კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამიანთა მსხვერპლშეწირვებს მექსიკელი ინდიელები დაკრძალვებზეც ახდენდნენ

ადამიანთა მსხვერპლშეწირვებს მექსიკელი ინდიელები დაკრძალვებზეც ახდენდნენ. მაგალითად, აცტეკთა ბოლოსწინა მმართველის (ესპანელთა მოსვლამდე) – აუიტსოტლის კრემაციის დროს, მათ ორასი ადამიანი შესწირეს მსხვერპლად – გულები ამოგლიჯეს და სხეულთან ერთად იმ კოცონში ჩაყარეს, რომელშიც მათი მბრძანებლის სხეული იწვოდა. დაკრძალვებზე არა მარტო ტყვეებსა და მონებს სწირავდნენ მსხვერპლად, არამედ, ქურუმებსაც, რომლებსაც იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც უნდა დაეკმაყოფილებინათ თავიანთი მბრძანებლის რელიგიური და სულიერი მოთხოვნილებები.

ეგრეთ წოდებულ „მალიაბეკიანოს კოდექსში“ – მეთექვსმეტე საუკუნის წიგნში, რომლის ავტორიც, სავარაუდოდ, ესპანელი მეცნიერი სერვანტეს დე სალასარია, ხოლო მხატვარ-ილუსტრატორი – უცნობი ინდიელი, წარმოდგენილია დაკრძალვის რიტუალი. ნახატზე გამოსახულია დაკრძალვის კოცონი, რომელშიც უნდა დაწვან მიცვალებული და მისი თანმხლებნი. თვით მიცვალებული სამგლოვიარო სამოსელშია გახვეული და, თოკებით შეკრული, ქვის პოსტამენტზეა დაბრძანებული, მის წინ კი მსხვერპლის ფიგურაა ამოგლეჯილი გულით. როდესაც წარჩინებული ბატონი ან ბელადი კვდებოდა, მას სუდარით მოსავდნენ, ჩაცუცქულ პოზაში სვამდნენ – ისე, როგორც ინდიელებმა იცოდნენ ჯდომა, შემდეგ მისი ნათესავები ბლომად შეშას შემოუწყობდნენ და დაფერფლვამდე წვავდნენ, როგორც ეს ძველად რომაელებში იყო მიღებული. თავიანთი წარმართობის კვალობაზე, ერთ ან ორ მონას სწირავდნენ მიცვალებულს მხსვერპლად, რათა ისინი მასთან ერთად დაემარხათ. ზოგან წესად ჰქონდათ, მიცვალებულთან ერთად ცოლიც დაემარხათ, რათა საიქიოში ქმარს მომსახურებოდა. მათთან ერთად მარხავდნენ ძვირფასეულობას, თუკი მათ ის გააჩნდათ. განსაკუთრებით წარჩინებულ ტყვეებს წინასწარ ამზადებდნენ რიტუალისთვის – საზეიმო ტანსაცმლით მოსავდნენ და ზეიმით მიაცილებდნენ პირამიდის წვერამდე. ამ მომენტში ტყვე თვით ღვთაების განსახიერება ხდებოდა და ქურუმები მოკრძალებული თხოვნით მიმართავდნენ მას. უბრალო ტყვეებს ისინი განსაკუთრებული ცერემონიის გარეშე ხოცავდნენ. ესპანელი ისტორიკოსები ინდიელთა მონათხრობის მიხედვით წერდნენ, რომ, 1487 წელს, დიდი პირამიდის კურთხევისას, მის წინ ორი მილის გაყოლებაზე, ტყვეები ოთხ მწკრივად დააწყვეს და ქურუმები ოთხი დღის განმავლობაში „მუშაობდნენ“ დღისით და ღამით. დემოგრაფმა შერბიორნ ფრენდ კუკმა გამოთვალა, რომ, თუ თითოეული ადამიანის შეწირვაზე ქურუმები ორ წუთს მოიხმარდნენ, მსხვერპლად შეწირულთა რაოდენობა შეიძლება 14 ათასზე მეტი ყოფილიყო. სხვა წყაროები ასახელებენ რიცხვს, რომელიც 80 ათასს აჭარბებს.

ეს ფაქტი მექსიკის დამპყრობლის, ერნან კორტესის თანამებრძოლთა დამოწმებებითაც დასტურდება. მაგალითად, ბერნალ დიასი წერდა, რომ ქალაქ ქსიკოტლანის მოედანზე „დიდ ფართობზე, საგულდაგულოდ იყო მოწყობილი პირამიდები, რომლებიც არანაკლებ 100 ათასი თავის ქალისგან იყო აგებული. კარგად ვიცი, რას ნიშნავს ამხელა რიცხვი, მაგრამ, იქ ნამდვილად ამ რაოდენობის თავის ქალა იყო. სხვა მხარეს ჩონჩხის დანარჩენი ნაწილების ვეებერთელა გროვები იყო აღმართული. ამ ყველაფერს მესერი ჰქონდა შემოვლებული, რომლის წვერებზე თავის ქალები იყო წამოცმული“. 

