კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (51)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

როცა ქალს უყვარს...

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N27-49(728) 

დიანა გულხელდაკრეფილი შესცქეროდა დამუნჯებულ ბიჭს. სანდრო ხვდებოდა, რას ნიშნავდა გოგოს მზერა; გრძნობდა, რომ რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ენა დაუმძიმდა, პირი გაუშრა და ხელისგულები გაეყინა. დეაც არ იღებდა ხმას და ჯიუტად დუმდა. სანდრომ გამბედაობა მოიკრიბა, ღრმად ჩაისუნთქა და, ისე, რომ გოგოსთვის მზერა არ მოუშორებია ჰკითხა:

– შენ ჩემ გამო მიდიხარ? იმიტომ მიდიხარ, რომ ჩემი ნახვა აღარ გინდა?

– არა, ეს არაფერ შუაშია. მე ვბრუნდები ჩემს სახლში, ჩემს მშობლებთან – მგონი, ნორმალურია...

– არა, ჩემთვის არ არის ნორმალური, – ერთბაშად იფეთქა ბიჭმა და თავადაც გაუკვირდა ასეთი სითამამე. 

დეამ ამოიოხრა. მიხვდა, რომ ბიჭის თავიდან მოშორება ასეთი ადვილი არ იქნებოდა. გაუჭირდა საჭირო სიტყვების მოძებნა.

– მომისმინე, მე რომ აქ არ ვცხოვრობ, ეს შენ თავიდანვე იცოდი.

 – ჰო, მაგრამ, ასე უცებ რატომ გადაწყვიტე წასვლა?

– უცებ არ გადამიწვეტია, დრო მოვიდა და უნდა წავიდე.

– მე არ მინდა, რომ წახვიდე, – სანდრო კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. ატირებას აღარაფერი უკლდა. ძლივს იკავებდა თავს. დეას შეებრალა ბიჭი, მაგრამ არ შეიმჩნია.

– მოკლედ, მე მივემგზავრები. მიხარია, რომ გაგიცანი. ალბათ, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. ახლა კი მაპატიე, უნდა ჩავალაგო ბარგი და მერე აეროპორტში უნდა წავიდე.

სანდრო შეყოყმანდა:

– შეიძლება, გაგაცილო? მე წაგიყვან აეროპორტში.

– არ ღირს. ტაქსის გამოვიძახებ. არ მიყვარს, როცა მაცილებენ, რა საჭიროა. ლინაც არ მიმყავს. ჰო, მართლა, ალბათ, ლინამ გითხრა, რომ მივდიოდი... ასეა?

სანდრომ თავი დააქნია და გაჩუმდა. დეამ მომლოდინე მზერა მიაპყრო. ბიჭი მიხვდა, რას ელოდებოდა მისგან გოგო, მაგრამ წასვლასაც ვერ ახერხებდა. საკუთარ თავს არ აპატიებდა, ის რომ არ ეთქვა, რაც აწვალებდა და ღამეებს ათენებინებდა.

– დიანა... – დაიწყო ენის ბორძიკით, მაგრამ გოგომ მაშინვე გააწყვეტინა:

– ახლა არა... მართლა ძალიან მეჩქარება და სერიოზული საუბრისთვის მზად არ ვარ. რაც არ უნდა გქონდეს სათქმელი, მომავლისთვის გადავდოთ.

– მომავლისთვის? იქნება კი ეს მომავალი? შენ მიდიხარ, მე ვრჩები...

 – ლონდონი არც ისე შორს არის, თანაც, შეიძლება, სულ სხვაგან შევხვდეთ ერთმანეთს – ცხოვრება ხომ სიურპრიზებით არის სავსე...

– მე მეშინია სიურპრიზების... ყოველთვის მეშინოდა.

სანდრო განადგურებული იდგა. ხელები უღონოდ ჩამოუშვა და გაფითრდა.

– კარგი. კეთილი მგზავრობა, – ამოილუღლუღა ბოლოს.

