კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი იყო შეყვარებული ნუგზარ კვაშალი და საიდან გამოუგზავნა მან 80 წერილი და 90 მისალოცი ბარათი მეუღლეს თბილისში

1973 წელს იქორწინა ნუგზარ კვაშალმა ჩიქოვანთა გვარის უმშვენიერეს წარმომადგენელზე, ქალბატონ თინათინზე. მას შემდეგ 41 წელი გავიდა.  საკუთარ სიყვარულის ისტორიაზე, ქორწილის ამბებსა და მათი სიყვარულის ყველაზე ტკბილ ნაყოფზე, შვილიშვილ ანაზე გვესაუბრება დღევანდელ ინტერვიუში ნუგზარ კვაშალი.

ნუგზარ კვაშალი: განსხვავებული არ ვიყავი არავისგან. ყველა ლამაზ ქალს ვუყურებდი და რატომღაც ყველა მინდოდა, ცოლად მომეყვანა – მანამ, სანამ სიყვარული მოვიდოდა. ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი ქობულეთში, 1971 წელს. მაშინ მე ოცის ვიყავი, თინიკო – ცხრამეტის. ჩვენი შეხვედრები გაგრძელდა თბილისშიც, მერე ვიჩხუბეთ კიდეც. 1-2 თვე არ გვინახავს ერთმანეთი და შერიგება მინდოდა. ამიტომ 8 მარტს, მშობლები წასულები იყვნენ სახლიდან, დავურეკე და ოჯახში მივიწვიე.

– მოვიდა?

– მოვიდა. ჩემი მეგობარიც იყო ჩვენთან ერთად და მითხრა, მოდი, რაღას უცდი, დავსხდეთ და წავედითო. მაშინ მოდაში იყო გაპარვები. ჩვენ რომ გავპარულიყავით, ამისთვის ჩემს მომავალ მეჯვარეს, თემურ გორგოძეს მამამისის მანქანის მოპარვა მოუწია. „გაზ 21-ით” გავიპარეთ. უკვე ღამე იყო, წავედით ბორჯომში თემურის ახლობელთან.

– ამასობაში თბილისში რა ხდება?

– რა და, თინიკოს მშობლებს კაცი გამოუგზავნიათ ჩემებთან და ჩემებსაც მოუხსენებიათ, ბორჯომში მიდიან აქა და აქო. 

– მერე რა მოიმოქმედეს?

– რა და მილიცია ჩვენზე ადრე მივიდა იქ და გველოდა. ბორჯომისკენ გადავუხვიეთ თუ არა, მთა დაგვხვდა ჩამოქცეული. მუშაობდა ორი დიდი გრეიდერი და გვითხრეს – გზა კიდევ 2 საათი იქნება ჩაკეტილიო. ჩვენდაუნებურად გადავრჩით. ამიტომ, გეზი ვიცვალეთ, მივტრიალდით და წავედით თემურის ბებიასთან ბაღდათში. თემურს გზა აერია და შუაღამისას საღორიის ტყეში ამოვყავით თავი. მოკლედ, თემურის ბებიას ღამის ოთხ საათზე დავადექით. დილის 5 საათიდან შეიქნა ამბავი, გაფართხალდნენ წიწილები, დაიკლა გოჭი, ხაჭაპურები, ყველაფერი. ამასობაში ჩვენზე ძებნაა გამოცხადებული – თბილისსა და ბორჯობს შუა გვეძებენ.

– თბილისში როდის დაბრუნდით?

– 2 დღეში. ჩემი სიმამრი და სიდედრი ერთი თვე არ მელაპარაკებოდნენ. 

– რა მაინტერესებს, ბატონო ნუგზარ. კარგი ბიჭი, პოპულარული, კარგი ოჯახისშვილი, ცისფერთვალება... რატომ ურეკავდნენ პოლიციას, ვერ ვხვდები?

– მე ახლა ბიჭები მყავს და ჩემს მეგობრებს, რომელთა გოგოებიც იპარებოდნენ, ისინიც ზუსტად ასევე იქცეოდნენ, როგორც ჩემი სიმამრი მოიქცა. მერე, რა თქმა უნდა, ყველაზე საყვარელი სიძე ვიყავი, ვმეგობრობდით კიდეც. ძალიან კარგი კაცი იყო ჩემი სიმამრი, ძმაკაცი იყო ჩემი, – ტარიელ ჩიქოვანი, ღმერთმა აცხონოს. მეუბნებოდა ხოლმე: ვერ გაუგებ შენ ვერასოდეს გოგოს მამასო. 

