კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტა გია ჯაჯანიძემ მაია ასათიანთან ჭიდაობა

გია ჯაჯანიძის ტელედებიუტს ტელეკომპანია „იმედში” და მის ახალ საავტორო გადაცემას „სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად” რეიტინგი და ხმაურიანი სკანდალი  ერთად მოჰყვა. არაორდინარული სტუმრების გულწრფელმა საუბრებმა საკმაოდ უხერხულ თემებზე, გია ჯაჯანიძე სოციალური ქსელების მთავარი „სამიზნე” გახადა. სკანდალები ცნობილ ტელესახეს არც წარსულში აკლდა, თუმცა ამჯერად  ამბობს, რომ ხმაური და სკანდალები  მისი მიზანი არ ყოფილა. 

გია ჯაჯანიძე: ამ გადაცემის დაწყებამდე, ძალიან მძაფრი განცდები მქონდა. ყველაფერი ერთმანეთში იყო არეული – პასუხისმგებლობა, სითბო, სიყვარული, ცოტა შიშიც. როდესაც მიდიხარ ისეთ ტელევიზიაში, როგორიცაა „იმედი” და იწყებ ისეთი ფორმატის თოქ-შოუს გაკეთებას, რაც ჩვენ  გავაკეთეთ, ბევრი რამ გაქვს საფიქრალი. ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ ამ ტელევიზიის მიმართ სხვა დამოკიდებულება მქონდა.   ეს ჩემი პირადი სენტიმენტებია, რომელზედაც აქ საუბარს ვერ დავიწყებ.  მგონია, რომ „იმედში” უნდა დავასრულო ჩემი სატელევიზიო კარიერა. შესაბამისად,  პასუხისმგებლობა, რომელსაც ვგრძნობ,  ასმაგად მძაფრია. იმის მიუხედავად, რომ დავბერდი ტელევიზიაში, ისეთი შეგრძნება  მქონდა, თითქოს დებიუტანტი ვიყავი და ცხოვრების ახალ ეტაპს შევუდექი.  

– არ გეშინია იმ კონკურენციის, რაც, როგორც თავად ამბობ, ყველაზე ასაკოვანს, ახალგაზრდა თაობასთან მოგიწევს?  მით უმეტეს, რომ იმ დროს „რუსთავი 2-ზე” მაია ასათიანის  „სტაჟიანი” „პროფილი” გადის? 

– ეს არ ყოფილა ჩემი გადაწყვეტილება. მე მაიას მიმართ კარგად ვარ განწყობილი. მას მართლაც კარგი და რეიტინგული შოუ აქვს, რომლის   სტუმარიც მე არაერთხელ ვყოფილვარ. როგორც მაიასაც   უთქვამს, მე ყოველთვის მისთვის  სასურველი რესპონდენტი ვიყავი.  მაიას ჰყავს თავისი მაყურებელი. მეც დარწმუნებული ვარ, მეყოლება ჩემი მაყურებელი და ჩვენ ძალიან დახვეწილად „ვიჭიდავებთ” (იცინის). ისე, მეც ვაპირებ მაიას მოწვევას ჩემს შოუში, თუ „რუსთავი-2” გამოუშვებს.  მე არასდროს მშინებია კონკურენციის და არც ახლა არ მეშინია. გახსნილად ვამბობ, მე ვარ ადამიანი, ვინც შექმნა საკუთარი ინდივიდუალური სახე და არავის ჰგავს. შესაბამისად, არ მაქვს კონკურენციის შიში. ორივე გადაცემამ მაღალი რეიტინგი დადო – გადაცემა შედგა.  თემები, რომელსაც ჩემი გადაცემა განიხილავს, არის იმ  პრობლემების სხვა რაკურსით მიტანა მაყურებლამდე,  რაც ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია.  ეს იყო ჩემი მიზანი. ახლა, როცა ის ჯოჯოხეთი უკან დარჩა, რაც წინ უძღოდა გადაცემის მომზადების პროცესს, ცოტა მოვდუნდი – თავს ამის უფლება მივეცი. იქ, სადაც არიან მაია სტეფნაძე და მანონი ოქრუაშვილი, არ არსებობს „ჩეპე”. ისინი თავისი საქმის ისეთი ვირტუოზები არიან, მათ გვერდით მუშაობა, მათ „ტყვეობაში” ყოფნა, კომფორტულიც არის და სასიამოვნოც. ამაზეა ნათქვამი, მათთან ერთად თავისუფლად წავალ „რაზვეტკაშიო” (იცინის).    

