კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს...

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N27-48(727) 

თვითმფრინავი ნელა შეეხო ასაფრენ ბილიკს, მაგრამ კოტეში მაინც უსიამოვნო შეგრძნება გამოიწვია. მთელი გზა ფიქრებში იყო ჩაფლული და მთლიანად მოსწყდა რეალობას. დათოვლილ მთებში დიანას გვერდით გატარებულმა სამმა დღემ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა – მხატვრულად რომ ვთქვათ, კოტეს არსებაში მიწისძვრა და ვულკანის ამოფრქვევა ერთდროულად მოხდა. საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა. უკვირდა, რომ პატარა ბიჭივით დაიმორცხვა დეასთან; უკვირდა ისიც, როგორ სძლია გოგოს მოფერების, გულში ჩახუტების სურვილს და გააოცა იმანაც, რომ საერთოდ არ გასჩენია უხამსი ვნება... დეასთან ყოფნა მასში მხოლოდ ძალიან პოზიტიურ, დადებით ემოციებსა და გრძნობებს აღძრავდა... ფიქრიდან სტიუარდესას წიკვინა ხმამ გამოარკვია:

– შეგიძლიათ, ღვედი მოიხსნათ და ჩასასვლელად მოემზადოთ. თბილისში ვართ!

– დიახ, ახლავე, – კოტე წამოდგა და თაროდან ჩანთა ჩამოიღო. სხვა დროს აუცილებლად შენიშნავდა სტიუარდესას გრძელ ფეხებსა და ღრმა დეკოლტეს და ალბათ, კომენტარის ან კომპლიმენტის გარეშეც არ დატოვებდა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ ნახვამდისო, ჩაიბურტყუნა და გასასვლელისკენ გაემართა. ფეხებს უხალისოდ დგამდა ერთმანეთის მიყოლებით... რას არ მისცემდა, დიანასთან ერთად შვეიცარიაში დარჩენის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა. დაუფიქრებლად გააკეთებდა არჩევანს თავისი ახალი და ყოვლის მომცველი სიყვარულის სასარგებლოდ, ისე, რომ არც კი დასწყდებოდა გული თავის ამჟამინდელ ყოფაზე და, საერთოდ არაფერზე. თუმცა, იმასაც ხვდებოდა, რომ ამის გაკეთებას ვერ შეძლებდა – მისი წარსული და აწმყო ისე მჭიდროდ იყო გადახლართული ერთმანეთთან და ისეთ გავლენას ახდენდა მომავალზეც, რომ ვერაფრით დააღწევდა თავს ამ ობობის ქსელს, მაგრამ ვეღარც დიანას დავიწყებას და მის გარეშე ცხოვრებას შეძლებდა...

კარი თავისი გასაღებით გააღო. უხმაუროდ მოძრაობდა – არ უნდოდა, ზედმეტი ყურადღება მიექცია. ცოლთან შეხვედრას ვერ გაექცეოდა – ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ, მასთან საუბრისთვის სერიოზული მომზადება იყო საჭირო, რასაც ჯერ ვერაფრით მოახერხებდა.

კოტეს დაბრუნება პირველად მარიკამ გაიგო. ლენუკას საძინებელი ბინის სიღრმეში იყო და იქამდე ხმა ძნელად აღწევდა, მით უფრო, რომ ლენუკას მჭიდროდ კარდახურულ და ჩაბნელებულ ოთახში უყვარდა ძილი.

მარიკამ ხალათი შეიკრა და კოტეს ღიმილით მიეგება:

– არ გელოდებოდით. ლენუკას დაავიწყდა, გავეფრთხილებინე.

– არა, მისთვის არაფერი მითქვამს. ვეღარ მოვახერხე, დამერეკა. უცებ გადავწყვიტე დაბრუნება... – დაღლილი ხმით ჩაილაპარაკა კაცმა და ქალს ჩანთა გაუწოდა, – კაბინეტში შეიტანე და მეც იქ გამიშალე. ძალიან დაღლილი ვარ და უნდა დავიძინო. ლენუკას კი, თუ გაეღვიძა, მეეჭვება, ამის საშუალება მომცეს.

