კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

მოძალადეები უნდა დაისაჯონ!

12 წელია, გათხოვილი ვარ. ოჯახი რომ შევქმენით, მე 19 წლის ვიყავი, ჩემი ქმარი – 20-ის. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. გიჟდებოდა ბავშვებზე და ამიტომაც გავაჩინე ხუთი შვილი. ხუთი გოგონა გვყავს: 11 წლის სალომე, 9 წლის ნინი, 4 წლის მარიამი, 2 წლის ბარბარე და 6 თვის ნია. ჩემი მეუღლის ხელფასი მეტ-ნაკლებად გვყოფნიდა, ყოველ შემთხვევაში, არ მოგვშიებია. დაახლოებით ერთი წლის წინ, ბოლო შვილზე რომ ვიყავი ორსულად, შოთამ ინტერნეტით გაიცნო ვიღაც ქალი და იმის შემდეგ შეეცვალა ხასიათიც და ფსიქიკაც: ჩემ მიმართ ისეთი აგრესიული გახდა, რამდენჯერმე მუცელში ფეხის ჩარტყმაც კი სცადა. ბავშვების თანდასწრებითაც დაურტყამს ხოლმე. ორჯერ პატრულიც გამოვიძახე და ხელწერილი დააწერინეს. აშკარად ჭკუიდან იყო გადასული, რადგან, ამის შემდეგ ვენები გადაიჭრა იმ ქალის გამო. ისევ მე ვუშველე – სასწრაფოდ წავიყვანე საავადმყოფოში, მაგრამ მაინც წავიდა იმ გათახსირებულთან. აბა, სხვა რა სიტყვა ეკუთვნის ქალს, რომელმაც თავისი ქმარი და ორი შვილი დატოვა და სხვის ქმართან ცხოვრება ამჯობინა?! ახლა სადღაც ქირით ცხოვრობენ და იმ ქუჩის ქალს თან ჰყვება, თავის შვილებს კი ტელეფონითაც არ კითხულობს.

ძალიან მიჭირს. ლილოში ნაქირავებში ვცხოვრობ მცირეწლოვან შვილებთან ერთად. ფონდი „იავნანა“ გვეხმარება, საჩუქრებსაც გვიგზავნის ხოლმე, მაგრამ, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა უბინაობაა. ლილოს გამგებელს მივწერე და ვთხოვე, საცხოვრებელი ფართი გამოეყო ჩვენთვის, მაგრამ, უარი მივიღე.

ამ ცოტა ხნის წინ ხუთივე შვილი ინფექციურში მეწვინა. ტიროდნენ, მამა გვინდაო. უფროსმა დაურეკა და უთხრა, გვინახულეო. ორი დღის შემდეგ ფანჯრიდან დავინახე, რომ იმ ქალთან ერთად მოდიოდა და გადავძახე, ეგ ქალი აქ არ დავინახო-მეთქი, მაგრამ, მაინც ამოიყვანა. ისე გავმწარდი, ორივე გავლანძღე, მან კი ყველას თანდასწრებით გამარტყა სახეში ხელი. ექიმებმა ძლივს დამაწყნარეს წამლებით, სანიტრებმა კი ორივე გააგდეს იქიდან. რაც მთავარია, ეს ყველაფერი ბავშვებმაც დაინახეს.

დედაჩემის მეტი არავინ მყავს დამხმარე, თუმცა თვითონაც არაფერი აბადია იმ საწყალს – სოციალურად უმწეოა, მაგრამ, უკანასკნელ ლუკმას გვიყოფს.

ყველაზე მეტად კი იმის გამო მტკივა გული, რომ იმ ქალის გაცნობამდე სანიმუშო მამა და ქმარი იყო. არასდროს მჯეროდა ჯადოების, მაგრამ, იმის შემდეგ, რაც ჩემი ქმარი ასე რადიკალურად შეიცვალა და წყნარი და მოსიყვარულე კაცისგან ურჩხულად იქცა, უკვე მჯერა, რომ ნამდვილად ჯადო აქვს გაკეთებული.

ამას წინათ ისიც კი ვიფიქრე, ამდენჯერ მშობიარობის შემდეგ რომ გავსუქდი, იქნებ იმიტომ გადამიყვარა-მეთქი, მაგრამ იმ ქალის გაცნობამდე არც სიტყვით უთქვამს და არც ისე უგრძნობინებია, ისევ ძველებურად ვუყვარდი და კარგად იყო ჩემთან. ჩემმა მეზობელმა მითხრა, ცოტაც მოითმინე და, ნახავ, მუხლებზე დამხობილი თუ არ მოხოხდეს და შერიგება არ გთხოვოსო. გაჭირვების მიუხედავად, არ შევურიგდები. მე დიდხანს ვცდილობდი, სიყვარულით შექმნილი მრავალშვილიანი ოჯახი არ დამენგრია, მაგრამ, ვერ მოვახერხე. ახლა კი, რადგან ეს მაინც მოხდა, ნამდვილად აღარ მინდა, უკან დავბრუნდე. როგორმე გავზრდი ჩემს შვილებს ისე, რომ ხუთივე საამაყო ადამიანი გამოვიდეს. ეს კი არ გამომივა, თუ ისევ ვაყურებინებ შვილებს დედაზე ძალადობის სცენებს და ბავშვობიდანვე შეეჩვევიან იმ აზრს, რომ ცემითა და სხვა სახით ქალის დამცირება ჩვეულებრივი ამბავია.

