კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს...

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N27-20(729) 

პირველმა შოკმა რომ გაუარა, კოტემ გაიღიმა, ფეხი ფეხზე გადაიდო და დაუპატიჟებელ სტუმარს სიძულვილით მიაჩერდა:

– ესე იგი, კრიმინალი პრესკონფერენციის მოწყობას გეგმავს. საინტერესოა, ძალიან საინტერესო... მაინც, რა გგონია, შენ უფრო მოგისმენენ და დაგიჯერებენ თუ მე? რაც შეეხება ჩემს ცოლს, ვერც მაგით შემაშინებ, ისედაც ვაპირებდი ამ დღეებში მისთვის ყველაფერი მეთქვა.

– ჰო? ძალიან გამბედავი გამხდარხარ, ადრე ასეთი არ იყავი. მახსოვს, როგორ აცეცებდი თვალებს შეშინებული ვირთხასავით, როცა შენს ბიზნესპარტნიორსა და მფარველს ყოვლად უკადრისი მეთოდებით იშორებდი გზიდან. ისიც ხომ არ შეგახსენო, როგორ დაამთავრა სიცოცხლე იმ უბედურმა?

კოტეს წარბი არ შეუხრია ამ სიტყვების მოსმენისას. სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა, თითებს კი მელოდიურად აკაკუნებდა მაგიდის გაპრიალებულ ზედაპირზე.

– ისევ ისეთი იდიოტი ხარ, როგორიც იყავი. სულ ტყუილად გგონია, რომ რამე ისწავლე. მოდი, ასე შევთანხმდეთ: რაღაც თანხას მოგცემ, ოღონდ, იმიტომ არა, რომ შენი მეშინია. მაგ ნაბოდვარს არავინ დაიჯერებს. უბრალოდ, ძველი ნაცნობობის ხათრით; თან, ვითვალისწინებ ციხიდან ახალგამოსული კაცის მდგომარეობას და ამიტომ გეხმარები. ორი ათასი დოლარი გეყოფა იმისთვის, რომ დაიბანო, დაივარცხნო, წესიერი ტანსაცმელი იყიდო და ადამიანს დაემსგავსო, მერე რაღაც სამსახურის შოვნასაც შეძლებ, რაც მე ნაკლებად მაინტერესებს.

დიმიტრი ჭარხალივით გაწითლდა:

– ორი ათას დოლარად გინდა თავიდან მომიშორო, თანაც, ჩემი დუმილი იყიდო? დამცინი? მაგიტომ ვიჯექი თხუთმეტი წელი ციხეში?

– თხუთმეტი წელი იმიტომ იჯექი, რომ ამდენი მოგისაჯეს და ეგ ჩემი ბრალი სულაც არ არის.

– რა?! შენ არ მითხარი, რომ იმ ქალს უნდა დავჯახებოდი?

– მერე, კი არ უნდა მოგეკლა, იდიოტო, მხოლოდ უნდა შეგეშინებინა, შენ კი რა გააკეთე? – იფეთქა კოტემ, – ხომ იცოდი, მის მიმართ როგორი დამოკიდებულებაც მქონდა, რატომ იფიქრე, რომ გამიხარდებოდა, თუ მოკლავდი? რეგვენო! სიამოვნებით ჩემი ხელით დაგახრჩობდი მაგისთვის...

– იმიტომაც არ გააკეთე არაფერი, რომ ნაკლები მოესაჯათ? შენ კი დამპირდი, რომ...

– ჰო, დაგპირდი, თუ ყველაფერს ისე გააკეთებდი, როგორც მე გითხარი. შენ პირველმა დაარღვიე პირობა, ასე რომ, პრეტენზიები არ მიიღება.

– კოტე, ნუ ცდილობ, მოთმინება დამაკარგვინო...

– ჩემი მოთმინების ფიალის ავსებისაც გეშინოდეს... – წარბი შეიკრა კოტემ, – აიღე, რასაც გაძლევ და აქედან დამეკარგე. საკუთარ თავს დააბრალე, რომ ახლა ჩემ გვერდითა კაბინეტში არ ზიხარ. არადა, შანსი გქონდა, რომელიც ვერ გამოიყენე.

– ქალის მკვლელობასთან ერთად, მისი ქმრის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტიც მე შემომტენეს. ამაშიც ხომ შენი ხელი ერია?

კოტემ მხრები აიჩეჩა – ვერ გაიგებდი, ეთანხმებოდა თუ უარობდა.

– მოკლედ, მე ამდენი დრო არ მაქვს. თანახმა ხარ ჩემს შემოთავაზებაზე თუ არა?

