კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-50(729) 

– ახლა ცოტა შორიდან დავიწყებ, – თქვა ლიადოვმა, გააბოლა და განაგრძო, – თქვენი ოპერაციის პარელელურად, ჩემი განყოფილება ერთ ოპერაციას ატარებდა ლენინგრადში. კერძოდ კი – ზორბეგ შილბანის ბანდაში. ჩანერგილმა აგენტმა წარმატებით იმუშავა და ძალიან ძვირფასი ინფორმაციები მოიპოვა. ერთი სიტყვით, ისეთი აბლაბუდა გავაბით, რომ შილბანი და მისი ბანდიტები დღე-დღეზე უნდა გაგვება და გაგვენეიტრალებინა. თუმცა, ყველაფერი ჩაგვეშალა. ჩვენი აგენტი, სრულიად შემთხვევით, ავარიაში დაიღუპა და მთავარი სადავე გავუშვით ხელიდან. ახლის ჩანერგვა არანაირად არ გამოვა. ამას დრო სჭირდება. ნაჩქარევი მოქმედება კი ყველაფერს წყალში ჩაყრის და სამომავლო პერსპექტივასაც დავკარგავთ. ახლა მთავარს გეტყვით: დაღუპვამდე ორი დღით ადრე, ანუ ამ ერთი კვირის წინ, ჩემს აგენტთან ბოლო შეხვედრა მქონდა და როდესაც ანგარიშს მაბარებდა, ვინმე კალმარის სახელი ახსენა.

– კალმარის? – იკითხა გამრეკელმა.

– კი. კალმარის. მისი თქმით, ეს კალმარი რუზგენ ჩოჩიანის „კრიშაა.“ თურმე, ჩოჩიანს უხსენებია ერთადერთხელ შილბანთან მისი სახელი და ასე უთქვამს: ისეთი დამპალი და ტრაკია, რომ ახალშობილსაც კი მოკლავსო. ჩემი აგენტი და შილბანი ერთად იკეთებდნენ ხოლმე წამალს და კაიფში ზორბეგს ენა ეხსნებოდა, ყველაფერს ფქვავდა.

– ეს გასაგებია, მაგრამ, ჩოჩიანი რატომ ეტყოდა შილბანს ასეთ რამეს? – ჰკითხა გამრეკელმა ლიადოვს.

– ჩემი ვარაუდით, იმიტომ, რომ შესაძლოა, რუზგენმა თავი დაიზღვია და შილბანს გაანდო კალმარის ვინაობა. კალმარს კი უთხრა, რომ თუკი ის მის მოკვლას შეეცდებოდა, მაშინ მას მისი კაცი გაშიფრავდა. ვიმეორებ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდია, მაგრამ საკმაოდ საფუძვლიანი. ამის საფუძველს კი, თუნდაც ვახტანგ პატარიძისა და ნონა ბუთბას მკვლელობები მაძლევს.

– პატარიძე, პატარიძე, ეგ ნაძირალა. ძაღლი მიაკვდა სულში. მაგან დააყენა „ჟუკები“ და ოპერაციაც ამის გამო ჩაიშალა. რაც მთავარია, გივის სიკვდილიც მის კისერზეა, – თქვა გამწარებულმა გამრეკელმა.

– დარწმუნებული ვარ, რომ პატარიძე კალმარმა მოკლა. არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ პატარიძე კალმარის დავალებით მოქმედებდა. ბოლოს კი თავიდან მოიშორა. შეეშინდა, რომ ის „ჟუკებზე“ გაიშიფრებოდა და ჯაჭვი გაწყვიტა.

– ნონა ბუთბას რაღას ერჩოდა თუ, რა თქმა უნდა, ნონაც მისი მოკლულია.

– დარწმუნებული  ვარ, ნონაც მან მოკლა. ეტყობა, ნონამაც იცოდა, ვინაა კალმარი და თავი დაიზღვია. ჩემი აზრით, კალმარი ჩოჩიანის მოშორებასაც ფიქრობს, ან ფიქრობდა და ხელი შეეშალა. მოკლედ, ის, ჯერჯერობით უხილავი კაცი, ძალიან სასტიკი და დაუნდობელია. ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველას სასიკვდილო საფრთხე გველოდება. ის არც მოწმეებს ტოვებს ცოცხალს და არც პოტენციურ მტრებს. ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. რაც შეიძლება, მალე გავშიფროთ და სასიკვდილო დარტყმა მივაყენოთ.

– მაინც, რას ფიქრობ, პავლე, ვინ უნდა იყოს კალმარი? რა სფეროში მოღვაწეობს, უფრო სწორად, სად მუშაობს, თუ საერთოდ მუშაობს სადმე, – თქვა გამრეკელმა.

– ძნელი სათქმელია. თუმცა, ამაზეც ბევრი ვიფიქრე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს უხილავი კალმარი შეიძლება, ჩვენი კოლეგაც კი იყოს.

