კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა ვიცოდეთ წვიმაში მოძრაობისას, როგორ უნდა გავიაროთ სწრაფად საცობი და რა წესების დაცვა დაგვეხმარება საცობების თავიდან აცილებაში

თბილისური საცობები ისეთ დილემად იქცა, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებს თავი ლამის ნამდვილი მეგაპოლისის მოქალაქეებად აგრძნობინოს. მეორე მხრივ, ხუმრობას თუ გვერდით გადავდებთ, ფაქტია, რომ თბილისური ქუჩები ლამის 24 საათის განმავლობაშია პიკის საათის რეჟიმში. ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ამინდის გაუარესება – თვით ჟუჟუნა წვიმაც კი (რაც მთავარია, არა იმიტომ, რომ გზები იტბორება). რა მიზეზები უწყობს ხელს საცობების გაჩენას და რა ღონისძიებებია გასატარებელი ამის, თუ მთლად აღმოსაფხვრელად არა, შესამცირებლად მაინც, პრობლემას საავტომობილო სპორტის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან, მევლუდ მელაძესთან, ერთად განვიხილავთ.

– უსაცობობას არასდროს უჩიოდა ეს ქალაქი და ესტაკადების მშენებლობამაც კი, არათუ განმუხტა, დაამძიმა ვითარება. არის დღეები, როდესაც, ფაქტობრივად, გაუვალი ხდება ქალაქი. მეტი მანქანა გამოდის, ამინდის ბრალია თუ რა ხდება?

– სერპანტინები რომ გაკეთდა და ნახაზები დაიდო, როგორც კი დავხედე პირველივე ნახაზს, ვთქვი, რომ ეს, პირიქით, გააუარესებდა მდგომარეობას და იმის ახსნაც მაქვს, თუ რა იწვევს მოძრაობის გაჭედვას. ჩვენი სერპანტინების მთავარი პრობლემა არის ის, რომ კვეთებია არასწორი. სერპანტინი არ უნდა იკვეთებოდეს სხვა ზოლთან. მაგალითად, როდესაც გმირთა მოედნიდან ჩადიხარ ზემოდან ან მოდიხარ საბურთალოდან, ერთი ნაკადი უხვევს დიღმისკენ, მეორე ნაკადი –  ორთაჭალისკენ და ამ ნაკადების კვეთა ხდება გზის ყველაზე შენელებულ მონაკვეთში. თან, გზა იმ ადგილას ვიწროვდება, ანუ გარდაუვალია იმ მონაკვეთში მოძრაობის გაჭედვა, მით უმეტეს, ჩვენი მართვის მოწმობებიანი ადამიანების ხელში, რომლებსაც არ უსწავლიათ ასეთ პირობებში მოძრაობა.

– ანუ ცუდი მძღოლები კიდევ უფრო ამძიმებენ ვითარებას?

– ცუდი მძღოლები არა, ცუდად ნასწავლი მძღოლები, იმიტომ რომ, მათთვის არ უსწავლებიათ ასეთი მოძრაობა. ისწავლეს ის, რასაც ითხოვდა მართვის მოწმობის აღების ის მეთოდი, რაც ახლაც გვაქვს: პატარა მოედანზე გაატარებ მანქანას და აიღებ მართვის მოწმობას. არადა, გაქვს მართვის მოწმობა და არ იცი, როგორ იმოძრაო, როდესაც ნაკადები ერთმანეთს ერწყმის. მაგალითად, გერმანიაში ნაკადი ნაკადში ისე შედის, რომ მოძრაობა არ ნელდება. ჩვენთან ეს ვერ ხერხდება, რადგან არც საკუთარი თავის გჯერა, არც სხვისი, ამიტომ ნაკადები ერთმანეთს ვერ ერწყმის, მით უმეტეს, შენელებაში გადასული ნაკადები და ეს ქმნის პრობლემას.

მეორე პრობლემაა მოძრაობის კულტურის არქონა, პატივს არ ვცემთ ერთმანეთს. ამიტომ, როგორც კი შენელდება მოძრაობა, ვიწყებთ გამოსავლის ძებნას: გადავდივართ საწინააღმდეგოდ მომავალ ზოლზე, გვერდიდან შემოვუვლით, რომ გზა ჩავუჭრათ წინ მდგომებს, რაც კიდევ უფრო ამძიმებს საცობს და ყველაზე უფრო მძიმე პრობლემა არის პარკირება. მაგალითად, ლონდონში თითქმის ყველა ქუჩაზე, სადაც საცობის ალბათობაა, აკრძალულია გაჩერება. ანუ არსად არ არის პარკირება. შესაბამისად, მაღალი თანამდებობის პირებიც კი ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობენ, ან მომსახურე ავტომანქანებით.

