კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეცდომებს უშვებენ მშობლები შვილების აღზრდაში და რატომ იწვევს ზეზრუნვა ბავშვში უარყოფითი თვისებებისა და მავნე მიდრეკილებების გაჩენას

ის, რომ არასრულწლოვნები აქტიურად თამაშობენ აზარტულ თამაშებს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. თუმცა ეს საყველპურო აზრი ახლახან კვლევამაც გაამყარა. კერძოდ, არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ – არასრულწლოვნები გამოიკითხა და აღმოჩნდა, რომ გამოკითხული 100-მდე არასრულწლოვნიდან 67-მა კითხვაზე, ხართ თუ არა ონლაინ და ოფლაინ კაზინოებისა და ტოტალიზატორების მომხმარებელი, დადებითი პასუხი გასცა. აზარტულ თამაშებს ან ძალიან მდიდრები თამაშობენ, გართობის, ან ძალიან ღარიბები, გამდიდრების მიზნით, თუმცა სათამაშო ბიზნესი იმისთვის არ შექმნილა, რომ მოთამაშეები გაამდიდროს, პირიქით –  ეს ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია მსოფლიოში. ამის მიუხედავადაც, სათამაშო ბიზნესს მომხმარებელი არ აკლია, მათ შორის, ქართველი არასრულწლოვნების სახითაც. რა საფრთხეს შეიცავს ეს ტენდენცია და, საერთოდაც, რატომ ებმებიან ადამიანები სათამაშო მახეში? –  თემას ფსიქოლოგიიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ.

 

– რა იწვევს აზარტული თამაშისადმი მიდრეკილებას და რატომ არიან რისკჯგუფში მოზარდები?

– ეს მოვლენა ფსიქოლოგიაში ცნობილია, როგორც გარკვეული ფსიქიკური მიჯაჭვულობა აზარტული თამაშისადმი, რასაც ძალიან მძიმე შედეგები მოაქვს. როგორც უამრავი სხვა დაავადების შემთხვევაში, ეს ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობაც საჭიროებს დახმარებას ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით, ახალგაზრდებში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ახალგაზრდების სენია, რადგან მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული, როგორც ფსიქოლოგები იტყვიან, დისპოზიციური განწყობები, ანუ ქცევითი ნორმები და პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი ფასეულობები.

– მარტივად რომ ვთქვათ: არ იციან, რა არის სწორი და რა არასწორი, რის გაკეთება ღირს და რის –  არა?

– დიახ. ვინ არის, რას წარმოადგენს, რა ფასეულობები აქვს, როგორია მისი სოციალური სახე საზოგადოებასთან, მეგობრებთან, მშობლებთან მიმართებაში. დისპოზიციურ განწყობებზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ, როდესაც ახალგაზრდას, მოზარდს არ აქვს ჩამოყალიბებული დისპოზიციური განწყობები, ის ადვილად შეიძლება, მოექცეს იმ სიტუაციური განწყობების ზეგავლენის ქვეშ, რომლებიც თავისი სტერეოტიპულობით არანაირი სიღრმითა და სინამდვილით არ გამოირჩევიან. მაგალითად: ასეთი სტერეოტიპია, რომ თამაში კარგია, რადგან შეიძლება, მოიგო და გამდიდრდე. ასეთი აზრი გავრცელებულია გარკვეულ წრეში და სათამაშო დაწესებულებების რეკლამები სწორედ ასეთი სტეროტიპებით მუშაობენ და მოუწოდებენ ადამიანებს, ითამაშონ, გაერთონ, რომ აზარტული თამაში დიდი გართობა და დიდი სიამოვნებაა; რომ ეს დამახასიათებელია წარმატებული და ღირსეული ადამიანებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ, გაატარონ დრო ასეთ ქცევაში და დააჯილდოონ თავიანთი თავი მოგებით წარმატების მიღწევით. რა თქმა უნდა, ეს სტერეოტიპული აზრები მოკლებულია სიმართლეს და სიტუაციურ განწყობებზეა ორიენტირებული და მხოლოდ „თინეიჯერი“ შეიძლება, წამოეგოს მას და იცხოვროს ასეთი პრინციპით.