– რომ არ დავთანხმდე? – მოსინჯა დიმიტრიმ ნიადაგი.

– შენი გადასაწყვეტია. მაშინ, ვერაფერს მიიღებ და ეგ იქნება. სულ რომ თავდაყირა დადგე, შანტაჟის რა ფორმასაც არ უნდა მიმართო, ორასი ათას დოლარს ჩემგან ვერ მიიღებ.

– ნაძირალა და საშიში კაცი ხარ, კოტე კიტია.

კოტემ გაიცინა:

– ციხეში მაგის გარდა ვერაფერს მიხვდი?.. ცუდია... თუმცა, თუ ადამიანი უჭკუოა, უჭკუოდვე დარჩება.

– ხუთი ათასი დოლარი მაინც მომეცი. მანქანას ვიყიდი და ვიტაქსავებ.

– ორი ათასი დოლარი და არც ერთი თეთრით მეტი, – ჯიუტად გაიმეორა კოტემ – ახლავე გაძლევ, იცოდე.

– სამი ათასი...

– ფუ, მევაჭრები? რა საზიზღრობაა! მაგრამ, მოგცემ სამი ათასს, ოღონდ, გაფრთხილებ: თუ ჩემს სიახლოვეს კიდევ გამოჩნდები, აღარ დაგინდობ. მიცნობ და, იცი, რისი გაკეთებაც შემიძლია.

– ჰო, ამის მაგალითები მაქვს, – დიმიტრის რიხი და შემართება სადღაც გაქრა და აკანკალებული თითებით ხარბად ითვლიდა ასდოლარიანების კუპიურებს, კიტიამ რომ დაუწყო წინ...

– შეიძლება, ზოგჯერ შემოგიარო ხოლმე? – ჰკითხა ზიზღით მომზირალ კოტეს, ფულის თვლას რომ მორჩა და ჯიბეში ჩაიკუჭა, – ისე, სალაპარაკოდ.

– არა! ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს.

– შენ ხომ ცოლს ყოველთვის ღალატობდი... მე კი პირველად რომ ვნახე, ვიფიქრე, ასეთი ლამაზი ქალი ჩემი რომ ყოფილიყო, ვერასდროს ვუღალატებდი-მეთქი.

– არ გინდა სენტიმენტები და ჩემს ცოლსაც შეეშვი – ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს.

– ჰო, შენ ერთხელ მითხარი, რომ ის ქალი გიყვარდა, მაგრამ, ისიც ხომ გაიმეტე...

– გეყოფა! ფული ხომ აიღე, წადი და უკან აღარ მობრუნდე... აღარასოდეს.

დიმიტრიმ თავი დააქნია და ადგა, მაგრამ, კართან მისული ისევ შემობრუნდა.

– კიდევ რამის თქმას თუ აპირებ, გაფრთხილებ, ჩემს მოთმინების ფიალას ერთი წვეთიღა აკლია და იმასაც დაკარგავ, რაც მოგეცი...

– დაგმშვიდობებოდი, მინდოდა... თუმცა, შენ ეს არაფერში გჭირდება.

– არც შენ გჭირდება, დამიჯერე...

დიმიტრი რომ წავიდა, კიტიამ რევოლვერი ისევ სეიფში შეინახა და დარეკა:

– ზურაბ, მე ამ დოკუმენტებს გავეცანი. მოკლედ, ჩემი ორი მაღაზიის გაყიდვა მინდა.... არა, ისინი ქალბატონ ელენეს არ ეკუთვნის.... არც ჩემზეა გაფორმებული, მაგრამ, ის ტიპი პრობლემას არ შექმნის... კარგი, შენ კლიენტი ნახე, დანარჩენს მე მოვაგვარებ... კი, მეჩქარება, თუმცა, იაფად გადაგდებასაც არ ვაპირებ... კიდევ რა აქტივები მაქვს? ჰო, მიწა, ვიცი... არა... მაგ ბინას დროებით თავი დავანებოთ, შეიძლება, დამჭირდეს...

***

ლენუკას ვიღაც ემოციურად, აჟიტირებული ელაპარაკებოდა მობილურით, როცა კოტე მისაღებ ოთახში, ცოლი სალონს რომ ეძახდა, შევიდა და სავარძელში ჩაეშვა. ლენუკამ ქმარს გაუღიმა და ტელეფონს ჩასძახა: – კარგი, კარგი, მერე დამირეკე... გამაოცე, მაგრამ, ისღა დამრჩენია, მოგილოცო..

