კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (51)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რატომ ჩაუტეხა კბილი მიქაელ მთავარეპისკოპოსმა ვახტანგ გორგასალს

მეხუთე საუკუნის 30-იან წლებში გარდაიცვალა ქართლის მთავარეპისკოპოსი ბასილი პირველი და მის ადგილას არჩილ პირველმა დაადგინა მობიდანი.

მობიდანი წარმოშობით სპარსი ყოფილა. ის თავს აჩვენებდა მართლმადიდებლად, სინამდვილეში კი, როგორც მემატიანე წერს, „მოგვი იყო“ და „წესთა შემშლელი“. ამას ფარულად აკეთებდა და ვერ შეატყვეს მეფემ და მისმა ძემ. თვითონაც, მეფისა და ხალხის შიშით, ვერ აცხადებდა თავის ნამდვილ რწმენას, თუმცა, ფარულად წერდა „საცთურით სავსე წიგნებს“, რომლებიც შემდგომად დაწვა მიქაელ მთავარეპისკოპოსმა.

არჩილ მეფის შემდეგ მისი ვაჟი, მირდატი გამეფდა. მას ცოლად ჰყავდა რანის (ალბანეთის) ირანელი მმართველის, ბარზაბოდის ასული – საგდუხტი. 

მეფე-დედოფალს პირველად ეყოლათ ასული – ხუარანძე. ოთხი წლის მერე გაჩნდა უფლისწული, რომელსაც სპარსულად უწოდეს ვარან-ხოსრო-თანგ, ქართულად – ვახტანგ. 

მეფე მირდატი რომ გარდაიცვალა ვახტანგი 7 წლის იყო. მცირეწლოვანი ვახტანგის სახელით ქვეყანას მართავდა საგდუხტ დედოფალი. დედოფლის აზრით, მთავარსარდლის გარეშე დარჩენილ ქართლს ხიფათი ელოდა ბარზაბოდისგან, მისი მამამთილისა და ქმრის მიერ სპარსთა წინააღმდეგ ბრძოლის გამო და ასევე, მის მიერ ქრისტიანობის მიღებისთვის. ამიტომ, საგდუხტ დედოფალმა მოიწვია ერისთავები, სპასპეტი და მათ ჩააბარა შვილები. თავად კი  გაემგზავრა ქვეყნიდან და ეახლა მამას ბარდავში (ძველი ალბანეთის ერთ-ერთ დედაქალაქში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მტკვრისა და ტერტერას შესართავთან). სთხოვა, სპარსელების წინაშე ეშუამდგომლა, რათა არ გამოელაშქრათ ქართლზე და არ დაეწყოთ ქრისტიანთა დევნა. ბარზაბოდი დათანხმდა. თუმცა, მოითხოვა, ქართლშიც ემოქმედათ მაზდეანთა მოგვებს და მათთვის ხელი არავის შეეშალა. 

ბარზაბოდმა ცეცხლის მსახურნი წარმოგზავნა მცხეთას, ბინქარანის ხელმძღვანელობით. 

ბინქარან მოგვი ხალხის გადაბირებას ცდილობდა ცეცხლის მსახურთა რელიგიის მხარეზე. დედოფალი საგდუხტი წუხდა, რადგან ბევრი ცდუნდა სპარსთა სარწუნოებისგან. მან საბერძნეთიდან მოიწვია მღვდელი, სახელად მიქაელი და დაადგენინა ეპისკოპოსად, რადგან მობიდან მთავარეპისკოპოსი გარდაიცვალა, რომელიც წინ აღუდგა ბინქარან მაცდურს და ქართველებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას ახსენებდა. ამ დროს მთავარეპისკოპოსი იყო ჯერ იოველ პირველი, მერე კი გლონოქორ პირველი.

მიქაელ ეპისკოპოსის მოღვაწეობამ შედეგი გამოიღო. შემდგომში ის დაადგინეს ქართლის მთავარეპისკოპოსად.

დაახლოებით 452 წელს, როცა ვახტანგ მეფე ათი წლის იყო, ჩრდილოეთ კავკასიიდან ოსები გადმოვიდნენ ქართლში და მოაოხრეს. კასპიდან ტყვედ წაიყვანეს მეფის სამი წლის და – მირანდუხტი.

ქართველები შურისძიებისთვის ემზადებოდნენ და უცდიდნენ, როდის გაიზრდებოდა მათი მეფე.

მაშინ ჯერ კიდევ არ იყო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღიარებული და არ არსებობდა კათალიკოსის ტახტი. 

ვახტანგ მეფეს მიქაელ ეპისკოპოსი ზრდიდა და ასწავლიდა ქრისტეს სჯულს. 

გადასაჭრელი იყო ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი – ქართულ ეკლესიას სჭირდებოდა ავტოკეფალია. 