ლიადოვის სიტყვებმა გამრეკელს ფანტომი გაახსენა და წარსულის მოგონებები ამოუტივტივდა გონებაში, მაგრამ არაფერი უთქვამს. ზვიადაურმა კი, პაუზით ისარგებლა და თქვა:

– ჩოჩიანის სახლში რომ სარკიანი საიდუმლო ოთახი აღმოჩნდა, ის ვიღაც კალმარი ნამდვილად იქ იჯდა ხოლმე და ადამიანებს აკვირდებოდა. გივიმ მითხრა, – ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვიღაც უხილავი თვალი მაკვირდებოდაო.

– მახსოვს, – თქვა გამრეკელმა, – ეს მაშინ იყო, როცა გივი ჯაფარიძე შილბანმა ჩოჩიანს გააცნო.

– თუ თქვენი ვარაუდი სწორია, კალმარზე ჩოჩიანის ან შილბანის მეშვეობთ შეიძლება, გავიდეთ. ჩოჩიანი თუ დაიმალა, შილბანი ხომ ლენინგრადშია? მოდით, ჩუმად გავიტაცოთ და ძალით დავაფქვევინოთ ყველაფერი, – თქვა ზვიადაურმა.

– ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ შეუძლებელია, – ჩაეცინა ლიადოვს.

– რატომ? – ჰკითხა ზვიადაურმა.

– გუშინ შილბანის გვამი იპოვეს მოიკაში. გუშინწინ კი – „კრესტებში“ კნუტი მოკლეს...  ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ხიფათი გვიახლოვდება და მობილიზებულები უნდა ვიყოთ. ღმერთმა უწყის, ვინ, საიდან, რას გვიმზადებს. თანაც, ძალიან არეული დროა და ყველა ჯურის ნაძირალა ამ ეგრეთ წოდებულ არაფორმალებს ამოეფარა. თქვენ ეს არ უნდა გიკვირდეთ. თქვენთან ისინი ყველაზე მეტად აქტიურობენ, თქვა ლიადოვმა.

 სისხლი მაქვს გამშრალი. ცეკას პირველი მდივანი დღეში ასჯერ მირეკავს და მდგომარეობის ანალიზს მთხოვს. ხვალ დილით კი თავისთან დამიბარა, – თქვა გამრეკელმა.

– მდგომარეობის ანალიზი უნდა გააცნოთ? – ჰკითხა ზვიადაურმა გამრეკელს.

– არ მგონია, – თავი გააქნია მინისტრმა, – ვფიქრობ, პირველს ამჯერად სულ სხვა რამ აინტერესებს.

– მაინც, რა, ბატონო მერაბ?

– რა ვაჟა და ის, ორი მილიონი მანეთი, რომელიც მე ჩვენი ოპერაციისთვის გამოვიტანე დახურული ფონდიდან.

– მერე რა, ბატონო მერაბ. რა უნდა გითხრათ... ფული ოპერაციისთვის იყო საჭირო და პირადი საჭიროებისთვის ხომ არ გამოგიყენებიათ? თანაც, მილიონ-ნახევარი თქვენთარ არის სეიფში.

– ნახევარი მილიონის ანგარიშს მომთხოვს.

– იმით ხომ ჰეროინი შევისყიდეთ და წილები ჩოჩიანის ბანდიტებმა გაინაწილეს. ასე იყო დაგეგმილი და ოპერაცია რომ არ ჩაგვშლოდა, იმაზე მეტს ამოვიღებდით, რაც დაიხარჯა. დავიჯერო, ამას ვერ გაიგებს პირველი მდივანი?

– რომ არ ჩაგვშლოდა – ერთია, მაგრამ, ხომ ჩაგვეშალა, თანაც, აქ სხვა რამეშია საქმე. პოლიტიკის სუნი უდის. ერთი სიტყვით, ნუ გაგიკვირდებათ, რომ თანამდებობიდან გადავდგე.

– რას ამბობთ, ბატონო მერაბ, რა დროს გადადგომაა, – თქვა ზვიადაურმა. 

ლიადოვმა კი დაამატა:

– მე სულაც არ გამიკვირდება ეს. ჩვენთან, მოსკოვშიც ძალიან აიმღვრა წყალი და ვინ ვის ნიშნავს, თვითონაც არ იციან. თუმცა, უკეთესის იმედით ვიყოთ, – ლიადოვმა პაუზა გააკეთა. მასპინძელს შეხედა და უთხრა, – არა და, ჩემო მერაბ, სულაც არაა სასურველი ახლა შენი გადადგომა და ყველანაირად ეცადე, თანამდებობა შეინარჩუნო. ისინი ძლიერდებიან და ჩვენ თუ დავსუსტდით, მათი დამარცხება ძალიან გაგვიჭირდება.

– მარტო ჩემზე არაა ეს დამოკიდებული, – მხრები აიჩეჩა გამრეკელმა.

ლიადოვიც და ზვიადაურიც გამრეკელთან დარჩნენ ღამით. დილით ლიადოვი მოსკოვში გაფრინდა. ზვიადაური სამინისტროში წავიდა. მერაბ გამრეკელი კი გენერლის ფორმაში გამოეწყო და საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში გაემართა პირველ მდივანთან შესახვედრად.

პირველმა მდივანმა გამრეკელს ნახევარი საათი ალოდინა. შემდეგ ის კაბინეტში მიიწვიეს და რესპუბლიკის პირველმა პირმა შინაგან საქმეთა მინისტრს უთხრა:

– პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, ამხანაგო მერაბ.

