კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-47(726) 

***

რუზგენ ჩოჩიანის ხალხმა მორფინა სიკვდილის პირამდე სცემეს, მაგრამ სიტყვაც ვერ დააცდენინეს.

– რას მერჩით, ძმებო? კარგ ხალხში გაიკითხეთ, ვინ ვარ, – ტიროდა მორფინა და იმ ქურდის სახელს იმეორებდა, ვის ცოლთანაც ინტიმური კავშირში ამხილა ის ვაჟა ზვიადაურმა.

სამსაათიანი ეგზეკუციის შემდეგ, ჩოჩიანის „გალავარეზებმა“ თავი დაანებეს მორფინას და თბილისში გამოემგზავრნენ. მანამდე კი თავის ბოსს შეატყობინეს, რომ მორფინა სუფთა იყო. სოჭში გამგზავრების წინა რუზგენ ჩოჩიანმა ზორბეგ შილბანს უთხრა:

– გივი ჯაფარიძე ჩვენიანია, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავი და თვალი არ მოაცილო. სიფრთხილეს თავი არ სტკივა.

– ყველაფერი რიგზე იქნება, ბოს. დარდი ნუ გაქვს, – დააიმედა შილბანმა ჩოჩიანი და სადგურზე წავიდა.

სოჭი-დუშანბე-ბათუმის ვოიაჟმა წარმატებით ჩაიარა. მორფინამ ჰეროინი მიიღო და ორმოცდაათი ათასი მანეთი გივი ჯაფარიძეს ჩაუთვალა. მან კი წილები შეთანხმებისამებრ გაყო. ოცი ათასი თავისთვის დაიტოვა. ოცდაათი ათასი კი ზორბეგ შილბანს გადასცა და რუზგენ ჩოჩიანთან დიდი მოკითხვა დააბარა.

– თბილისში არ მოდიხარ? – ჰკითხა შილბანმა გივის.

– ჯერ არა. ცოტას აქ, გავიგულავებ და მორფინას დაბრუნებას დაველოდები. გავიგებ, რა ამბავს ჩამოიტანს. თბილისში კი ერთ კვირაში ჩამოვალ და იქ შეგხვდებით.

– ერთი კვირა თბილისში ვერ გავჩერდები, ლენინგრადში უნდა გავემგზავრო. იქაც ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ვერ მივატოვებ.

– მაშინ, პირდაპირ იქ ჩამოვალ და შემოგეშველები.

– ვფიქრობ, არ გამოვა. რუზგენმა შენზე მითხრა – აქ მჭირდებაო და მგონი, თბილისში დარჩენა მოგიწევს. მე კი ახალი პარტნიორი უნდა მოვძებნო.

– რა გაეწყობა. რუზგენი დასაფასებელი კაცია და უარის თქმა არ გამოვა. დაველოდები მორფინას. მერე კი თბილისში გავემგზავრები. ჩვენ კი ისევ შევხვდებით ერთმანეთს. აბა, ნახვამდის.

– ნახვამდის, – მიუგო შილბანმა და ჯაფარიძეს გადაეხვია. შემდეგ „ვოლგაში“ ჩაჯდა და თბილისისკენ გაემგზავრა.

მორფინა თურქეთში მიმავალ საკრუიზო გემზე ავიდა. თავის კაიუტაში შევიდა და ტურისტივით გამოწყობილ ზვიადაურს ჰეროინი გადასცა.

– აი, უფროსო, ჩაიბარე „ტავარი“, – უთხრა ხრიკულმა პოდპოლკოვნიკს და სკამზე ჩამოჯდა.

ზვიადაურმა ნარკოტიკი შეამოწმა. პაკეტები ტყავის ჩანთაში ჩაალაგა და „ბარიგას“ უთხრა:

– პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. გილოცავ!

მორფინამ გააბოლა და ირონიით მიუგო:

– ამის მოლოცვას, მერჩივნა, გენერლობა მოგელოცა.

– მაგის დროც მოვა.

– დამცინი, არა, უფროსო? არადა, ბავშვობაში მართლა გენერლობაზე ვოცნობობდი.

– მერე, შე დალოცვილო, გესწავლა, გეშრომა და პატიოსანი გზით გევლო. შენ კი ბარიგობა აირჩიე და უამრავი ადამიანი გყავს გაუბედურებული.

– გეშლება, უფროსო.

– რა მეშლება. მუმიოს მალამოს არიგებდი უფასოდ და ხალხს კურნავდი ხომ?

– გინდა, მოგიყვე, რატომ გავბარიგდი?

ზვიადაურმა საათს დახედა და უთხრა:

– მიდი. გემის გასვლამდე ორმოცი წუთი დარჩა.

მორფინამ გააბოლა და თქვა:

– ათი წლის ვიყავი, დედ-მამა რომ დამეღუპა და დავობლდი. ჩემი აღზრდა ბებიამ ითავა და თექვსმეტ წლამდე მპატრონობდა. კარგი ქალი იყო ცხონებული. სამ ადგილზე დამლაგებლად მუშაობდა, რომ ჩაცმა-დახურვა და საჭმელი არ მომკლებოდა.

