კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ახარისხებდნენ ადამიანის სხეულის ნაწილებს აცტეკები

აცტეკების მსხვერპლშეწირვის რიტუალებზე საინტერესოდ მოგვითხრობს ბერნალ დიასი:

„ტაძრის სამსხვერპლოს კედლები და იატაკი ისე იყო მორწყული ჩაშავებული და შედედებული სისხლით, რომ ძალიან მძაფრი და საძაგელი სუნი ტრიალებდა. შემდეგ სტუმრები მიიყვანეს მარცხნივ, სხვა გიგანტურ კერპთან, რომელიც ისეთივე სიმაღლისა იყო, როგორც უიტსილოპოჩტლი – ცხვირი დათვისას მიუგავდა, ხოლო თვალები, რომელიც მათი, ეგრეთ წოდებული, სარკისგან (ობსიდიანისგან) იყო გაკეთებული, მკვეთრ ბრწყინვალებას გამოსცემდა... და ეს ტესკატლიპოკა იყო მათი საიქიოს ღმერთი და მექსიკელთა სულების მფლობელი, რომელსაც მთელ სხეულზე გველის მსგავსი კუდებიანი ეშმაკეული ჯუჯების გამოსახულებები ჰქონდა შემოხლართული. აქაც სისხლის გუბეები და მყრალი სუნი დახვდათ სტუმრებს. ამ კერპთან იმავე დღეს შეწირულ ადამიანთა ხუთი გული „ესვენა“.

ამ ტაძრის წვერზე იყო სხვა კოშკიც, რომლის სადგომიც ხით იყო მდიდრულად გაწყობილი. იქ იყო სხვა კერპი – ძვირფასი ქვებით მთლიანად დაფარული ნახევრად ადამიანი და ნახევრად ხვლიკი. მათ გვითხრეს, რომ ეს იყო მცენარეთა თესლისა და ნაყოფის მწარმოებელი  ღმერთი და აქედან გამომდინარე, მისი სხეული გავსებული იყო ყველა იმ მცენარის თესლით, რომელიც მათ მიწაზე იზრდებოდა. აქაც, ყველაფერი სისხლით იყო მორწყულ-გაჟღენთილი და ისეთი მყრალი სუნი იდგა, რომ ჩვენ ვეარ გავუძელით და გარეთ გამოვვარდით; იქვე იყო დიდი, კოლოსალური დოლი, რომელიც დარტყმისას ერთობ უსიცოცხლო ხმას გამოსცემდა, მაგრამ ორ ლეგუაზე (11 კილომეტრზე მეტი) მაინც ისმოდა მისი ხმა. იქვე მიმობნეული იყო სხვა ეშმაკეული საგნები – დიდი და პატარა მილები, ათასგვარი ქვის სამსხვერპლო დანები, ინდიელთა ბევრი შემომწვარი და დანაოჭებული გული... და ყველგან – სისხლი და სისხლი!“

დიასი ასევე აღწერს, თუ როგორ ეპყრობოდნენ აცტეკები თავიანთ მსხვერპლად შეწირულთა სხეულებს:

„... როცა იმ უბედურ ინდიელებს მსხვერპლად სწირავდნენ, მათ კაჟის დანით უპობდნენ მკერდს, ხელებს ურევდნენ მკერდში, გლეჯდნენ გულს და სისხლთან ერთად მიართმევდნენ თავიანთ კერპებს. ამის შემდეგ მსხვერპლად შეწირულებს აჭრიდნენ ხელ-ფეხს და თავს. ფეხებს და ხელებს მიირთმევდნენ დღესასწაულებსა და ნადიმებზე. თავს ლატანზე წამოაცვამდნენ და ბოძებს შორის ჩამოკიდებდნენ; ტანს ისინი არ ჭამდნენ... მხეცებს მიუგდებდნენ საჭმელად“.

ერთ-ერთ ტაძართან დიასმა ნახა პატარა ზოოპარკის მსგავსი რამ, სადაც მტაცებელ ცხოველებს ინახავდნენ და მიცვალებულთა (მსხვერპლად შეწირულთა) გვამებით კვებავდნენ. სხვა ტაძარში მან იხილა „სამზარეულო, სადაც ადამიანის ხორცს ამზადებდნენ.”