– გადავიდეთ, ამხანაგო მდივანო. გისმენთ.

 პირველ მდივანს ჩაეცინა და გამრეკელს უთხრა:

– მე გისმენთ, გენერალო.

– რა გაინტერესებთ, მკითხეთ და მოგახსენებთ.

– რა და, დახურული ფონდიდან გამოტანილი ორი მილიონი მანეთის ბედი. სიგნალი მომივიდა, რომ ის ფული უმიზნოდ გაიფლანგა.

მერაბ გამრეკელმა კარგად უწყოდა, რომ ეს ეგრეთ წოდებული სიგნალი, პირველ მდივანს მისმა თანაშემწემ მიაწოდა. თანაშემწე კი რამდონიას სიმამრი იყო. სწორედ იმ რამდონიასი, რომელიც მრავალი წლის წინ მერაბ გამრეკელის ძალისხმევით მოხსნა ძველმა მინისტრმა ქუთაისის მილიციის სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან. გენერალმა ჩაშლილი ოპერაციის შესახებ დეტალურად მოუყვა პირველ მდივანს და ბოლოს უთხრა:

– წარუმატებლობის მიუხედავად, მილიონ-ნახევარი მანეთი და საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ჰეროინი, სეიფში მაქვს შენახული. ყველა ოფიციალური დოკუმენტიც თან ერთვის და ვინც ფიქრობს, რომ ფული ტყუილად გაიფლანგა, რბილად რომ ვთქვათ, ცდება.

– ნახევარი მილიონი მანეთი არცთუ ისე მცირე თანხაა, რომ ქარს გავატანოთ. მით უმეტეს, რომ ეს ფული ბოროტმოქმედებს ჩავარდნიათ ხელში და საკუთარი სიძლიერისთვის გამოიყენებენ. რა გამოდის? იმის მაგივრად, რომ მათ ვებრძოლოთ და დავასუსტოთ, ფულს ვუხდით და ვაძლიერებთ?

– ფული ფულია, ამხანაგო მდივანო, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე უფრო მეტია, შეუფასებელი. ამ ბრძოლას ისეთი ვაჟკაცი შეეწირა, რომელიც ჩვენს სამშობლოს უანგაროდ ემსახურებოდა.

– გასაგებია, ჩემო კარგო, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ეს ოპერაცია ცუდად იყო დაგეგმილი. თქვენივე თანამშრომელმა გაგყიდათ და გამოდის, რომ თქვენს უწყებაში ყველაფერი ვერაა წესრიგში. თქვენ ხართ ამაზე პასუხისმგებელი და სხვას რას ერჩით?

– პასუხისმგებლობას თავიდან არ ვიცილებ. თუმცა, ვერ დაგეთანხმებით, რომ ოპერაცია ცუდად იყო დაგეგმილი. პირიქით. მაგრამ, შეიძლება ითქვას, არ გაგვიმართლა. ასეთი რამ კი ხდება ხოლმე.

– მოკლედ, ასე მოვილაპარაკოთ. ერთი თვის ვადას გაძლევთ, რომ რესპუბლიკაში შექმნილ სიტუაციაზე კონტროლი დავამყაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთმანეთთან დაშორება მოგვიწევს და თქვენს ადგილზე სხვას დავნიშნავ. ახლა კი თავისუფალი ხართ. ნახვამდის.

– კარგად ბრძანდებოდეთ.

სამინისტროში დაბრუნებულმა გამრეკელმა ვაჟა ზვიადაური გამოიძახა და პოდპოლპოვნიკს უთხრა:

– პირველმა მდივანმა ერთი თვის ვადა მომცა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გასაკონტროლებლად. ერთი სიტყვით, ერთ თვეში ახალ მინისტრს დანიშნავს და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ცხონებული გივის ცოლ-შვილისა და ჩვენი უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

– რას ამბობთ, ბატონო მერაბ, რა ახალ მინისტრს. თქვენზე უკეთესს ვის იპოვის, ან ჩვენ რა პროცესები უნდა გავაკონტროლოთ. თუ პირველი მდივანი მიტინგებსა და არაფორმალურ მოძრაობას გულისხმობს, ეს ხომ „კაგებეს“ კომპეტენციაა და ჩვენ ჩვენს საქმეს კარგად ვუძღვებით.

მინისტრს ჩაეცინა და ზვიადაურს მიუგო:

– პირველი მდივანი მიზეზს ეძებს ჩემს მოსახსნელად და ძაღლის თავიც სწორედ აქაა დამარხული. თორემ, მან მშვენივრად იცის, თუ ვის რა ევალება და ვინ რას და როგორ ასრულებს. სიმართლე გითხრა, კარგიცაა, რომ შეცვლას მიპირებს.

– რატომ?

– იმიტომ, ჩემო ვაჟა, რომ სამომავლოდ კარგს ვერაფერს ვხედავ. ყველაფერი ისეა მიშვებული,  კარგი არაფერი მოხდება და როცა ასეთ დროს შინაგან საქმეთა მინისტრი ხარ, აუცილებლად გაგხვევენ დიდ შარში. არარსებულ დანაშაულს დაგაბრალებენ და განტევების ვაცადაც გამოგიყენებენ. ამიტომ, ასეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიგდო თავი. კიდეც რომ არ გამათავისუფლონ, ჩემით წავალ.

– სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ მივხვდი, რას გულისხმობთ.

– მაგალითს მოგიყვან, – თქვა გამრეკელმა და გააბოლა, – ავიღოთ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა. ხალხი არაფორმალ ლიდერებს უჭერს მხარს. ეს მხარდაჭერა სულ მალე კიდევ უფრო გაიზრდება და ასპროცენტიანი გახდება. შესაბამისად, გაიზრდება გამოსვლების მასობრიობა. მიტინგების სიდიდეს, თან მოჰყვება რადიკალური მოთხოვნები. პირდაპირ გეტყვი, ერთ მშვენიერ დღეს მავანი გამოვა და იტყვის, საბჭოთა კავშირს გამოვეყოთო. დაიწყება აქციები და აი, სწორედ ამ დროს მოგვთხოვენ აქტიურ ჩარევას. რა არის ეს ჩარევა? რა და მიტინგების დაშლა, ძალის გამოყენება. ჰოდა, ასეთ დროს აუცილებლად შეტაკება მოხდება. დარწმუნებული ვარ, რომ სისხლიც დაიღვრება და ამ სისხლს ჩვენ დაგვაბრალებენ. ასეთ დროს კი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მინისტრს ეკისრება და ნამდვილად არ მსურს, სისხლიანი მინისტრის იარლიყით ვიცხოვრო. ამიტომ, ერთი თვის შემდეგ, ყველა შემთხვევაში დავტოვებ თანამდებობას. დღესვე წავიდოდი, მაგრამ, ჩვენს უსაფრთხოებას უნდა მივხედო და მომავალმა მინისტრმა მოაგვაროს დანარჩენი. პირველი მდივანი ვერც კი ხვდება, თუ რა შარში უნდა გაებას და ეს რომ იცოდეს, ახლავე გადადგებოდა.

– ბოდიში, ბატონო მერაბ, მაგრამ, ხომ არ გეშლებათ? ვითომ, მართლა ასე მოხდება?

– თავს დავდებ, რომ კი, – ჩაეცინა მერაბ გამრეკელს, – მეტსაც გეტყვი. დარწმუნებული ვარ, სულ მალე იმ ნაძირლების მასა, ვისაც ჩვენ დღეს ვდევნით, ხვალ-ზეგ უკვე სრულიად ლეგალურად გამოვა ასპარეზზე. ზოგიერთი პატრიოტის გვირგვინს დაიდგამს. ზოგი ბიზნესმენობას ამოეფარება და ასე შემდეგ. სინამდვილეში კი, იმავე სიდამპლესა და სისაძაგლეს ჩაიდენენ, რასაც მთელი ცხოვრება აკეთებდნენ. დარწმუნებული იყავი, რომ არც ჩვენ დავავიწყდებით და ყოველნაირად შეეცდებიან შურისძიებას. ამიტომ, მათ შემოტევებს მომზადებულები უნდა დავხვდეთ. სწორედ ამისთვის მინდა ეს ერთი თვე და ამის სათქმელად მოგიწვიე აქ.

– გისმენთ, ბატონო მერაბ. რა უნდა გავაკეთო? – უთხრა ზვიადაურმა გამრეკელს.

– უპირველესად, გივი ჯაფარიძის ცოლ-შვილის უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ. პავლე ლიადოვს უნდა ვუთხრათ, რომ ჯაბასა და თეას საცხოვრებელი ადგილი შეუცვალოს და მოსკოვს მოაშოროს. მათი იქ ყოფნა დღესდღეობით ძალიან სახიფათოა. ამიტომ, ხვალვე მოსკოვში გადაფრინდები და გენერალს კონფიდენციალურად დაელაპარაკები. მათი ადგილსამყოფელი უნდა იცოდეს პავლე ლიადოვმა და შენ.

– გასაგებია, – მშვიდად მიუგო გამრეკელს ზვიადაურმა.

– ახლა მეორე, – გენერალმა პაუზა გააკეთა და თქვა, – ჩვენ, ანუ იმ ხალხმა, ვინც ბოლომდე ვენდობით ერთმანეთს და ეჭვი არ გვეპარება ერთმანეთისადმი ერთგულებაში, ჩვენი დაცვის საიმედო ბაზა უნდა შევქმნათ. როგორც უკვე გითხარი, მომავალში დიდი სირთულეების წინაშე დავდგებით და ამ ყველაფერს მომზადებულები უნდა შევხვდეთ.

– გისმენთ, ბატონო მერაბ, ყურადღებით გისმენთ. რა ბაზაზეა ლაპარაკი.

