კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კიბო დიაგნოზია და არა განაჩენი! ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ახალი ეტაპი კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც ცნობილი აკადემიკოსი  ფრიდონ თოდუა ხელმძღვანელობს, აღიარებული ლიდერია  არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში.  განუსაზღვრელია აკადემიკოს ფრიდონ თოდუას ღვაწლი ქართული მედიცინის განვითარებაში. მის მიერ დაარსებული კლინიკა მსოფლიოს ცნობილი სამედიცინო კლინიკების  ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს. რადიოლოგიის და ქირურგიის მთელ რიგ მიმართულებებში, ეს არის საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. 2014 წლიდან კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა დაიწყო  ონკოლოგიური მიმართულების გაძლიერება - აშენდა ახალი კორპუსი, სადაც განთავსდა ონკოლოგიის (ქიმიოთერაპიული) და რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტები. კლინიკაში დაინერგა  უახლესი, მსოფლიო სტანდარტის შესატყვისი  Varian-ის ფირმის 2 უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებელი  TrueBeam-ით, რაც ქართველ პაციენტებს, რომლებიც ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ ევროპისა და მეზობელ ქვეყნებში ჩადიოდნენ,  საშუალებას აძლევს დაზოგონ თანხა, ენერგია და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩაიტარონ სრულყოფილი, მაღალკვალიფიციური დიაგნოსტიკა და მკურნალობა. რა სიახლეებს სთავაზობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ონკოლოგიურ პაციენტებს,  ამის შესახებ კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეს ონკოლოგიის დარგში, ქალბატონ მაკა მაღლაკელიძეს და რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ბატონ მიხეილ ბარამიას გავესაუბრეთ. 

 

– ქალბატონო მაკა,    როგორია ონკოლოგიური დაავადებების სტატისტიკა  საქართველოში?

–  სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 12 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. ეს საკმაოდ მაღალი  ციფრია. მარტივი არითმეტიკული გამოთვლით გამოდის, რომ მარტო ჩვენს ქვეყანაში ყოველ  საათში 1 ადამიანზე მეტს უდგინდება კიბოს დიაგნოზი. ეს,  რა თქმა უნდა, მძიმე  სტატისტიკაა, თუმცა ნამდვილად არ მინდა, შევაშინო მოსახლეობა – კიბოთი ავადობის მაჩვენებლების მიხედვით საქართველოს შუალედური ადგილი უჭირავს მსოფლიოს განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. ონკოლოგიური ავადობის დინამიკა კი, იგივე კანონზომიერებებს ექვემდებარება, როგორიც დანარჩენ მსოფლიოში – მისი მატება რაიმე, განსაკუთრებით მაღალი ტემპით არ გამოირჩევა. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ჩვენთან ავადმყოფთა დიდი ნაწილი ექიმს მიმართავს დაგვიანებულ სტადიაში, არადა ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში, მკურნალობის ეფექტურობა პირდაპირაა დამოკიდებული ადრეულ დიაგნოსტიკაზე. რაც უფრო ადრე იქნება დასმული დიაგნოზი და დროულად ჩატარდება მკურნალობა, მით უფრო მაღალია გამოჯანმრთელების და სრული განკურნების შანსი. 

ონკოლოგია ყოველთვის იყო და, სამწუხაროდ, რჩება, გარკვეულწილად ტაბუდადებულ თემად. ადამიანების დიდი ნაწილი ონკოლოგიურ დიაგნოზს აიგივებს სასიკვდილო განაჩენთან. ეს ასე ნამდვილად არაა! დღეს ოცდამეერთე საუკუნეა და თანამედროვე მედიცინას ნამდვილად გააჩნია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ის მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც, შესაძლებელია ამ მძიმე სენის დამარცხება.  ამასთანავე, მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იცნობს ონკოლოგიური დაავადების ნიშნებს და არ აქვს გაცნობიერებული ექიმისთვის დროულად მიმართვის აუცილებლობა. უპირველესად, უნდა დავძლიოთ შიშის ფაქტორი და გავაცნობიეროთ, რომ კიბო არ არის სასიკვდილო განაჩენი. ეს არის დაავადება, რომელიც, როგორც ბევრი სხვა პათოლოგია, ექვემდებარება მკურნალობას. 

– რომელი ავთვისებიანი სიმსივნეებია უფრო მეტად გავრცელებული საქარველოში?  რომელი სიმსივნეები გვხვდება უფრო ხშირად მამაკაცებში და ქალებში? და საერთოდ,  შეიძლება თუ არა კიბოს თავიდან აცილება?