ამდენად, მგონია, რომ საცობებთან ბრძოლა უნდა დაიწყოს სამი მიმართულებით: მართვის მოწმობების აღებიდანვე უნდა ასწავლონ მძღოლებს ქალაქში მოძრაობა; პარკირების საკითხი უნდა მოწესრიგდეს და, ასევე, საგზაო მონიშვნებისა და გზის გაყოფების საავტომობილო ნაკადები არავის დაუთვლია კომუნისტების შემდეგ. სერპანტინების აშენებამდე ვთავაზობდით, რომ ჩვენს მსაჯებს დავაყენებდით თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე საავტომობილო ნაკადების დასათვლელად და ამ ინფორმაციას უსასყიდლოდ მივაწვდიდით. მაშინ უარი გვითხრეს და დღესაც არავის მოუთხოვია. არადა, ამის დათვლა შესაძლებელია. მით უფრო, რომ ქუჩების უმეტესობა ცალმხრივი უნდა გახდეს, განსაკუთრებით, ვიწრო ქუჩები. თუ ქუჩა იქნება ცალმხრივი და არ იქნება პარკირების ადგილი, საცობი არ შეიქმნება.

– არსებულ ვითარებაში, რა შეიძლება გაკეთდეს ოპერატიულად?

– ძალიან მკაცრი უნდა გახდეს საპატრულო პოლიცია: გზის ჩაჭრაზე, საწინააღმდეგო გზაზე გადასვლაზე, თუ ზოლებში არ მოძრაობენ, მკაცრად უნდა დასაჯოს მძღოლები. მთავარია, ნაკადი არ აიჭრას, რადგან, თუ ნაკადები სწორად მოძრაობს, გზა არ იჭედება. ანუ საპატრულო პოლიცია უნდა გამკაცრდეს და სასწრაფოდ გაკეთდეს გზაზე მონიშვნები, ზოგან ზოლი საერთოდ არაა,  ზოგან არ არის მკაფიო. ნებისმიერი გეტყვით საკუთარი გამოცდილებითაც, რომ, როდესაც მკაფიოდ ხატია ზოლი, გადასვლა გიჭირს და გინდა არ გინდა, ზოლში მოძრაობ. როდესაც ალაგ-ალაგაა ზოლები, ეს გაძლევს საშუალებას, რომ უგულებელყო.

– მომეწონა სიჩქარის შეზღუდვის ნიშნის უშუალოდ სავალ გზაზე დახატვა. მაშინვე აქცევ ყურადღებას.

– რა თქმა უნდა, გინდა, არ გინდა, რეაგირებ. ნებისმიერი ინსტინქტურად რეაგირებს მონიშვნაზე.

– ზოგიერთ დღეს რატომ არის საცობი განსაკუთრებულად გაუვალი და წვიმას რა დანაშაული მიუძღვის ამ საქმეში?

– იმიტომ რომ, ამინდი ძალიან მოქმედებს, როგორც კი წვიმა წამოვა, მაშინვე კატასტროფის წინაშე ვდგებით –  ვაიმე, არ მოვცურდე, ცუდად ჩანს, დამუხრუჭების დროს რომ არ გაჩერდეს მანქანა?! არადა, მარტივია მძღოლების ინფორმირება, რომ ქალაქის სიჩქარეზე არსებითად არ იცვლება ავტომობილის მდგრადობა, როგორი ცუდი ამინდიც უნდა იყოს, ვგულისხმობ წვიმას.

– თან, საბურავი, კარგად რომ სველდება, გამორიცხულია, მოცურდეს.

– ამიტომ ვამბობ, ინფორმირებაა საჭირო, რომ საშიშია პირველი მოსველება, თუმცა ქალაქის სიჩქარეზე, 80 კილომეტრ-საათამდე საშიში ისიც არ არის. საშიშია მაღალ სიჩქარეზე მოძრაობისას. ისიც, მაქსიმუმ, ერთი მეტრით ან მეტრ-ნახევრით იცვლება სამუხრუჭე მანძილი.

– სპეციალურად დავაკვირდი, წვიმის დროს არა მხოლოდ ქუჩების დატბორვის გამო, უბრალოდ, სველი გზის გამო მოძრაობენ ნელა მანქანები.