– როგორც მეტყვით. მოგიმზადოთ რამე? ყავა, ჩაი, სალათაც გვაქვს, ბუტერბროდებსაც გაგიკეთებთ.

– არაფერი არ მინდა ძილის მეტი...

კოტეს ერთი სული ჰქონდა, ოთახში განმარტოებულიყო და ისევ დეაზე ეფიქრა... გაურკვეველი მომავალი თან აშინებდა, თან სიხარულსაც ჰგვრიდა... ვერ ხვდებოდა, როგორ შეძლებდა სიტუაციის ისე დალაგებას, რომ სერიოზული სკანდალი აერიდებინა თავიდან და იმ ქალის გვერდითაც ეცხოვრა, რომელმაც მისი გული სიყვარულით აავსო.

ლენუკამ მხოლოდ სააბაზანოდან გამოსვლისას შენიშნა სავარძელზე ჩანთა და მაშინვე სამზარეულოში გავარდა.

– მარიკა, ვისი ჩანთაა იქ, კოტე ჩამოვიდა?

– დიახ. გამთენიისას მოვიდა. აღარ გაგაღვიძეთ. თვითონ მთხოვა, არ გააღვიძოო.

– ახლა სად არის?

– კაბინეტში. ძალიან დაღლილი იყო და მაშინვე დაწვა. ჩაიც კი არ დაულევია...

ლენუკას აღარ გაუგონია, რას ელაპარაკებოდა ქალი. ხალათის კალთების ფრიალით და აჩქარებული ნაბიჯით გაეშურა კაბინეტისკენ და მძინარე ქმარს თავზე წამოადგა.

– როგორ მოხდა, ოჯახი რომ გაგახსენდა? გაიღვიძე და დამელაპარაკე! კოტე, არ გესმის?

კაცმა, ისე, რომ თვალი არ გაუხელია, ბალიში დაიდო თავზე და უკმაყოფილოდ დაიზმუვლა.

– არ მესმის, რას ამბობ, გაიღვიძე...

– ცოტა ხანს მაცადე და გავიღვიძებ ჩემით... ლენუკა, ორი ღამეა არ მძინებია.

– ეგ არ არის ჩემი ბრალი. არც მე მძინავს წესიერად რამდენიმე ღამეა, მაგრამ, ფიქრობს ამაზე ვინმე? ახლავე გაიღვიძე და დამელაპარაკე!

კოტემ დაიგმინა, ბალიში იატაკზე მოისროლა და წამოჯდა, თან თვალებს ისრესდა.

– აჰა, გავიღვიძე. რა გინდა?

– ჩამოხვედი? – ჰკითხა ლენუკამ და კოტემაც იფეთქა:

– მაგიტომ გამაღვიძე, ქალო? იმიტომ, რომ ეს სისულელე გეკითხა? ვერ ხედავ, რომ ჩამოვედი? ჭკუიდან გინდა, შემშალო? გეუბნები, დაღლილი ვარ-მეთქი და თავს მარტო იმიტომ არ მანებებ, რომ ჩემი ხმის გაგონება გინდა და ჩემს აქ ყოფნაში დარწმუნდე? სულელი ხარ?!

– სულელი შენ თვითონ ხარ და ნუ ღრიალებ, თუ ღმერთი გწამს. მე აქ ვნერვიულობ, არ ვიცი, სად ხარ და რას აკეთე, ჩემს ზარებს არ პასუხობ... მერე მოულოდნელად ჩამოდიხარ და არც კი მაგებინებ. ქურდივით იპარები კაბინეტში... ეს ნორმალურია? შენ აიტანდი ჩემგან ასეთ საქციელს?

– მე არ ვიცი, შენგან რას ავიტანდი, მაგრამ, ახლა ნამდვილად ვერ გიტან, ცუდი სიზმრიდან გადმომხტარი ალქაჯივით რომ დამაცხერი თავზე.