დარწმუნებული ვარ, უამრავი ქალია ჩემს და, შესაძლოა, უარეს მდგომარეობაშიც და მინდა მათ მივმართო: იცოდეთ თქვენი უფლებები! ნუ დააჩაგვრინებთ თავს თქვენზე მხოლოდ ფიზიკურად ძლიერ მამაკაცებს და ნუ გაზრდით შვილებს თქვენი დამცირების ცქერაში! თუ თვითონ ვერ მოახერხებთ თავის დაცვას, იცოდეთ, რომ არსებობს სპეციალური ორგანიზაციები, რომლებიც დაგიცავენ და ამით იხსნიან თქვენს შვილებს ფსიქიკური დამახინჯებისგან. ქალბატონებო, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. ნუ იცხოვრებთ „არავინ გაიგოს“ პრინციპით. პირიქით, ყველას გააგებინეთ, რათა დაისაჯონ მოძალადეები და ვეღარავინ გაბედოს ქალზე ხელის აღმართვა.

თინა, 31 წლის.

 

გადავწყვიტე, შეყვარებულს დავშორდე

მყავს მეცხრეკლასელი ძმა, რომელსაც ხუთი წელია, უყვარს თავისი თანაკლასელი გოგონა და, პატარაობიდან მოყოლებული, არ ელევა ფანტაზია, რომ თავისი შეყვარებული გაახაროს და გამორჩეულად აგრძნობინოს თავი. მეხუთე კლასში იყო, ზაფხულში სახლიდან რომ გაიპარა და დაბადების დღეზე წითელი ვარდებით სავსე კალათით ჩააკითხა აგარაკზე მარტო (ვარდებიც თავისი ნაგროვები ფულით უყიდა); მერე და მერე სულ უფრო მაგარ სიურპრიზებს უკეთებდა და, მარტო იმ გოგოს კი არა, მის მშობლებსაც აგიჟებს. მთელ სკოლაში და მთელ ჩვენს უბანში ლეგენდებს ჰყვებიან ჩემი ძმის საოცარ სიყვარულზე და ყველას, დიდსა და პატარას, იმ გოგონასი შურს, ასეთ ბიჭს რომ უყვარს. ლამის არის, სხვა ბიჭები მტრებად მოიკიდოს, რადგან, ისინი არ თუ ვერ იწუხებენ თავს, რომ განსხვავებულად და აღმატებულად მოექცნენ თავიანთ შეყვარებულებს და, სიმართლე რომ ითქვას, არც გამოსდით (როცა ძალიან მოინდომებენ, მაშინაც კი), იმიტომ, რომ ასეთი რამეების კეთება არ არის მაგათი სულის თვისება. ცხადია, ყველა ერთნაირი ვერ იქნება, მაგრამ, ჩემმა უმცროსმა ძმამ, თავისდაუნებურად, ძალიან ცუდი სამსახური გამიწია, რადგან, ჩემი შეყვარებულის ნებისმიერ სიტყვას თუ საქციელს, ჩემდაუნებურად, ჩემი ძმის საქციელს ვადარებ და ის ჩემს თვალში მაშინვე ნულის ტოლი ხდება. ჩამომაკითხოს და ვარდები მომართვას კი არა, ამ ბოლო დროს ისეა შემძვრალი კომპიუტერში, პაემანზე გამოსვლა ეზარება. ერთი თვის წინ მანქანით პატარა ავარია მომივიდა და, რომ დავურეკე და ვთხოვე, მომაკითხე-მეთქი, მითხრა, რადგან მირეკავ, ესე იგი, არაფერი გიჭირს და, გეხვეწები, ნუ მომაცდენ, ძლივს ბოლო ეტაპზე გავედიო (რაღაც იდიოტურ თამაშზე ჩაიციკლა ამხელა კაცი და სხვა არავინ და არაფერი აღარ აინტერესებს); მაშინ კი თვითონ როცა სცალია და დამირეკავს, გამოდიო, თავპირისმტვრევით უნდა გავიქცე და შევხვდე. ამ ყველაფრის გარდა, არანაირი ფანტაზია, არანაირი ინიციატივა... მოკლედ, თვითონაც არ ვიცი, რატომ არ  ვშორდები. რამდენჯერმე მოვუყევი ჩემი ძმის შესახებ და სიცილი აუტყდა – მაგარი შტერი ძმა გყოლია, მეტი საქმე არ აქვს, ვიღაც გოგოსთვის ამდენს რომ წვალობსო? არადა, რომ ჰკითხო, ვუყვარვარ და უჩემოდ ვერ იცოცხლებს. მაპატიეთ უზრდელობისთვის და, ასეთი სიყვარულის დედაც არ ვატირე? სწორედ ახლა, ამ წერილის წერისას გადავწყვიტე, რომ თავიდან უნდა მოვიშორო. იჯდეს მერე და ითამაშოს ის რაღაც კრეტინობა და ეგდოს მარტო.

მანჩო, 24 წლის.

скачать dle 11.3