კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორი დამოკიდებულებაა აფხაზეთში რუსეთ-აფხაზეთს შორის გაფორმებული ინტეგრაციის ხელშეკრულებისადმი და რატომ აბრალებენ ქართველებს მის ხელმოწერას

24 ნოემბერს ქალაქ სოჭში რუსეთის პრეზიდენტმა და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ რაულ ხაჯიმბამ ხელი მოაწერეს „შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და „აფხაზეთის რესპუბლიკას“ შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ”. მეტიც, იმავე დღეს სოხუმის ცენტრში ამ საქმის მხარდამჭერი მიტინგიც გაიმართა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს შეთანხმება უკვე ფაქტია, მიუხედავად იმისა, რომ მისადმი საკუთრივ აფხაზი საზოგადოების დამოკიდებულება, მაინცდამაინც, ერთგვაროვანი არ არის.

აფხაზეთის დანარჩენი მრავალრიცხოვანი ეთნოსები საერთოდაც არ აქტიურობენ, სხვადასხვა მიზეზით: გალელ ქართველებს თითქმის არც აქვთ ხმის უფლება, აფხაზეთის სომხები, თუ მათი რეაქციით ვიმსჯელებთ სოციალურ ქსელებში, მხარს უჭერენ „აფხაზეთის რესპუბლიკის“ რუსეთის ფედერაციასთან ინტეგრაციას (აქვე გეტყვით, რომ სომხეთისგან განსხვავებით აფხაზეთში სომეხი მოსახლეობა გამრავლების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა).

რაც შეეხება თავად აფხაზებს: მათი აზრი ორადაა გაყოფილი, ნაწილი მხარს რაულ ხაჯიმბას უჭერს, მეორე ნაწილი კვლავ ალექსანდრ ანქვაბს მისტირის, რადგან დარწმუნებულები არიან, ანქვაბს იმიტომაც აიძულეს წასვლა, რომ უარი თქვა იმ შეთანხმების გაფორმებაზე, რასაც არათუ უპრობლემოდ, მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით მოაწერა ხელი ათიოდე დღის წინათ.

ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულზე გაჩნდა მოარული ხმები, რომ ალექსანდრ ანქვაბმა მოსკოვის მიერ შეთავაზებულ რაღაც სერიოზული დოკუმენტის ხელმოწერაზე თქვა უარი.  მანამდე კი მას უკვე ჰქონდა უარყოფილი მოსკოვის ორი შემოთავაზება – რკინიგზის გახსნა და ჩრდილოეთ კავკასიიდან კოდორის გავლით სოხუმისკენ მომავალი ავტომაგისტრალის მშენებლობა.

ამას გარდა, ანქვაბის სკამის მოსაყანყალებლად თავისი როლი უნებურად გალელმა ქართველებმაც შეასრულეს (ეს უფრო საბაბი იყო მასების ასაყოლიებლად ანქვაბის წინააღმდეგ) – ოპოზიციამ მას ბრალი ქართველებისადმი ლოიალობაში დასდო (პასპორტები მასობრივად დაურიგაო), რაც რეალობას არ შეესაბამებოდა, ვინაიდან გალელი ქართველების რეგისტრაციის საბუთი – „ფორმა ¹9“, რაც მათ აფხაზეთის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას აძლევდა, უბრალოდ გადაიცვალა აფხაზურ პასპორტებზე.

„გამარჯვება“ – აფხაზურად

საინტერესო ის არის, რომ 2014 წლის 28 მაისის საღამოს გუდაუთის სამხედრო ბაზაზე მოსკოვიდან განსაკუთრებული დავალებით ჩამოფრინდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი. სურკოვის მისია პოლიტიკური კონსულტაციების გამართვა იყო, ნურგალიევის – სამართლებრივი საკითხების მოგვარება, დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლების ჩათვლით.

ერთი ერთზე საუბრისას სურკოვს ანქვაბისთვის რამდენიმე რჩევა მიუცია, როგორც ჩანს, ისინი ანქვაბმა არ გაითვალისწინა და უკვე 29 მაისს აფხაზეთის პარლამენტის 21-მა წევრმა (35-დან) ანქვაბს პოსტიდან წასვლა მოსთხოვა.

