კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაუვარდა ხელში ქართველ თავადს ნაპოლეონ ბონაპარტისთვის დამზადებული ძვირფასი ბროში

მზის ნიშანი

1800 წელს ამსტერდამელმა იუველირმა, გეორგ ვან ჰაიკენმა, იმპერატორ ნაპოლეონს საკუთარი ხელით დამზადებული ძვირფასი ბროში უბოძა. ბროში ბაჯაღლო ოქროსი იყო და მისი სუფთა წონა ორას გრამს შეადგენდა; შუაგულში ყვითელი ბრილიანტი ჰქონდა ჩასმული, ირგვლივ კი თითოკარატიანი, თორმეტი ცალი ლალის თვალი სიმეტრიულად იყო განლაგებული. იუველირმა, რომელიც საუკეთესო ასტროლოგიც იყო, იმპერატორს ურჩია, ბროში სულ თან ჰქონოდა. ვან ჰაიკენს თავისი სიტყვები ასტროლოგიურად დაუსაბუთებია – უთქვამს, რომ ეს ბროში მზის ნიშანი იყო, მზის ენერგიას გამოიმუშავებდა და მის მფლობელს წარმატების მიღწევაში დაეხმარებოდა. იმპერატორი სკეპტიკურად შეხვედრია იუველირის სიტყვებს, თუმცა, საჩუქარი მაინც მიუღია და ძვირფასეულობის შესანახ, სპილოს ძვლისგან დამზადებულ, ინკრუსტირებულ პატარა ზანდუკში მიუჩენია ადგილი. ძვირფას ზანდუკს მისი ერთ-ერთი ადიუტანტი ინახავდა და ყველგან თან დაჰქონდა, სადაც კი იმპერატორი მიემგზავრებოდა ხოლმე. 1812 წელს რუსული სამხედრო კამპანიის დროს ზანდუკი მოსკოვში ჩაიტანეს, ხოლო როცა ფრანგები სასტიკად დამარცხდნენ და ნაპოლონი გაიქცა ზანდუკი მის ადიუტანტს მოსკოვში დარჩა. ამ ძვირფასი ყუთის დანარჩენი შიგთავსის ბედი უცნობია, ძვირფასი ბროში კი ქართველ დრაგუნთა პოლკის ახალგაზრდა ოფიცერს, თავადიშვილ არჩილ ამირეჯიბს ჩაუვარდა ხელში. მან ეს ალაფი თან წამოიღო და ისე ინახავდა, როგორც უძვირფასეს რელიკვიას. არჩილ ამირეჯიბის ოჯახი მოსკოვში ცხოვრობდა და სამეფო კართან იყო დაახლოებული. მზის ნიშანს კი ამირეჯიბები თაობიდან თაობას გადასცემდნენ და დიდი რუდუნებით ინახავდნენ, თუმცა, არ იცოდნენ მისი ისტორია და პატრონის ვინაობა. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1918 წლის დეკემბერში, ძვირფასი ბროში ერთ ტომარა პურის ფქვილზე გადაცვალეს – არჩილ ამირეჯიბის ერთ-ერთმა შთამომავალმა, ბაკურ ამირეჯიბმა, მზის ნიშანი ებრაელ სპეკულანტს, მიხაილ ვაისმანს გადასცა, სანაცვლოდ კი ფქვილი წამოიღო სახლში ცოლ-შვილის გამოსაკვებად, 1919 წელს კი ამირეჯიბების ოჯახი საფრანგეთში გაიქცა, რათა კომუნისტების რეპრესიებისგან დაეღწია თავი.

