კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით დაამახსოვრა „მის მსოფლიოზე“ ყველას თავი ანა ზუბაშვილმა და რომელი მულტფილმის რეჟისორის შთაგონების წყაროდ მიიჩნევდნენ მას

მას შემდეგ, რაც ანა ზუბაშვილი „მის საქართველო“ გახდა, თითქმის ნახევარი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მის სამოდელო კარიერაში არაერთი წარმატება იყო. თუმცა, „იმიჯ-ცენტრის“ მოდელის კარიერა ჯერ კიდევ 2009 წელს დაიწყო. „მის საქართველოს“ შემდეგ კი, მისი სამოდელო გამოცდილება უკვე შანხაიში გაგრძელდა. 

ანა ზუბაშვილი: „მის საქართველომდე“ საკმაოდ წარმატებული სამოდელო კარიერა მქონდა, ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობდი, ვმუშაობდი, როგორც მოდელი. თუმცა, ამ კონკურსმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, უფრო მრავალფეროვანი, დატვირთული გახადა. კონკურსიდან ცოტა ხნის შემდეგ, აზიის ერთ-ერთი ცნობილი სააგენტოდან, რომელსაც ფილიალები სხვადასხვა ქვეყანაში აქვს, მომივიდა შემოთავაზება. დღეს აზია მოდის ეპიცენტრად მიიჩნევა. ცნობილი ბრენდები იქ აწარმობენ თავის პროდუქციას. ბედნიერი ვიყავი, როცა გავიგე, რომ აზიის სამოდელო ბაზარზე მუშაობა მომიწევდა.

– როდის და სად გაემგზავრე? 

– „მის საქართველოს“ ჩატარებიდან ერთ თვეში გავემგზავრე შანხაიში. იქ მუშაობით დიდი გამოცდილება მივიღე. ზოგადად, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვქონდა. მოდელები საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით, ძალიან კარგ ბუქერებთან ერთად. დღეში მინიმუმ, 5 ან 8 ქასთინგი გვქონდა. ჩემთან ერთად იყო „ელიტ მოდელ ლუქის“ გამარჯვებული, ანასტასია იგონინა და რა თქმა უნდა, ამან უფრო გაგვიადვილა იქ ყოფნა. ქასთინგების შემდეგ სამუშაო გვქონდა, სულ გადარბენებზე ვიყავით. გვიღებდნენ ჩინეთში ცნობილი ჟურნალებისა და კატალოგებისთვის. გადამიღეს „ფოლკსვაგენის“ რეკლამისთვის – ამან კი ჩემი გამოცდილება ერთი-ორად გაზარდა, გაამრავალფეროვნა. ამ რეკლამისთვის გერმანელებთან მომიწია მუშაობა და შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო სამუშაო იყო. სატელევიზიო რეკლამაა და ერთი სული მაქვს როდის ვნახავ. რაც მთავარია, ამ სამუშაოზე ძალიან ბევრი გოგონა ოცნებობდა. დიდი ქასთინგი გაიმართა და საბოლოოდ, მე ამირჩიეს – ეს  ჩემთვის კიდევ დიდი ბედნიერება იყო. 

– შენი უცხო გარეგნობა, განსაკუთრებით კი ულამაზესი თმა, რომელიც საქართველოში სავიზიტო ბარათად იქცა, ალბათ, შანხაიშიც გეხმარებოდა. 

– სხვათა შორის, ჩინეთის სუპერვარსკვლავს, ერთ-ერთ მსახიობს მამსგავსებდნენ. ქასთინგებზე რომ მივდიოდი, მცნობდნენ: შენ ანა ხარ საქართველოდან, ყველა შენზე ლაპარაკობსო. ფოტოებში კი, ვნახე ის ქალბატონი ოდნავ მგავდა თვალებით, მეტი – არაფრით. რაც შეეხება თმას, მხოლოდ მე ვიყავი „რიჟა“ და ალბათ, ამითაც გამოვირჩეოდი. ეს ქასთინგებზე მეხმარებოდა. ჩასვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში, უკვე ყოველდღე მქონდა სამუშაო. ძალიან საინტერესო და სახალისო  გადაღება მახსენდება, სადაც თავზე თეთრი პარიკი დამახურეს, „ჰელოუ კიტის” სამოსი მეცვა. შემდეგ იგივე კატალოგისთვის გადამიღეს შავი პარიკით, თვალები დამიწვრილეს, მოკლედ, ჩინელს დამამსგავსეს. ზოგადად, აზიის ქვეყნებში ძალიან უყვართ გოგონები თოჯინის გარეგნობით, ვარდისფერი ლოყებით, ჩინური თვალებით და ხშირად ცდილობდნენ, ასეთი იმიჯი გაეკეთებინათ ჩვენთვის. სამი თვის განმავლობაში ვიყავი შანხაიში და შეიძლება ითქვას, დრო საკმაოდ საინტერესოდ გავატარე. კმაყოფილი ვარ როგორც მიღებული გამოცდილებით, ასევე,  ანაზღაურებითაც. იქაურ კერძებზე ხომ გადავირიე, ხალხიც არაჩვეულებრივია, ქალაქი – თავისთავად. 

– ჩვენებებზეც გამოდიოდი? 