– შენ მხოლოდ ისწავლე, შვილო. პატიოსანი, კარგი კაცი გამოდი და თავს არ დავზოგავო, – ხშირად მეტყოდა ხოლმე ბებია, გულში ჩამიკრავდა და მომიალერსებდა.

მე მართლაც კარგად ვსწავლობდი. სამხედროობა მინდოდა და გენერლობაზე ვოცნებობდი. მაგრამ, ხომ გაგიგონია – უბედურ კაცს ქვა აღმართში დაეწევაო. თანდათან ბებია დაუძლურდა, ხშირად ავადმყოფობდა. ერთ მშვენიერ დღეს  კი ლოგინად ჩავარდა. უამრავი წამალი სჭირდებოდა და ის პატარა დანაზოგი, რაც ბებიას ჩემთვის ჰქონდა გადანახული, მის წამლებში დაიხარჯა. ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ სახლში არც ფული გვქონდა, არც საჭმელი – ხმელი პურიც კი არ მოგვეპოვებოდა. იმ დღეს პირველად გავაცდინე სკოლა. უთენია რკინიგზის სადგურზე წავედი, მატარებელს დავხვდი და მგზავრებს ბარგის გადაზიდვაში ვეხმარებოდი. შუადღემდე ათი მანეთი ვიშოვე. წამოვედი. წამალი და საჭმელი ვიყიდე და ბებიას მივუტანე. ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღე სადგურზე მივდიოდი და ამგვარად ვშოულობდი ფულს. ერთ დილას, როდესაც სადგურზე მივედი, ნასილშჩიკებმა გვერდზე გამიყვანეს და იქ მისვლა ამიკრძალეს.

– ძმაო, ლუკმას გვაცლი პირიდან. წადი, სხვა ალაგი მონახეო, – მითხრეს მათ. მე კი ჯიუტად გავაგრძელე ჩემი საქმიანობა.

საქმე ის იყო, რომ მე, დაწესებულ ტარიფზე იაფად, ნახევარ ფასში ვზიდავდი ტვირთს და კლიენტები არ მაკლდა. მიყურეს, მიყურეს ნასილშჩიკებმა და დრო იხელთეს. თავზე ტომარა ჩამომაცვეს, მიყრუებულ ჩიხში წამათრიეს, ჩამოწერილ ვაგონში შემაგდეს და სიკვდილის პირამდე მცემეს. თან, რაც ფული მქონდა, წამართვეს და წავიდნენ. გონს რომ მოვეგე და წამოდგომა შევძელი, უკვე ბნელოდა. რის ვაივაგლახით მივედი სახლში და ბებიას ყველაფერი მოვუყევი, თან ავტირდი. მან გულზე მიმიკრა, მომეფერა და მითხრა:

– არა უშავს, შვილო, ცხოვრებაში ყველაფერი ხცდება და განსაცდელის გადატანა უნდა იცოდეო.

ისე ვიყავი დაუძლურებული, რომ ბებიის მკერდზე ჩამეძინა. დილით, თვალი რომ გავახილე, უცნაური გრძნობა დამეუფლა, ბებიას ორივე ხელი ჩემს ლოყაზე ეწყო და მიუხედავად იმისა, რომ მაისი იყო და თბილოდა, ყინულივით გაჰყინვოდა. თავი წამოვწიე, ბებიას დავხედე და თავიდან ვერ მივხვდი, რომ მკვდარი იყო. ეს რომ გავაცნობიერე, საზარლად ავყვირდი და მთელი უბანი შევყარე.

საცოდავი ბებია სახელმწიფო ხარჯებით დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე. მე იქ ყოველდღე ავდიოდი და ცხარე ცრემლით დავტიროდი ჩემს უდროოდ გარდაცვლილ მშობლებსა და ბებიას. სახლში გვიან ვბრუნდებოდი. მივეგდებოდი ლოგინზე, ვტიროდი და მთელი ქვეყანა მძულდა, განსაკუთრებით კი – ნასილშჩიკები. გადავწყვიტე, ავტომატი მეშოვა, სადგურზე მივსულიყავი და ყველანი დამეხოცა. რომ არა მეზობლები, შიმშილით მოვკვდებოდი. მათ რიგრიგობით მოჰქონდათ საჭმელი და ამით ვსულდგმულობდი. ერთ საღამოს ლოგინზე ვიყავი მიგდებული და შურისძიებაზე ვფიქრობდი. უცებ კარი გაიღო, ოთახში ზაქირა შემოვიდა და მითხრა:

– ზაურ-ჯან, სტუმრებს ღებულობ?