– გმადლობ. კარგი ბიჭი ხარ, – დიანამ ლოყაზე ტუჩები შეახო ბიჭს და კარი გამოაღო.

გარეთ გამოსულ სანდროს, გაჭირვებით რომ მობანცალებდა, მოუთმენლად მიეგებნენ ლინა და ტომასი.

– აბა, რა ქენი, უთხარი, რომ გიყვარს? გადააფიქრებინე წასვლა? – ჰკითხა ტომასმა შეციებული ხელების სრესით.

სანდრომ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად:

– არ მათქმევინა.

– მოიცა, რას ნიშნავს, არ გათქმევინა? გაგიჟდი? რისთვის ახვედი? ჩვენ კი აქ ვიყინებოდით, – გაოცებულმა ლინამ ტომასს გადახედა, – გამაგებინე, რას ამბობს შენი მეგობარი.

– სანდრო, წესიერად გვითხარი, რა მოხდა ზემოთ? – ტომასმა მხარში მოკიდა ბიჭს ხელი და შეანჯღრია, – სანდრო, რა გჭირს, ტირილს აპირებ?

– თავი დამანებე! არ ვჭირდები, არც კი მოვწონვარ! ერთი სიტყვაც კი არ მათქმევინა. მივდივარო... არ მცალიაო...

– მოიცა, მიხვდა, რა უნდა გეთქვა? – დაინტერესდა ლინა.

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მიხვდა თუ არ მიხვდა? ფაქტია, რომ ვერაფერი ვუთხარი, ვერცერთი სიტყვა, – გაღიზიანდა სანდრო, – წავედი მე... ძალიან ცუდად ვარ...

– მოიცა, – მკლავში მოჰკიდა ტომასმა მეგობარს ხელი და გააჩერა, – ასე არ გამოვა. მესმის, რომ ნერვიულობ, ყველაფერი მესმის, მაგრამ, საერთოდ ვერაფერი უთხარი? ან იმან რა გითხრა?

სანდრომ ხელი ჩაიქნია:

– რა აზრი აქვს, რა ვუთხარი და იმან რა მითხრა? ფაქტია, რომ მიყვარს, იმას კი არ ვუყვარვარ... და მე ეს სიყვარული მომკლავს. გეხვეწები, მომეცი საშუალება, წავიდე. მართლა ძალიან ცუდად ვარ...

ტომასმა ხელი გაუშვა...  მერე დიდხანს გასცქეროდა მიმავალს, მხრებში მოხრილსა და თავჩაქინდრულ მეგობარს.

***

...თამრიკო მოულოდნელობისგან შეკრთა, როცა კოტემ შემოაღო ოფისის კარი.

– ბატონო კოტე, არ გელოდით. არ ვიცოდი, რომ ჩამოხვედით...

– გადამრევთ თქვენ! „არ გელოდით“, „არ ვიცოდი, რომ ჩამოხვედით“!.. ვერ გავიგე, უნდა შემეთანხმებინა წასვლა-წამოსვლის გრაფიკი? სასწრაფოდ მჭირდება ჩემი საბანკო ანგარიშების ამონაწერი, კიდევ ჩემს პირად ბანკირთან დამაკავშირე და ნუ მიყურებ ქათამივით, დროზე, გაინძერი!

თამრიკო გაწითლდა. კოტე კიტია დიდი გულისხმიერებით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ, ასე უხეშადაც არასოდეს მიუმართვს. შეურაცხყოფილმა წყენა დამალა და თავდახრილმა ჩაილაპარაკა:

– ახლავე, ბატონო კოტე... შეიძლება, რაღაც გითხრათ?

– მითხარი, ოღონდ ჩქარა, ამდენი დრო არ მაქვს.

– ის კაცი იყო კიდევ მოსული...

– გავიგე. მერე, რა უნდოდა?

– თქვენ გკითხულობდათ. კატეგორიულად მომთხოვა, დამერეკა და მეთქვა თქვენთვის, რომ მისი ვალი გაქვთ.