– მე ვარ ალქაჯი და ცუდი სიზმრიდან გადმომხტარი? – შეიცხადა ლენუკამ, ქმარს მივარდა და ხელები გამეტებით წაუშინა მხრებსა და ზურგში – იდიოტო! ეგოისტო... ნამდვილი ურჩხული ხარ!.. ვერ გიტან, რომ იცოდე, როგორ ვერ გიტან!..

კოტეს მოთმინების ფიალა აევსო. ორივე ხელი დაუჭირა, მაგრად შეანჯღრია და გაბოროტებულმა დაუყვირა:

– ჰოდა, ძალიანაც კარგი, თუ ვერ მიტან, მშვიდად შევძლებთ, გავშორდეთ ერთმანეთს.

– რა თქვი? – ლენუკას თითქოს ცივი წყალი გადაასხეს, გაშეშდა და ქმარს მიაშტერდა.

– არაფერი, – ჩაილაპარაკა კოტემ. თბილი პლედი გვერდზე მიაგდო და ოთახიდან უკანმოუხედავად გავარდა. ცოლიც უკან გაეკიდა.

– სად მიდიხარ?

– ტუალეტში! იქაც არ მომასვენო! – უყვირა კოტემ და კარი მიიჯახუნა.

ხმაურზე მარიკა გამოვიდა სამზარეულოდან.

– რა მოხდა, რატომ ჩხუბობთ?

– ეს შენი საქმე არ არის, შედი და გააკეთე ის, რაც გევალება! – უხეშად შეუყვირა ლენუკამ. ნირწამხდარი მარიკა უსიტყვოდ შებრუნდა სამზარეულოში. ლენუკამ სიგარეტს მოუკიდა და სააბაზანოს კართან ჩასაფრდა...

***

... დიანამ ჩანთა იატაკზე დადო და ყურადღებით მომზირალ ლინას გაუღიმა.

– აბა?! – მოუთმენლად ჰკითხა მეგობარმა.

– რა – აბა?! ჩამოვედი.

– ვხედავ. კარგად დაისვენე?

– არაჩვეულებრივად. იცი, რა მაგარი იყო? გული ვიჯერე თხილამურებით სრიალით... თოვლი, სიმშვიდე – აშკარად ძალიან მჭირდებოდა ეს ყველაფერი.

ლინამ თავი გადააქნია:

– არ მჯერა, რომ მარტო იყავი.

– დაიწყე ისევ... რატომ გგონია, რომ გატყუებ. მაინც, ვისთან ერთად უნდა ვყოფილიყავი?

– არ ვიცი და მაგიტომაც მაინტერესებს.

– მარტო ვიყავი.

– სულ მარტო? – თვალები მოჭუტა ლინამ და გადაიკისკისა.

– ჰო, სულ მარტო და, ტყუილად იცინი, რომ იცოდე.. ჩემზე უკეთესად ხარ ინფორმირებული იმაზე, რომ აქ ტომასისა და ალექსანდრეს გარდა არავის ვიცნობ შარვლიანს.

 – ეგ მართალია, მაგრამ, იქნებ, იქიდან ჩამოვიდა ვიღაც და ეს რამდენიმე დღე ერთად გაატარეთ?.. – მრავალმნიშვნელოვნად ჩაიცინა ლინამ.

– იქიდან? ანუ, ლონდონიდან? სისულელეა. მე არ მყავს ბოიფრენდი, ამაზე ხომ ვილაპარაკეთ ერთხელ უკვე.

– ჰო, მაგრამ...

– არა, ლინა, „მაგრამ” არა! სიმართლე ეს არის. მე, ალბათ, ხვალ ლონდონში გავემგზავრები, ჩემებთან.

– უკვე? აბა, რომ მითხარი, ჩამოვალ და ერთი კვირა დავრჩებიო?

– არ შემიძლია. დედაჩემმა დამირეკა. სასწრაფოდ უნდა ავიღო ბილეთი და ამ ღამესვე თუ იქნება რეისი, წავალ, – გადაჭრით თქვა დიანამ.

ლინას თვალები გაუფართოვდა:

– ასე რატომ ჩქარობ? დარჩი კიდევ რამდენიმე დღე.

