კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოქვაბულიდან – სოლიდარული საზოგადოებისკენ

ნომრის სტუმარია უჩა ვახანია, აღმასრულებელი დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციათა გაერთიანებისა – „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“. 

 

 – ბატონო უჩა, პირველ ყოვლისა, მკითხველს წარუდგინეთ თქვენი ორგანიზაცია.

– „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ არის კვალიფიციური შინმოვლის მიმწოდებელი ორგანიზაციების გაერთიანება. მისი მიზანია საქართველოში შინმოვლის ინსტიტუციური განვითარება. საქართველოში არის 9 კვალიფიციური შინმოვლის მიმწოდებელი ორგანიზაცია და მათგან 7 – კოალიციის წევრია.

– როგორია თქვენი ისტორია, რამ განაპირობა ერთობლივი საქმიანობის აუცილებლობა, მით უმეტეს, რომ ჩვენში გაერთიანებები სტაბილურობით არ გამოირჩევიან?

– 1990-იანი წლებში, უცხოელი დონორების მხარდაჭერით, რამდენიმე ქართულმა ორგანიზაციამ დაიწყო ბიო-ფსიქო-სოციალური მიდგომის დამკვიდრება და მაშინდელი პერიოდისთვის უცხო მომსახურებების განვითარება. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში ეს მომსახურებები შეზღუდული მასშტაბის, დონორებზე დამოკიდებულ მოდელებად რჩებოდა. 2006 წელს წამყვანმა შინმოვლის ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს ძალისხმევის გაერთიანება და შექმნეს კოალიცია. თქვენ მიერ აღნიშნული სირთულის მიუხედავად, შინმოვლის ორგანიზაციებმა მაღალი კულტურა გამოავლინეს და უცხოელი დონორებისა და ექსპერტების მხარდაჭერით მოახერხეს მდგრადი და მზარდი გაერთიანების ჩამოყალიბება. ერთობლივი ძალისხმევით მოვიპოვეთ ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატი – ISO 9001:2008 (მინიჭებულია SocialCert GmbH-ის მიერ, რომელსაც გერმანიის 500-ზე მეტ სამედიცინო-სოციალურ დაწესებულებაში დანერგილი აქვს ხარისხის მართვის სისტემა); გავხდით საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის – Interdiac-ის წევრი, რეგიონული ქსელის HomeCare Europe-ის ნამდვილი წევრი (ერთადერთი ორგანიზაცია ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან); ახლახან მივიღეთ გაწევრიანების ოფიციალური მიწვევა საერთაშორისო მეგაქსელში –  IAHSA-ში (International Association of Homes and Services for Ageing); პარტნიორ კოალიციებთან ერთად დავაფუძნეთ „საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“, ინტენსიურად ვმონაწილეობთ რეგიონული და საერთაშორისო ფორუმების საქმიანობაში. განვითარების ეტაპების გავლისა და ახალი ორგანიზაციების შემოერთების შემდეგ, კოალიცია გადაიქცა ეროვნულ დარგობრივ გაერთიანებად. 

– შთამბეჭდავია, თუმცა, თქვენ უფრო საგარეო საქმიანობებს გაუსვით ხაზი. მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რას აკეთებთ საქართველოში?

– კოალიციის წევრი ორგანიზაციები თითქმის ოცი წელია, ახორციელებენ შინმოვლის პროგრამებს. ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული საქმიანობები შეიძლება გაიყოს ორ მიმართულებად: შინმოვლის ქართული მოდელის შემუშავება და მისი დანერგვის ლობირება.

დასავლეთის ქვეყნებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, კოალიციამ შეიმუშავა და სხვადასხვა რეგიონში გამოსცადა შინმოვლის ქართული მოდელის ყველა კომპონენტი. ამრიგად, არსებობს მტკიცებულებებზე დამყარებული შინმოვლის ქართული მოდელი, რომელიც მზად არის ამ პრაქტიკის დასანერგად ქვეყნის მასშტაბით. პარალელურად, ვმუშაობთ პარლამენტთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, მუნიციპალიტეტებთან. შინმოვლის დანერგვის პროცესი დაწყებულია რამდენიმე მუნიციპალიტეტში, თუმცა საჭიროება ძალიან მაღალია და აუცილებელია ამ პროცესის ინტენსიფიკაცია და ინსტიტუციონალიზაცია, მით უმეტეს მაშინ, როცა დონორები გადიან ჩვენი ქვეყნიდან და სულ უფრო ძნელდება სერვისის დაფინანსება.

