კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალური ლოგიკა

ყველაფერი იდეალურად გათვალა: ბურბონის ბოთლი დიდი ხნით ადრე მოწამლა – დარიშხანი ჩაყარა, მერე კი მათ ერთ-ერთ შემკვეთს სავიზიტო ბარათი გაუგზავნა... ლოდინი უსასრულოდ გაიწელა. ჰარი ბეინსლიმ ლამის იმედი დაკარგა, რომ ეს ოდესმე მოხდებოდა. ფირმას პრობლემები ჰქონდა. ქალების მოდური შლაპების კერვა და გაყიდვა მომგებიანი საქმე იყო, მაგრამ, ბეინსლის ნოვატორულ იდეებს ნორმანი არ იზიარებდა, ჰარის კი ისე უნდოდა ფირმაში ახალი სიცოცხლე შემოეტანა! აი, ფირმის ერთპიროვნული მფლობელი რომ ყოფილიყო და არა მხოლოდ კომპანიონი... ჰარი ბეინსლიზე ვერავინ იფიქრებდა, რომ მას ადამიანის მოკვლა შეეძლო. პირდაპირ არც მოუკლავს, მხოლოდ განიზრახა, მერე კი დაელოდა... და, აი, ნორმანი მკვდარი იპოვეს თავის კაბინეტში და არა საკუთარ სახლში, როგორც ამას ბეინსლი ვარაუდობდა. გარდაცვლილს თავი პირდაპირ საბუღალტრო წიგნებზე ედო... შეიძლება, ეს კარგიც იყო – პოლიციას შეეძლო, ეფიქრა, რომ ფირმის ფინანსურ პრობლემებზე ფიქრმა გაუხეთქა გული... მერე ექსპერტიზას ჩაუტარებდნენ, დაადგენდნენ, დარიშხანით რომ იყო მოწამლული; გამოიძიებდნენ, როგორ აღმოჩნდა ბურბონი ნომანთან და იპოვიდნენ ღია ბარათს... ის კაცი ყველაფერს უარყოფდა... – ერთი სიტყვით, ბეინსლიზე არავინ მიიტანდა ეჭვს, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ახალი ცხოვრება დაიწყებოდა: ფირმას განაახლებდა, მერე ვირჯინია ჰენრის შეირთავდა ცოლად – ეს ოქროსფერკულულებიანი, ბავშვურად გაბუსხულტუჩებიანი ქალიშვილი თავგზას ურევდა... საზიზღარი ნორმანი მასთან ფამილარულად იქცეოდა და გოგოც ადამსს ეძახდა, მას კი მხოლოდ „მისტერ ბეინსლით” მიმართავდა, რაც ჰარის აცოფებდა. ვირჯინია ორივე კომპანიონის მდივან-სტენოგრაფისტად მუშაობდა. ადამს ნორმანის კაბინეტიდან მხიარული სიცილით გამოდიოდა ხოლმე და სახეზე ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა აღბეჭდილი. ბეინსლიმ არ იცოდა, რა დამოკიდებულება იყო მათ შორის, ამიტომ, ეჭვები კლავდა და უფრო მეტად იბოღმებოდა.  

პოლიციის კაპიტანი მაქს პირსი ბეინსლისთან კაბინეტში მივიდა. ჰარის თავი მშვიდად და ცოტათი ირონიითაც კი ეჭირა. ის ელოდა, როდის დაიწყებდა კაპიტანი ლაპარაკს... პასუხებისთვისაც მზად იყო...

– დიახ, ფირმას ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ, არც ისეთი საგანგაშო... შეიძლებოდა, ეს ნორმანის თვითმკვლელობის მიზეზი გამხდარიყო? ამაზე არ უფიქრია... კომპანიონები კი იყვნენ, მაგრამ, მეგობრები – არასოდეს... მასთან სახლშიც მხოლოდ ორჯერ იყო ნამყოფი... არა, მისი საყვარლების შესახებ არაფერი იცის... რამდენიმე ნამდვილად ჰყავდა... დალევაზეც არ ამბობდა უარს... თუ რამე კიდევ გამახსენდება, აუცილებლად შეგატყობინებთ, – უთხრა ბოლოს.