ბიზანტიას დაკავებული ჰქონდა სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ საქართველოს გარკვეული ტერიტორიები. ვახტანგ პირველმა სპარსულ ჯართან ერთად, ან სპარსული ჯარის პარალელურად, ისარგებლა რა მომენტით, შეუტია ბიზანტიას და გამოიხსნა ტერიტორიების დიდი ნაწილი.

პონტოს ზღვისპირა ქალაქთან, ალბათ, ტრაპიზონთან, მან გაიცნო მღვდელი პეტრე და ბერი სამუელი. პეტრე გრიგოლ ღვთისმეტყველის საფლავზე იყო ნამოღვაწარი და მისი მიმდევარი გახლდათ. პეტრე და სამუელი ძალიან დაუახლოვდნენ მეფეს. მათი ლოცვის ძალით ვახტანგ მეფეს გამოცხადებაც ჰქონდა. 

ბიზანტიის იმპერატორი იძულებული გახდა, ზავი ეთხოვა იბერთა მეფისგან. ამ დროს ქართველი ხელმწიფე 22 წლის იყო. ეს მოხდა 463–464 წლებში. ვახტანგ გორგასალმა ტყვეები დაუბრუნა ბიზანტიელებს. ჯუანშერის თქმით, ეს იყო 780 000 ადამიანი, რაც შესაძლოა, გადაჭარბებულია. შეიძლება, ეს არა მარტო ქართველების, არამედ სპარსელების მიერ აყვანილი ტყვეებიც იყვნენ. ბიზანტიის კეისარი ლეონ პირველი ნავით, მცირე დაცვის თანხლებით, მოადგა ნაპირს და შეხვდა ქართველ ხელმწიფეს.

ზავის პირობებით, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი პროვინციები არსიანის ქედამდე, ესე იგი, ჭოროხის აუზი და ზღვამდე, ქართლის სახელმწიფოს საკუთრებად გამოცხადდა. ამ დროისთვის, უკვე დაქვრივებული ვახტანგ მეფე დაინიშნა იმპერატორის ასულ ელენეზე. მას შემდეგ, რაც მეფე იქორწინებდა კეისრის ასულზე, აფხაზეთსაც მდინარე კლისურამდე (კელასურამდე) დააბრუნებდა ბიზანტია, ოფიციალურად, სადედოფლოს მზითვად. 

გარდა ამისა, ბიზანტიის იმპერია და ეკლესიები აღიარებდნენ ქართლის ეკლესიის ავტოკეფალიას. ეს დიდი მიღწევა იყო. ქართულ ეკლესიას სათავეში ჩაუდგებოდა კათალიკოსი. იმ დროს წოდება – კათალიკოსი აღნიშნავდა ბიზანტიის იმპერიის გარეთ არსებული ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურს. მანამდე ქართლის ეკლესიის მწყემსმთავრებს მთავარეპისკოპოსები ერქვათ და ისინი ანტიოქიის საპატრიარქოს ექვემდებარებოდნენ.

ქართლის კათალიკოსად ვახტანგ მეფემ ითხოვა მღვდელი პეტრე, რომელიც მას ეხმარებოდა დიპლომატიურ საქმიანობაში. კათალიკოსთან ერთად, ვახტანგ მეფემ ითხოვა 12 ეპისკოპოსის გამოგზავნაც. შესაძლოა, პეტრეს კათალიკოსის რანგში აყვანა ბიზანტიელებსაც აწყობდათ, რადგან დიდი წვლილი შეიტანა ქართველი და ბიზანტიელი მეფეების მოლაპარაკება-შერიგებაში.

ვახტანგ მეფე მობრუნდა ქართლში. დედოფლის მოყვანა და კათალოკოს-ეპისკოპოსთა ჩამოყვანა გაჭიანურდა, ვინაიდან ქართლზე სპარსელების შეტევა მზადდებოდა, ხოლო ბიზანტიას კი ხაზარებთან ჰქონდა ბრძოლები.

ქართლის ეკლესიას კვლავ მართავდა მიქაელი. ბინქარანი დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩააგდეს.

ვახტანგ მეფე ირანის შაჰის მოკავშირედ გაემგზავრა ინდოეთში საბრძოლველად. მანამდე მეფემ დედასთან და ხვარანძესთან ერთად, მოილოცა იერუსალიმი და შემდეგ ანტიოქიაში გაემგზავრა. იერუსალიმში მას იქაურმა პატრიარქმა გადასცა ტერიტორია ჯვრის მონასტრის ასაშენებლად.

ინდოეთიდან დაბრუნებულმა ვახტანგ მეფემ წერილი გააგზავნა კონსტანტინოპოლში და კათალიკოსისა და ეპისკოპოსების სწრაფად გამოგზავნა მოითხოვა. 

