კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ესროლა სტალინმა კალინინს პომიდორი

ორი დიდი მოღვაწე შეიძლება ბევრი რამით ჰგავდეს ერთმანეთს, მაგრამ თავიანთი ხასიათით კარდინალურადაც განსხვავდებოდნენ. მაგალითად, ნაპოლეონ ბონაპარტეს გარს ეხვია ბრწყინვალე პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მთელი პლეადა და ის ცდილობდა, საფრანგეთი დიდების, კეთილდღეობის გზაზე მათი თანადგომითა და დახმარებით გამოეყვანა. იოსებ სტალინის გარემოცვა კი უნიჭო, უინიციატივო, გაუნათლებელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისაგან შედგებოდა. ამიტომ იყო, რომ სტალინმა რუსეთი უძლიერეს ზესახელმწიფოდ აქცია მხოლოდ ყველასგან დამოუკიდებლად, პოლიტიკური ელიტის, ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოყენების გარეშე. სწორედ ამ თემაზე ვიმსჯელებთ ამჯერად საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით. 

სტალინი მართავდა მარტო. მის გარშემო მოფუსფუსე პოლიტიკოსები კი მხოლოდ იმის შთაბეჭდილებას ქმნიდნენ, რომ თითქოს ზესახელმწიფოს  მართვა-გამგეობაში მონაწილეობდნენ. ცხადია, ეს ფუსფუსი სტალინის სცენარით იყო გათვალისწინებული. ამიტომაც, მოფუსფუსენი დიდის გულმოდგინებით ასრულებდნენ რეჟისორის მიერ განსაზღვრულ როლებს. სტალინი კმაყოფილი იყო, თუმცა ზოგჯერ ეს უნიჭო ადამიანები მის გაღიზიანებასაც იწვევდნენ. სტალინი ცინიკოსიც გახლდათ. ადამიანებისადმი ცინიკური დამოკიდებულება მას წლების განმავლობაში სულ უფრო და უფრო უძლიერდებოდა, რადგან მის გარშემო მხოლოდ უუნარო და უსუსურ ადამიანებს ხედავდა. სტალინის გარემოცვაში სულ რამდენიმე პოლიტიკური მოღვაწე გამოირჩეოდა, რომელსაც ბელადი აფასებდა და შესაბამისად, პატივსაც მიაგებდა. ასეთი იყო, მაგალითად, ლავრენტი ბერია. საბჭოთა რუსეთსა და საბჭოთა კავშირში პრეზიდენტის თანამდებობა არ არსებობდა. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს სათავეში ედგა ჩვეულებრივი, გაუნათლებელი მუშა-რევოლუციონერი, მიხეილ კალინინი. ერთხელ დაისვა საკითხი კალინინის თანამდებობისთვის სახელი შეეცვალათ და ეწოდებინათ, არა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, არამედ საკავშირო მამასახლისი (ვსესოიუზნაია სტაროსტა). საკითხის განხილვისას, სტალინმა აღნიშნა: ეს სახელწოდება კარგია, რომ არა ერთი საშიშროება. რუს გლეხს სოფლის მამასახლისი წარმოუდგენია მათრახით ხელში, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რუსი გლეხი, ვსესოიუზნაია სტაროსტას როგორ წარმოიდგენს – ცხადია, უზარმაზარი მათრახით ხელში. ამ სახელწოდებით შეშინდება რუსი გლეხიო, – დაასკვნა სტალინმა. 

სტალინს მიხეილ კალინინი ძალზე აგდებული ჰყავდა. ერთხელ, დიდი თეატრის ერთ-ერთი ბალერინა სტალინის დავალებით, სპეცსამსახურებმა კალინინს მიუჩინეს. ბალერინამ კალინინს სთხოვა: დიდი თეატრის გარდერობიდან რამდენიმე საათით ძვირფას ქურქს წავიღებ, ჩავიცვამ, რომ მეგობრებთან თავი მოვიწონოო. კალინინი პატიოსანი ადამიანი იყო, მაგრამ ლამაზი ქალის ხვეწნა-მუდარას ვერ გაუძლო და თეატრის დირექტორთან წერილი გაატანა შესაბამისი თხოვნით. ქურქი, რა თქმა უნდა, რამდენიმე საათში თეატრის გარდერობში დააბრუნეს. ამის შემდეგ, სტალინმა მიხეილ კალინინი თავისთან გამოიძახა და უთხრა: მიხეილ ივანოვიჩ, თქვენი ბებრუხანა აღარ გყოფნით, რომ ახალგაზრდა ბალერინასთან გააბით ინტიმური კავშირიო. კალინინმა გადაჭრით უარყო ყველაფერი, მაგრამ სტალინმა მაგიდაზე, მის მიერვე დაწერილი ბარათი რომ დაუდო, საწყალ მოხუცს ენა ჩაუვარდა. 