– უპირველესად, მთელი ჩვენი საიდუმლო არქივი უნდა გადავმალოთ, რომელიც ჩვემს პირად სეიფში ინახება და სადაც შავი სამყაროს წარმომადგენლების აგენტურული საქმიანობაა დაფიქსირებული. მომავალში უმეტესი მათგანი ასპარეზზე გამოვა და ამ კომპრომატს თავის დასაცავად და ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ, თუკი დაგვჭირდება. მეორე – არსებობს გაუფორმებელი, მსუბუქი შეიარაღების არსენალი. ეს არსენალი არასანქცირებული ოპერაციებისთვისაა განკუთვნილი და არასდროს გამომიყენებია, რადგან მსგავსი მეთოდებით არ გვიმუშავია. ამ არსენალის ნაწილი უნდა გადავმალოთ. ნაწილს კი სიით გადავაბარებ ჩემს მომავალ კოლეგას. მესამე – ჯერ კიდევ შენი თანამდებობა მეკავა, როდესაც მოსკოვში ერთი ოპერაცია ჩავატარეთ. ერთმა გადმობირებულმა „ვალუტჩიკმა“ თავისი კოლეგების კვალზე გამიყვანა და ოცი კილოგრამი ოქრო ამოვიღეთ. ისე მოხდა, რომ ამოღებული ოქრო დაიკარგა. შემდეგ გავარკვიე, რომ ეს ოქრო რამდენიმე პაგონიანმა მაღალჩინოსანმა გაინაწილა. „ვალუტჩიკები“ კი დახოცეს და ასე წაშალეს კვალი. ერთი სიტყვით, საქმე ისე მოაწყვეს, რომ ოქრო მათ არავინ მოსთხოვა და ვერც იმათი მხილება მოხერხდა. მოკლედ, ძალიან სუფთად იმუშავეს. მოგვიანებით, იმ პაგონიანთა ბანდამ ჩემი აგენტი გაშიფრა და თავდასხმა მოუწყვეს, რომ ბოლო მოწმეც თავიდან მოეშორებინათ. მძიმედ დაჭრილმა აგენტმა მოასწრო ჩემთვის ეთქვა, რომ მას კიდევ ოცდაათი კილოგრამი ოქრო ჰქონდა გადამალული. ის, ანუ აგენტი ამ ოქროთი უცხოეთში გაქცევას აპირებდა. მან ოქროს ადგილმდებარეობა მითხრა და გარდაიცვალა. გადავამოწმე და ოცდაათი კილო ოქრო მართლაც ადგილზე დამხვდა. წესით, ეს ოქრო უნდა ამომეღო და სახელმწიფოსთვის ჩამებარებინა, მაგრამ არ გავაკეთე. ამ შემთხვევაში ვიშიფრებოდი და იმ პაგონიანი მაღალჩინოსნების სამიზნე ვხდებოდი. ამიტომ, ოქროს ხელი არ ვახლე, თუმცა, არც პირადი საჭიროებისთვის გამომიყენებია. შენ ის ოქრო უნდა ჩამოიტანო და ყველაფერთან ერთად გადამალო. სამომავლოდ დაგვჭირდება, – თქვა გამრეკელმა და მცირე პაუზის შემდეგ ისევ განაგრძო, – სიმართლე გითხრა, სინდისი მქენჯნიდა ამ წლების განმავლობაში და რამდენჯერმე ანონიმურადაც კი მინდოდა ამ ოქროს დაბრუნება. თუმცა, ეს არ გავაკეთე და დარწმუნებული ვარ, სწორადაც მოვიქეცი. ჩათვალე, რომ ის ღმერთმა გვაჩუქა და გამოგვადგება. რას იტყვი, თანახმა ხარ ამ ყველაფერზე?

– თანახმა ვარ, ბატონო მერაბ.

– რატომ ხარ თანახმა, ჩვენ ხომ უკანონობას ჩავდივართ? ჩვენი უპირველესი მოვალეობა კი – კანონის დაცვაა.

– იმიტომ ვარ თანახმა, ბატონო მერაბ, რომ თუკი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც თქვენ ვარაუდობთ, ჩვენ, პატოიოსანი ხალხი აღმოვჩნდებით ბესპრეძელშჩიკების დატყმის ქვეშ და ყველაფერი ეს საკუთარი ოჯახებისა და პატიოსანი ხალხის დასაცავად გვჭირდება. სწორად გავიგე?

– აბსოლუტურად სწორად, – მიუგო გამრეკელმა ზვიადაურს და დაამატა, – მეოთხე: ამ ყველაფრის მცველი იქნები შენ და შენვე უნდა შეარჩიო შესანახი ადგილი. სასურველია, თბილისიდან მოშორებით გააკეთო ეს. შეძლებ?

– შევძლებ. მე ხომ ახმეტიდან ვარ წარმოშობით და იქ დედაჩემი ცხოვრობს. არის იქ ერთი საიმედო ადგილი და ყველაფერს იმ ადგილას გადავმალავ, ისე, რომ ეშმაკიც ვერ იპოვის, – მიუგო ზვიადაურმა.

 – ჰოდა, ძალიან კარგი. ხვალ მოსკოვში შეხვდები ლიადოვს. შემდეგ, ოქროს მატარებლით წამოიღებ. დანარჩენს მე დაგახვედრებ აქ და როგორც კი სამალავს მოაწყობ, ყველაფერს იქ გადავზიდავთ.