იმავე დღეს, კაპიტნის წასვლის შემდეგ, ჰარიმ ვირჯინია თავისთან დაიბარა. კაპიტანი თავისი კითხვებით იმ ვერსიის სისწორეში არწმუნებდა, რომელიც დეტალურად შეიმუშავა.

– ვირჯინია, საღამოს რესტორანში გეპატიჟები. ვივახშმოთ და ვილაპარაკოთ ფირმის მომავალზე. ახლა, როცა მისი ერთადერთი მფლობელი ვარ, ყველა იმ ჩანაფიქრს განვახორციელებ, რომლებზეც ნორმანი უარს მეუბნებოდა... შენი ცხოვრებაც შეიცვლება, ვირჯინია...

ქალიშვილმა თავი დახარა. აშკარად არ იზიარებდა მის აღფრთოვანებას. თვალებიც ნამტირალევი ჰქონდა და ბეინსლიმ ეს თავისებურად გაიგო.

– ვიცი, ნორმანი შენს მოხიბვლას შოკოლადითა და სუნამოებით ცდილობდა... მე უფრო ძვირად მიღირხარ. როცა კომპანიას განვაახლებ, შენზეც ვიზრუნებ – საუცხოო ტანსაცმელს გიყიდი...

– დღეს ვერსად წამოგყვებით...

– არა უშავს, ხვალ იყოს. ფრანგულ რესტორანში წავიდეთ...

ქალმა არაფერი უპასუხა. მაგრამ მეორე დღეს, დათქმულ დროზე რესტორანში მივიდა. საოცრად ლამაზი იყო თავისი საღამოს მწვანე კაბითა და დახვეწილი პატარა შლაპით. ბეინსლი უყურებდა და სხეულში ჟრუანტელი უვლიდა. ფიქრობდა, ახლა ეთხოვა ხელი თუ მერე... სახლში რომ მიაცილა, სთხოვა, ყავაზე ამოვალ ბინაშიო... ვირჯინიამ უარი უთხრა – ახლა ძალიან დაღლილი ვარო. ჰარიმაც გაუგო...

მეორე დილით კომპანიაში მისულს კაპიტანი  თავის კაბინეტში დაუხვდა. არ მოეწონა ეს ამბავი, მაგრამ, არ შეიმჩნია.

– რამე ახალია, კაპიტანო?

– სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა მივიღე – თქვენი კომპანიონი მოკლეს. ვის შეიძლებოდა, ნდომოდა მისი სიკვდილი, მტრები ჰყავდა?

– წარმოდგენა არ მაქვს. ხომ გითხარით, მეგობრობა არ გვაკავშირებდა-მეთქი. თქვენ რაიმე იდეა გაქვთ, კაპიტანო? მე ვიცი, რომ მკვლელები ტოვებენ სამხილებს.

– ყოველთვის არა, – თავი გააქნია კაპიტანმა, – მაგრამ, მკვლელს აუცილებლად სჭირდება მოტივი. რა თქმა უნდა, მკვლელი მამაკაციც შეიძლება იყოს და ქალიც...

 – იმის თქმა გინდათ, რომ ჩვენ ყველანი ეჭვის ქვეშ ვართ, უპირველესად კი – მე! რატომ? იმიტომ, რომ ნორმანის სიკვდილით მე კომპანიის ერთპიროვნული მფლობელი ვხდები?! თუმცა, ისიც უნდა აღიაროთ, რომ ჩემი მხრიდან ასეთ სისულელეზე წასვლა ყულფში ნებაყოფლობით თავის გაყოფა იქნებოდა.

დეტექტივმა გაიღიმა:

– სრულ სიმართლეს ბრძანებთ, მისტერ ბეინსლი. გულახდილი ვიქნები თქვენთან: თავიდანვე თქვენზე მივიტანე ეჭვი. იმაშიც დავრწმუნდი, რომ მკვლელობა იყო. ძალიან ვცდილობდი, რამეში გამომეჭირეთ, მაგრამ, თავი ძალიან კარგად გეჭირათ – გაუძელით გამოცდას. წავედი, მკვლელი უნდა ვეძებო.

– მე ისევ ეჭვის ქვეშ ვარ?