რა მესტუმრებოდა, მაგრამ უფროს კაცს ფეხზე წამოვუდექი. დაჯდომა შევთავაზე და ვუთხარი:

– ბოდიში ძია ზაქირ, სახლი არეული მაქვს და ნუ მიწყენ-მეთქი.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ზაქირამ საქმე შემომთავაზა. თურმე, ბარიგა ყოფილა. ნარკოტიკებს ჰყიდდა და თავი რომ დაეზღვია, ჩემი გამოყენება გადაწყვიტა. იმ დღიდან ზაქირას დავუპაძელნიკდი და მარნეულიდან თბილისში ანაშას ვეზიდებოდი, ზაქირა კი – ყიდდა. ჩემს საიმედოობაში რომ დარწმუნდა, უკვე წამალიც მანდო. თვითონ ხომ ბლომად შოულობდა, არც მე მწყვეტდა გულს და კარგად მიხდიდა. სამი წელი ისე ვიმუშავეთ, არავის შევუწუხებივართ. ზაქირას მილიციაც წილში ჰყავდა და იმიტომ. ერთ მშვენიერ დღეს კი ზაქირა წამლის კაიფში გაიპარა. არ დავბნეულვარ, ყველას ვიცნობდი და ყველა მიცნობდა. ზაქირას საქმე მე ავიღე და თანდათან გავაფართოვე. რომ იტყვიან, ავშენდი. იმდენი ფული ვიშოვე, სად დამეხარჯა, არ ვიცოდი. მაგრამ, ყველაფერს დასასრული აქვს. ჩემი კრიშა მილიციელი დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. მერე მეც მიმაყოლეს და ათი წელი მახეხინეს. სროკიდან რომ გამოვედი, რაც  მაყუთი მქონდა გადატეხილი, ყველაფერი საქმეში ჩავდე. კოოპერატივი ავაწყვე და სოჩაში გადავსახლდი. თქვენ კი მაინც მომძებნეთ და ძველ საქმეში დამაბრუნეთ.

ზვიადაურს გულწრფელად შეეცოდა მორფინა და უთხრა:

– რაც ადრე გითხარი, გაგიმეორებ. ვაჟკაცურ სიტყვას გაძლევ, რომ თუკი არასდროს დაუბრუნდები ძველ საქმიანობას, როგორც კი ამ ოპერაციას დავასრულებთ, მეტი აღარაფერზე შეგაწუხებ. პირიქით, დაგიცავთ და ყველაფერს ვიღონებ, არავინ არაფერი დაგიშავოს.

– მოსულა, უფროსო. მასე ვქნათ.

ზვიადაურმა საათს დახედა და მორფინას უთხრა:

– ათ წუთში გადიხარ. ერთი სიტყვით, ერთ კვირაში რომ დაბრუნდები, გივი ჯაფარიძე შეგხვდება და ეტყვი, რომ ნახევარი მილიონის ჰეროინი გჭირდება. იცოდე, არ დაიბნე. ჯაფარიძე ძალიან გამოცდილი პრისტუპნიკია და არ გაგშიფროს.

– დარდი ნუ გაქვს, უფროსო. ყველაფერი კარგად იქნება.

– აბა, წავედი. ნახვამდის, – ზვიადაურმა ხელი ჩამოართვა ხრიკულს. ჰეროინით სავსე ჩანთა მხარზე გადაიკიდა, მუქი სათვალე გაიკეთა და გემიდან ნაპირზე ჩავიდა.

პოდპოლკოვნიკი სასტუმრო „ინტურისტისკენ“ გაემართა და ტანსაცმელი გამოიცვალა. შემდეგ, თავის ორ ხელქვეითთან ერთად გამოვიდა და თბილისში გაემგზავრა.

– ოპერაციის წარმატებით დასრულებას გილოცავთ, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, –  უთხრა ზვიადაურს კაპიტანმა მშვილდაძემ.

– ჯერ რა დროს ოპერაციის დასრულებაა, დათო. ყველაფერი ახლა იწყება. მოსალოცად მაშინ გვექნება საქმე, როცა მთელს მათ შაიკას ავყრით და საბრალდებო სკამზე დავსვამთ, – მიუგო ზვიადაურმა. 

– არ არიან რომ, დასასმელები? – ლაპარაკში ჩაერთო კაპიტანი უჩა ჩხეტია, რომელიც საჭესთან იჯდა და ემოციურად, ჟესტებით გამოხატავდა თავის გრძნობებს.

– გირჩევნია, რულს ჩაეჭიდო და წინ გაიხედო, თორემ ზღვაში გადაგვყრი და ჩვენთვის მართლა დასრულდება ყველაფერი, – მიუგო ზვიადაურმა.

– საზიზღარი ხალხია. მართალს ამბობენ – მახინჯ სხეულში მახინჯი სულიაო, – თქვა მშვილდაძემ.

– რას გულისხმობ? – ჰკითხა ზვიადაურმა.

– ნარკობარიგებს, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, – განუმარტა მშვილდაძემ.

– ა, გასაგებია, – თქვა ზვიადაურმა.

– განსაკუთრებით კი ის ჯაფარიძე არ მომწონს, – არ ცხრებოდა მშვილდაძე.

– ვინ, ვინ? – ვითომ ვერ გაიგო პოდპოლკოვნიკმა.