– გასაგებია, ბატონო მერაბ, – თქვა ზვიადაურმა და გენერალს ჰკითხა, – შეიძლება, ერთი რამე გკითხოთ?

– რა თქმა უნდა.

– ბატონო მერაბ, კიდევ ვინაა ჩვენთან ერთად?

– ამ ეტაპზე – კოტე სოხაძე, ნოე ბუცხრიკიძე და გულბათ მარგიანი. შემდეგ კი, ვნახოთ. თქვენ ოთხს საკუთარი თავივით გენდობით და სხვებს ჯერ ვაკვირდები.

– კარგი. წავალ, თუ მეტი საქმე არ გაქვთ ჩემთან.

– თავისუფალი ხარ, ვაჟა. ამიერიდან მეტი სიფრთხილე და ყურადღება გმართებს. აბა, შენ იცი. შენი იმედი მაქვს.

– არ იდარდოთ, ბატონო მერაბ. არასდროს გიღალატებთ და ყველაფერი კარგად იქნება, – მიუგო ზვიადაურმა მინისტრს და კაბინეტიდან გავიდა.

 ვაჟა ზვიადაური რომ გაისტუმრა, მერაბ გამრეკელმა კოტე სოხაძე გამოიძახა და უთხრა:

– რა ქენი?

– ყველფერი რიგზეა, მერაბ. ჩემი ხელით გავამზადე კონტეინერი და მხოლოდ გადამალვაღა უნდა, – მიუგო მინისტრს მისმა მოადგილემ და ჰკითხა, – შენ რა ქენი?

– ველაპარაკე ვაჟას და თანახმაა. სამალავი ახმეტაში გვექნება. მამისეულ კარმიდამოში საიმედო ადგილი ჰქონია და ყველაფერს იქ გადავმალავთ.

– ოქროზე რა ხდება?

– ხვალ ვაჟა მოსკოვში მიფრინავს ლიადოვთან შესახვედრად და ოქროსაც ის წამოიღებს მატარებლით.

– ლიადოვიც საქმის კურსშია?

– ჯერჯერობით არა.

– რატომ, არ ენდობი?

– როგორ არა. მაგრამ, ჯერ არაა საჭირო მისთვის ამის გამხელა. რა გვეჩქარება, ვნახოთ, როგორი „რასკლადი“ გადაეწყობა. ლიადოვის ჩართვას ყოველთვის მოვასწრებთ და მოვლენებს ჯერ ნუ გავუსწრებთ წინ.

– აბა, რატომ აგზავნი ვაჟას ლიადოვთან?

– გივი ჯაფარიძის ცოლ-შვილის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ახლა ისინი ლიადოვს მოსკოვში ჰყავს გადამალული, მაგრამ ეს ძალიან საშიშია. მინდა, მოსკოვიდან მოშორებით გაიყვანოს და შემდეგ მომავალი გვიჩვენებს, – მიუგო გამრეკელმა და ჰკითხა, – ნოეს და გულბათს ელაპარაკე?

– კი.

– რა თქვეს?

– ჩვენ გვერდით დგანან. შენ, რა სხვა პასუხს ელოდი?

– არა, მაგრამ საქმის კურსში ხომ უნდა ჩაგვეყენებინა ისინი.

– მოკლედ, აქ ყველაფერი რიგზეა. შენ რა ჰქენი? რა გითხრა ამხანაგმა პირველმა მდივანმა? – ირონიით თქვა კოტე სოხაძემ.

– ამხანაგი პირველი მდივანი მოხსნას მიპირებს და ერთი თვის ვადა მომცა სიტუაციის კონტროლზე ასაყვანად.

– მდაა, – გაეცინა სოხაძეს, – ესე იგი, ვერ ხვდება, თუ რა შარში უნდა გაეხვეს.

– ვერა.

– მოკლედ, რას ვშვრებით?

– როგორც შევთანხმდით. ბაზას შევქმნით, ყველაფერს დავაბინავებთ და მე თვითონ გადავდგები.

– ესე იგი, ყველაფერი გეგმით მიდის.

– კი ბატონო, მასეა.

– ძალიან კარგი. თუ აღარ გჭირდები, მაშინ, წავალ.

– წადი და არაფერი შეიმჩნიო. ამ დღეებში ხუთივე შევიკრიბოთ და შევჯერდეთ. მოდუნდი და ჩვეულებრივად იმუშავე.

ვაჟა ზვიადაური მეორე დღეს მოსკოვში გაემგზავრა. ოთხ დღეში კი უკან დაბრუნდა და მინისტრს ეახლა.

– რა ქენი, ვაჟა, როგორ ჩაიარა შენმა ვოიაჟმა? – ჰკითხა გამრეკელმა ზვიადაურს.

– თეა და ჯაბა ვოლოგოგრადში არიან. პირადად ჩავიყვანე და დავაბინავე. ოცდაათი კილოგრამი ოქრო კი კაბინეტში მაქვს შენახული.

– ძალიან კარგი. არქივი და იარაღით სავსე კონტეინერი უკვე გამზადებულია. ნამგზავრი ხარ და დაისვენე. შემდეგ ახმეტაში გაემგზავრე და სამალავი მოამზადე. კვირის ბოლოს კი მე, შენ, კოტე სოხაძე, გულბათ მარგიანი და ნოე ბუცხრიკიძე შევიკრიბოთ და შევჯერდეთ.

