენაირად „უსირცხვილოს“ ეძახიან, თურმე, სიყვარულში წარმატების მომტანი ყოფილა, მხოლოდ შეყვარებულებმა ან ცოლ-ქმარმა უნდა მიირთვან. გინკგო ბილობას კი ძირითადად სტუდენტები და აბიტურიენტები ანადგურებენ მეხსიერების გასაუმჯობესებლად. რეალურად მას მართლა აქვს სამკურნალო თვისებები, მაგრამ ვერაფერს გეტყვით ამ ხეების ერთი ფოთლის ან ნაყოფის ჭამით, რამდენად მყარდება სიყვარული ან მეხსიერება. თუმცა, რადგან ხალხი და არცთუ ისე მცირე ნაწილი ამას იყენებს, ვალდებულები ვართ, განსაკუთრებით დავიცვათ ეს მცენარეები.

– თქვენს ადგილას, მე სათითაო ფოთოლს და ნაყოფს გავყიდიდი.

– გაყიდვის რა მოგახსენოთ, მაგრამ სურვილი გვაქვს, გავხსნათ ხელის მოწერის სარიტუალო მომსახურება ჩვენს ახალ ორანჟერეაში, რომლის პროექტი ახლა მზადდება. ვფიქრობთ, სიყვარულის ხის ნაყოფი ნეფე-პატარძალს სიმბოლურად მივართვათ.

– მე სულაც არ ვუყურებ ასეთ ცრურწმენებს სკეპტიკურად და მჯერა მსგავსი სიმბოლიკების. როცა შეყვარებული მეყოლება, აუცილებლად მოვალ და იმედია, უარს არ მეტყვით?

– (იცინის) მეგონა, უკვე დაოჯახებული იყავით და თუ კი ჩვენი, ეგრეთ წოდებული, სიყვარულის ხე ამ პრობლემას მოგიგვარებთ, მზად ვარ დახმარებისთვის, მაგრამ მთლად ჩვენი ხის იმედზე ნუ იქნებით. ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა, ვინც ამ მცენარეებს უვლის, დაუოჯახებელია და როგორ დავიჯერო, არ ჰქონიათ სურვილი, ერთხელ მაინც მოეწყვიტათ და ეჭამათ ეს სიყვარულის ნაყოფი?

– შეიძლება, მათ არ სჯეროდათ ამ ნაყოფის ძალის, მაგრამ რა საინტერესოა – თქვენ თქვით, თანამშრომლების ნაწილი დასაოჯახებელიაო. თქვენი აზრით, მცენარეები ხომ არ განსაზღვრავენ ადამიანის ბედს?

– არ მგონია, ეს მცენარეების ბრალი იყოს. მე ვფიქრობ, ყველა სფეროში ასეა. როდესაც ადამიანი მთლიანად სამუშაოზეა ორიენტირებული, მით უმეტეს, თუ ეს სამეცნიერო საქმიანობაა, იქ ოჯახზე ფიქრისთვის დრო აღარ რჩებათ. წლები კი თავისთვის მიქრის. მეცნიერების არცთუ მცირე ნაწილი დაუოჯახებელი რჩება. ალბათ, ეს იმიტომ ხდება, რომ ვერ ახერხებს ადამიანი, ოჯახსაც და ასეთი ტიპის საქმესაც, ერთნაირად ყურადღებით მოეკიდოს და ამიტომ, რომელიღაც ყოველთვის რჩება დაზარალებული.

– არადა, ოდითგანვე, ბოტანიკური ბაღი წყვილების თავშესაქცევი და სასეირნო ადგილი იყო.

– ბოტანიკური ბაღის ისტორია თითქმის 500 წელს მოიცავს. ეს იყო დიდგვაროვანთა ბაღი, სადაც ისინი სეირნობდნენ და მათთვის ერთგვარ კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. აქ იმართებოდა კულტურული ღონისძიებები. სხვათა შორის, თბილისობის დღესასწაულიც სათავეს აქედან იღებს. მაშინდელი თბილისობა სწორედ ბოტანიკურ  ბაღში იმართებოდა. მეცნიერულ დონეზე ბოტანიკური დატვირთვა ბაღს ცოტა მოგვიანებით მიეცა. თავდაპირველად, ბაღში ძირითადად უცხოელი ბოტანიკოსები მოღვაწეობდნენ. სწორედ მაშინ გაძლიერდა სამეცნიერო მიმართულება, რადგან აქ მოიპოვებოდა სამკურნალო მცენარეები, რომელიც მუშავდებოდა და მზადდებოდა წამლები. აქედან გამომდინარე, იმ დროისთვის  სამეფო ბაღი გადაკეთდა სააფთიაქო ბაღად. უფრო მოგვიანებით, მეცხრამეტე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში, მეფისნაცვალ გრაფ ვორონცოვის ბრძანებულებით, სააფთიაქო ბაღს დაერქვა ბოტანიკური ბაღი.

– ქალბატონო ნინო,  ახლახან ჩამოყალიბდა „ბაღის მეგობრების ჯგუფი“ და საიდან გაჩნდა ეს იდეა?

– წლებია, ბაღში ვარჯიშობენ ძველი სპორტსმენები, რომლებიც საკუთარი სახლივით უვლიან და ეხმარებიან ბაღს. მქონდა მათთან შეხვედრის სურვილი. ეს შეხვედრა შედგა. მივაწოდეთ ინიციატივა, ჩამოგვეყალიბებინა „ბოტანიკური ბაღის მეგობრების ჯგუფი“. ორმხრივი შეთანხმებით, შედგა ჯგუფი, რომლის საპატიო წევრები ეს ადამიანები გახდნენ. ვიმედოვნებთ,  მომავალში ჯგუფის წევრების ოდენობა გაიზრდება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გახდეს ბაღის მეგობარი და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის აღორძინების საქმეში.

скачать dle 11.3