– გივი ჯაფარიძე, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, – გაიმეორა დათო მშვილდაძემ, – რა მახინჯიცაა, ის მახინჯი სული აქვს. რომ ვუთვალთვალებდი, ერთი სული მქონდა, ყელში ვწვდომოდი და მიმეხრჩო. ისეთი სახე ჰქონდა, რომ გული აგერეოდა კაცს.

სინამდვილეში, გივი ჯაფარიძე, მაღალი, ათლეტური აღნაგობის, სიმპათიური მამაკაცი იყო და მშვილდაძისნაირს ოთხს ერთად ისე დააწყობდა, არც ერთს ხელსაც არ გაანძრევინებდა. ამიტომ ზვიადაურს გულში გაეცინა და კაპიტანს უთხრა:

– ყველა ბოროტმოქმედი საზიზღარია თავისი არსით. მაგრამ, ობიექტურობის გრძნობა თუ დავკარგეთ, მეტოქის დამარცხება გაგვიჭირდება.

– დავამარცხებთ, ბატონო ვაჟა. დედას ვუტირებთ მაგ ნაძირლებს. ხომ დავაჯექით კუდზე, ახლა ნახონ ჩვენი ძალა. მაგათ აყრას რომ დავიწყებთ, მაგ ჯაფარიძეს პირადად უნდა დავადო ნარუჩნიკები, – შეჰპირდა პოდპოლკოვნიკს ჩხეტია და ისე მოიღერა ყელი, ზვიადაურს გულში გაეცინა, მაგრამ არაფერი უთქვამს, სიგარეტი გააბოლა.

უკვე ბინდდებოდა, როდესაც მილიციელები თბილისში ჩავიდნენ და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში შესრიალდნენ.

– წადით და დაისვენეთ, ბიჭებო. მაგრამ, როგორც შევთანხმდით, სიტყვა არავისთან დაგცდეთ, – უთხრა ზვიადაურმა ხელქვეითებს.

– რას ბრძანებთ, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო. ოპერატიულ საიდუმლოებას როგორ გავთქვამთ, – ერთდროულად მიუგეს ზვიადაურს კაპიტნებმა და „ვოლგით“ გაემგზავრნენ.

წინასწარ შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ჩოჩიანის ბანდის სალიკვიდაციო ოპერაცია სრული საიდუმლოების დაცვით ტარდებოდა და სხვა განყოფილებები საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ. არც ვაჟა ზვიადაურის ხელქვეითებმა იცოდნენ ყველა ნიუანსი და პოდპოლკოვნიკი პირადად წყვეტდა, თუ ვინ და როდის, რა ეტაპზე ჩაერთო ამ ოპერაციაში. სწორედ ამიტომ შეახსენა მან მშვილდაძეს და ჩხეტიას, რომ სიტყვა არავისთან დაეძრათ. მეტიც, ბათუმში ამოღებული ჰეროინი მან ოფიციალური პროცედურის გავლის გარეშე, პირდაპირ მინისტრთა კაბინეტში მიიტანა და ჩააბარა. მერაბ გამრეკელმა პირადად აწონა ნარკოტიკი და დაბეჭდა. შემდეგ ზვიადაურის პატაკიც თან დაურთო. სეიფში შეინახა და პოდპოლკოვნიკს უთხრა:

– გილოცავ, ოპერაციის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებას. ყოჩაღ, გივი და შენ.

– მორფინაც, ამხანაგო გენერალო. ხრიკულმაც ბრწყინვალედ შეასრულა თავისი როლი, – უთხრა ზვიადაურმა გამრეკელს.

– მაშინ, ყოჩაღ ხრიკულსაც, – გაეღიმა გენერალს და ზვიადაურს ჰკითხა, – მეორე ეტაპზე როდის გადავდივართ?

– თუ ყველაფერი კარგად იქნა, სავარაუდოდ, ერთ კვირაში, ათ დღეში. გააჩნია, რას იტყვის ჩოჩიანი. მორფინა რომ თურქეთიდან დაბრუნდება, გივის ეტყვის – ნახევარი მილიონის ჰეროინი მჭირდებაო. ჯაფარიძე რომ ამას ჩოჩიანს გადასცემს, საბოლოო სიტყვა იმ ნაძირალაზე იქნება.

– არ მგონია, რომ რუზგენ ჩოჩიანმა ამ საქმეზე უარი თქვას ან თავი შეიკავოს.

– არც მე მგონია.

– ჰო და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, – თქვა გამრეკელმა და ზვიადაურს ჰკითხა, – სადაა ახლა ჯაფარიძე?

– ბათუმში, ამხანაგო გენერალო, „გულაობს“. ხრიკულს ელოდება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ჩოჩიანის მოთვალთვალეებს აბითურებს.

– ესე იგი, მაინც დაახვოსტა ხალხი ჩოჩიანმა ჯაფარიძეს ხომ?

– დიახ, ბატონო მერაბ, როგორც ვვარაუდობდით.

– რაიმე ხიფათი ხომ არ ელოდება ჯაფარიძეს? ხომ ნამდვილად ყველაფერი უზადოდ ჩატარდა, ვაჟა?