– ეს შიშის ბრალია, იმიტომ რომ, არ უსწავლიათ და არც თავად გაუსინჯავთ მანქანა, რამდენად მდგრადია წვიმაში. უცხოეთში თავისი სურვილითაც დადის ხალხი კონტრავარიულ მომზადებაზე და ასე თუ ისე, მანქანას იცნობენ. ამასთან, იქ მართვის მოწმობის აღებამდე სავალდებულოა ავტობანზე მოძრაობა, სადაც 150-170 კილომეტრ-საათით უწევს მოძრაობა და ამ სიჩქარეზე უკვე ხვდება, რომ მანქანის დამორჩილება შეუძლია. ამიტომ ძალიან სხარტად დადიან ევროპაში და მეც კი მიჭირს იმ დინამიკაში გადაწყობა.

– გასაგებია, რატომ იჭედება მოძრაობა იუსტიციის სახლთან, იქა ნაკადები იჭრება, მაგრამ იუსტიციის სახლს რომ გასცდები, მაინც მუდმივად საცობია. იქ რა მიზეზია?

– ძალიან ბანალური მიზეზია. ჯერ ერთი, სამზოლიანი გზა გადადის ორზოლიანში, შემდეგ –  ისევ სამზოლიანი ხდება და ეს ზოლების ცვლილება იწვევს მანქანების შერწყმას. ამ ნაკადში კი აუცილებლად გამოჩნდება ყოველი მეათე მანქანა, რომელსაც არ ეჩქარება.

– ან რომლის მძღოლი მობილურზე ლაპარაკობს.

– დიახ, ამას ემატება ერთი სამარშრუტო ტაქსიც, რომელიც აჩერებს და ეს საკმარისია იმისთვის, რომ დაახლოებით 50-მანქანიანი ნაკადი შეანელოს. ეს კი ნიშნავს, რომ შემდეგ 50-შიც აღმოჩნდება მძღოლი, რომელიც კიდევ 50 მანქანას შეანელებს. ამიტომ ნაკადს მიჰყვები ნელა და როდესაც ზოლზე გაიშლება მოძრაობა, ხედავ, რომ თურმე, არაფერი ხდება.

– საცობი იქ სწრაფად გადის, უბრალოდ სულ საცობია.

– დიახ, მთელი პრობლემა ისაა, რომ ბევრია ძალიან დაბალი დინამიკით მოძრავი მძღოლი. მათ ურჩევნიათ, ნელა, დაზღვეულად იარონ. მაგალითად, გერმანიაში დაგვაჯარიმეს იმის გამო, რომ დაბალი სიჩქარით ვმოძრაობდით, 50 კილომეტრით საათში, მოძრაობას აფერხებთო. არადა, ჩვენთან თვითონ პოლიციაც ცუდად დადის. მათ რომ ჯარიმები გამოწერონ მოძრაობის შენელებისთვის, მოძრაობის დინამიკა გაიზრდება.

– თქვით, რომ პარკირების უფლება არ უნდა ჰქონდეთ ვიწრო ქუჩებზეო…

– არა მარტო ვიწრო ქუჩებზე. მაგალითად, პეკინზე რომ პარკირება არ იყოს, გამავალი ქუჩა იქნება. პეკინზე მაღაზიებთან არის პარკირების ადგილები, ამიტომ გამომსვლელი და შემსვლელი მანქანაც, ისიც, რომელიც ვერ დაეტია და მეორე ზოლზე გააჩერა, ძალიან დიდ საცობს ქმნის. ერთი წამით გაჩერებული ერთი მანქანა, სულ მცირე, 10 მანქანის შენელებას იწვევს, ხოლო, თუ ბოლომლე გაჩერდება, 50-ს შენელებას იწვევს. თუ პეკინზე პარკირება არ იქნება, ქუჩა გამდინარე გახდება. კიდევ ერთი პრობლემაა პირველი ზოლები: პირველი ზოლი არც ერთ ქუჩაზე არ ვარგა, ან წყლის ჭებია ისე, რომ ჩავარდები, ან ნაგვის კონტეინერები დგას, ამიტომ ყველა ცდილობს, გადაეწყოს მეორე და მესამე ზოლებზე. შესაბამისად, შუქნიშანზეც კი მესამე ზოლი სრულად სავსეა და ამიტომ ვცდილობ, უკიდურეს მარცხენა ზოლზე ვიარო, სადაც ნაკლები მანქანებია.

– მეც, ძირითადად, პირველ ზოლში ვმოძრაობ, უფრო ხალვათობაა.