მოკლედ, ერთ თვეში შევრიგდით და დაინიშნა ქორწილი. ჩვენი ქორწილის თარიღია 1973 წლის 21 აპრილი. ქორწილი მაშინ რესტორნებში არ იმართებოდა, როგორც ახლაა. მაშინ ქორწილი იმართებოდა სახლებში. ახლა რომ სხედან ცალ-ცალკე მაგიდებთან, ეს ქორწილი არაა, უბრალოდ რაღაც შეხვედრაა. თამადა სადღაც ცაკლე ზის, ყველა მაგიდას თავის თამადა უჩნდება, თამადის ინსტიტუტიც უკვე თითქმის იკარგება. ქორწილებმაც ფერი იცვალა. 

– თქვენი ქორწილი როგორი იყო?

– ჩემი ქორწილი იყო მაყრიონით და მრავალჟამიერით. ჩემი როკმენები ერთად ისხდნენ, ეს ჯაგა-ჯუგა ბიჭები. „როკენროლი” რომ დავუკარით, ბაბუაჩემმა მკითხა: ბაბუ, გიტარები ვერ ააწყვეთო? იმას ეგონა, ასეთ მუსიკას იმიტომ ვუკრავდით, გიტარები გვქონდა აშლილი. 

– დოლ-გარმონიც უკრავდა?

– არა, არა, რა დოლ-გარმონი, ჩვენ სხვა თაობა ვართ. ჩვენს ქორწილში სულ სხვა ჟანრის სიმღერები ისმოდა. მახსოვს, რობერტი იყო ბარძიმაშვილი, ჩვენი ანსამბლის წევრები. ისმოდა როგორც ხალხური, ისე თანამედროვე სიმღერები. რაც შეეხებათ მეჯვარეებს, 2 მეჯვარე მყავდა. ერთი თემური, რომელმაც თინიკო მომატაცებინა (იცინის) და მეორე მეჯვარე – ლევან სიხარულიძე.

– თამადად ვინ გყავდათ?

– ერთ დღეს თამადობა მამაჩემის ბიძაშვილმა ნოე კვაშალმა გასწია. უძლიერესი პიროვნება იყო, როგორც სმით ისე სიმღერით, თამადობით, ტრადიციებით. მეორე დღეს ჩვენი თამადა იყო მამაჩემის კოლეგა, კარლო გოგოტიშვილი. სახლში იმიტომ კეთდებოდა ქორწილი, რომ ყველა სტუმარი, ვისაც კი პატიჟებდი, იმსახურებდა პატივს შენს ოჯახში წვევისა. სტუმრებს უმასპინძლდებოდი დედის, ბებიის მომზადებული კერძებით. ეს ძალიან დიდი პატივისცემაა.

– რამდენკაციანი ქორწილი გქონდათ, სახლში როგორ დაეტიეთ?

– ხომ არ გექნებოდა ოჯახში 200, ან 250 სკამი. ამიტომ მოგვქონდა გაქირავებიდან გრძელი სკამები იყო – ერთ მხარეს რომ ადგებოდი, მეორე მხარე ჩავარდებოდა, რკინის ფეხებით, გაზეთებშემოკრული. ჭურჭლით მეზობლები ამარაგებდნენ ერთმანეთს. მაშინ მეზობლობაც სხვანაირი იყო, ნათესაობაც. ჩამოდიოდნენ, ღამე 15 კაცი ჩვენთან დარჩა სახლში, იმიტომ რომ, მოეხმარნენ ალაგება-დალაგებაში. ვისაც საწოლი არ ეყო, იატაკზე გაუშალეს. წყლის დასალევად რომ ვდგებოდი, ფეხს ვაბიჯებდი ხოლმე. იყო ასეთი სიყვარული და ურთიერთობები. რომელიც დღეს, სამწუხაროდ, აღარ არის.  