– თავს დავდებ, ბატონო მერაბ, რომ გივის არანაირი ხიფათი არ ელოდება. ნუ ღელავთ.

– მე რომ ვიყო ჯაფარიძის ადგილზე, ნამდვილად არ ვიღელვებდი, მაგრამ, ჩემს ხელქვეითებს რომ ეხება საქმე, ცოტა არ იყოს, ვნერვიულობ, – მიუგო გამრეკელმა ზვიადაურს.

***

თბილისში დაბრუნებული ზორბეგ შილბანი გახარებული ეახლა რუზგენ ჩოჩიანს. ოცდაათი ათასი მანეთი ჩაუთვალა და უთხრა:

– გილოცავთ, ბოს. ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. აი, ფული.

ჩოჩიანმა ოცი ათასი მანეთი უჯრაში შეინახა. ათი ათასი შილბანს დაუბრუნა და უთხრა:

– ბიჭებსაც გაუნაწილე.

– გმადლობთ, ბოს, – შილბანმა დასტები ჯიბეში ჩაიდო და ჩოჩიანს უთხრა, – ერთ კვირაში თურქეთიდან მორფინა დაბრუნდება და ახალ მოთხოვნას ჩამოიტანს. მე, ალბათ, აღარ ვარ საჭირო. დანარჩენს გივი ჯაფარიძე გაუძღვება და თუ სხვა საქმე არ არის, მაშინ ხვალ დილითვე დავბრუნდები ლენინგრადში.

– შენ ყოველთვის საჭირო ხარ, ზორბეგ. ამჟამად კი შეგიძლია, ლენინგრადში დაბრუნდე. თუ საჭირო გახდა, დაგირეკავ, – მიუგო ჩოჩიანმა შილბანს და გაისტუმრა. შემდეგ საიდუმლო ოთახში გავიდა და სავარძელში მოკალათებულ კალმარს უთხრა:

– გაიგონე, ალბათ. ყველაფერი რიგზეა.

– ერთი შეხედვით – კი. ჯაფარიძესთან დაკავშირებით რა ხდება, მიუჩინე კუდი?

– მივუჩინე. სამი კაცი ოცდაოთხი საათის განმავლობაში უთვალთვალებს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ტყუილად ვაცდენთ ხალხს. არ ჰგავს ჯაფარიძე ნაბოზარს. მე მგონი, ცდები.

კალმარს საკუთარი თავი შეუცდომელ ადამიანად მიაჩნდა და ჩოჩიანის სიტყვებზე ისე გაღიზიანდა, რომ მზად იყო, მისთვის იქვე, ყელი გამოეჭრა. მაგრამ, თავი მოთოკა. არაფერი შეიმჩნია, გაუღიმა და უთხრა:

– ზედმეტი დაზღვევა არ გვაწყენს. თეთრი და შავი ტრაკი კი აბანოში გამოჩნდება. თუ ჯაფარიძე სუფთაა, ამას რა ჯობია და გვერდში დავიყენებთ. ხოლო თუ ნასედკა აღმოჩნდა, ისეთ პარნოი აბანოს მოვუწყობ, წამებით გაძვრება სული.

– ისევ გამოცანებით მელაპარაკები, კალმარო? – ჰკითხა ჩოჩიანმა კალმარს.

– სულაც არა, რუზგენ, რა გამოცანებით. მოდუნდი და დატკბი მორიგი გამარჯვებით, – კალმარმა კონიაკის სირჩა ასწია და დაამატა: – გაგიმარჯოს! გილოცავ წარმატებას!

რუზგენ ჩოჩიანს არ გამოჰპარვია კალმარის ირონია, მაგრამ, არაფერი შეიმჩნია და გაიფიქრა: „მოვა დრო და დედას გიტირებ! ტყუილად გგონია, რომ ყოველთვის ყელსაბამგამობმული ძაღლივით შეძლებ ჩემს ტარებას. ისე შეგისრულებ, რომ თვალის დახამხამებასაც კი ვერ მოასწრებ...“ მან კალმარს გაუღიმა და უთხრა:

– მადლობელი ვარ. ეს ერთი და სხვა ათასი.

კალმარმაც გაიღიმა, სიგარეტი მოქაჩა და გაიფიქრა: „კრეტინო! ჩემი მოშორება გინდა და ჩემი კლანჭებიდან თავის დაძვრენა გაქვს გადაწყვეტილი, ხომ? ვერ ეღირსები. ჯერ მჭირდები და იმიტომ არ გახლებ ხელს, თუმცა, შენი დროც მოვა და შენს ადგილს სხვა დაიკავებს. ჯერ იცოცხლე...“

– ათასიც იქნება და ათასჯერ ათასიც. მთავარია, იაღლიში არ მოგვივიდეს, – მიუგო კალმარმა მასპინძელს, შემდეგ წამოდგა, დაემშვიდობა და ჩვეული გზით დატოვა რუზგენ ჩოჩიანის სახლი.