– პირველივე გადაცემებს საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა.  არაორდინარული ისტორიების სტუმრები – კაცი გამოძახებით...  ლამის, გარყვნილების პროპაგანდაში  დაგდეს ბრალი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ზომების მიღებას სთხოვდნენ.  ღირდა მაღალი  რეიტინგი ამ  ტიპის აჟიოტაჟად? 

–  ეს კიდევ უფრო სხვა რამ იყო, ვიდრე – სკანდალი. თუმცა, ეს თემები რეიტინგისთვის ნამდვილად არ გაკეთებულა.  გადაცემაში  არ ყოფილა  გარყვნილებისა და ბოზობის პროპაგანდა.  მე მინდა დავანახო საზოგადოებას, სად ვცხოვრობთ. დავანახვო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს,  რა ხდება ჩვენ  ირგვლივ.  პროპაგანდა არის  მოწოდება: მოდი, გააკეთე ასე, რაც გადაცემაში არ ყოფილა.  რაც შეეხება ჟურნალისტურ ქარტიას, მე ვფიქრობ,  თუ რომელიმე ორგანიზაციას ტელესივრცის განვითარებაზე აქვს პრეტენზია, ერთი  ამბავი კი არ უნდა ატეხოს, პირიქით – თუ პრობლემაა, ბატონო, უნდა შემხვდე, ამიხსნა, თუ რამე არ ვიცი, მასწავლო. მაგრამ, საქმე ისაა, რომ  ყველას უნდა  მუშაობა,  გრანტი, ფული. თუ არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობა არ იქნება ხმაურიანი, ისე გრანტებს ვერ მიიღებს. ამიტომაც, იხმაურონ და იყვნენ, ბატონო.   

– ფიქრობ, რომ ამ საზოგადოების ¹1 პრობლემა  ეს თემებია? 

– არა, ბატონო, ასე არ ვფიქრობ. ვიცი, რომ ჩვენს საზოგადოებას ბევრი პრობლემა აქვს და ჩვენი შემდგომი გადაცემები ყველა ამ თემას მიეძღვნება. სოციალურს, კულტურულს. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ჩვენი საზოგადოების ¹ 1 პრობლემა არის მორალი.  საკუთარ თავზეც ვიტყვი,  ადამიანებს ყველაზე მეტად მორალი სჭირდებათ.  ვინმემ ისე არ გამიგოს, რომ სულხან-საბას და მოძღვრის როლში ვარ, არა! შეცდომების და გადაცდომების მეტი რა მქონია. მაგრამ, მგონია, რომ უკვე გავიზარდე და ახლა ვიცი, რა არის სწორი, და რა – არა, სად დავუშვი შეცდომა და სად – არა.  ადრე სულ ვამბობდი, ადამიანი უნდა იყოს   პროფესიონალი, ინტელექტუალი. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ თუ არ ხარ ადამიანი, არც შენი პროფესიონალიზმი მინდა და არც შენი ინტელექტი. იმ ასაკში ვარ, როცა ვიცი, რომ თუ მორალი გაქვს, პურსაც იშოვი, ფულსაც და საქმესაც. უმორალოდ არაფერს არ აქვს ფასი და ყველა ერთად ჩავიძირებით. იმის მიუხედავად, რომ  უამრავი სხვადასხვა ჯურის ადამიანთან მქონია ურთიერთობა, კაცი გამოძახებით პირველად ვნახე.  შესაბამისად, უხერხულობას ვგრძნობდი, მერიდებოდა.

– სამაგიეროდ, „სტრიპტიზიორშას” საჯდომზე ხელის ფათური არ მოგერიდა.