– კოტე, ისეთ რაღაცას გეტყვი, გაგიჟები, – ლენუკა სავარძლის სახელურზე ჩამოუჯდა კოტეს და მხარზე ჩამოეყრდნო.

– მეც უნდა გითხრა რაღაც... – მძიმედ, ენის ბორძიკით თქვა კაცმა.

– მართლა? უკვე გაიგე? კი მაგრამ, საიდან? მეგონა, პირველს მე დამირეკა.

– ვის უნდა დაერეკა ან რა უნდა გამეგო? მე სერიოზულ თემაზე უნდა დაგელაპარაკო.

– რაზე? ალბათ, სანდროს შესახებ... იცი, რა ვიფიქრე? თუ ასე უნდა, წავიდეს ლონდონში. ფულიც არ არის პრობლემა. ბოლოს და ბოლოს, იმ ბინას გავყიდით, მაინც  ტყუილად არის. არც ვაქირავებთ და არც არავინ ცხოვრობს შიგ.

– იმ ბინას არ გავყიდით! – მოულოდნელად აფეთქდა კაცი, – არავითარ შემთხვევაში! მაგაზე არც მელაპარაკო. და, საერთოდაც, მინდა, სიმართლე იცოდე: მე მთელი ცხოვრება შენ გღალატობდი, ცოლად მოყვანის პივრელივე დღიდან... თიკოსთანაც გიღალატე, შენს დაქალთან – ორი წლის განმავლობაში იყო ჩემი საყვარელი, ევროპაშიც მყავდა რამდენჯერმე და მანქანაც მე ვუყიდე...

– გეყოფა! – შეჰკივლა ლენუკამ და ყურებზე აიფარა ხელისგულები, – გეყოფა! საკმარისია! ვიცოდი, რომ ნაძირალა იყავი! ვიცოდი, რომ სულ გყავდა ვიღაც – მაგის მიხვედრას დიდი გამჭრიახობა არ სჭირდებოდა, ნაირ-ნაირი სუნამოების სურნელით გაჟღენთილი პერანგებით ბრუნდებოდი სახლში და ისედაც გატყობდი, რომ აღარ გიყვარდი, თუკი საერთოდ გიყვარდი ოდესმე... მაგრამ, თიკო?!. ეს უკვე მეტისმეტია, თიკო როგორ ჩაიწვინე ლოგინში?! თიკოს დასავით ვენდობოდი... არადა, თურმე, ორი წელი იყო შენი საყვარელი და ორი წელი მაყრიდით თვალებში ნაცარს ორივე! მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია... – ლენუკას თვალები ცრემლებით აევსო და კოტეს პირველად შეებრალა ცოლი.

– მარტო მე არ ვარ დამნაშავე. თიკოსაც არ გაუწევია დიდი წინააღმდეგობა, თუ გინდა, სიმართლე იცოდე, – ჩაილაპარაკა თავის გასამართლებლად.

– გული მერევა შენზე... მინდა, მძულდე და, ალბათ, შეგიძულებ კიდეც, მაგრამ, ახლა ვერაფერს ვგრძნობ, გარდა აუტანელი ტკივილისა... არ გაპატიებთ ამას!

– და... რას იზამ, თიკოს მიუვარდები და თმაში ჩაავლებ ხელს, მე კი გამეყრები? – დაუფარავი ინტერესით იკითხა კიტიამ.

– თიკო გათხოვდა... – ჩამწყდარი, ჩაკარგული ხმით ჩაილაპარაკა ლენუკამ, – სწორედ მაგის თქმას ვაპირებდი, როცა მოხვედი... ბეჟანს გაჰყვა – იცი შენ ბეჟანი. ჰმ, სასაცილოა, რომ ეგეც მე გავაცანი... ესე იგი, ჩემთან როცა იყო და ვიღაცის ზარზე გარბოდა, შენ ბრძანდებოდი ის „ვიღაც“?

– ლენუკა, ახლა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს? ხომ ხედავ, ყველაფერი  გითხარი.

– რატომ მითხარი? სინდისმა შეგაწუხა? შენ რომ სინდისი გქონოდა, აქამდეც არ იქნებოდი ის ჩუმად... რაღა მაინცდამაინც დღეს გაიღვიძა? კოტე, ვიცი, რომ შენს არაკაცობას საზღვარი არ აქვს, მაგრამ, ამჯერად უნდა  მითხრა, რაშია საქმე, რა ჩაიფიქრე? მითხარი, ხომ ხედავ, მშვიდად გელაპარაკები... 