კალმარმა ტრადიციული მანევრი გააკეთა და, რომ დარწმუნდა, არავინ უთვალთვალებდა, „დინამოს“ სტადიონისკენ გაემართა. მანქანა სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა, ფეხით განაგრძო გზა და ახლომდებარე სახლის სადარბაზოში შევიდა. ბინის კარი უხმაუროდ გააღო, ოთახში შევიდა და სავარძელში მოკალათდა.

– რატომ დამიბარე? – ჰკითხა კალმარს მეორე სავარძელში მჯდარმა ორმოციოდე წლის მამაკაცმა, რომელიც კროსვორდს ავსებდა და  ახალმოსულისთვის არც კი შეუხედავს.

– კროსვორდების შესავსებად, – ირონიულად მიუგო კალმარმა.

– ჰუნების წინამძღოლი... – ხმამაღლა თქვა მამაკაცმა და ჩაფიქრდა.

– ატილა, – თქვა კალმარმა და შეუღრინა, – თავი დაანებე მაგ კრეტინობას და მომისმინე!

– ატილა, – გაიმეორა მამაკაცმა და კროსვორდის ცარიელი უჯრა მშვიდად შეავსო, მერე გაზეთი გვერდზე გადადო და კალმარს უხმოდ მიაჩერდა.

– რა ქენი, იშოვე, რაც დაგაბარე? – ჰკითხა კალმარმა კროსვორდების მოყვარულს.

– მალე იქნება, – მოკლედ მიუგო მამაკაცმა კალმარს.

– როდის მალე? სასწრაფოდ მჭირდება, – გაღიზიანდა კალმარი.

– ორ-სამ კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში.

– ერთი თვე მალეა? იარაღის პარტია ხომ არ შემოგაქვს, – თქვა კალმარმა.

– იარაღის პარტია რომ იყოს, ორ დღეში მოგიტანდი, ის კი დეფიციტია. თანაც, შენ უახლესი და საუკეთესო გჭირდება, ამას კი დრო უნდა.

– დრო არ ითმენს, თანაც, კარგ ფულს გიხდი. ცოტა მეტად გაანძრიე ტრაკი!

– რომ გავანძრიე, სწორედ ამიტომ იქნება მაქსიმუმ ერთ თვეში. შენ ეგ ნიახური ხომ არ გგონია – წახვიდე და ბაზარში იყიდო!

– კარგი, იყოს ერთი თვე. შენ ეს მითხარი, ხომ სუფთად შემოვა და კუდი არ მოჰყვება?

– საკუთარი თავით ვაგებ პასუხს.

– მაინც, საიდან მოგაქვს, ამდენი დრო რომ სჭირდება?

– ფირმის საიდუმლოებაა, – გაეცინა კროსვორდების მოყვარულს.

– ხომ არ გაგვეერთიანებინა ჩვენი ფირმები?

– მარტო ვმუშაობ.

– მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო... – ირონიით მიუგო კალმარმა.

– თავს არ ვზოგავ, – ირონიითვე უთხრა კროსვორდების მოყვარულმა.

– მარტოხელა მგელი ხარ, – გაეცინა კალმარს და ჰკითხა: – სხვაგან რა ხდება?

– მაინც, სად სხვაგან?

– მაგალითად, კანტორაში.

– ისევ იქაა. ძველებურად დგას.

– მეტი არაფერი?

– მეტი რა გაინტერესებს?

– რა განწყობაა, რას ამბობენ და, საერთოდ, ახალი დროებაა და ხალხმა ენა ამოიდგა...

– სულელები ლაპარაკობენ, ჭკვიანები კი უსმენენ.

– ჭკვიანი კაცი ხარ, ამიტომაც გაფასებდი ყოველთვის.

– ვცდილობ.

– კარგი, ყველაფერი გასაგებია, ორ კვირაში შეგეხმიანები.

– ორი-სამი, მაქსიმუმ – ოთხი. ერთ თვეს არ გადასცდება.

– შევთანხმდით. ახლა კი წავედი, – კალმარი სავარძლიდან წამოდგა და კარისკენ გაემართა. კროსვორდების მოყვარული კი გაზეთს მიუბრუნდა და ხმამაღლა ამოიკითხა:

– გიგანტური მედუზა, შვიდი ასო, მეოთხეა „მ“.

– კალმარი, – თქვა კალმარმა და ბინიდან უხმაუროდ გავიდა.

***

მორფინა ერთ კვირაში დაბრუნდა თურქეთიდან, გივი ჯაფარიძეს ზღვისპირა, ღია კაფეში შეხვდა და უთხრა:

– ჩვენი პარტნიორები კმაყოფილები დარჩნენ და მზად არიან, ჰეროინის მორიგი პარტია იყიდონ.

– მაინც, რამდენი უნდათ?

– ნახევარი მილიონის.

– ესე იგი, წინა პარტიაზე ათჯერ მეტი.

– რა, ვერ შეძლებ?

– რამდენ ხანში სჭირდებათ?

– ერთ კვირაში. ათ დღეს არ უნდა გადასცდეს.

– კარგი, ოთხ-ხუთ დღეში დაგიკავშირდები.

– სოჩაში ვიქნები და კანტორაში დამირეკე. თუ იქნება, მითხარი, ჩამოვდივარ-თქო.