– „კატეგორიულად მომთხოვა“... – გამოაჯავრა კოტემ დამცინავი ტონით, – მერე პოლიციას ვერ გამოუძახე? ვიღაც მათხოვარს ამდენის უფლება როგორ მიეცი?

– ბატონო კოტე... – დაიბნა თამრიკო.

– ბატონო კოტე, ბატონო კოტე... მივხედავ მე მაგას. შენ რაც დაგავალე, ის გააკეთე, მერე შეგიძლია, წახვიდე... – კოტე კაბინეტში შევიდა და კარი მიიჯახუნა.

ერთი საათის შემდეგ მდივანმა ანგარიშების ამონაწერები მეილზე გადაუგზავნა კოტეს, ბანკირთან დააკავშირა და ოფისიდან გავიდა... სანამ შენობას დატოვებდა, დერეფანში თიკოს მოჰკრა თვალი და გახარებულმა ხელი დაუქნია, თან ფეხს აუჩქარა.

– უკვე მიდიხარ? – ჰკითხა აქოშინებულმა, როცა მასთან ახლოს მივიდა.

– ჰო... – მოკლედ მიუგო თიკომ. რამდენიმე წუთში ბეჟანიც უნდა გამოსულიყო ოფისიდან და არ უნდოდა, თამრიკოს მათი ახლო ურთიერთობა შეენიშნა...

– მეც მოვრჩი. ჩემმა უფროსმა რატომღაც ადრე გამიშვა. ვერ უნდა იყოს გუნებაზე. ძალიან აჭრილია...

– შენი შეფი? წასული არ იყო? – თიკო ამ  მოულოდნელმა ინფორმაციამ შეაშფოთა – კოტესთან შეხვედრა არანაირად არ აწყობდა.

– ჰო, წასული იყო და მოულოდნელად დამატყდა თავს. მაგისას ვერაფერს გაიგებ. ამ ბოლო დროს მაინც, სულ აურია. მგონი, რაღაც პრობლემები აქვს. იმის მეშინია, საერთოდ უმუშევარი არ დავრჩე. თუ ასე მოხდა, სიტყვას ხომ შემაწევ შენს შეფთან? არ შეგარცხვენ.

– კი, რატომაც არა?! – დაუფიქრებლად უპასუხა თიკომ  და სწრაფად დაუმატა, – მაპატიე, ახლა უნდა წავიდე, ძალიან მეჩქარება. საქმიან შეხვედრაზე მივდივართ და... დამირეკე მერე.

– აუცილებლად, გნახავ კიდეც, – დაჰპირდა თამრიკო.

ბეჟანმა მხარზე მოჰხვია ხელი ქალს და მკერდზე მიიკრა.

– სად წავიდეთ, საყვარელო?

– სადმე, ძალიან შორს, – მიუგო თიკომ და სახტად დარჩენილ კაცს ორივე ხელი მოხვია კისერზე, – მართლა მინდა, სადმე წავიდეთ... ავიღოთ თვითმფრინავის ბილეთები და გავფრინდეთ...

– მოიცა... კარგად გამაგებინე, რისი თქმა გინდა ამით, თორემ, ცოტა დავიბენი. შენ ამბობ, რომ ჩემთან ერთად გინდა სადმე, შორს წასვლა? იცი, ეს რას ნიშნავს?

– ვიცი, – დაუფიქრებლად მიუგო თიკომ, – ცოლობა ხომ შემომთავაზე, ჰოდა, თანახმა ვარ.

კაცს სახე გაუბრწყინდა და, ერთიანად გაბადრული, პატარა ბავშვივით აცქმუტდა.

– ახლავე წავიდეთ და ვიყიდოთ ბილეთები! თიკო, არ მჯერა... ხომ არ მეხუმრები?

– არა. არ გეხუმრები. ხომ გეუბნებოდი, მოულოდნელად გაგახარებ-მეთქი.

– გამახარე? – შენ მე გამაბედნიერე, საყვარელო... მითხარი, სად წაგიყვანო, სად უფრო გინდა?

– სულერთია, მართლა...