ზოგი მეცნიერის აზრით, ინდიელები ასეთი ფორმით არეგულირებდნენ მოსახლეობის რიცხოვნობას – ცდილობდნენ, იმ რაოდენობით შეენარჩუნებინათ, რამდენის გამოკვებასაც შეძლებდა მექსიკის მიწა. მაგრამ, საკითხის ამ სახით განხილვას მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს: დემოგრაფიული ზრდის შესაჩერებლად მართებული იქნებოდა, მსხვერპლად შეეწირათ შვილიერების ასაკის მქონე ქალები. რაც შეეხება აცტეკებს, ისინი, უპირველეს ყოვლისა, ანადგურებდნენ კაცებს, რომელთა რიცხოვნობა უმნიშვნელოდ მოქმედებს დემოგრაფიაზე. აცტეკებში მოქმედებდა მრავალცოლიანობა; ამასთანავე, გაუთხოვარი ქალებიც საკმაო თავისუფლებით სარგებლობდნენ და, შეეძლოთ, ცოცხლად გადარჩენილი მამაკაცებისგან ნებისმიერი რაოდენობის ბავშვი გაეჩინათ.

მექსიკის ტერიტორიაზე შემონახულია მსხვერპლშეწირვისთვის განკუთვნილი მრავალი ასეთი ქვა. ეს ქვები იყო სხვადასხვა ზომის, მაგრამ, როგორც წესი, ყველა შემკობილია რელიგიური ან საომარი თემის სიუჟეტებზე შესრულებული ჩუქურთმით; მათ ერთვოდა სისხლის შესაგროვებელი ქვის ფიალები. მეხიკოს ანთროპოლოგიის ეროვნულ მუზეუმში ინახება გიგანტური, 24-ტონიანი ქვა, რომლის დიამეტრი 3,6 მეტრია. ქვა დაფარულია ასტრონომიულ თემატიკაზე შესრულებული რთული ჩუქურთმით. მის ცენტრში მზის ღმერთის გამოსახულებაა. შესაძლოა, რომ ეს ქვა ტემალაკატლი (ასე ეწოდებოდა სამსხვერპლო ქვას) უნდა გამხდარიყო, მაგრამ, მან ვერ „იგემა” ადამიანის სისხლი – ის დამუშავებისას გაიბზარა. იქვე ინახება სხვა, „მუშა“ ტემალაკატლი, რომელიც აგებული იქნა აცტეკების მმართველ ტისოკის მიერ. ეს არის ვეებერთელა ქვის ცილინდრი, რომელსაც პერიმეტრზე გასდევს ტისოკის საბრძოლო გმირობებისათვის ხოტბის შემსხმელი ბარელიეფი. გვერდიდან მოჩანს სისხლის შესაგროვებლად დატანებული ღარი.

მას შემდეგ, რაც მსხვერპლს გულს ამოგლეჯდნენ და საკურთხეველზე დაწვავდნენ, ხოლო სისხლს ფიალაში შეაგროვებდნენ, სხეულს პირამიდის წვერიდან ქვემოთ აგდებდნენ, რის შემდეგაც აცტეკები მას ჭამდნენ. „მალიაბეკიანოს კოდექსში” არის ნახატები, რომლებშიც გამოსახულია აცტეკების რიტუალური ტრაპეზობა, სადაც, ამასთანავე, მოჩანს ქოთნებიდან ამოშვერილი ადამიანის ხელები და თავები. შესაბამისი ტექსტი გვამცნობს:

ეს ნახატი გვაჩვენებს საძაგელ წეს-ჩვეულებას, რომელსაც ინდიელები ასრულებდნენ იმ დღეს, როდესაც ისინი თავიანთ კერპებს სწირავდნენ ადამიანებს დემონის წინაშე, რომელსაც ჰქვია მიკტლანტეკუტლი, რაც ნიშნავს – „მიცვალებულთა მიწის მეუფეს“. ისინი დგამდნენ ადამიანის ხორცით სავსე ბევრ თიხის ქოთანს, რომლებსაც უნაწილებდნენ ბელადებს, მმართველებსა და ტლამაგატლებს (ქურუმებს), ანუ იმათ, ვინც დემონის ტაძარში მსახურობდა. ისინი კი ამ „კერძს” მეგობრებსა და ნათესავებს უნაწილებდნენ. 

მოამზადა

რევაზ ტომარაძემ

скачать dle 11.3