– გამოვდიოდი – პოდიუმი სრულიად განსხვავებული სცენაა, განსაკუთრებული შეგრძნებებით. როდესაც პოდიუმზე გამოვდივარ, მავიწყდება ყველაფერი, თითქოს სხეულში ცეცხლი მენთება და დავფრინავ, როგორც ჩიტი. შანხაიში პოდიუმზე ჩინეთის  ცნობილ მოდელებთან ერთად გამოვდიოდი, რომელთაც სიარულის ძალიან საინტერესო  მანერა  ჰქონდათ. მე, რა თქმა უნდა, ესეც შევისწავლე და ჩემი ცოდნაც ამ მხრივ კიდევ გაიზარდა.  თუმცა, ჟურნალებისთვის მუშაობაც ძალიან საინტერესო იყო. იქ ყველა პროფესიონალია და მათთან მუშაობით სერიოზულ გამოცდილებას იღებ. ყველა დეტალს, ნიუანსს დიდ ყურადღებას აქცევენ. ჟურნალებისთვის უნდოდათ ფეშენ-გარეგნობა, ფეშენ-სტილი, ჩაცმულობა, პოზები – შესაბამისად. სერიოზული სამუშაო იყო, დატვირთულიც. 

– მახსოვს, კონკურსზე ავტომობილი მოიგე. აიღე მართვის მოწმობა, დადიხარ უკვე?

– ჯერჯერობით არ ამიღია მართვის მოწმობა, რადგან როგორც კი „მის საქართველოზე“ გავიმარჯვე,  მალევე გავემგზავრე შანხაიში. ახლა ჩამოვედი „მის მსოფლიოდან“. ისეთი ცუდი შეგრძნებაა, როცა ავტომობილი გყავს და მხოლოდ უყურებ, ვერ ატარებ. ტარება ვიცი, ზოგჯერ ჩუმად, ისე შეუმჩნევლად ვატარებ,  რომ არავის დაუფიქსირებია – თან, წესებს არც ვარღვევ. მაგრამ, აუცილებლად ავიღებ მართვის მოწმობას. 

– ცოტა ხნის წინ „მის მსოფლიოზე“ იმყოფებოდი. 

– „მის მსოფლიო 2014” 14 დეკემბერს გაიმართა ქალაქ ლონდონში. მოსამზადებელი პერიოდი 24 დღე გრძელდებოდა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს  იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პერიოდი. უპირველეს ყოვლისა, სიხარულით, ბედნიერებით და შემდეგ – რეპეტიციებით, საქველმოქმედო, საშობაო საღამოებით, ინტერვიუებით, გადაღებებით. მე თავს გამარჯვებულად მივიჩნევ, რადგან შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებიც უკვე საოცრად მენატრებიან. ზუსტად ვიცი, რომ მათთან ურთიერთობას არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტ. მივიღე  დიდი გამოცდილება და გავიცანი უამრავი პატივსაცემი ადამიანი. კონკურსზე 121 ქვეყნის წარმომადგენელი იყო. რაოდენ უცნაურად და დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, პირველივე დღიდან ძალიან დავახლოვდით და საბოლოო ჯამში, MISS WORLD FAMILY გავხდით. მე „მის ლატვიასთან“ ერთად ვცხოვრობდი. საოცარი გრაფიკი გვქონდა: დილის 5-6 საათზე ვდგებოდით მოსამზადებლად და საუზმის დასრულებისთანავე, გვეწყებოდა გადაღებები, ინტერვიუები, შიდა კონკურსები. ჩვენგან მხოლოდ პუნქტუალობას ითხოვდნენ, გვიკრძალავდნენ სასტუმროს გარეთ საკუთარი ინიციატივით გასვლას. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ  ჩემს საცურაო კოსტიუმზე თინათინ მაღალაშვილმა იზრუნა, ხოლო საღამოს კაბებზე – „მარიონელამ“, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი.

– როგორი იყო შენ მიმართ დამოკიდებულება?

– ჩასვლის დღიდან,  ყველა კონკურსანტმა და ორგანიზატორმა იცოდა, რომ მე „მის საქართველო“ ვიყავი. ჩემი გარეგნობის გამო, ადვილად დამიმახსოვრეს და სულ ცდილობდნენ, გამარჯობის თქმა დაესწროთ და ამით აეღნიშნათ, რომ მიცნობდნენ. ინგლისელები ყველაზე თბილი ხალხია – საოცრად თავაზიანები, სულ იღიმებოდნენ, კომპლიმენტებით გვანებივრებდნენ. მადლობა ღმერთს, ერთი წუთითაც არ მიგრძნია, რომ ვინმე ჩემზე რამით მეტი იყო, პირიქით, თავს საქართველოს ღირსეულ წამომადგენლად მივიჩნევდი. გარდა ამისა, მამსგავსებდნენ მულტფილმ the brave-ის გმირს, მერიდას.  მეკითხებოდნენ, მე ხომ არ ვიყავი რეჟისორის შთაგონების წყარო. საბოლოოდ, გაიმარჯვა სამხრეთ აფრიკამ. ყველას ძალიან გაგვიხარდა, ნამდვილად დაიმსახურა. წელს ყველაზე მაგარი „მის მსოფლიო“ იყო. მთავარ ორგანიზატორს,  ჯულია მორლეის დაბადების დღე ჰქონდა  და თითქმის ყველა „მის მსოფლიო” იყო მოწვეული,  მათ შორის,  აიშვარია რაიც. რომ გავიგე, ჩამოდიოდა ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა. ამასთანავე, კონკურსის დასკვინითი ნაწილი  the vamps-ის სიმღერით დასრულდა, რომელიც ძალიან ცნობილი ჯგუფია. 

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– ყველაფერი ძველებურადაა, არავინ გამოჩენილა. ბევრი გეგმა მაქვს და ამისთვის დროც არ მრჩება, ამიტომ, ჯერ არავის დავუინტერესებივარ. 

– და როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომ დაგაინტერესოს? 

– ადრე ვთქვი და ახლაც ვიტყვი: ისეთი უნდა იყოს, როგორიც „ვეფხისტყაოსნის“ გმირები არიან. თუ ვიპოვი ასეთს, ძალიან კარგი იქნება.

скачать dle 11.3