– დიდი ხანი არ არის, რაც ჩვენს ლექსიკონში გაჩნდა ტერმინი „შინმოვლა.” კარგი იქნება, თუ თქვენგან მოვისმენთ მის მნიშვნელობას.

– ტერმინი „შინმოვლა” იყო კოალიციური შეთანხმების შედეგი, როგორც home care-ს ქართული შესატყვისი. მანამდე კოალიციის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ტერმინს, მაგალითად: „სახლად მოვლა,” „პატრონაჟი ბინაზე,” „შინზრუნვა” და სხვა. შინმოვლა არის მოვლის საჭიროების მქონე პირისთვის სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე; ეს არის ხანგრძლივი მოვლის ერთ-ერთი სახე, რომელიც ფარავს მოსარგებლეთა არანაკლებ ორ მესამედს და არის განსაკუთრებით ეფექტური როგორც ჰუმანური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. მიღებულია გამოთქმა, რომ, შინმოვლის პროგრამა უფრო იაფია, ვიდრე მისი არარსებობა. მართლაც, ის მნიშვნელოვნად განტვირთავს ჯანდაცვის სისტემას, ეფექტურად ანაცვლებს, უპირველეს ყოვლისა, პირველადი ჯანდაცვის თუ ჰოსპიტალური სექტორის ძვირ მომსახურებებს. ეს განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენს ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვის შემდეგ. განვითარებულ ქვეყნებში შინმოვლა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების ერთ-ერთი ყველაზე კარგად განვითარებული და სწრაფად მზარდი სეგმენტია. ხანგრძლივი მოვლის სხვა სახეებია, მაგალითად, დღის ცენტრი, მოვლის სახლი, პანსიონატი, ხელშეწყობით ცხოვრება, სარეაბილიტაციო ცენტრი, განტვირთვის მოვლა, ჰოსპისი და სხვა, რაც განვითარებულ ქვეყნებში ეგრეთ წოდებულ ინტეგრირებული ზრუნვის ნაწილს წარმოადგენს და განაპირობებს იმას, რომ მოსარგებლე ყოველთვის იღებს მისთვის საჭირო მომსახურებას რესურსების ოპტიმალური ხარჯვის ფონზე. კოალიციის წევრებს აქვთ ხანგრძლივი მოვლის სხვადასხვა მომსახურებების გამოცდილება. რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამებს, ფრაგმენტულად არის განვითარებული ხანგრძლივი მოვლის ზოგიერთი სახე, ზოგი კი საერთოდ არ გვაქვს.

– გთხოვთ, დააზუსტოთ, რას ნიშნავს „მოვლის საჭიროების მქონე”, ანუ, ვინ არიან შინმოვლის მოსარგებლეები და რა მომსახურებას სთავაზობთ მათ?

– მოვლის საჭიროება აქვს ადამიანს, რომელიც დამოუკიდებლად ვერ ასრულებს ეგრეთ წოდებულ ყოველდღიურ საქმიანობებს (ADL), მაგალითად: დაბანა, კვება, გადაადგილება; ან – ყოველდღიურ ინსტრუმენტულ საქმიანობებს (IADL), მაგალითად: ნივთების ყიდვა, სახლის დალაგება, მედიკამენტების დამოუკიდებელად მიღება. 

ადრე თუ გვიან, მოკლე თუ ხანგრძლივი ვადით, ყველა ოჯახისა თუ ადამიანის წინაშე დგება ეს საჭიროება. საქართველოში ხანგრძლივი მოვლის პოტენციური მომხმარებლების რაოდენობა 2 პროცენტზე მეტია, ანუ, დაახლოებით 80 ათასი. ამას ემატება ეგრეთ წოდებული „არაფორმალური მომვლელები“, ანუ, ოჯახის წევრები (უხშირესად – მეუღლე, შვილი ან მშობელი), რომლებიც, სტატისტიკის თანახმად, საშუალოდ შვიდი წელი იმყოფებიან ამ მძიმე ფიზიკური და ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ; მოკლებულნი არიან კარიერისა და პირადი ცხოვრების მოწყობის საშუალებას. ხშირია ეგრეთ წოდებული „გადაწვის ფენომენი“. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანების მხარდამჭერი პროგრამები ჩვენში არ არსებობს.