ვლადისლავ სურკოვმა შეთანხმების ტექსტი სოხუმში წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც ჩაიტანა და „პრეზიდენტობის“ კანდიდატებს გააცნო. რაულ ხაჯიმბა მის ხელმოწერას დათანხმდა. ხოლო აგვისტოს „არჩევნების“ გასრულებისთანავე პრეზიდენტის სკამზე დავანების შემდეგ შეთანხმება საზოგადოების სამსჯავროზე გაიტანა. მოსკოვის მიერ შეთავაზებული დოკუმენტის თავდაპირველი ვარიანტი შეიცვალა, რომელიც, მართალია, აფხაზი პარლამენტარების მიერ შემუშავებულ შემხვედრ ვარიანტს არ დაემსგავსა, მაგრამ კომპრომისი მოიძებნა, რაც აფხაზურმა მხარემ გამარჯვებად მონათლა, თუმცა ეს შეფასება რეალობისგან შორსაა.

ოპოზიციური პარტია „ამცაჰარა“ (რომელიც, ძირითადად, აფხაზი ვეტერანებითაა დაკომპლექტებული) აშკარად გამოდის შეთანხმების წინააღმდეგ (რაც, ბუნებრივია, ვინაიდან ალექსანდრ ანქვაბის მხარდამჭერად ითვლება), თუმცა მიესალმება სტრატეგიულ პარტნიორობას რუსეთსა და ფხაზეთს შორის (მუქთა ლუკმა ტკბილია?!), ოღონდ სვამს რიტორიკულ კითხვას: „ცრემლმორეულებს არაერთხელ მოგიყრიათ მუხლი ვლადისლავ არძინბას საფლავზე, ამიტომ გეკითხებით: მოაწერდა კი ის ხელს ამ დოკუმენტს?!“

ამის მიუხედავადაც, განტევების ვაცი ნაპოვნია – რა თქმა უნდა, ყველაფერში დამნაშავე ქართველი „ფაშისტები“ არიან. სოციალურ ქსელებში აფხაზების პოზიცია შემდეგნაირია.

ემა კობახია: „ქართველებს რომ ეღიარებინათ აფხაზეთის დამოუკიდებლობა, არანაირი შეთანხმების გაფორმება არ იქნებოდა აუცილებელი, მაგრამ ქართველები ყოველთვის იდიოტები იყვნენ და ამ შემთხვევაშიც ასეთებად დარჩნენ.“

თემურ აგრბა: „ვინმემ რომ გკითხოთ თქვენ (იგულისხმებიან ქართველები), ჩვენ ყოველთვის ოკუპირებული ტერიტორია ვიყავით, რუსეთიც ჩვენ მაგივრად იბრძოდა, მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ: ჩვენ ყოველთვის ვიყავით სახელმწიფო, ჩვენი სისხლით მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და არასდროს დავთმობთ ამას, სანამ ცოცხლები ვიქნებით. და სწორედ აფხაზეთისადმი ქართველების პოზიცია გვიბიძგებს ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერისკენ. ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ და აკეთებთ, ფარისევლობაა“.

ჰარმონიზაცია შესარწყმელად

24 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთის სახელმწიფო სტრუქტურებისა და პენსიის (ოღონდ მხოლოდ იმ პენსიონერთა, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ) დაახლოებას რუსეთის ფედერაციის სამხრეთის ფედერალურ ოლქში არსებულ სახელმწიფო ხელფასთან და პენსიებთან. სავარაუდოდ, ეს ჰარმონიზაცია ნიადაგს მოამზადებს შერწყმისთვის, თუ მსგავსი მიზანი დადგა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინაშე – პუტინის, როგორც რუსეთისთვის მიწების შემგროვებლის სტატუსის განსამტკიცებლად.

პენსიების ზრდა რუსეთის მოქალაქე აფხაზეთის მკვიდრი პენსიონერებისთვის 2015 წლის იანვრიდანაა დაგეგმილი, ოღონდ, თუ გავითვალისწინებთ ხელმოწერილ შეთანხმებაში ნათქვამს – რომ ხელმოწერიდან 3 თვის განმავლობაში უნდა გაფორმდეს ქვემდებარე აქტი ამ საკითხის დასარეგულირებლად, საეჭვოა, აფხაზეთის პენსიონერებმა დაპირებული მომატებული პენსია 2015 წლის იანვრიდან მიიღონ. საბიუჯეტო სტრუქტურებში დასაქმებულებს კი უფრო დიდხანს მოუწევთ ლოდინი (რამდენიმე წელი).