– აქვე ვიტყვი, ჩემს, ანუ მოთამაშის მოგებასა და სიამოვნებაზე რომ იყოს ორიენტირებეული სათამაშო ბიზნესი, მაშინ ის არ იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი. ამდენად, ის ცალსახად სწორედ ჩემს გაბრიყვებაზეა ორიენტირებული.

– რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ის სიმართლეა, რასაც მალავს კაზინო და სათამაშო დაწესებულება. ის ამბობს იმას, რაც მე ჩამოვთვალე და რაც მოქმედებს საზოგადოებაზე, ოღონდ არა ჩამოყალიბებული განწყობების მქონე ადამიანზე. მაგრამ მოზარდზე ასეთი აზრები იოლად ახდენს გავლენას და ადვილი წარმოსადგენია, რომ საბოლოოდ ის გახდება თამაშზე ამგვარი მიჯაჭვულობის მსხვერპლი, რაც ნარკომანიის მსგავს მიჯაჭვულობას წარმოადგენს. ადამიანს აღარ შეუძლია, არ ითამაშოს, არ იტრიალოს ამ მორევში, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი ტრაგედიაა: ასეთი ადამიანი კარგავს ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, მათ ნდობას. ვიმეორებ, თავისი არსით, ეს ძალიან ჰგავს ნარკოდამოკიდებულებას.

– არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანების ნაწილი ფიზიოლოგიურად არის მიდრეკილი ნიკოტინისადმი, ნარკოტიკისა თუ ალკოჰოლისადმი. ამიტომ შეიძლება, სვამდეს, ეწეოდეს ან იკეთებდეს, მაგრამ დაანებოს თავი, მაშინ, როდესაც, თუ მიდრეკილი ერთხელ მაინც გასინჯავს, დამოკიდებული ხდება. ახასიათებს ანალოგიური რამ თამაშისადმი მიდრეკილებას: ეს მიდრეკილება იმთავითვე დევს ადამიანში თუ შემდეგ ყალიბდება?

– ანალოგია არის, ეს შეიძლება, დაემართოს ნებისმიერს, მაგრამ განსაკუთრებით იმ ასაკში, როდესაც ყველაზე მყიფედაა მოცემული ადამიანის შინაგანი საყრდენები, როდესაც არ არსებობს პიროვნების ფსიქოლოგიური ჩონჩხი. ამიტომ, რადგან არ აქვს შესაბამისი ძალა და ნებისყოფა, ასეთ ასაკში შესაძლოა, ადვილად მოექცეს გავლენის ქვეშ და, საბოლოოდ, ეს გახდება ფსიქოლოგიური პრობლემა, რომლის მიმართაც ძალიან მოწყვლადი ხდება ამგვარი „თინეიჯერი“ და უჭირს, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, საჭიროა ჩარევა მშობლების, ხშირად –  ფსიქოლოგების, ანუ გარკვეულწილად აუცილებელია ფსიქოთერაპიული მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კიდევ უფრო უსუსურები შეიძლება, გახდნენ და დაიღუპონ კიდეც და ასეთი ფაქტი უამრავია.

– აზარტული თამაში ნარკოტიკს შეადარეთ. თუ ნარკოტიკის მიღება ასოცირდება სიამოვნებასთან, ეიფორიასთან, თუმცა მხოლოდ დასაწყისში, იმიტომ შემდეგ დოზის გაზრდა ხდება აუცილებელი იმავე შედეგის მისაღებად, რაც, როგორც წესი, ცუდად მთავრდება, აზარტული თამაშების შემთხვევაში რა არის მიზანი, რა სიამოვნებას იღებს მოთამაშე, რაც მიაჯაჭვავს მას თამაშს?

– უპირველესად, ეს არის გარკვეული აზრი და რწმენა, რომლის გათავისებაც მოზარდს უქმნის დადებით განწყობას თამაშისადმი. ის, რომ თამაში მისთვის არის სიამოვნების წყარო და მას დადებითი განწყობა აქვს ამ ქცევის მიმართ, რადგან თამაშის დაწყება მისთვის არის მოლოდინი სიამოვნების მიღებისა.

– ანუ მოგების მოლოდინი?