მიხეილ კალინინს, როგორც იმ დროის ბევრ გამოჩენილ ადამიანს, თეთრი ტილოს შარვლისა და კიტელის ჩაცმა უყვარდა. სტალინს ასეთი ჩაცმულობა არ მოსწონდა და ამის შესახებ რამდენჯერმე უთხრა კიდეც კალინინს. ერთხელ, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი კალინინი სტალინთან წვეულებაზე მივიდა. სტალინმა პომიდორი აიღო, ხელში დაჭყლიტა, კალინინს ესროლა და თან, დააყოლა: აღარ დაანებებ, მიფხავ-პერანგით სიარულს თავსო?! 

სტალინის დაცინვის ობიექტი ხშირად ხდებოდა ნიკიტა ხრუშჩოვიც. ერთხელ, სტალინთან თათბირზე დაბარებული იყვნენ: ხრუშჩოვი და სხვა თანამდებობის პირები. ისინი სტალინის მისაღებში ისხდნენ და ელოდნენ გამოძახებას. ყველას თვალი ბელადის კაბინეტის კარისკენ ეჭირა. მოულოდნელად, სტალინი, რომელიც თურმე კაბინეტში არ იმყოფებოდა, დერეფნის მხრიდან შევიდა მისაღებში. ყველა დაიბნა, მაგრამ ფეხზე წამოდგომა და მისალმება მაინც მოასწრეს. ნიკიტა ხრუშჩოვს, რომელსაც იმხანად საკმაოდ მოზრდილი ღიპი ჰქონდა, ადგომა შეაგვიანდა. სტალინმა რომ ჩაიარა, ის ჯერ კიდევ იჯდა. სტალინის ქორულმა მზერამ ხრუშჩოვი დაზაფრა, მიუხედავად იმისა, რომ ბელადს სიტყვაც არ დაუძრავს. თათბირი კარგა ხანს გაგრძელდა. ხრუშჩოვმა მოსვენება დაკარგა, სულ რაღაც ცუდის მოლოდინში იყო. სტალინი დროდადრო ისეთ მზერას აპყრობდა, რომ ნიკიტა წონაწორობას კარგავდა. როგორც იქნა, თათბირი დამთავრდა. მონაწილეები რიგრიგობით გადიოდნენ კარში. ნიკიტა ხრუშჩოვიც მიუახლოვდა კარს, სულ ერთი ნაბიჯიც და თავისუფლად ამოისუნთქავდა. სწორედ ამ დროს ზურგიდან მოესმა ბელადის ხმა: ნიკიტა სერგის ძევ, ცოტა ხანს მოიცადეთ! ხრუშჩოვს ელდა ეცა. სკამამდე ძლივს მიბარბაცდა, მაგრამ დაჯდომას ვერ ბედავდა, მუხლებაკანკალებულს არც სტალინი სთავაზობდა დაჯდომას. ბელადი დინჯად მიმოდიოდა კაბინეტში, ბოლოს შეჩერდა, ხრუშჩოვს თვალი თვალში გაუყარა და უთხრა: თქვენზე მითხრეს კულაკის შვილიაო. 30-იან წლებში კულაკისშვილობა და სამშობლოს მოღალატეობა ერთი და იგივე მნიშვნელობის იყო. ხრუშჩოვს ენა ჩაუვარდა. თუმცა, ძალა მოიკრივბა და სტალინს უთხრა, რომ ის ღარიბი გლეხის ოჯახიდან გახლდათ.  

სტალინის კაბინეტიდან გასული ნიკიტა ხრუშჩოვი იმ დღესვე სპეციალური თვითმფრინავით მოსკოვიდან კურსკის ოლქში, თავის მშობლიურ სოფელში გადაფრინდა. სასოფლო საბჭოში სასწრაფოდ აიღო ცნობა, რომ მისი ოჯახი კულაკთა სიაში არასდროს ყოფილა და მუადამ ღარიბ გლეხთა კატეგორიას განეკუთვნებოდა. გახარებულმა ხრუშჩოვმა პირველი შემთხვევისთანავე, ცნობა სტალინს წარუდგინა. სტალინმა ცნობას გულგრილად დახედა და ერთადერთი სიტყვა წარმოთქვა: „ხოროშო”. ეს ნიკიტა ხრუშჩოვისთვის რეაბილიტაციას ნიშნავდა. 