რომ გაიგო მიქაელ მთავარეპისკოპოსმა, მეფეს კათალოკოსის დასმა განუზრახავსო, ეწყინა, გაბრაზდა და შეუთვალა: „შენ დაგიტევებია ქრისტე და ცეცხლის თაყვანისმცემელი გამხდარხარ“. ეტყობა, ძალიან ემოციური ადამიანი იყო.

გორგასალმა შეუთვალა: „ქრისტეს ერთგული ვარ, ღმერთმა იცის, თუმცა ელჩი მყავს გაგზავნილი კათალიკოსისა და ეპისკოპოსების მოსაყვანად.“

მიქაელ მთავარეპისკოპოსს რომ ამცნეს მეფის პასუხი, მან დასწყევლა გორგასალი და ქართული ჯარი. მეფემ, როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანმა სიმდაბლე გამოიჩინა და მთავარეპისკოპოსის სანახავად წავიდა – მიქაელი ხომ ქართლის მღვდელმთავარი და მისი გამზრდელი იყო. ჩამოხტა ცხენიდან და სახედარზე მჯდომ მთავარეპისკოპოსს მიუახლოვდა, რათა მთხვეოდა ხელზე... შესაძლოა, რომ მეფეს უნდოდა მთხვეოდა მღვდელთმოძღვრის ფეხს. შესაძლოა, მაშინ ასეთი წესიც იყო. 

სახედარზე მჯდომი მთავარეპისკოპოსის წინ დახრილ გოლიათური აღნაგობის მეფეს მიქაელმა მოულოდნელად  ფეხი მოუქნია და კბილები ჩაუმტვრია.

შესაძლოა, მიქაელ მთავარეპისკოპოსი ასაკის გამო სრულ გონებაზე ვეღარ იყო. მეფისთვის (თუნდაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის) ასეთი შეურაცხყოფის მიყენება გაუგონარი თავხედობაა. 

მეფემ აიტანა შეურაცხყოფა, თუმცა მკაცრად უთხრა: „ეს ამპარტავნობისგან მოგივიდა. თუ რამე დავაშავე, არ გაქვს ასეთი საქციელის უფლება... მაშინ გამოჩნდა სივერაგე შენი, როცა გაიგე ქართლში შენზე აღმატებული მწყემსმთავრის მოყვანის გეგმის შესახებ. შურმა აღგაგზნო. შენ მიემსგავსე იუდას, რომელსაც შურდა პეტრესი. ვერცხლისმოყვარე ხარ, როგორც ქრისტეს მეგვადრუცე იუდა. მე მიგავლინებ კონსტანტინოპოლში და პატრიარქი გაგასამართლებს.“

გააგზავნეს მიქაელი კონსტანტინოპოლში, მეფემ ელჩს მოტეხილი კბილიც თან გაატანა. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა წმიდა გენადიმ ჩამოართვა მიქაელს ეპისკოპოსის ხარისხი: „შენ სისხლი დააღვრევინე ადამიანს და მეფე შეურაცხჰყავი. სიკვდილით დასჯის ღირსი ხარ, რადგან მეფეთა მორჩილება ღვთისგანაა დადგენილი“. მიქაელი კონსტანტინოპოლის აკემიტთა (მღვიძარეთა) მონასტერში გამოკეტეს.

ბიზანტიის იმპერატორმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა „წარავლინეს პეტრე მღდელი და სამოელ მონაზონი ანტიოქიას“ და მისწერეს ანტიოქიის პატრიარქს:

„თავიდან, წმიდა ნინოს მიერ ქართლის გაქრისტიანების დროს, დადგინდა ქართლში ეპისკოპოსი. მაგრამ, მაშინ სპარსელებსა და ბერძნებს შორის დიდი ომები იყო და საქმე ვერ დასრულდა ჯეროვნად, როგორც არის განწესებული მოციქულთა კანონის შესაბამისად“. ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოს აქვს უფლება, ჰქონდეს დამოუკიდებელი, ავტოკეფალური ეკლესია, თუ მის ტერიტორიაზე ნაქადაგები აქვს მოციქულს.

ამგვარად, ბიზანტისის იმპერატორმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა აღიარეს ქართლის მწყემსმთავრის ტახტი მოციქულთა დაარსებულად და ავტოკეფალურად. შესაბამისად, ანტიოქიის პატრიარქმა მარტირიუსმაც აღიარა და აკურთხა პეტრე კათალიკოსად, მასთან ერთად თორმეტი ეპისკოპოსიც და გაამგზავრა კონსტანტინოპოლში. კონსტანტინოპოლიდან დიდძალი საჩუქრებით დატვირთულნი,  კეისარმა და კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ისინი გამოაგზავნეს საქართველოში. მათ თან წამოჰყვათ დიდი მზითევითა და ამალით იმპერატორის ასული.

скачать dle 11.3