ხაზინის ინსპექტორი

1919 წელს, ლენინის უშუალო მითითებით, „ჩეკას“ საგანგებო ჯგუფები საყოველთაო ექსპროპრიაციას ატარებდნენ. წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით, „ჩეკისტები“ მოქალაქეთა ბინებში შედიოდნენ და ძვირფასეულობას ართმევდნენ, ჩამორთმეული ქონება კი სახელმწიფო ბანკში მიჰქონდათ. წესისამებრ, თითოეულ ნივთს სპეციალური ხაზინის ინსპექტორები აფასებდნენ, ისტორიული მნიშვნელობის ან განსაკუთრებით ძვირფას ნივთებს მუზეუმში გზავნიდნენ, დანარჩენ ქონებას კი ინახავდნენ და ახალშექმნილი ქვეყნის საჭიროებისამებრ იყენებდნენ. 1919 წლის მიწურულს „ჩეკისტებმა“ სპეკულანტ ვაისმანის ქონების ექსპროპრიაცია მოახდინეს. უამრავ ძვირფას ნივთს შორის ზემოთ ნახსენები ბროშიც იყო. მათ ნივთები ბანკს ჩააბარეს და, ხაზინის ინსპექტორს, აბრაამ რივკინს, მისი შეფასება და დახარისხება დაევალა. რივკინი პროფესიით ხელოვნებათმცოდნე იყო და, როდესაც ბროში დაათვალიერა, მაშინვე მიხვდა, რასთან ჰქონდა საქმე. მას ეს ნივთი საფრანგეთში, 1807 წელს გამოცემულ კატალოგში ჰქონდა ნანახი, სადაც დაწვრილებით იყო მითითებული ბროშის ისტორია და მისი შემქმნელის ვინაობა. ამიტომ, რივკინმა ბროში და სხვა ძვირფასეულობა, მათ შორის – ოქროს მონეტები, ფარულად გამოიტანა ბანკიდან და მიიმალა. „ჩეკაში“ ამ ფაქტის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და გაქცეულ ხაზინის ინსპექტორს ძებნა დაუწყეს. 1920 წელს რივკინი ქალაქ ტულაში დააპატიმრეს, გატაცებული ქონება, მათ შორის მზის ნიშანიც, ჩამოართვეს და დახვრიტეს, შემდეგ კი ეს ყველაფერი სხვა ინსპექტორს შეაფასებინეს და დაანაწილეს, ნაპოლეონის მზის ნიშანი კი მოსკოვის ხელოვნების მუზეუმს გადასცეს.

უცნაური ძარცვა

1957 წლის 6 მარტს გაძარცვეს მოსკოვის ხელოვნების მუზეუმი. შემთხვევის ადგილზე მისულ გამომძიებლებს ¹6 საექსპოზიციო დარბაზში ერთ-ერთი ვიტრინა გახსნილი დახვდათ, საიდანაც მხოლოდ ¹4 ექსპონატი იყო წაღებული. გამომძიებელმა შალვა მიქაძემ მუზეუმის დირექტორი დაიმარტოხელა და ჰკითხა:

– ივან ლუკიჩ, მე ხელოვნებათმცოდნე არ ვარ და ექსპონატების შეფასება არ შემიძლია, მაგრამ, ვეჭვობ, რომ ხელუხლებელი ნივთებიც იმ დაკარგულ ბროშზე არანაკლებ ძვირფასია. 

– თავისი მნიშვნელობით, ბროში ბევრ ექსპონატს გადაწონის, რატომ არ ახლეს ხელი მძარცველებმა დანარჩენ ნივთებს. უცნაური ძარცვაა, ძალიან უცნაური...

მუზეუმის ხელუხლებელი ნივთები 6 მილიონ მანეთად იყო შეფასებული, ნაპოლეონის მოპარული ბროში კი – 1 მილიონ 250 ათასი მანეთად. გამომძიებლები საგონებელში იყვნენ. მათ ალოგიკურად მიაჩნდათ დანარჩენი ნივთების დატოვება, მით უმეტეს, რომ, საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად, ძარცვისთვის არავის შეუშლია ხელი და არც დატოვებული ნივთები იყო მძიმე და დიდი მოცულობის, რომ მათი გატანა გასჭირვებოდათ. ისიც გამოირიცხა, რომ დატოვებული ნივთების ფასი არ სცოდნოდათ ბოროტმოქმედებს. კვალის შესწავლამ და სხვა ექსპერიმენტებმა ისიც ზუსტად დაადგინა, რომ მუზეუმი ერთმა ბოროტმოქმედმა გაძარცვა და რომ ეს ბოროტმოქმედი უმაღლესი დონის პროფესიონალი იყო – მას არანაირი კვალი არ დაუტოვებია შემთხვევის ადგილზე და უჩინარი კაცივით მოქმედებდა. როდესაც მიქაძემ ყველაფერი გააანალიზა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბოროტმოქმედს მხოლოდ იმისი წაღება უნდოდა, რაც წაიღო...