– იმიტომ რომ, ყველა ერიდება პირველ ზოლს. საერთო ჯამში, ეს წვრილმანები იწვევს საცობს, თორემ ჩვენ რეალურად არ გვყავს იმდენი მანქანა, რომ საცობი შეიქმნას. ინგლისელებმა ეს საკითხი ძალიან კარგად მოაგვარეს: ლონდონში ვერსად გააჩერებ მანქანას. დილის შვიდ საათამდეა ნაკლები შეზღუდვა. დილის 7 საათის შემდეგ კი, საკუთარ სახლთანაც ვერ გააჩერებ მანქანას. ვალდებული ხარ, გადააყენო. ჩვენი სასტუმროს წინ ადამიანს დარჩა მანქანა, ეტყობა, ჩაეძინა და ინსპექტორი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მოდიოდა და ჯარიმას უდებდა.

– შეკითხვა ვერ დავასრულე. ამბობთ, პარკირება არ უნდა იყოსო, მაგრამ მიმდებარედ კი არის იმდენი ადგილი, რომ დაიტიოს მანქანები?

– აი, ეს არის პრობლემა.

– მაგალითად, სად უნდა წაიყვანოთ იმავე პეკინზე გაჩერებული მანქანები?

– თუ პეკინზე მუშაობს ვინმე, კეთილი ინებოს და გამოიყენოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან ტაქსი. იმიტომაც არის ლონდონში ძალიან ბევრი ტაქსი, რომ პარკირება აკრძალულია. ჩვენთანაც ბევრი ტაქსია და უკვე 3-ლარიანიც კი. ანუ მგზავრობა იმაზე ძვირი არ დაგიჯდებათ, ვიდრე საკუთარი მანქანით მოძრაობა. თუ პარკირებას აკრძალავენ, რას იზამ?! მიხვალ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით. თუ ვინიცობაა, სხვა გზა არ გაქვს, ვინმე მიგიყვანს, დაგტოვებს, წავა და მოგაკითხავს, იმიტომ რომ, სხვანაირად ვერ განმუხტავ მოძრაობას. არადა, მოძრაობის განმუხტვა იმისთვისაც კომფორტია, ვისაც ეჩქარება, დროზე მიხვალ. ამიტომ სჯობია, განმუხტული იყოს მოძრაობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მაინც მიხვიდე დროზე, სადაც მიდიხარ. 

საღამოს 7 საათის შემდეგ, როგორც ევროპაშია, შეიძლება, იყოს რაღაც ნებართვები. ამის შემდეგ შემოვა პარკინგის ბიზნესი. რამდენიმე წლის წინათ ვთქვი, რომ, ადრე თუ გვიან, მოგვიწევს, როდესაც ქალაქი გაიჭედება. რამდენიმესართულიანი პარკინგები უნდა გაკეთდეს, თან გზებიც გამავალი გახდება და, თან, ეს პარკინგები ფულს შემოიტანს. პეკინზე უამრავი ძველი შენობაა და მათ მაგივრად შეიძლება, ჩადგა პარკინგის 10-სართულიანი შენობა. პარკირების შენობების აგება აუცილებელი იქნება, რადგან ყველა საცობებზე წუწუნებს. ერთი სიტყვით, მოძრაობის განმუხტვისთვის საჭიროა, რომ გაუქმდეს პარკირების ადგილები და ადამიანი იძულებული გახდება, სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს. წარმოიდგინეთ, ათიც რომ მივიდეს ტაქსით ან ავტობუსით, 10 მანქანით ნაკლები იქნება და მეტად გამტარი გახდება ქუჩა.

– და მანქანებიც უფრო მცირე ზომის უნდა შევარჩიოთ: ყიდულობენ ძვირად ღირებულ „ჯიპებს“ და გადაჰყავთ გაზზე ეკონომიის მიზნით. იყიდე, რა, იმ ზომის მანქანა, რომლის საწვავის ხარჯსაც აუხვალ და რომელიც უფრო დაეტევა თბილისის ქუჩებში?

– მოვა ეს დროც. გვინდა არ გვინდა, სამყარო იძულებულს გაგვხდის. ლონდონში ერთი ბეწო მანქანები დადიან, ველოსიპედი კი ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია.

– არა, ველოსიპედი ვარცხნილობას გამიფუჭებს, ავტობუსი ან ტაქსი ჯობია.

– ამიტომ მცირე ზომის ტრანსპორტი უნდა შევარჩიოთ, ტაქსი, მეტრო… ჩვენთან უზარმაზარი ჰოლები რომ აქვს მეტროპლიტენს, სულაც არ არის საჭირო. დიდ ქალაქებში, ვიწრო ჩასასვლელებია მეტროში, საცხოვრებელ კორპუსთან ჩახვალ და ყველგან მიდის. მეტრო ყველაზე მოქნილი ტრანსპორტია, შენელების პრობლემა არ აქვს. ამიტომ მეტროს ქსელიც უნდა განვითარდეს.

скачать dle 11.3