– გასაგებია.

– რა დრო დაგჭირდება სამალავის მოსამზადებლად?

– ხვალისთვის უკვე მზად იქნება. კონტეინერი და არქივი რა მოცულობისაა?

– ორივე „მოსკვიჩის“ ფურგონში მოთავსდება, ოქროს ზოდების ნერჟავეიკიან ყუთთან ერთად.

– რით და როდის გადავზიდოთ?

– რადგან სამალავი ხვალ იქნება მზად, მაშინ ზეგვე. კოტე სოხაძეს ლილოში დილის ცხრა საათზე დახვდი. ოქროც დამიტოვე... დატვირთული გამოივლის ფურგონიანი „მოსკვიჩით“.

– გასაგებია. ჩავალ და ოქროს ამოვიტან.

– მოიცადე. ჯერ ცხონებული გივი ჯაფარიძის ცოლ-შვილის ამბავი დაწვრილებით მომიყევი. როგორ არიან ჯაბა და თეა?

– ჩემს ნათლულს რა უჭირს. სამი წლისაა, ჯერ და ბევრი არაფერი გაეგება, რაც ხდება. თუმცა, მამას კითხულობს. დედამისს ეუბნება – მამიკო როდის წამიყვანს მაიმუნების სანახავად ზოოპარკშიო.

გენერალს თვალზე ცრემლი მოადგა და საკუთარი მამა გაახსენდა. ამოიოხრა და თქვა:

– მაიმუნებით სავსე ზოოპარკი არაა ეს ქვეყანა? თეა?

– აი, თეა კი ძალიან ცუდადაა. ერთბაშად მოტყდა. ვეღარ ვცნობ. არა და, იცით, რა მაგარი გოგო იყო? ჯაბა აცოცხლებს, თორემ ვინ იცის, რას ჩაიდენდა.

– მარტო ცხოვრობენ?

– არა, ბატონო მერაბ. ერთ ხანში შესულ ქალთან.

– ხანში შესულ ქალთან?

– დიახ. ძალიან მაგარი ქალია, ძველი მზვერავი. მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების ზურგში მუშაობდა. გენერალ პავლე ლიადოვის ერთი დაღუპული თანამშრომლის დედაა – ვარვარა სერგეევნა ფირსოვა. ქალიშვილობის გვარი ანდრეევაა. ქმარიც მზვერავი ჰყავდა, მაიორი იური ფირსოვი და ფაშისტების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. ვიტალი ფირსოვს კი, მათ ვაჟს, კარგად ვიცნობდი. უცოლო იყო და ერთი ციმბირული ბანდის უფროსმა მოკლა ირკუტსკში. გივიც კარგად იცნობდა მას და სხვათა შორის, სწორედ, გივიმ იძია მასზე შური. ცოფიანი ძაღლივით მოკლა. მთელი მჭიდი დააცალა.

– შური იძია?

– დიახ. პავლე ლიადოვი კინაღამ გადაირია ამის გამო და გივის არ ელაპარაკებოდა. ლიადოვმა გივის იმ ბანდიტის მოტაცება დაავალა და იმიტომ. გივის კი ნერვებმა უმტყუნა და ის ნაძირალა ჩააძაღლა. ეს ყველაფერი კარგად იცის ვარვარა სერგეევნამ. თეასა და ჯაბას ისე უვლის, როგორც საკუთარ რძალსა და შვილიშვილს.

– კარგი. გასაგებია. ახლა ოქრო ამომიტანე და საქმეს მიხედე.

თხუთმეტი წუთის შემდეგ, კაბინეტში მარტო დარჩენილ მერაბ გამრეკელს მაგიდაზე ოქროს ზოდებით სავსე, უჟანგავი ფოლადის ყუთი ედგა. მან ეს ყუთი უზარმაზარ სეიფში ჩაკეტა. შემდეგ კოტე სოხაძეს დაურეკა და თავისთან დაიბარა.

– რა ხდება, მერაბ? – ჰკითხა სოხაძემ გამრეკელს.

– ვაჟამ ოქრო ჩამოიტანა და სეიფში მაქვს ჩაკეტილი. ხვალისთვის სამალავს გაამზადებს და ზეგ დილით ყველაფერი იქ უნდა გადაზიდოთ. ზვიადაური ცხრა საათზე ლილოში დაგვხვდება და ახმეტაში წაგიყვანს. სადაა „მოსკვიჩი“?

– სახლის გარაჟში მიყენია.

– საღამოს შემომიარე და ოქროს გაგატან.

– კარგი.

– კვირის ბოლოს კი, ყველანი შევიკრიბოთ და დავილაპარაკოთ. ჩემთან, წყნეთში ავიდეთ აგარაკზე, რომ ხელი არავინ შეგვიშალოს.

– ნოე და გულბათი საქმის კურსში არიან?

– კი. ორივე კვირას ჩამოვა თბილისში.

– გასაგებია. წავედი და საღამოს შემოგივლი, – უთხრა კოტე სოხაძემ მერაბ გამრეკელს და მინისტრის კაბინეტი დატოვა.