– მაშინ, ყველაზე ჩქარა სადაც მოვახერხებთ წასვლას, იქ გავემგზავროთ.

თიკომ თავი დაუქნია:

– და, არავის არაფერი ვუთხრათ, კარგი?

– კარგი... თიკო, შენს მეტი არც არავინ მჭირდება... სულ არავინ... – კაცმა ხელში აიტაცა ქალი და დაატრიალა...

***

კოტემ ყურმილი დაკიდა, შუბლი შეიჭმუხნა და მაგიდის უჯრაში რაღაცის ძებნა დაიწყო გამალებულმა. ბოლოს იპოვა ქაღალდის ნაგლეჯი ტელეფონის ნომრით...

– მე ვარ... ჰო, ჩამოვედი... არა, შენ რომ შემომითვალე, მაგიტომ არ ჩამოვსულვარ... არ ვაპირებ შენთან ამაზე ლაპარაკს... მოდი და მნახე... ახლა აქ ვარ, ოფისში... მოდი, მოდი, აქ გეტყვი სათქმელს... – კოტემ მობილური გათიშა და ზარიც გამოურთო, მერე სავარძელში ჩაჯდა და, ყოველი შემთხვევისთვის, სეიფიდან, რომელიც საწერი მაგიდის მარჯვნივ, კედელზე იყო ჩამონტაჟებული, რევოლვერი გამოიღო...

***

ლინამ ცრემლები ხელისგულებით მოიწმინდა:

– როგორ არ მინდა, რომ წახვიდე... რა უნდა გავაკეთო უშენოდ?.. იმის წარმოდგენაც კი მიჭირს, რომ ჩემთან აღარ იქნები.

– ლინა, საყვარელო, – დეამ ჩანთა შეკრა, მეგობართან მივიდა და მოეხვია, – მეც ძალიან შეგეჩვიე, დასავით შემიყვარდი და რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს დაგკარგავ... ნახავ, გავა ცოტა დრო და ისევ ერთად ვიქნებით.

– ნეტავი ვიცოდე, რა საიდუმლო გაქვს ასეთი? ოღონდ, არ მითხრა, რომ მეჩვენება რამე. ვგრძნობ, ჩემი შინაგანი ხმა მეუბნება, რომ შენს თავს რაღაც ხდება. ვნერვიულობ... რატომ არ გინდა, ყველაფერი მომიყვე? იქნებ შევძლო და რამით დაგეხმარო.

– შენ უკვე დამეხმარე. არც კი იცი, როგორ დამეხმარე, საყვარელო. მაგრამ, ახლა აუცილებლად უნდა გავემგზავრო და არც არაფრის თქმა არ შემიძლია. ძალიან მიყვარხარ. ტომასს კი ძალიან ნუ გაათამამებ. ცუდი ბიჭი არ არის, მაგრამ, მაინც... ხშირად დაგირეკავ...

– აეროპორტში მაინც გამოგყვები.

– არა... – ჯიუტად გადააქნია თავი დიანამ, საჭირო არ არის.

– გპირდები. მარტო მე წამოვალ. არც ტომასს ვეტყვი, არც სანდროს...

– შენ ფიქრობ, გაბრაზებული ვარ, ალექსანდრეს ჩემი გამგზავრების შესახებ რომ უთხარი? არ იფიქრო მაგაზე, ოდნავაც არ მწყენია. თავს გაუფრთხილდი. ტაქსი მელოდება, უნდა წავიდე.

ლინა ასლუკუნდა. დეამ მაგრად აკოცა ატირებულ მეგობარს და ჩანთა აიღო...

***

კოტე არ განძრეულა, როცა მის კაბინეტში დიმიტრი შევიდა... იმანაც თავხედური სიცილით გაიარა მთელი ოთახი და კიტიას წინ დაუჯდა.

– გისმენ!

– პირიქით, მე გისმენ... – უხეშად მიუგო კოტემ, – რა დღეში ხარ, რა ამბავი ატეხე?! ჩემს ცოლთანაც მისულხარ... ამით რის მიღწევას ცდილობ? გგონია, შემაშინებ და შანტაჟით მიძულებ, ის მოგცე, რაც არ გეკუთვნის?