– გასაგებია. წავედი, – მიუგო ჯაფარიძემ მორფინას და შეხვედრის ადგილი პირველმა დატოვა.

გივიმ ფეხით გაიარა ბულვარი, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არ უთვალთვალებდნენ და მშვიდად ავტოსადგურისკენ გაემართა, სადაც თბილისისკენ მიმავალი კერძო ტაქსები იდგნენ. ის ერთ-ერთ მანქანაში ჩაჯდა და თბილისში გაემგზავრა. „კუდზე” მას ორი მოთვალთვალე „დააჯდა”, რომლებიც თეთრი „ჟიგულით“ მისდევდნენ. საქართველოს დედაქალაქში რომ ჩავიდნენ, გივი ჯაფარიძე პირდაპირ რუზგენ ჩოჩიანთან გაემართა, მანქანა ორასიოდე მეტრის მოშორებით გააჩერა და გზა ფეხით განაგრძო.

– როგორ ხარ, ძმაო? – რუზგენ ჩოჩიანი კეთილგანწყობით შეხვდა ჯაფარიძეს, ხელი ჩამოართვა და სავარძელზე მიუთითა.

– კარგად. შენ?

– მეც კარგად. გილოცავ პირველ წარმატებას.

– მეც გილოცავ.

– დალშე რა ხდება?

– ამ დილით მორფინა ჩამოვიდა და ველაპარაკე.

– მერე, რაო?

– ცოტა რთულადაა საქმე.

– რთულად რატომ? – ჩოჩიანმა კოპები შეკრა.

– ათჯერ მეტ ტავარს ითხოვენ.

– მერე, ამას რა ჯობია?! რა, ვერ იშოვი?

– შოვნით ასჯერ მეტსაც ვიშოვი, მაგრამ, ამდენი ჰეროინის ჩამოტანას შეძლებ?

ჩოჩიანს გულზე მოეშვა, ხელი ჩაიქნია და ღიმილით მიუგო.

– არაა პრობლემა. შენი თქმის არ იყოს, ასჯერ მეტს ჩამოვიტან, მთავარია, კანალი აეწყოს.

– მეორე ზახოდმაც თუ ასეთი წარმატებით ჩაიარა, ჩათვალე, რომ აწყობილია.

– მაინც, რა გაეჭვებს?

– მეშინია, რომ ტაჯიკეთიდან ბათუმამდე ტრანსპორტირებისას შენს ბიჭებს იაღლიში არ მოუვიდეთ. ნახევარი მილიონის ჰეროინი ხუმრობა არაა. რამე რომ მოხდეს, ტავარსაც დავკარგავთ. ვალიც დაგვედება და ვეღარც კანალს ავაწყობთ.

– არ მენდობი? – თვალები აენთო ჩოჩიანს.

– რა სისულელეა! უბრალოდ, ძალიან დიდი პარტიაა და ვნერვიულობ.

– ნუ ნერვიულობ.

– თანაც, გამოცდილება არ გვაქვს.

– თავს ვდებ, რომ გზაში არაფერი მოხდება და მორფინას ნახევარი მილიონის ჰეროინს ჩავაბარებ, – მტკიცედ თქვა ჩოჩიანმა.

– კიდევ ერთი ნიუანსია...

– რა ნიუანსი?

– რა და, ფულს ტავარის ჩატანიდან ერთ კვირაში გადაიხდიან.

– პოსლეზე უნდათ?

– ჰო, პოსლეზე.

– ერთ კვირას კი მოითმენს კაცი, მაგრამ, რომ გადაგვაგდონ?

– ამაზე კი უკვე მე ვდებ თავს.

– კარგი, მასე იყოს.

– მაშინ, მე ხვალვე გავემგზავრები ლენინგრადში და ზორბეგთან ერთად მუჰამედოვს ჩავაკითხავთ.

– ზორბეგს სხვა საქმე აქვს.

– მარტო გავემგზავრო?

– რატომ მარტო? რომ არ მოიწყინო, ნონას გამოგაყოლებ.

– ქალს?

– ნუ ნერვიულობ, ნონა ათ კაცს უდრის, – გაეღიმა ჩოჩიანს, ერთ-ერთ თანაშემწეს ნონას მოყვანა დაავალა და ისევ ჯაფარიძეს მიუბრუნდა, – ახლავე გაიცნობ და ჩემს სიტყვებში დარწმუნდები.

სამიოდე წუთის შემდეგ ოთახში ტანწერწეტა, ქერათმიანი, ოცდახუთიოდე წლის გოგონა შემოვიდა, მამაკაცებს გაუღიმა და ჩოჩიანს უთხრა:

– მეძახდით, ბატონო რუზგენ?

– ნონაჩკა, ეს გივი ჯაფარიძეა, გაიცანი, – მიუგო ჩოჩიანმა ნონას, – ხვალ დუშანბეში მიემგზავრებით.

ნონამ გივის გაუღიმა და ხელი გაუწოდა. ჯაფარიძემ ხელზე აკოცა და თქვა:

– თქვენნაირი ლამაზი ქალი იშვიათობაა.