– შეკვეთილი ქურდობა იყო, ამხანაგო პოლკოვნიკო, – მოახსენა მიქაძემ თავის უფროსს, სტეპან კოლცოვს, – უცნაურია, ვის და რატომ დასჭირდა ამ ბროშის შეკვეთით მოპარვა?

– ინტუიცია მკარნახობს, რომ ბნელ საქმესთან გვაქვს საქმე. შენი პროფესიონალიზმის იმედი მაქვს, იმოქმედე! – მიუგო კოლცოვმა მიქაძეს.

გრიფით – „საიდუმლო“

შალვა მიქაძე ძალიან გამოცდილი გამომძიებელი იყო. მან ბროშის საქმე საფუძვლიანად გამოიძია და, 1957 წლის 28 მარტს, ანუ, ძარცვიდან ზუსტად სამ კვირაში, 41 წლის რეციდივისტი, უმაღლესი კვალიფიკაციის ქურდი ანტონ სავოსტიკოვი დააპატიმრა. სავოსტიკოვი ციხიდან ახალი გამოსული იყო და მიქაძეს გამოუტყდა, რომ ბროშის მოპარვა მას ვინმე ანატოლი კრუგლოვმა შეუკვეთა. კრუგლოვი სპეკულანტი იყო და საიუველირო ნაკეთობებით ვაჭრობდა. სპეკულანტი იმავე ღამეს აიყვანეს, თუმცა დაკითხვაზე დანაშაულთან კავშირს უარყოფდა. სამი დღის შემდეგ კი გამოტყდა, რომ მასაც შეკვეთილი ჰქონდა ეს ძარცვა და შემკვეთი ვინმე ოსტაპ რივკინი იყო, იმ აბრაამ რივკინის (ხაზინის ინსპექტორის, რომელიც 1920 წელს დახვრიტეს) ვაჟი, რომელსაც ნაქურდალი გადასცა. ოსტაპ რივკინი 3 აპრილს დააპატიმრეს და დასაკითხად „მურში“ მიიყვანეს. მას მიქაძე ესაუბრა, ჩვენება ჩამოართვა და საქმეში ჩააკრა. ოსტაპ რივკინმაც თქვა დაკითხვისას, რომ ბროში შემკვეთს გადასცა. პატიმარიც და მისი ჩვენებაც უშიშროების კომიტეტმა იმავე დღეს გადაიბარა, მიქაძეს კი მაიორმა სიდოროვმა უთხრა:

– ამხანაგო მიქაძე, საქმე გვაქვს სახელმწიფო დანაშაულთან, და ეს უკვე ჩვენი კომპენტენციაა. რაც გაიგონეთ და წაიკითხეთ, სამუდამოდ დაივიწყეთ. ამ საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს და მისი ნებისმიერი დეტალის გამჟღავნებისათვის პასუხისმგებლობა გენიჭებათ.

შალვა მიქაძე მეორე დღესვე დააწინაურეს, მაიორის ჩინი უბოძეს და სამუშაოდ შორეულ აღმოსავლეთში გადაიყვანეს. მან პოლკოვნიკობას მიაღწია და 1993 წელს გარდაიცვალა.

მართალია, ბროშს ვეღარ მიაკვლიეს, მაგრამ, გრიფდადებული საქმე უშიშროებამ გამოიძია და ეგრეთ წოდებული „მზის თაყვანისმცემელთა“ ორდენის საქმე გახსნა. მოგვიანებით ამ საქმეს გრიფი „საიდუმლო” მოუხსნა და გამოქვეყნებული მასალებით გაირკვა, რომ ორდენის წევრები ფარული ძალაუფლების ხელში ჩაგდებასა და მართვის სადავეების ერთ ხელში მოქცევას ცდილობდნენ. მათი გეგმით, იმ ფარულ ხელისუფალს, რომელიც ფინანსურ-ეკონომიკურ და სულიერ სადაავეებს დაუფლებოდა, მზის ნიშანი უნდა ჰქონოდა და ქურდობაც ამიტომ შეუკვეთეს. ორდენის წევრთა უმრავლესობა 15-15 წლით ჩასვეს ციხეში, მათი ხელმძღვანელი კი უკვალოდ გაქრა, ისევე უკვალოდ, როგორც 1800 წელს დამზადებული ნაპოლეონის ძვირფასი ბროში.

скачать dle 11.3