– ვერა. დედაჩემმა დამირეკა-მეთქი. თუ მალევე არ გავემგზავრები, თვითონ ჩამოვა.

– ჩამოვიდეს, მერე.

– არა, ლინა, არა... არ მინდა, ყველაფერი გავართულო და გავაფუჭო. აჯობებს, წავიდე.

– ალექსანდრეს არ ნახავ?

– ალბათ, არა, – დიანა ადგა და ფანჯარასთან მივიდა. ერთხანს ლინასკენ ზურგით იდგა და ქუჩაში იყურებოდა. მერე ერთბაშად შემობრუნდა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რამე სერიოზულ გადაწყვეტილებას რომ მიიღებს ადამიანი:

– არ ვნახავ ალექსანდრეს, მისთვისაც ასე აჯობებს.

– ცუდია. იცი, როგორ განიცდიდა ეს რამდენიმე დღე? ტომასმა მითხრა, ღამითაც დგებოდა და ოთახში დაბორიალობდაო. იქნებ, გენახა?

– რისთვის? ტყუილი იმედი რომ მივცე? აზრი არა აქვს.

– ესე იგი, მასთან ყველაფერი დაამთავრე?

– არც არაფერი დაწყებულა, ლინა... მე არ ვამბობ, რომ ალექსანდრეს საერთოდ ვშლი ჩემი ცხოვრებიდან, უბრალოდ, ახლა მივდივარ. მაგრამ, ხვალ რა იქნება, არ ვიცი და არც არავინ იცის.

– რომ ადგეს და ლონოდნში ჩამოვიდეს?

– მაგიტომაც გეუბნები – ხვალისას ვერაფერს გეტყვი-მეთქი...

– მე? მე რა ვქნა? მეც აღარ შევხვდე ტომასს?

– ეგ რა შუაშია. თუკი მოგწონს, შეხვდი, რა პრობლემაა.

– მაშინ, ახლა გავიქცევი, სულ ცოტა ხნით. შენც ხომ არ წამოხვიდოდი? ბარში მელოდება.

– ლინა, როგორ ფიქრობ, იქ სანდრო არ იქნება? მირჩევნია, ბილეთი შევუკვეთო და ცოტა დავიძინო.

***

... ლინა ბარში შესვლისთანავე გაქანდა ტომასისკენ და კისერზე ჩამოეკიდა მისი უჩვეულო აქტიურობით გაოგნებულ ბიჭს.

– რა მოხდა? – ჰკითხა დაბნეულმა და სანდროს გადახედა.

– დიანა ჩამოვიდა, – წამოსცდა ლინას და მაშინვე დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით გაწითლდა, – ანუ იმის თქმა მინდოდა, რომ დიანა მიდის, ლონდონში ბრუნდება.

– მოიცა, მოიცა, ხომ თქვი, ჩამოვიდაო? – გამოერკვა სანდრო, – ჩვენ კი გვეუბნებოდი, სახლიდან გარეთ არ გამოდისო. ეს როგორ გავიგო? სად იყო წასული?

– შემეშალა. უნდა მეთქვა, რომ მიემგზავრება... დავიბენი. ვღელავ შენ გამო, – ნათქვამის გამოსწორება სცადა ლინამ.

– ჩემ გამო? – ეჭვით ჩაეკითხა ბიჭი – ლინა, რაღაცას არ მეუბნები.

– სწორედ მაგ რაღაცის სათქმელად გამოვიქეცი – შენი ნახვა არ უნდა.

– რა?!

– ჰო, მე ვკითხე, წასვლის წინ ალექსანდრეს ხომ არ ნახავ-მეთქი და, არაო. ბილეთი უნდა შევუკვეთო და დავიძინო გამგზავრებამდეო.

– ესე იგი, ხვალ მიდის?

– შეიძლება დღეს ღამეც... სანდრო, არაფერს იზამ?

– რა ვქნა? – ხელები გაშალა სანდრომ. ერთიანად გაფითრებულს შესამჩნევად უკანკალებდა ნიკაპი.