– გმადლობთ, ბატონო გივი, – მიუგო ნონამ.

– გივი დამიძახეთ, ნონა.

– გმადლობთ, გივი, – გაიმეორა ნონამ.

– ნონაჩკა, წადი და სახვალიოდ მოემზადე, ხვალ დილით მიფრინავთ, – უთხრა გოგონას ჩოჩიანმა და გაისტუმრა, შემდეგ კი ისევ გივის მიუბრუნდა:

– რას იტყვი, ძმაო, როგორია?

– ულამაზესი გოგოა, – გაეღიმა ჯაფარიძეს.

– ოთხი ენა იცის, ძალიან ჭკვიანია და ერთგული.

– ათ კაცს უდრისო?

– კარატისტია. ორივე ხელით ისვრის დანასა და ნაჯახს და ტყვიას ტყვიაში აჯენს. უშიშარია და, შეუძლია, მარტო დაუდგეს მთელ პოლკს.

– ამდენი რამ სად ისწავლა?

– უმაღლესში მე მოვაწყვე, მანამდე კი მთიან სოფელში გაიზარდა და დანარჩენი იქ ისწავლა.

– გათხოვილია?

– ქალიშვილი, – გაეცინა ჩოჩიანს, – გულში ხომ არ ჩაგივარდა?

– მომეწონა.

– ეგ უკვე შენ იცი. მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუმცა, ვინც გაარშიყება სცადა, ყველა ტრაკზე დასვა და ცეცხლივით უფრთხიან.

– ეგ მართალია.

– რა? – ვერ მიხვდა ჩოჩიანი.

– ცეცხლივით ქალია. თუმცა, ძალიან თვინიერი ჩანს.

– მე ძალიან დიდ პატივს მცემს და მამად მივაჩნივარ. ისე კი, ობოლია.

– ობოლი?

– ჰო. დედამისი მის მშობიარობას გადაჰყვა. მამა კი „ძაღლებმა” მოუკლეს ერთ-ერთი შეტაკების დროს. პაძელნიკები ვიყავით – დომარი ქურდი იყო.

– რა უჩვეულო სახელია.

– დომარ ბუთბა. არ გაგიგონია?

– კი, როგორ არა. თუ არ მეშლება, ძმები ბუთბები ტყუპები იყვნენ.

– არ გეშლება. დაურიც „ძაღლმა” მოკლა, უფრო სწორად, ვიღაც ექსპერტმა.

გივი ჯაფარიძეს საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი ჩოჩიანის ბანდის მრავალწლიანი საქმე და ბუთბების ამბავიც იქიდან იცოდა. თუმცა, ერთმა გარემოებამ გააოცა: საქმეში ეწერა, რომ დომარ ბუთბა მოკლული აღმოაჩინეს თბილისის ერთ-ერთ ბინაში, შეტაკების შესახებ კი იქ არაფერი იყო ნათქვამი.

– კარგი კაცის შვილი ყოფილა, – თავი გააქნია ჯაფარიძემ, – თუ მეტი არაფერია, წავედი. ხვალ დილის ცხრაზე აეროპორტში ვიქნები და ნონას იქ შევხვდები.

– ნახვამდის, – მიუგო ჩოჩიანმა და ჯაფარიძე გაისტუმრა, შემდეგ საიდუმლო ოთახში გადაინაცვლა და კალმარს ჰკითხა:

– რას ფიქრობ?

– რაზე? – კითხვითვე მიუგო კალმარმა და კონიაკი მოსვა.

– ჯაფარიძეზე.

– სუფთად მუშაობს, – ირონიულად გაეღიმა კალმარს.

– მე სერიოზულად გეკითხები.

– მეც სერიოზულად გპასუხობ.

– შენ რა, ჯაფარიძე ისევ „ძაღლი” გგონია?

– ეგ როდის ვთქვი?

– აბა, რას ნიშნავს, სუფთად მუშაობსო?

– რაც ვთქვი, იმას და მეტს არაფერს. სუფთად მუშაობს, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა კალმარმა.

– ნონა ძალიან მოეწონა.

– ვის არ მოსწონს ასეთი ქალი, – მხრები აიჩეჩა კალმარმა.

 – სწორია, – თქვა ჩოჩიანმა, – კარგად მიდის საქმე. კანალი აეწყობა და სულ მალე ჩვენ დავაჯდებით.

– ნუ ჩქარობ. ჯერ აეწყოს და მერე ვილაპარაკოთ. ნონა სად არის?

– სახლში წავიდა. ასე მითხრა, უნდა გამოვიძინოო.

– კარგი. მეც წავედი, – მიუგო ჩოჩიანს კალმარმა და საიდუმლო ოთახი ჩვეული კონსპირაციულობით დატოვა. შემდეგ, ასევე ჩვეული მანევრი გაიმეორა და დიდუბეში გააჩერა მანქანა. „დინამოს“ სტადიონს ფეხით ჩაუარა და პლეხანოვზე მდებარე ბინაში მივიდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3