ხოლო, ვიდრე აფხაზეთის მოსახლეობა ხელებს იფშვნეტს იმ სოციალური სიამეების მოლოდინში, რასაც ზემოხსენებული შეთანხმება ითვალისწინებს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფხაზურ-რუსულ საზღვარზე რუსეთის მხრიდან მხოლოდ  5 ოპერატორი მუშაობს 12-დან. ამის გამო დიდი რიგებია ორივე მხრიდან, მოქალაქეები კარგავენ დროს, მაგრამ რუს მესაზღვრეებს არანაირი სურვილი არ აქვთ, დააჩქარონ პროცესი, ჩივის აფხაზეთის რუსული ფულის მომლოდინე მოსახლეობა და იმედოვნებს, რომ ვითარება ამ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ მაინც შემსუბუქდება, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

იმ საკითხების ჩამონათვალს შორის, რომლის შესრულებაც, ადრე თუ გვიან, მოუწევს აფხაზეთის ხელისუფლებას, არის სოფელ აიღბას საკითხი, რომელიც რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე მდებარეობს და 1993 წლიდან აფხაზებსა და რუსებს შორის დავის საგანია. აფხაზები სოფელს არ თმობენ, რუსეთს კი მიაჩნია, რომ აიღბა რუსეთის ნაწილი თვით მეჩვიდმეტე საუკუნიდანაა. რუსეთის ფედერაციამ თავის ჩვეულ სტილს არ უღალატა და აფხაზეთთან შეთანხმების ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე (თითქოს ერთ კვირას ვერ მოითმენდა), კერძოდ, 21 ნოემბერს სოჭის მერი სადავო სოფელს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც საკმაოდ მძიმე პირობებში ცხოვრობს, კომუნიკაციების გაყვანას დაჰპირდა, კრასნოდარის გუბერნატორმა კი სოციალურ-ეკონომიკური ღონისძიებების გატარების პირობა მისცა.

აფხაზეთის „პარლამენტი“ ამან აღაშფოთა (სოჭის მერისა და კრასნოდარის გუბერნატორის ქმედებები უხეშად არღვევს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებებსო), რის ნიადაგზე დადგენილება მიიღეს და აფხაზეთის შესაბამის სტრუქტურებს სასაზღვრო კონტროლის გამკაცრება დაავალეს სოფელ აიბღას მიმდებარედ.

გალი – ფორპოსტი ქართველების წინააღმდეგ?!

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის სომეხი მოსახლეობა რაოდენობით ლამის გაუტოლდა საკუთრივ აფხაზ ეთნოსს, დარტყმის ძირითადი ობიექტი მაინც აფხაზეთის ქართველობაა. აფხაზური ცნობებით, 2003 წლის აღწერით აფხაზეთის ტერიტორიაზე 44 000 მეგრელი და ქართველი ცხოვრობს (უმეტესობა მეგრულენოვანია), მათ შორის, გალის რაიონში – 28 919 ადამიანი (რაიონის მოსახლეობის 99 პროცენტი), ტყვარჩელის რაიონში 8 155 (რაიონის მოსახლეობის 55 პროცენტი).

სწორედ იმის გამო, რომ გალი ძირითადად ქართველებითაა დასახლებული და მჭიდროდ ეკვრის დანარჩენ საქართველოს, ფრონტი ორი მიმართულებითაა გაშლილი.

პირველი მიმართულების მიზანია გალელების აფხაზებად გადაწერა, მეორე მიმართულებით – მათი გამოყენება ფორპოსტად სამეგრელოში არეულობის მოსაწყობად. თუმცა ამ ორივე მიმართულებას ერთი იდეოლოგიური საფანელი აქვს – მეგრელების „არაქართველობა“ და მათი ხელოვნური ასიმილაცია, ენისა და იდენტობის ძალისმიერი დაკარგვა. შესაბამისად, ტირაჟირება მოსაზრების, რომ სამეგრელოს, მინიმუმ, კულტურული ავტონომია ეკუთვნის, მაქსიმუმ – დამოუკიდებელ სახელმწიფო ერთეულად ჩამოყალიბება და საქართველოსგან გამოყოფა.

იმ ფონზე, რომ, ჯერ ერთი, სამართლებრივი თვალსაზრისით, გალელი ქართველები სრულიად დაუცველები არიან, მეორეს მხრივ, მიდის კამპანია მათთვის აფხაზური პასპორტების ჩამორთმევის ეგიდით (მოტივად მათი უკანონოდ დარიგება სახელდება, თუმცა პასპორტები მათ სწორედ აფხაზეთის შესაბამისმა ორგანოებმა დაურიგა), რამდენიმე დღის წინათ აფხაზურ სოციალურ ქსელებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ „სამურზაყანოელი აფხაზების საბჭოს“ 70-მა სამურზაყანოელმა მიმართა მათთვის ისტორიული გვარისა და ეროვნების დაბრუნების მოთხოვნით. იქვეა მინიშნებული, რომ ამის საშუალებას არ იძლევა აფხაზური კანონმდებლობა, ამიტომაც მიმართავენ აფხაზურ „პარლამენტს“, რომ შემუშავდეს შესაბამისი ცვლილებები, რაც „გაქართველებულ“ აფხაზებს ფესვებთან დაბრუნების საშუალებას მისცემს.