– შეყვარებული ვარ... – ხანმოკლე დუმილის შემდეგ, ყოყმანით თქვა კაცმა და საკუთარ თითებს ჩააშტერდა. 

ლენუკამ ჯერ განცვიფრებით შეხედა ქმარს, მერე კი ისტერიული სიცილი აუტყდა.

– ჰა, ჰა! შეყვარებული ვარო... იცი კი საერთოდ, რას ნიშნავს სიყვარული, რა არის ეს,  რა გრძნობაა? სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... ესე იგი, ორი წელი დაგჭირდა იმის მისახვედრად, რომ თიკო გიყვარს. აი, ბეჟანი შენზე გაცილებით სწრაფი აღმოჩნდა – სამ კვირაში გადაწყვიტა, ეს ქალი მიყვარსო და ცოლადაც შეირთო. დილით წასულან საქორწინო მოგზაურობაში... ახლა შენ რა გეშველება? გაგიფრინდა ჯულიეტა, შე უდღეურო რომეო...

კიტია ბოლომდე უხმოდ უსმენდა ცოლის მონოლოგს და მისკენ ერთხელაც არ გაუხედავს. ლენუკა სიგარეტის მოსაკიდებლად რომ გაჩუმდა, ხმადაბლა წარმოთქვა:

– მე თიკოსთან ყველაფერი დავამთავრე. სხვა შემიყვარდა...

ლენუკამ ზიზღით გადახედა ქმარს:

– შენ ავად ხარ... შემორჩენილი ჰორმონების მობილიზაციას ცდილობ და, რადგან იცი, რომ ეს დროებითია, გამწარებული დონჟუანობ... ვინ არის?

– არ იცნობ... ეს მართლა არ არის ის, რასაც შენ ფიქრობ...

– მე რასაც ვფიქრობ? შე უბედურო, შენ რომ ჩემი ფიქრების ან, ზოგადად, ქალის ფიქრების მიხვედრა შეგეძლოს, რაღა გიჭირდა? ვერ ნახე, თიკომ როგორ გამოგიყენა და მიგაგდო? – გათხოვდა გოგო! დარწმუნებული ვარ, ამ ახალსაც შენი „გამოწველა“ აქვს გადაწყვეტილი. თან გყავდა, ხომ, ირლანდიაში...

– ლენუკა მე ის მიყვარს და ჯერ არაფერი გვქონია...

– ეგ არის და დავიჯერე, რომ ხელიდან გაუშვებდი... მეზიზღები!.. როგორ ვიცხოვრე შენთან ამდენი წელი?

– ახლა გათავისუფლებ. მეც აღარ შემიძლია ტყუილში ცხოვრება. თან, გამუდმებით მასზე ვფიქრობ.

– საერთოდ არ გრცხვენია, ამას რომ მეუბნები? სულ დაკარგე სირცხვილი? – იწივლა ლენუკამ.

– მე ახლა ჩავალაგებ ჩემს ნივთებს და იმ ბინაში გადავალ... აღარ შეგაწუხებ...

– უნამუსო! ასე იოლად ვერ დამიძვრები! მე არასდროს დავთანხმდები განქორწინებაზე.

– ეგ მხოლოდ დროის საკითხია, საყვარელო, – გაეღიმა კოტეს, –  ველაპარაკე უკვე ჩემს ადვოკატს, მაინც გაგვყრიან.

– არაფერს მოგცემ, უკაპიკოტ დაგტოვებ!.. – მიაძახა ლენუკამ.

– მაგაზეც ვიფიქრე. ნუ ღელავ, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდება. მზად ვარ, ჩემი ქონების ნაწილს შეველიო კიდეც.

– ასე ძვირად გიღირს ის ძუკნა? – ისტერიულად აყვირდა ლენუკა, – კახპა! მითხარი, ვინ არის!

– საჭიროდ არ მიმაჩნია, გითხრა მისი ვინაობა, მით უმეტეს, რომ არ იცნობ.

– სანდრომ თუ იცის შენი ამჩატების ამბავი? გადარიე, ხომ, ბიჭი. იმის მაგივრად, რომ შვილის ბედნიერებაზე ფიქრობდე, პირადი ცხოვრების მოწყობით ხარ დაკავებული.

– მე მაქვს ამისი უფლება. მინდა, დარჩენილი წლები იმ ადამიანის გვერდით გავატარო, ვინც მიყვარს.

– ეგოისტი ხარ და ყოველთვის ასეთი იყავი. მეც ყოველთვის ფეხებზე გეკიდე და ყველა, მათ შორის – სანდრო...

– ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობაში ნუ ჩაერევი. სანდრო უკვე კაცია, ავუხსნი და გაიგებს.

– როგორ არა, გაიგებს... ხელის მომკიდედაც დაგიდგება ქორწილში, – დასცინა ლენუკამ, – მალე გნახავ, მიტოვებული და რქებდადგმული ისევ ჩემთან რომ მოხოხდები და პატიებას მთხოვ.

– ეგ არ მოხდება, – კოტე საძინებელ ოთახში გავიდა, კარადიდან ჩანთა გამოიღო და ტანსაცმლის ჩალაგებას შეუდგა.

– იცოდე, თუ ახლა წახვალ, უკან ვეღარასდროს მობრუნდები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვისაც, რომ სანდრომ შეგიძულოს!

– ვიცი, ცდას რომ არ დააკლებ, – ჩაეცინა კოტეს, – ეჭვი არ მეპარება მაგაში.

– ნუთუ აღარაფერი გაღელვებს, სულ არაფერი?

– მხოლოდ ის, რომ შენთან ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას ვერ მოვახერხებ. ყოველთვის ჩემს მტრად დარჩები, – ამოიოხრა კაცმა.

– მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა, ჩემს დაქალს რომ იწვენდი ლოგინში, არამზადა! წადი, დროზე წადი, შენი ყურება აღარ შემიძლია!

კოტემ ჯიბიდან გასაღებების აცმა ამოიღო, რგოლიდან რამდენიმე გასაღები მოხსნა და ლოგინზე დააწყო.

– აქ ამ ბინისა და წყნეთის სახლის გასაღებია, ორივეს შენ გიტოვებ.

– მე კი არა, შენს შვილს უტოვებ, დეგენერატო! მძულხარ, მძულხარ, მძულხარ! – ფეხები ისტერიულად დააბაკუნა ლენუკამ.

– წყალი დალიე, ლენუკა, დამშვიდდები... – კოტემ ჩანთას მოჰკიდა ხელი და გასასვლელისკენ გაემართა.

– დაიცადე, ეს გრჩება, – იწივლა ქალმა, ელექტროსაპარსი მთელი ძალით გაუქანა და ესროლა. კოტემ თავის გაწევა მოასწრო, საპარსი კედელს მოხვდა და ნაწილებად დაიშალა. კაცს არც უფიქრია მისი იატაკიდან აკრეფა, ცოლს საყვედურით შეხედა და კარი გაიჯახუნა. ლენუკა რამდენიმე წამი გაშეშებულივით იდგა, მერე ოთახში შევარდა, მობილური აიღო და სანდროსთან დარეკა, ბიჭმა რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა.

– სასწრაფოდ უნდა ჩამოხვიდე, სანდრო! ჰო, ძალიან ცუდად ვარ, ძალიან... მამაშენი სახლიდან წავიდა... სულ წავიდა... მშორდება... გემუდარები, როგორც კი მოახერხებ, მაშინვე წამოდი... ეს შენც გეხება... შეყვარებულია... ვინ და მამაშენი. დანარჩენს აქ მოგიყვები. ჰო, სწორედ ახლა გაიხურა კარი. ყოველთვის უსინდისო იყო, მაგრამ, აქამდეც თუ მივიდოდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი... ჩამოდი, შვილო... მარტო ვარ და ძალიან უბედური... რაღაც უნდა ვიღონოთ... ეგ ისეთი არამზადაა, ყველაფერს იღონებს, რომ ცარიელები დაგვტოვოს... უნდა ჩამოხვიდე!

...საკეტში მძიმედ გადატრიალდა გასაღები. დაგუბებული, მძიმე ჰაერი შესვლისთანავე დაეტაკა კოტეს და თავბრუ დაახვია. ჩანთა იატაკზე დადო და ფანჯარა გამოაღო, მერე ყველა ოთახი შემოიარა, ყველა ფანჯარა გააღო და მძიმე ხავერდის ფარდებიც ბოლომდე გადასწია... ხარბად სუნთქავდა ცივ ჰაერს და გრძნობდა, რომ მხრებიდან სიმძიმე მოეხსნა – ახლა უკვე შეეძლო, დაერეკა დიანასთვის და როგორმე მასთან ჩამოსვლაზე დაეთანხმებინა, ან, ბილეთი აეღო და თავად გადაფრენილიყო ლონდონში. კონკრეტულად რას ეტყოდა, ჯერ მოფიქრებულიც არ ჰქონდა, მაგრამ, ერთში მტკიცედ იყო დარწმუნებული – დეას გარეშე ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა...

 

 გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3