– დიახ, მოგების და დაჯილდოების მოლოდინია მისთვის მიმზიდველი, რაც საკმარისია იმისთვის, რომ დაიწყოს ამგვარი ქცევა.

– მაგრამ მოგება ხომ აუცილებელია? თუ სიამოვნება არ მიგრძნია ერთხელ მაინც, შეიძლება, მუდმივად მოლოდინის იმედით გავაგრძელო ასეთი ქცევა წლების განმავლობაში?

–  რა თქმა უნდა, მოგება განამტკიცებს ამგვარ ქცევას და ჩვეულებრივ არის კიდეც მოგებები, რაც იწვევს დიდ სიამოვნებას. შეიძლება, მოგების სიხშირე მცირე იყოს, მაგრამ მოგების მოლოდინი ასულდგმულებს მის მოწყვლად ფსიქიკას და ადვილად აწყებინებს თამაშს. ანუ მოგება მის მიერ განცდილია, როგორც წარმატება და სიხარული. ამასთან ერთად ისიცაა, რომ ფული ასეთი მოზარდისთვის განცდილია ზერელედ, ფულისადმი აქვს ნეგატიური დამოკიდებულება. მისთვის ფული არაფერს ნიშნავს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ასეთი განწყობები იწვევს იმას, რომ წაგებები შესაძლოა იმდენად მტკივნეული გახდეს, თავიც მოაკვლევინოს, მაგრამ, როდესაც ადამიანს ფულისადმი ზერელე და არაადეკვატური დამოკიდებულება აქვს, ადვილად იწყებს თამაშს. როგორც წესი, ხშირად ეს არ არის მის მიერ მოპოვებული ფული, არის მშობლების ან ნაჩუქარი და ამდენად, დამოკიდებულება ამგვარი ფულისადმი არის ზედაპირული. ანუ, ერთი მხრივ, სიამოვნება, მეორე მხრივ, ფულისადმი ზერელე დამოკიდებულება, დიდი ამბავი, თუ წააგო, ქმნის იმ პრელუდიას, რომლის შედეგადაც მოზარდი ებმება ამ მორევში და შედეგად წაგებები შესაძლოა იყო კოლოსალური. ანუ პროცესი იწყება სიამოვნებით და მთავრდება დიდი უსიამოვნებით. ამ ტრაგიკულ განცდებში მოზარდი ხშირად ისეა გამწარებული, რომ განაგრძობს თამაშს, სანამ შეუძლია –  უკანასკნელ თეთრამდე.  ეს არის გამწარებული, აზრდაკარგული ადამიანის ქცევა და ასეთი ადამიანი განწირულია წაგებისთვის: მას არ აქვს საღი აზრი, ლოგიკური აზროვნება, სიტუაციის ადეკვატური აღქმა, მას უნდა მოგება, მაგრამ სრულიად არაადეკვატურია მოგებისთვის. ამიტომ ასეთი ადამიანები განწირულნი არიან, ყველაფერი წააგონ და მართლაც ყველაფერს აგებენ, რაც კიდევ უფრო საშიშია მათთვის. ისინი არიან მდგომარეობაში, როდესაც ვერ აკონტროლებენ საკუთარ თავს, თუ რას და რატომ აკეთებენ. უბრალოდ განაგრძობენ ასეთ ქცევას იმის გამო, რომ აღარ შეუძლიათ, მოსწყდნენ თამაშის წყაროს და არა მარტო მაშინ როდესაც უკანასკნელ თეთრს აგებენ, არამედ შეუძლიათ, კიდევ იშოვონ ფული და ისევ დაუბრუნდნენ თამაშს, იმ იმედით, რომ წარმატებას მიაღწევენ, იმდენად არაადეკვატურია მათი შეფასების სისტემა.

– რა შეიძლება, ვურჩიოთ მშობლებს, რომ თავიანთ შვილებს ააცილონ აზარტული თამაშებისადმი მიჯაჭვულობა?