შინმოვლის მიწოდება ხორციელდება მრავალდარგობრივი გუნდის მიერ (უფრო გავრცელებული ფორმაა ბარბარიზმი – „მულტიდისციპლინარული გუნდი”), შემთხვევის მართვის მეთოდით (აქაც ბარბარიზმი ჭარბობს – ქეის მენეჯმენტი”). გუნდის წევრები არიან: ექიმი, ექთანი, სოციალური მუშაკი, ტექნიკური ასისტენტი და საყოფაცხოვრებო ასისტენტი. კოორდინატორის ხელმძღვანელობით გუნდის თითოეული წევრი მოსარგებლეს აწვდის აუცილებელ პროფილურ მომსახურებას, კერძოდ, საექიმო და საექთნო დახმარებას, ძირეულ მოვლას (ზემოთ აღნიშნულ ყოველდღიურ საქმიანობებში დახმარება), სოციალურ და საყოფაცხოვრებო დახმარებას, არაფორმალური მომვლელის განათლებასა და მხარდაჭერას. 

– ძალიან საჭირო საქმეა, წარმატებებს გისურვებთ. დასასრულ, რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?

– პრობლემათა იერარქია პრიორიტეტულობას უნდა ემყარებოდეს, ანუ, უპირველესი უნდა იყოს იმ ადამიანებზე ზრუნვა, ვინც ყველაზე უარეს მდგომარეობაშია. განა რა შეიძლება იყოს უფრო მძიმე, ვიდრე ის, რომ ლოგინს მიჯაჭვულ ადამიანს არავინ ეხმარება საკვების მიღებაში, ან ტუალეტში გასვლაში; ან, კიდევ უარესი – უჩნდება ნაწოლები, კონტრაქტურები, აქვს გაუსაძლისი ტკივილი და მრავალი სხვა, ადამიანის ღირსებასთან შეუთავსებელი მდგომარეობა. ჩვენი საქმიანობისას ვხედავთ ისეთ პრობლემებს, რაც სხვათათვის უცნობიც არის და წარმოუდგენელიც და ეს არასდროს სააშკარაოზე არ გამოგვაქვს. ხშირად ვაწყდებით ფრაზას: „ფული არ გვაქვს“, რასაც უპასუხისმგებლობის ფორმად მივიჩნევთ. საქმის კეთება არასდროს იწყება ფულის დახარჯვის სურვილით – თავისუფალი ფული ბუნებაში არ არსებობს. ჯერ გაცნობიერდება პრობლემა, ანუ, რა არ მოგწონს; შემდეგ ჩნდება მიზანი – ანუ, როგორ მოაგვარებდი ამ პრობლემას; ამის შემდეგ – მეთოდი, ანუ, რა უნდა გააკეთო და, სულ ბოლოს არის ბიუჯეტი. ერთი სიტყვით, ყველაზე ცუდად მყოფ თანამოქალაქეებზე ზრუნვა ქვეყნის უპირველესი პრიორიტეტების ნუსხაში უნდა იყოს და შესაბამისი ბიუჯეტიც გამოიძებნება.

ლამაზია შადრევანიც და საახალწლოდ მორთული ქალაქიც, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ დახურული კარებისა და ფანჯრების მიღმა არიან ადამიანები, რომელთა გოდება ჩვენამდე ვერ აღწევს და ის მცირეოდენი კეთილდღეობა, რაც საზოგადოებას გააჩნია, მათაც უნდა გაუნაწილოს და ხელი გაუწოდოს. ეს არის არა კეთილი ნება, არამედ ვალდებულება, რომელიც ჩნდება უძლურებაში მყოფი ადამიანების უფლებების დასაცავად. 

ჩვენ ხშირად მოგვყავს ცნობილი ანთროპოლოგის მარგარეტ მიდის სიტყვები: „საზოგადოების განვითარების დონე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ზრუნავს თავის სუსტ და დაუცველ წევრებზე“. გამოქვაბულის ადამიანი დაავადებულ თუ დაშავებულ თანამოძმეზე არ ზრუნავდა, რაკი მას საერთო მეურნეობაში სათანადო წვლილის შეტანა აღარ შეეძლო. ჩვენი მიზანია, საზოგადოებაში აღდგეს და განვითარდეს ტრადიციული თანადგომის კულტურა, რათა გადავდგათ ნაბიჯი სოლიდარული საზოგადოებისკენ. სწორედ ეს იქნება ჩვენი საახალწლო სურვილი თანამოქალაქეების მიმართ.

 

მისამართი: თბილისი, ნუცუბიძის ქ. 187ა; 231- 62-02; ucha@homecare.ge

скачать dle 11.3