– ჩვენს პოპულაციაში მამაკაცებში ყველაზე ხშირია ფილტვის კიბოთი ავადობა, ხოლო ქალბატონებში – ძუძუს და რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნური პათოლოგიები. სიმსივნური დაავადებები მოსახლეობის ყველა ფენაში გვხვდება და უდიდეს ზიანს აყენებს საზოგადოებას. სიმსივნეები ვითარდება არა მარტო უფროსი ასაკის მამაკაცებსა და ქალბატონებში, არამედ ბავშვებსა და  ახალგაზრდებშიც. ამასთან, წლიდან წლამდე აღინიშნება დაავადების „გაახალგაზრდავების” ტენდენცია. თუმცა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კიბო მეტწილად მაინც ხანდაზმული მოსახლეობის ხვედრია. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მტკიცებით, 30%-ზე  მეტი კიბოს შემთხვევების პრევენცია შესაძლებელია ძირითადი რისკ-ფაქტორების თავიდან აცილებით, 30%-ში სწორად ჩატარებული მკურნალობა სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება. დანარჩენ შემთხვევებში, ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლის გახანგრძლივებისა და დარჩენილი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

– რა არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხდება ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბება ორგანიზმში?

– სამწუხაროდ, კიბოს გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს (ასეთ შემთხვეაში, კიბოს პრობლემა უკვე დიდი ხანია, დაძლეული იქნებოდა). ავთვისებიანი სიმსივნის ჩამოყალიბება ხდება უჯრედის ნორმალური განვითარების ციკლის დარღვევით. ეს დარღვევები ვითარდება  მრავალი შიდა და გარე ფაქტორების, ეგრეთ წოდებული „კანცეროგენების“  ზემოქმედებით.  

– ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, როგორც ვიცით,  საკმაოდ ხანგრძლივი და ძვირად ღირებული პროცესია, რომელთან გამკლავებაც ძალიან რთულია - როგორც ფიზიკურად, ისე ფინანსურად. რას აკეთებს სახელმწიფო ასეთი პაციენტების დასახმარებლად? მისცა თუ არა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ პაციენტებს რეალური შეღავათი?

–  ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, სამწუხაროდ,  საკმაოდ ხანგრძლივი და ძვირად ღირებული პროცესია, რომელთან გამკლავებაც მართლაც ძალიან რთულია ფიზიკურად, მორალურად და ფინანსურადაც. ონკოლოგიურ პაციენტებს, როგორც წესი, სჭირდებათ საკმაოდ ბევრი და სერიოზული გამოკვლევა და მკურნალობის თვალსაზრისით კი, არა მხოლოდ ქირურგიული ჩარევა, არამედ დამატებით რადიოთერაპიის და ქიმიოთერაპიის არაერთი კურსი. თუ აქამდე, პაციენტების ძალიან დიდი ნაწილი, უბრალოდ, ვერ იტარებდა მკურნალობას, ამჯერად ჯანდაცვა ნამდვილად საყოველთაო  გახდა – სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, მიუხედავად სქესისა, ასაკისა და სოციალური კუთვნილებისა. მას შემდეგ, რაც ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, სახელმწოფო მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც აქამდე არავითარი ფინანსური მხარდაჭერით არ სარგებლობდნენ. ეს რეალური შეღავათია.  გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პაციენტი აღარ არის შეზღუდული დაწესებულების არჩევაში. მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ისეთ დაწესებულებებში, რომლებიც აღჭურვილია ადეკვატური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო საშუალებებით, დაკომპლექტებულია შესაფერისად განსწავლული, მაღალკვალიფიციური კადრებით. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში უამრავმა, დიდმა თუ მცირე მასშტაბის კლინიკამ აიღო თავის თავზე ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა. შედეგედად კი, პაციენტი ხშირად არაპროფესიონალიზმის მსხვერპლი ხდება.

– ბატონო მიხეილ,  კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი აღიარებული ლიდერია რადიოლოგიისა და ქირურგიის მთელ რიგ მიმართულებებში. ეს არის საქართველოში ერთ-ერთი, უდიდესი სამკურნალო-დიაგნოსტიკური დაწესებულება, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და სამკურნალო აპარატურით. არის თუ არა დღეს თქვენს ცენტრში ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის შესაძლებლობა?  

– ყოველ წელს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის 40 000-ზე მეტი პირველადი პაციენტი მომართავს. მინდა გითხრათ, რომ უკანასკნელ პერიოდში, ონკოლოგიურმა პათოლოგიამ მკვეთრად იმატა.   2014 წლიდან ჩვენ გადავწყვიტეთ ონკოლოგიური მიმართულების გაძლიერება – აშენდა ახალი კორპუსი, სადაც განთავსდა ონკოლოგიის (ქიმიოთერაპიული) და რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტები. ექიმი-ონკოლოგების მიერ ხდება თითოეული ონკოლოგიური პაციენტის დეტალური გამოკვლევა და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ. ცენტრში,  უნიკალურ, რადიკალურ და ორგანოშემანარჩუნებელ ონკოქირურგიულ ოპერაციებთან ერთად, პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, აქვე ჩაიტარონ კომბინირებული და კომპლექსური მკურნალობის ყველა კომპონენტი – ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია. რადიაციული ონკოლოგიის განყოფილება აღჭურვილია Varian-ის ფირმის 2 უახლესი ხაზოვანი ამაჩქარებლით TrueBeam-ით. მასში ინტეგრირებულია სპეციალური კომპიუტერული ტომოგრაფი 3D გამოსახულების მიღებისა და მკურნალობის ტექნოლოგიების სინქრონიზაციით, რომლის საშუალებით პაციენტს უტარდება ზუსტ გამოსახულებაზე დაფუძნებული სხივური თერაპია. ეს უახლესი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, გაცილებით დიდი სიზუსტით, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაცვით, მოხდეს სამიზნე უბნის მაქსიმალური დასხივება. აპარატი ავადმყოფს უადვილებს სამკურნალო პროცედურებს, რადგან უახლესი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს დასხივების პროცედურის სწრაფ და ადეკვატურ ჩატარებას. თრუბიმის შემოტანა საქართველოში სხივური თერაპიის ახალი მიმართულების დასაწყისია. 