– დიახ. ასე იქნება, სანამ ნამდვილ მკვლელს არ დავიჭერთ.

– მისი ბინა უკვე დაათვალიერეთ? – ფრთხილად იკითხა ბეინსლიმ.

– დიახ. ყველა საეჭვო ნივთიც ამოვიღეთ. კარგად ბრძანდებოდეთ.

კაპიტანი რომ წავიდა, ბეინსლი დაფიქრდა. შედიოდა თუ არა საეჭვო ნივთებში მოწამლულბურბონიანი ბოთლი, მან არ იცოდა. მაგრამ, ახლა ვირჯინიაზე ფიქრობდა. ზარს თითი დააჭირა და თავის კაბინეტში მოიხმო...

– ვირჯინია, რატომ უნდა გადავდო ეს ამბავი? მე თქვენ მიყვარხართ და, მინდა, ცოლად შეგირთოთ. ვიზრუნო თქვენზე, მოგიაროთ და გაგანებივროთ.

– თქვენ იდიოტი ხართ! – მიახალა უცებ ქალმა და ბეინსლის შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა.

– რესტორანში რატომ გამომყევით?

– კაპიტანმა მთხოვა. რომ იცოდეთ, როგორ მეზიზღებით, უტვინო, საცოდავო არსებავ! თავი კომპანიის ერთადერთი მფლობელი გგონიათ? არც კი იცით, რომ სიკვდილამდე ორი კვირით ადრე მე და შენმა პარტნიორმა ოფიციალურად ვიქორწინეთ! დიახ, თანაც, მთელი მისი წილი ჩემს სახელზე გადმოვიდა!

ბეინსლის სუნთქვა შეეკრა:

– ეს... ეს შეუძლებელია...

– ძალიანაც შესაძლებელია... მე ისიც ვუთხარი კაპიტანს, რომ მხოლოდ თქვენ გქონდათ ჩვენი საწყობის გასაღები.

– საწყობის გასაღები? ეგ საერთოდ რა შუაშია ნორმანის სიკვდილთან?

ვირჯინიამ გაიცინა:

– როგორ, თქვენ არ იცით, როგორ მოკვდა ჩემი საწყალი ქმარი?

– აარა... – ენა დაება ბეინსლის – მე საერთოდაც ვფიქრობდი, რომ ეს მკვლელობა კი არა, უბედური შემთხვევაა – საბუღალტრო წიგნების შემოწმებისას გული გაუჩერდა.

– არა, გული ნამდვილად არ გაუჩერდა! ჩემი საყვარელი მეუღლე მოკლეს იმ ქინძისთავით, რომელიც თქვენი ნოვაცია იყო შლაპების მოსართავად – გრძელი, ლალისთვლიანი ქინძისთავი... გეთანხმებით, მშვენიერი აქსესუარია, მაგრამ, იმისთვის არა, რომ ვინმეს ყურში შეურჭო.

– ეს, ეს შეუძლებელია... წარმოუდგენელია... გამოდის, თქვენ მოკალით ის?..

ქალიშვილმა ეშმაკურად ჩაიცინა:

– ხომ არ აპირებთ, კაპიტანს დაურეკოთ და მოუყვეთ, როგორ მოვიშორე თავიდან ქმარი, რომ მისი ქონება მიმეთვისებინა? სცადეთ, მაგრამ, ამას დამტკიცება სჭირდება. თანაც, თქვენ ის კაცი ხართ, რომელიც დიდ სიყვარულს მეფიცებოდა...

– გადით, გადით ჩემი ოთახიდან!.. – ამოიხრიალა ბეინსლიმ... 

ვირჯინიამ გადაიკისკისა და გავიდა.

ბეინსლი ცოტა ხანს თავდახრილი იჯდა, მერე საწერი მაგიდის უჯრიდან რევოლვერი ამოიღო და დამცველი გახსნა...

ვირჯინიამ გარკვევით გაიგონა გასროლის ხმა – ის ახლა კომპანიის ერთადერთი მეპატრონე იყო, თანაც – ქვრივი და აბეზარი თაყვანისმცემლისგანაც თავისუფალი...

скачать dle 11.3