–  თქვენისთანები მივრცელებენ ამ  ხმებს, ეს ფათური არ იყო, უბრალოდ, მომეწონა მისი ტატუ და თითი შევახე. იმისთვის ჩემი ხელის დადება, გგონია რამეს ნიშნავდა? (იცინის) ბოზებს ბევრს ვიცნობ და ვიცი მათი ფსიქოლოგია. შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი ბოზი უფრო კეთილი, სუფთა და ადამიანურია, ვიდრე გრძელკაბიანი პატიოსანი, ვინც სულ მორალზე ლაპარაკობს.  როგორ არ უნდა განიცადო იმ ქალის  ცხოვრება, ვინც ამბობს, რომ 20 წელია, ტრასაზე ვდგავარო. პროპაგანდას როგორ გავუწევ ამას? უბრალოდ, ერთს გეტყვით, ჩვენი სტუმრები მძაფრად იმით გამოჩნდნენ საზოგადოების თვალში, რომ ჩემს რესპონდენტებს დაჭერილი პოზა და „ბაფთები” არ აქვთ – როგორებიც არიან, ისე ჩანს ეთერშიც. მეც მათ მიმართ არ ვარ აგრესიული, შესაბამისად, არც მათგან ველი „თავდასხმას”.     

– რა შეცვალა ახალმა გადაცემამ შენს ირგვლივ?

–  შეცვალა ცხოვრების წესი. მე ხომ ღამეებს ვათენებდი და მერე დღის ორ საათამდე მეძინა. დღეს საკუთარი თავი ობამა მგონია, ისეთი პუნქტუალობით ვცხოვრობ. საღამოს თერთმეტ საათზე ვიძინებ და დილით  სამსახურში მივდივარ (იცინის). ეს გადაცემა ჩემთვისაც აღმოჩნდა „სხვა რაკურსი”. სოციალურ ქსელში მწერენ და მეუბნებიან:  უი, როგორ პატიოსნად გაცვიაო.  ყველას ეგონა, რომ მე ისე ჩაცმული დავდიოდი გარეთაც, როგორც შოუებში ვჩანდი. 

–  შენი გარეგნული სტილი არ არის პროდიუსერებთან „ბრძოლის” თემა?

– არა, ძალიან მორჩილი ვარ. ისე მჯერა ჩემი პროდიუსერების – მაია სტეფნაძემ რომ მითხრას, ჩიტი ხარ და გაფრინდებიო, გავხსნი ფანჯარას და გავფრინდები (იცინის). ვერ გეტყვით, რომ გარეგნულ სტილში რაიმეს განსაკუთრებულად  შეველიე. ვცდილობ, მეცვას თემის შესაფერისად. ჯარზე რომ გადაცემას გავაკეთებთ,  ხავედრის კოსტიუმითა და ბროშკებით არ გამოვალ. მაყურებელი ჩემს სატელევიზიო შოუებსა და პირად ცხოვრებას აიგივებდა და რატომღაც ეგონათ, რომ ცხოვრებაშიც ისეთი ვიყავი, როგორიც შოუში – ქუჩაშიც არაორდინარულად დავდიოდი.

– არ დადიოდი?

– სად გინახივარ ქუჩაში თავზე ფაფახით? ცოტა განსხვავებულად ყოველთვის მეცვა, მაგრამ არა ისე, როგორც ეთერში. როგორც იქნა, დადგა დრო, როცა  მაყურებელმა ერთმანეთისგან გაყო გია ჯაჯანიძე და მისი გაკეთებული შოუები. 

– ამას წინათ გავიგე, ეთიოპიაში მიდისო – თან თოქ-შოუ და თან ეთიოპია?  

– ახლა რაღა გეგმებზეა საუბარი, მაგრამ მართლაც მქონდა შემოთავაზება ეთიოპიიდან  საინტერესო პროექტზე. ეს პროექტი მოითხოვს ჩემს „გადასახლებას” ეთიოპიაში, რასაც ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ. თუმცა, როგორც ქართველი და მით უმეტეს, იმერელი, რა თქმა უნდა, ჩავერთე მოლაპარაკებებში. ისე, ჩემთვის კი ვხუმრობ  კიდეც,  ეთიოპიაღა აკლდა ჩემს  ცხოვრებას (იცინის).  თუმცა, მე ხომ სტიქიური ვარ, ექსპერიმენტებზეც იოლად მივდივარ. ასე რომ, ჩემგან გამორიცხული არაფერია.   

скачать dle 11.3