***

კვირას, მერაბ გამრეკელი და მისი ოთხი უახლოესი თანამშრომელი დილიდანვე შეიკრიბნენ მინისტრის წყნეთის აგარაკზე. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ, გენერალმა სტუმრებს უთხრა:

– წუხელ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე. ორ კვირაში თანამდებობიდან მივდივარ და 19 თებერვალს მინისტრი აღარ ვიქნები.

სოხაძემ და ზვიადაურმა წინასწარ იცოდნენ მინისტრის ეს გადაწყვეტილება და ხმა არ ამოუღიათ. გულბათ მარგიანისა და ნოე ბუცხრიკიძისთვის კი ეს სიახლე იყო და ორივეს სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა.

– კი მაგრამ, რატომ, მერაბ, მოხდა რამე? – ჰკითხა გენერალს გულბათმა.

– იმიტომ, ჩემო გულბათ, რომ სისხლიანი ხელები არ შემაწმინდონ, – მიუგო აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს გამრეკელმა.

– ვერ ვხვდები, – მხრები აიჩეჩა გულბათმა.

– ჰაერში სისხლის სუნი ტრიალებს და აუცილებლად რაღაც მოხდება. სახალხო გამოსვლები კიდევ უფრო გაიზრდება და წესრიგის დამყარებას მოგვთხოვენ. ამას ძალის გამოყენება დასჭირდება და აუცილებლად დაიღვრება სისხლი. თუნდაც თქვენთან, აფხაზეთში რა ხდება, ხომ ხედავ?

– ნუ იტყვი. სისხლი მაქვს გამშრალი. ერთი მიტინგი არაა დამთავრებული, მეორე რომ იწყება და ასე, დაუსრულებლად. ფიზიკურად ხალხი არ მყოფნის ყველგან გასაგზავნად, – თქვა მარგიანმა.

– ეს მხოლოდ დასაწყისია. ყველაფერი უარესობისკენ წავა. მთავრობის ბრალია ეს და შედეგებზე ჩვენ მოგვთხოვენ პასუხს. ამიტომ, დროზე უნდა ავიცილოთ თავიდან ეს შარი.

– ბატონი მერაბი მართალია, – ჩაერთო ნოე ბუცხრიკიძე, – ქუთაისში არაფორმალები მართავენ სიტუაციას და უკვე ჩვენც ფეხებზე ვკიდივართ. არადა, მათ შორის ბევრი პრისტუპნიკია და სიტუაციას სათავისოდ იყენებენ. დაიჭერ ვინმეს? ჭიანჭველებივით შემოგესევიან. მიტინგს მიტინგზე მოგიწყობენ და მუშაობას არ გაცლიან. კარგია, თქვენ თვითონ რომ წამოწიეთ ეს თემა. მეც გადავდგები.

– მაშინ, მეც, – თქვა გულბათმა. სოხაძეს და ზვიადაურს შეხედა და ჰკითხა:

– თქვენ?

– თავისთავად, – ერთხმად, ღიმილით მიუგეს გულბათს კოტემ და ვაჟამ.

გენერალმა, გულბათს და ნოეს ცეკას პირველ მდივანთან გამართული საუბრის შინაარსიც გააცნო და ნოე ბუცხრიკიძემ თქვა:

– ეტყობა, ვერ ხვდება პირველი მდივანი, თუ რა შარში უნდა გაეხვეს. თორემ, ჩვენზე ადრე გადადგებოდა.

მერაბ გამრეკელს ყოველთვის მოსწონდა ნოეს საზრიანობა. ხშირად მათი აზრები ფრაზებითაც კი ემთხვეოდა ერთმანეთს. ამიტომ, ბუცხრიკიძეს ღიმილით უთხრა:

– როგორც ხშირად, ახლაც ზუსტად ის თქვი, რასაც მე ვფიქრობ. მართალი ხარ, მართალი. მაგრამ ეს მისი პრობლემაა. ჩვენ კი ჩვენსას მივხედოთ.

– აბა, თუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მერაბი ამბობს, ჩვენ გვექნება აწი პრობლემები, თუ გვექნება, – თქვა მარგიანმა და დაამატა, – თუკი ვინმე მაგარი პრისტუპნიკი იყო, ყველა ჩვენ დავიჭირეთ. თუ ისინი ახლა ერისკაცები გახდნენ, შემოგვიბრუნდნენ იქნება და შურისძიება მოინდომონ ჩვენზე.

– ჰა, გულბათ, ხომ არ გეშინია? – ეხუმრა მარგიანს კოტე სოხაძე.

– ბოლომდე დავუდგები, რისი უნდა მეშინოდეს, – თქვა გულბათმა.

– ჯერ არა, მაგრამ მომავალში მართლაც არსებობს ამის საშიშროება, – სიტყვა აიღო ისევ მერაბ გამრეკელმა, – ამიტომ, თავის დაცვა, ბოლომდე დადგომა და მოგერიება რომ შევძლოთ, ამისთვის ზომები მივიღეთ. კოტე და ვაჟა საქმის კურსში არიან და ნოეს და გულბათის გასაგონად ვამბობ.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3