მაშინ მხოლოდ ხელი მოვაწერეთ. ტრადიციასავით იყო, რომ ლენინის მოედანზე 5 წრე უნდა დაგერტყა პი-პი-პი სიგნალებით. იმ პერიოდში ბრძანება იყო გამოსული, ღრეობები აიკრძალოსო. მანქანების ნაკადი რომ სიგნალებით დადის, ესეც ღრეობად ითვლებოდა. მე და ჩემმა მეუღლემ 8 მთავრობა გამოვიცვალეთ და ჯერჯერობით, ერთად ვართ. ისე, ჯობდა, 8 ცოლი გამომეცვალა და ერთი მთავრობა ყოფილიყო (იცინის)... არ ვიცი... არ ვიცი.

– ქორწილმა და ლამაზმა დღეებმა გაიარა და...

–  დაიწყო თანაცხოვრება და სულ გასტროლებზე ვარ. ჯერ ვიყავი ლენინგრადში, ფეხმძიმედ დავტოვე, გაგრაში ჰყავდათ თინიკო მშობლებს. ჭამდა დღეში 3 კილო მანდარინს თავის ქერქიანდად. პირველი ბიჭი რომ გაჩნდა, ჰგავდა იაპონელ ჩანკაისის, ჰქონდა სიმსუქნისაგან წვრილი-წვრილი თვალები და იყო მანდარინისფერი... რატომღაც (იცინის). მერე იყო ექვსთვიანი გასტროლი ამერიკაში. ამ განშორებებსაც თავისი ხიბლი აქვს. 41 წელია, დაქორწინეული ვარ და აქედან, ალბათ, 20 წელი გასტროლებზე მაქვს გატარებული. ასე, მისვლა მოსვლაში სიყვარული უფრო ახლდებოდა, იცვლებოდა, იწრთობოდა... თან, ჩამოდიოდა ხოლმე თინიკო ჩემთან ისეთ ქვეყნებში სადაც მისვლა-მოსვლა არ ჭირდა. კოლუმბიაში მირეკავდა, მეც ვურეკავდი არგენტინიდან. მახსოვს, ლათინური ამერიკიდან გამოვუგზავნე ზუსტად 80 წერილი. წერილის კითხვასაც თავისებური ხიბლი ჰქონდა. ლენინგრადიდან ბარათებს ვუგზავნიდი; ერთზე ეწერა: როგორ ხარ, მეორეზე – მიყვარხარ... ასე, 90 ცალს ჩავყრიდი და ვუშვებდი თბილისში თინიკოსთან. დარეკვასაც თავისი ხიბლი ჰქონდა, რომ დაგიძახებდნენ: „ტბილისი ვოსმაია კაბინა”. დღეს ეს აღარაა.” კი, ბევრი კარგი რამ გააკეთა მობილურმა და ნანოტექნოლოგიებმა, მაგრამ თვითონ სიყვარული გააცივა. მე ასე მგონია.

– როგორი დიასახლისი დადგა 19 წლის თინიკო?

– საჭმლის გაკეთება არ იცოდა. არც ვთხოვდი, იმიტომ რომ, აქ დედაჩემი და იქ დედამისი ისეთი მზარეულები იყვნენ... ამიტომ თინიკოს რატომ უნდა გაეკეთებინა სადილი?! ჩვენ ბავშვს დავუტოვებდით ბებიაჩემს და დილიდან საღამომდე ვსეირნობდით, ხან „პაეზდკებში” მივდიოდით. ასე იყო. ახლა რომ იგივეს აკეთებენ ჩვენი შვილები, ჩვენ არ გვიკვირს. მერე წლების განმავლობაში საჭმელების გაკეთებაც ისწავლა და არაჩვეულებრივი მეოჯახეც დადგა.  ჩვენ 41 წელი ერთად ვართ, გვიყვარს ერთამანეთი. გვყავს 2 ვაჟი – 40 და 36 წლისები. 2009 წლის 19 სექტემბერს მოგვევლინა პატარა ანა, ჩემი შვილიშვილი, რომელიც დღეს უკვე ხუთი წლისაა. მისი დაბადებით ჩემი ცხოვრება შეიცვალა შვიდიათას ცხრაასი გრადუსით. ანა ჩვენი სიყვარულის ნაყოფია და იმედი გვაქვს, რომ ჩემი და თინიკოს სიყვარულის ხე კიდევ ბევრ ნაყოფს მოისხამს.

скачать dle 11.3