დიმიტრიმ უტიფრად ჩაიხითხითა, სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. მერე რევოლვერს დახედა და მისკენ გაიშვირა სიგარეტიანი ხელი.

– ეს რა არის? მოკვლას ხომ არ მიპირებ?

– არა. ვწმენდდი და შენახვა ვერ მოვასწარი, – იცრუა კიტიამ, – შენ არ ღირხარ იმად, რომ ციხეში წავიდე. თუმცა, ცოტა გაუგებარია ჩემთვის, შენნაირი ნაძირლების მოკვლისთვის პატიოსანი ადამიანები ციხეში რატომ უნდა ისხდნენ.

დიმიტრი ახარხარდა. დიდხანს, ხმამაღლა იცინოდა.

– მოიცა, ეს შენ ხარ პატიოსანი ადამიანი? შენ? რა მოკლე მეხსიერება გქონია. გაგახსენო, ციხეში რატომ ვიჯექი?

– ციხეში იმიტომ იჯექი, რომ იდიოტი ხარ. ვატყობ, იმ წლებმაც ვერაფერი გასწავლა. მოდიხარ ჩემთან კაბინეტში და მაშანტაჟებ. არც კი ფიქრობ, რომ, შეიძლება, აქ მოსასმენი აპარატურა მქონდეს და შენს სისულელეებს ვიწერდე. შანტაჟი რომ კანონით ისჯება, შეიძლება, ეგეც არ იცი, მაგრამ, მე ამას არ გავაკეთებ, არ შეგაბრუნებ იქ, საიდანაც ძლივს გამოაღწიე... ისე, წესით, ისევ უნდა იჯდე. რატომ გამოგიშვეს, სანიმუშო საქციელისთვის?

– ტყუილად იცინი. არც ისეთი სულელი ვარ, შენ რომ გგონია, რაღაც-რაღაცეები მეც ვისწავლე. დარწმუნებული ვარ, არ გაწყობს ჩემთან დაპირისპირება. გადამიხადე, რასაც დამპირდი და შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავქრები.

– მართლა? სულ, სულ გაქრები?

– ჰო, სულ გავქრები.

– მაინც, რამდენი გინდა?

დიმიტრიმ ჯიბიდან პატარა ბლოკნოტი ამოიღო, ზედ რაღაც დაწერა და კიტიას წინ დაუდო. კოტემ დახედა...

– რა?! გაგიჟებულხარ! შენ ფიქრობ, რომ მე ამდენი ფული მაქვს?

– კი არ ვფიქრობ, ზუსტად ვიცი. ისიც ვიცი, რომ გადამიხდი... ბოლო თეთრამდე.

– ძალიან თავდაჯერებული ხარ. რომ არ გადავიხადო, რას იზამ?

– არ გირჩევ. მთელი ცხოვრება დაგენგრევა.

– შენ მაგაზე ნუ იდარდებ. ამდენი ფული არ მაქვს და, რაც არ მაქვს, იმას ვერ მოგცემ.

– კოტე, მე სამასხარაოდ არ მცალია.

– არც მე... ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს.

– ჰო? – დამცინავად მოჭუტა თვალები დიმიტრიმ, – რაო, შენმა ცოლმა გაიგო, საყვარელი რომ გყავს, თანაც, მისი დაქალი?

კოტე გაფითრდა:

– შენ ეგ საიდან იცი?

– ხომ გითხარი, რაღაც-რაღაცეები მეც ვისწავლე-მეთქი. კიდევ ბევრი რამე ვიცი და, თუ გონზე არ მოხვალ, მოვიწვევ პრესკონფერენციას, რომლის შემდეგაც მთელი ქვეყანა გაიგებს, სინამდვილეში როგორ იშოვა ფული „პატიოსანმა” ბიზნესმენმა კოტე კიტიამ...

 

     გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3