ერთხელ, ნიკიტა ხრუშჩოვი ბელადთან იმყოფებოდა კაბინეტში. სტალინმა ყალიონის გაბოლება მოინდომა, მაგრამ ყალიონი მაგიდაზე ვერ აღმოაჩინა და ხრუშჩოვს მიმართა: ნიკიტა სერგეევიჩ, მგონი, ჩემი ყალიონი მაგიდის ქვეშ აგდია, იქნებ დამეხმაროთ და მომაწოდოთ. ხრუშჩოვმა მისი თხოვნა უმალვე შეასრულა. მომდევნო შეხვედრებზე სტალინი სისტემატურად სთხოვდა ხრუშჩოვს მაგიდის ქვეშ შევარდნილი ყალიონის მოძებნას, თუმცა კარგად იცოდა, რომ ყალიონი იქ არ ეგდო. ოფლში გაწუწული, მსუქანი ხრუშჩოვი გულმოდგინედ ეძებდა დაკარგულ ნივთს, რაც სტალინს კარგ ხასიათზე აყენებდა. ბოლოს, ნიკიტა ხრუშჩივი, როგორც იქნა სტალინის ეშმაკობას მიხვდა და მის კაბინეტში შესვლამდე, ჯიბეში დამალავდა ხოლმე მსგავს ყალიონს. როცა სტალინი მაგიდის ქვეშ ყალიონის მოძებნას დაავალებდა, ეშმაკი ნიკიტა გულმოდგინე ძებნის შემდეგ, ჯიბიდან ჩუმად ამოიღებდა ხოლმე ყალიონს, მაგიდის ქვეშიდან გამოძვებოდა და ვითომც არაფერი, ისე მიაწვდიდა ბელადს. სტალინი ცხადია, იმთავითვე მიუხვდა ნიკიტას ეშმაკობას, მაგრამ არ იმჩნევდა, სანამ ნიკიტას მიერ ნაპოვნი ყალიონებით არ აივსო სტალინის სამუშაო მაგიდის უჯრა. 

ბელადი მუდამ დასცინოდა ცნობილ ქართველ ბოლშევიკ მიხა ცხაკაიას. ერთხელ, მიხა ცხაკაია მოხსენებით გამოდიოდა. დასასრულს, მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „დღეს კომუნიზმის დროშა ფრიალებს დედამიწის ერთ მეექვსედზე, მალე ის აფრიალდება ერთ მეათედზე, შემდეგ ერთ მეასედზე... სტალინმა ცხაკაიას რეპლიკა ესროლა: მიხა, გაჩერდი, თუ არა, საქმეს ისე წაიყვან, დედამიწაზე კომუნიზმის დროშის ჩასარჭობ ადგილსაც არ დატოვებო.

სტალინს ძალიან მოეწონა სერგეი მიხალკოვის დაწერილი საბჭოთა კავშირის ჰიმნის ტექსტი. აღფრთოვანებულმა ბელადმა, მიხალკოვს უთხრა: რაც გინდა მთხოვეო. მიხალკოვმა იმ დროს მიღებული ეტიკეტის თანახმად, უპასუხა: რომ მას საბჭოთა ხელისუფლებამ ყველაფერი მისცა და არაფერი სურს. კომუნალურ ბინაში დაბრუნებულ სერგეი მიხალკოვს ცოლმა უსაყვედურა: ბინა რომ არ გვაქვს, სტალინს რატომ არ სთხოვეო. მიხალკოვმა ისარგებლა იმით, რომ სტალინთან დარეკვის უფლება ჰქონდა და ბელადს ბინის მიღებაში დახმარება სთხოვა. სტალინის პასუხი გამაოგნებელი იყო: „მე მიყვარს გაბედული ადამიანები, მაგრამ ვერ ვიტან თავხედებს!”

სტალინს არა მარტო ცალკეული პიროვნებების, არამედ საერთოდ, ადამიანების გაბიაბურებაც უყვარდა. 20-იანი წლების მიწურულს, პირველად შექმნილი კოლექტიური მეურნეობები ვერ ამართლებდა. პურის კრიზისი მძვინვარებდა. უამრავი ადამიანი შიმშილით იხოცებოდა. ასეთ ვითარებაში მოსკოვში ტარდებოდა კოლმეურნეთა საკავშირო შეკრება. პრეზიდიუმში მჯდარ სტალინს მრავალი მილიონი გლეხი უყურებდა. სტალინს უსვამდნენ ერთადერთ კითხვას: რა ვქვათ, როგორ ავიცილოთ შიმშილი თავიდან? სტალინის პასუხი მოკლე და ცინიკური იყო: „ამხანაგებო! იქნება მოსავალი, იქნება პური, არ იქნება მოსავალი, არ იქნება პური. უნდა ვიმუშაოთ, ამხანაგებო!” მთელი დარბაზი მოინუსხა, რუსმა მუჟიკმა ურთულეს კითხვაზე, უმარტივესი პასუხი მიიღო. კომედია ამით არ დამთავრებულა. შეკრების მონაწილენი დაბრუნდნენ თავთავიანთ სოფლებში და კრებებზე გამოსვლებს ასე ამთავრებდნენ: ამხანაგმა სტალინმა თქვა, „იქნება მოსავალი, იქნება პური, არ იქნება მოსავალი, არ იქნება პური. უნდა ვიმუშაოთ, ამხანაგებო!” სასაცილოა, მაგრამ ფაქტია, რომ როგორც მოსკოვში გამართულ საკავშირო შეკრებაზე, ისე სოფლის კრებებზეც, ამ სიტყვების წარმოთქმას მქუხარე ოვაციები მოჰყვებოდა ხოლმე. 

скачать dle 11.3