ესპანელები გაოგნდნენ ნანახით. მათ აცტეკებს მოსთხოვეს – შეეწყვიტათ ადამიანების მსხვერპლშეწირვა და როდესაც კორტესის იქ არყოფნის დროს, ტენოჩტიტლანის ყველაზე წარჩინებულ საგვარეულოთა წარმომადგენლებმა მის მოადგილეს – პედრო დე ალვარადოს მიმართეს თხოვნით, ნება დაერთო ყოველწლიურად ჩაეტარებინათ ომის ღმერთ უიტსილოპოჩტლის პატივსაცემი დღესასწაული, ესპანელმა პირობა წამოაყენა, რომ ამ დღესასწაულზე ადამიანის მსხვერპლშეწირვა არ მოხდებოდა. აცტეკები დათანხმდნენ ამაზე და ესპანელთა სხვა პირობაზეც, რომ ზეიმზე უიარაღოდ მისულიყვნენ. მათ არ იცოდნენ, რომ ესპანელები ამ ქალაქში სისხლისღვრისთვის ემზადებოდნენ, რომლის წინაშეც მათი კულტების საშინელი მსხვერპლშეწირვა უღიმღამო იქნებოდა. ასე, ბედის ირონიით, აცტეკთა ყველაზე მშვიდობისმოყვარული კეტსალკოატლი უნებურ დამნაშავედ იქცა, ალბათ, ყველაზე უფრო მასობრივ ხოცვა-ჟლეტაში, რომელიც კი ოდესმე მომხდარა მესო-ამერიკაში (ცენტრალური ამერიკის ვრცელი ნაწილი მექსიკიდან ჰონდურასამდე).

„როდესაც დადგა ხსენებული დღესასწაულის დრო,” – წერდა მოგვიანებით ფრანგი ბერი, დიეგო დურანი, – „ცუდს რომ ვერაფერს ეჭვობდნენ, მოვიდნენ აცტეკები, რათა მოფერებოდნენ თავიანთ ღმერთს და ეჩვენებინათ მეხიკოს დიდებულება... სიმღერისა და ცეკვისათვის იქ თავი მოიყარა რვა თუ ათი ათასმა წარჩინებულმა კაცმა, ცნობილმა და კეთილშობილი სისხლის ადამიანებმა... მაშინ პედრო დე ალვარადომ ბრძანა, ტაძრის ეზოს ოთხ შემოსასვლელში ორმოცი ჯარისკაცი დაეყენებინათ, ათ-ათი – თითოეულში, რათა კარიდან არავის შეძლებოდა გასვლა. სხვა ათ კაცს კი უბრძანა, იმ ინდიელებთან მისულიყვნენ, რომლებიც დოლებს უკრავდნენ – იქ, სადაც, მისი აზრით, ყველაზე წარჩინებული პირები იდგნენ და დაეხოცათ დოლის დამკვრელები და შემდეგ ყველა დანარჩენი. ამ „წმიდა რწმენის მოციქულებმა“, ანდა ჯობდა, გვეთქვა „ეშმაკთა მიმდევრებმა,“ ძალზე სწრაფად შეასრულეს ბრძანება – ისინი შევიდნენ ბრბოს სიღრმეში და თითქმის გაშიშვლებულები (ბამბის ქსოვილის ლაბადით შემოსილები), რომლებსაც ხელში, ვარდებისა და ფრინველის ფრთების გარდა, არაფერი ეჭირათ და მხიარულად ცეკვავდნენ – დანებით დაჩეხეს.”

ამავე ფაქტზე აღშფოთებული წერდა სააგუნი: „ისინი თავებს და ხელებს აჭრიდნენ, მახვილსა და დაშნას უყრიდნან, ვინც გზაზე გადაეყრებოდათ. მათ არნახული ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს – ისინიც სიცოცხლეს გამოასალმეს, რომლებიც კარებს მიაწყდნენ გადასარჩენად. ზოგმა კედელზე დაიწყო აცოცება, ზოგმა კიდევ ტაძრის კოშკურაში მოასწრო შესვლა და იატაკზე დაწოლა, თავის მოსაჩვენებლად, ვითომც დახოცილები ეყარნენ. ეზოში სისხლი მდინარედ მოდიოდა, ისე, როგორც წყალი, კოკისპირული წვიმის დროს. მთელი ეზო გადავსებული იყო მოჭრილი თავებით, ხელებით, შიგნეულით და გვამებით. ყოველ კუთხე-კუნჭულში დაძრწოდნენ ესპანელები და ეძებდნენ ცოცხლად გადარჩენილებს, რათა მუსრი გაევლოთ მათთვის...“

 ასე დამთავრდა ბოლო მსხვერპლშეწირვა აცტეკთა დედაქალაქ ტენოჩტიტლანში. 

скачать dle 11.3