– მიდი მასთან. შენ თვითონ... – გამოსავალი იპოვა ტომასმა, – ახლავე წადი. ჩვენც გამოგყვებით, მაგრამ არ შემოვალთ. მარტო ელაპარაკე. ყველაფერი უთხარი.

– რა ყველაფერი, ტომას? – სასოწარკვეთილი გაშალა ხელები სანდრომ.

– ყველაფერი – რომ გიყვარს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია... რაღა გაქვს დასაკარგი?

სანდრო შეყოყმანდა. ეტყობოდა, საკუთარ თავში რაღაცას ებრძოდა.

– კარგი, წავიდეთ!..

***

ლენუკა წარბშეკრული მიაჩერდა ქმარს. რამდენიმე ღრმა ნაფაზი დაარტყა და დაელოდა, რას იტყოდა კაცი.

– რას მიყურებ, ლენუკა, რა გითხარი ამისთანა? თუ ვერ მიტან და გძულვარ, გაგშორდები-მეთქი. ვიფიქრე, გაგიხარდებოდა.

– სულ გაგიჟდი, ხომ? შენ, ისე, მართლა სანდროსთან იყავი? არ მატყუებ?

– შენი მოკლე ჭკუით, სად ვიქნებოდი? – დასცინა კაცმა, – ოხ, ლენუკა, ლენუკა! ზიხარ სახლში მარტო, სიგარეტს სიგარეტზე აბოლებ და თითხნი შეთქმულების თეორიებს. საქმე რომ არაფერი გაქვს, იმის ბრალია ეგ ყველაფერი.

– მერე, რატომ არ მაქვს საქმე?

– მე მეკითხები? როდესმე რამის კეთება დაგიშალე? – გაიოცა კოტემ, – თუმცა, ახლა მაგაშიც არ არის საქმე. ფაქტია, რომ ჩვენ ერთმანეთის აღარ გვესმის. ორ კვირაზე მეტია, ერთმანეთი არ გვინახავს და როგორ შევხვდით? – ჩხუბითა და სკანდალით.

– შენი ბრალია ეს, შენი... – ასლუკუნდა ლენუკა, – ქურდივით შემოიპარე საკუთარ სახლში და კაბინეტში დაიძინე, რომ საერთოდ არ დაგენახე.

– შენი გაღვიძება არ მინდოდა...

– ტყუი! ჩემი ნახვა არ გინდოდა... გაყრაზეც  ტყუილად არ დაგიწყია ლაპარაკი. მართლა სულელი ხომ არ გგონივარ? ვხვდები, ჩემი მიტოვება გაქვს გადაწყვეტილი. მაგრამ ამას ასე ადვილად ვერ შეძლებ. მე არ წავალ შენგან, არასოდეს...

– ლენუკა...

– დიახ, არ წავალ! იმიტომ კი არა, რომ შენი სიყვარულით ვგიჟდები, ჩემი დამცირებისა და შეურაცხყოფის მოყენების უფლებას არ მოგცემ. არავინ ხარ ფულის გარეშე და, თუ მე მიმატოვებ, შენს ფულებსაც დაემშვიდობები – ყველაფერს წაგართმევ, ეჭვი არ შეგეპაროს ამაში.

– არც მეპარება, – ამოიოხრა კაცმა, – მაგრამ, ზოგჯერ თავისუფლება გაცილებით ძვირფასია, ვიდრე სახლები და აგარაკები.

– ჰო?! რაღაც, უცნაურად ალაპარაკდი თავისუფლებაზე. ჯერ ის მითხარი, ვინ არის ის კაცი, რომლისთვისაც რაღაც გაქვს გადასახდელი თუ ვალი დასაბრუნებელი... იმან ხომ არ მოგაგნო ევროპაში და იმიტომაც ხომ არ ჩამოქანდი ასე სასწრაფოდ?

– ვინ კაცი, რას ბოდავ? – გაფითრდა კოტე.

– ის, ვისი დანახვაც გაშინებს თურმე... – აღარ შეეპუა ლენუკა, – თქვი, რა საიდუმლოს მალავ კიდევ?..

 

  გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3