საინტერესოა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არ არსებობს საარქივო მონაცემები, რაც დაადასტურებდა გალელი ქართველების აფხაზურ წარმოშობას ან მათი ძალად ქართველების ფაქტს, თუმცა გამოსავალი მოიძებნა – მეხსიერება. ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ მცირე ზომის აფხაზეთში ყველამ ყველაფერი იცის, ყოველგვარი დოკუმენტური მტკიცებულებების გარეშე.

ჯერჯერობით აქტივობები რეალურ ქმედებებში არ გადასულა და, შესაბამისად, უცნობია, რა შედეგით შეიძლება, დასრულდეს ამ ორი მიმართულებით გაშლილი ფრონტი. დანამდვილებით მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: პროქართული განწყობები აფხაზეთში არ არის და მეტიც, რუსეთის ფედერაციასთან მორიგი ფართომასშტაბიანი შეთანხმების გაფორმებამ აგრესია სწორედ ქართველების მისამართით გააძლიერა (პრინციპით: აბა, ჩემს შვილს ხომ არ მოვჭრი თავსო?!).

მოვუსმინოთ რიგით აფხაზებს:

– „თქვენ, ქართველებმა, მიგვიყვანეთ ამ მდგომარეობამდე. თქვენ გვიჩიოდით მთელ მსოფლიოსთან, თქვენ გყავდით ათი წლის განმავლობაში რეალურ ბლოკადაში. თქვენ გვატერორებდით მთელი ცხოვრება. თქვენ ერთიანი საქართველოს იდეით ხოცავდით ჩვენს შვილებს. მე ვიცი, როგორ უმკურნალეთ ჩემს ძმისშვილს და როგორ აქციეთ ეს პოლიტიკად. მასთან შედიოდნენ ქართველი ჟურნალისტები და ბავშვის დედას აიძულებდნენ, კამერების წინ წაეკითხათ წინასწარ დაწერილი ტექსტი, რომ აფხაზეთში მკურნალობა არ იციან და იქ ადამიანებს ასახიჩრებენ. ამის შემდეგ თქვენ რამეზე ლაპარაკის უფლება გაქვთ?!“

– „.გისურვებთ, მალე მოხვდეთ „ნატოსა“ და ევროკავშირში, თუმცა თქვენ იქ არ გელოდებიან, შეიძლება, მაშინ მაინც გაგინათდეთ გონება და გაიგოთ, რომ აღარ არსებობს არც საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა და არც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა.“

ენგურს გაღმა ექსთავდაცვის მინისტრის წიგნსაც გამოეხმაურნენ („სოხუმი – ჩემი იერუსალიმი“), რომელიც საქართველოს დედაქალაქად სოხუმის გამოცხადებას გვთავაზობს.

– „მოდი, გავიყოთ საქართველო სომხებმა, აფხაზებმა და ოსებმა, თუმცა, თუ სერიოზულად ვიტყვით: ერთმანეთზე უარეს სისულელეებს ამბობენ ქართველი პოლიტიკოსები.“

– „თბილისი მიჰყიდონ ჩინელებს, მაინც უმრავლესობა ჩინელი იქნება უკვე იქ.“

– „ვთქვათ, საქართველოს დედაქალაქი გადმოიტანა სოხუმში და როგორ განხორციელდება ეს რუსეთთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში? ქართველებს, როგორც ასეთი, ლოგიკა არ გააჩნიათ.“

ენგურს გაღმა მცხოვრები ჩვენებური სეპარატისტები დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს დაშლა გარდაუვალია, მოტივით: „საქართველოს, რომელიც გაჩუქეს, უკან წაიღებენ.“ ადვილი მისახვედრია, საიდან ჩაუნერგეს მათ ეს აზრი, თუმცა ფაქტია, ისინი ისევე ელიან ამას, როგორც ჩვენ, ენგურს გადმოღმა, რუსეთის ფედერაციის დაშლას. 

скачать dle 11.3