– ჩვენ მიერ დახასიათებულ ადამიანებს ახასიათებთ სიტუაციური განწყობების მიმართ მოწყვლადობა, იმპულსურობა, ცდუნებისადმი არამდგრადობა. საკმარისია, წამოვიდეს ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური იმპულსები, რომლებიც უბიძგებს თამაშისკენ, რომ ისინი უძლურები არიან, წინ აღუდგნენ ასეთ სურვილს. ძალა, რომლითაც შესაძლებელია ასეთი იმპულსებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, არის ნებისყოფა. რაც ფსიქოლოგიურად, „მინდასგან“ განსხვავებით ნიშნავს „უნდას“. „მინდასა“ და „უნდას“ დაპირისპირებაში თამაშისადმი მოწყვლადი მოზარდში ძლიერია „მინდა“, ნებისმყოფიან მოზარდში კი დომინანტია, „უნდა“, ანუ მიზანშეწონილია და ამიტომ გაცილებით ადვილად ერევა იმპულსურ სურვილებს. ასეთ მოზარდს, როდესაც აქვს სურვილი, ითამაშოს ან დრო ფუჭად დახარჯოს, შეუძლია, თავისი ძალა და ენერგია მიმართოს სწავლაზე ან იმარხულოს. ესე იგი, რელიგიურობაც, ამ თვალსაზრით, ნებისყოფის აღზრდაა, თუ როგორ უნდა მოიქცეს, რომ მიაღწიოს სათანადო შედეგს. ამდენად, მშობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვთ ნებელობის გავარჯიშებაში.

– ანუ, როგორც ყველაფერ სხვაში, ნებისყოფას აზარტული თამაშებისგან თავდაცვის საუკეთესო იარაღი ნებისყოფაა?

– ნებისყოფა და პასუხისმგებლობა. ამიტომ სწორედ ნებისყოფისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაა მთავარი პრობლემა სკოლისა და სტუდენტობის ასაკში. დაწყებული იმით, როგორ ახერხებს ბავშვი, მოუაროს თავის თავს: თვითონ ჩაიცვას თუ სხვამ ჩააცვას; თავისი ჩანთა, მძიმე თუ მსუბუქი, თავად ატაროს; მშობელი მას მისი ნიჭისა და ინტერესის გამოხატვაში უნდა ეხმარებოდეს.

– სამწუხაროდ, ჩვენ ეგოისტ ბავშვებს ვზრდით და შემდეგ გვიკვირს.

– თვითონ მოზარდი უნდა აკეთებდეს არჩევანს და არ უნდა აკეთებდნენ არჩევანს მის ნაცვლად, რადგან მისი ჩანთის ტარება შეიძლება, გადაიზარდოს იმაში, რომ მშობლებმა გადაუწყვიტონ, თუ ვინ უნდა მოეწონოს და ვისთან იმეგობროს. შემდეგ უკვე –  როგორი ცოლი მოიყვანოს ან როგორ კაცზე გათხოვდეს. როდესაც ბავშვს ართმევენ ინიციატივას, ამას შეიძლება, მოჰყვეს უსიამოვნებები. ჩვენს თემას რომ დავუბრუნდეთ: აზარტულ თამაშებს ეჯაჭვებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მოკლებულნი არიან პასუხისმგებლობის გრძნობას, დამოუკიდებლობას, ავტონომიურობას. ამდენად, მშობლები გარკვეული თვალსაზრისით, იმკიან შედეგს თავისი შვილების სახით. ხშირად ბავშვზე ზეზრუნვა იწვევს სწორედ ამ პასუხისმგებლობის წართმევას, არადა ჰგონიათ, რომ კარგს აკეთებენ გადამეტებული ზრუნვით, მაშინ, როდესაც პირიქით, ეს იწვევს ტრაგიკულ შედეგს;  ადამიანებს, რომლებიც მოკლებულები არიან საკუთარ თავზე ზრუნვას, არ გააჩნიათ საკუთარი მსოფლმხედველობა, საკუთარი დამოკიდებულებები, გემოვნება და განცდები, რის შედეგადაც იქცევიან თავისი შეხედულებების საწინააღმდეგოდ. საბოლოოდ კი, ეს გაუცხოებაა საკუთარ ბუნებასთან. ერთი სიტყვით, აზარტულ თამაშებში ჩაბმული ადამიანები საჭიროებენ ფსიქოლოგების დახმარებას და ეს არის იმ შეცდომების გაცნობიერება, რომლებიც დაშვებულია მათ აღზრდა-განვითარებაში.

скачать dle 11.3