–  თქვენს  ინსტიტუტში მუშაობენ საუკეთესო ექიმები, რომლებიც თავიანთი დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან. მათი სახელები კარგადაა ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. თქვენი კლინიკა, ასევე,  უპრეცედენტოა მატერიალურ-ტექნიკური ბაზითაც.   

– თამამად და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია, ვთქვა, რომ აპარატურა, რომელიც ჩვენს ინსტიტუტშია, საუკეთესოა არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ მსოფლიოს ნებისმიერი წამყვანი კლინიკისთვისაც – დაწყებული თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობით, ულტრაბგერითი აპარატურით, რენტგენოგრაფიული დანადგარებით, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფებით, ენდოსკოპიური ტექნიკით და დამთავრებული, მართლაც რომ, უნიკალური საოპერაციო ბლოკებით თორაკო-აბდომინური, გინეკოლოგიური, მამოლოგიური, ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული და ნეიროქირურგიული ჩარევისთვის. დღესაც კი გაგიჭირდებათ, ევროპაში და თუნდაც ამერიკაში, კლინიკების მოძიება, სადაც სამედიცინო ტექნიკის ასეთი კონცენტრაციაა – ფუნქციონირებს 4 კომპიუტერული და 4 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი. მეტსაც გეტყვით, დგას საკითხი მეხუთე მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის შეძენისა, რადგან ამ განყოფილებაში მუდმივად რიგია. პაციენტები ჩაწერის გარეშე ვერ ხვდებიან გამოკვლევაზე და ეს, უპირველეს ყოვლისა, იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები ნდობას უცხადებენ ინსტიტუტს, ჩვენი კლინიკის ექიმებს. ბატონი ფრიდონი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სწორედ ნდობას აქვს უდიდესი როლი. პაციენტისთვის გადამწყვეტი ექიმია – პროფესიონალი, რომელმაც, გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტაციის საფუძველზე, სწორი დიაგნოზი უნდა დასვას. აქ შეცდომის უფლება არავის აქვს. 

– შეგიძლიათ თქვათ, რომ დღეს თქვენს ინსტიტუტში უკვე ყველა პირობაა შექმნილი ავადმყოფებისთვის სრულყოფილი ონკოლოგიური სერვისის მისაღებად? ხომ არ გეგმავთ უახლოეს მომავალში რაიმე სიახლეების დანერგვას?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში არც ერთ სხვა დაწესებულებაში არ არის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ისეთი შესაძლებლობები, როგორიცაა ჩვენს ინსტიტუტში. უკვე შევიძინეთ და გავუშვით ექსპლუატაციაში უნიკალური პათო-მორფოლოგიური ლაბორატორია;  ვაფართოებთ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის დიაპაზონებს; ჩავერთეთ ძუძუს და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამაში, რაც შესაძლებლობას აძლევს 40-დან 70 წლამდე ქალბატონებს უფასოდ ჩაიტარონ ჩვენს ცენტრში მამოგრაფიული გამოკვლევა და მამოლოგის კონსულტაცია; 25-60 წლის ქალბატონებს – პაპ-ტესტი და კოლპოსკოპიური კვლევა.   შეიძლება ითქვას,   რომ დინამიკური განახლების პროცესში ვიმყოფებით და ნამდვილად არ ვაპირებთ შევჩერდეთ მიღწეულზე. ბატონმა ფრიდონმა სერიოზული ამოცანა დააყენა ჩვენი ინსტიტუტისა  და ზოგადად, ქვეყნის წინაშე – გვინდა, შევქმნათ ისეთი ძლიერი ონკოლოგიური სამსახური, რომ არც ერთ ონკოლოგიურ პაციენტს არ მოუწიოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის საქართველოდან უცხოეთში გამგზავრება. ჩვენ გვინდა, ჩამოვაყალიბოთ მკაცრი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ონკოლოგიურ პაციენტებს გაეწევათ საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული მკურნალობა და მაქსიმალური ყურადღება მიექცევა მკურნალობის ხარისხს. ონკოლოგია ძალზე სპეციფიკური და რთული დარგია. ყველა დაწესებულებას არ ძალუძს ამ სირთულეებთან შეჭიდება.  დღეს ჩვენ ამისთვის საჭირო ყველა ინტელექტუალური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი გაგვაჩნია. ეს სერიოზული გამოწვევაა,  თუმცა, დარწმუნებული ვარ, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ამ ამოცანას ნამდვილად  გაუმკლავდება.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონებზე: 294-02-89, 234 -81-19

მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ¹13.

скачать dle 11.3