კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ურთიერთობა აქვს მაია ფანჯიკიძეს ავთო ცქვიტინიძესთან და რას წერდნენ მასზე „ფეისბუქზე“

მაია ფანჯიკიძესთან ჩემი შეხვედრის მიზანი სულაც არ ყოფილა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, უბრალოდ, ის საქართველოში საკმაოდ გამორჩეული დიპლომატია და, აქედან გამომდინარე, მინდოდა, ძალიან ახლოდან გამეცნო ჩვენი ჟურნალის მკითხველებისთვის როგორია ქალბატონი მაია რეალურად. თუმცა, რამდენიმე შეკითხვა თავისი გადაწყვეტილების შესახებ მაინც დავუსვი.   

– ვიცი, მობეზრეული გაქვთ ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, მაინც უნდა გკითხოთ: ნაბიჯი, რომლითაც  სრულიად გაემიჯნეთ „ქართულ ოცნებას”, რა იყო რეალურად –  თქვენი სიძის, ირაკლი ალასანიას მიმართ გამოხატული სოლიდარობა თუ   რამე სხვა მიზეზი, რაც ისედაც გიბიძგებდათ თანამდებობის დატოვებისკენ? ცხადია, იცით, რომ საზოგადოებამ მაინც ირაკლისადმი სოლიდარობად ჩაგითვალათ.   

– ირაკლის და, ალექსი პეტრიაშვილის სახელითაც შემიძლია, იგივე ვთქვა, რომ არცერთი ჩვენგანი არსად წასვლას არ ვაპირებდით, ძალიან გვიყვარდა ჩვენი საქმე და ძალიან გვინდოდა, გაგვეგრძელებინა ისეთივე წარმატებით, როგორც მოვედით აქამდე. ასე რომ, არანაირი მიზეზი, წამოვსულიყავით სამსახურიდან, არ გვქონია.                                                                                                     

– და, მაინც? 

– არა, ირაკლის გამო გადადგმულ ნაბიჯს ამას ვერ დავარქმევ. ეს იყო საერთოდ შექმნილი სიტუაცია, რომელიც ელვისებური სისწრაფით განვითარდა. ის ერთი კვირა ნამდვილად ძალიან განსხვავებული იყო ყველა იმ დღისგან, რომლებიც მე ამ მთავრობაში გავატარე. რა თქმა უნდა, როლი იმანაც ითამაშა, რომ ჩვენ თანამოაზრეები ვიყავით და ერთი ოჯახის წევრები ვართ – ამის დამალვა ნამდვილად არ იქნებოდა სწორი, მაგრამ, მთავარი მიზეზი ეს არაა. 

– მინდა გაიხსენოთ ის დრო, როდესაც საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყავით ნიდერლანდებში და სააკაშვილმა სრულიად მოულოდნელად უკან გამოგიწვიათ.  პირადად ჩემთვის მართლა გაუგებარი იყო თქვენი გათავისუფლების მიზეზი.        

– დედამიწაზე, მგონი, არალოგიკური არაფერი ხდება და, ესეც ლოგიკური იყო, რადგან, სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა იმ რეჟიმთან მუშაობა. ფაქტობრივად, მომწიფებული იყო ჩემი დამშვიდობება სააკაშვილის ხელისუფლებასთან, უბრალოდ, ჩემთვის მიუღებელი იყო ფორმა, როგორც მოხდა ეს ყველაფერი და ამან გამოიწვია ჩემში სიბრაზე. გამბედაობა რომ არ გყოფნის და მიზეზად ისეთ რამეს იშველიებ, რაც რეალურად არ არსებობს, ანუ, ვითომდა, მოვალეობის არასწორად და ცუდად შესრულებას ელჩის მხრიდან – ეს იყო ოფიციალური მიზეზი, ხოლო ამის უკან იდგა პოლიტიკური შეუთავსებლობა. 

სხვათა შორის, როდესაც გამათავისუფლეს ელჩობიდან და დავბრუნდი საქართველოში, მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვასწავლიდი გერმანულს და ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო პერიოდი. რადგან მცხეთაში ვცხოვრობ, მინდოდა, ამ ქალაქისთვის რაღაც გამეკეთებინა. ამის შემდეგ მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკაში და ჩემი მისვლა „ქართულ ოცნებაში,” რის გამოც, თავი დავანებე ყველა სხვა სამსახურს, გარდა უნივერსიტეტისა. შემდეგი ეტაპი იყო არჩევნებში გამარჯევბა და ჩემი მინისტრობა, ახლა კი ისევ ახალი ეტაპი დადგა. მე ვფიქრობ, რომ ყოველი ახალი ეტაპი ჯობდა წინას – იყო გამოწვევებით აღსავსე და მე მიყვარს გამოწვევები.  

– გამოწვევები და სიახლეები კარგია, მაგრამ, ხომ არ მიგაჩნიათ, რომ, თქვენი მხრიდან შეცდომა იყო დაშვებული, როცა „ქართულ ოცნებას” შეუერთდით, რადგან, არ გაგიხედავთ ცოტა უფრო შორს? რომ არა ეს ნაბიჯი, რა იქნებოდა მომავალში არა მხოლოდ თქვენს ცხოვრებაში, არამედ, ზოგადად, ქვეყნის ცხოვრებაში?

– აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ სწორ ბრძოლას ვაწარმოებდით და ეს ბრძოლა უნდა დამთავრებულიყო „ქართული ოცნების” გამარჯვებით. ადამიანებს ეშინოდათ და ამის რეალური საფუძველი ჰქონდათ – ზოგმა ქონება დაკარგა ზოგმა სამსახური... მაგალითად, ჩემმა მეუღლემ სამსახური დაკარგა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე იყო. პირდაპირ უთხრეს: ან შენი ცოლი წამოვა იქიდან ან შენ მოგიწევს სამსახურის დატოვებაო; ბევრს კიდევ სხვანაირად დაემუქრნენ. იმდენად მნიშვნელოვანი იყო სააკაშვილის რეჟიმის დამარცხება, აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, რომ, შეიძლებოდა, ამისთვის უარყოფითი შეფასება მიმეცა. 

– არ შემიძლია მამაზე, გურამ ფანჯიკიძეზე არ გკითხოთ. როგორი იყო იგი თქვენთან ურთიერთობისას – მკაცრი, ლმობიერი, რა მოსწონდა, რა არ მოსწონდა?   

– 17 წელია, რაც მამა გარდაიცვალა. ჩემს ცხოვრებაში უფრო სერიოზული მომენტები მამის გარდაცვალების მერე დადგა და, ძალიან მწყდება გული, რომ ამას ვერ მოესწრო. ვიცი, რომ ძალიან ამაყი იქნებოდა ჩემი და ირაკლის წარმატებით და, ასევე, ძალიან კარგი მრჩეველი.  დარწმუნებული ვარ, ყველა ნაბიჯს, რომელიც მე გადავდგი, მომიწონებდა, იქნებოდა ეს დიპლომატიური სამსახურის სრულიად მიტოვება და მერე ისევ პედაგოგიური საქმიანობის დაწყება, ანუ, სრული ჩამოშორება პოლიტიკიდან, მერე ისევ პოლიტიკაში მთელი თავით გადაშვება, საგარეო საქმეთა მინისტრობა  თუ სხვა. 

– დიპლომატიური კარიერის მიტოვება ახსენეთ. ეს როდის გადაწყვიტეთ? 

– აი, მაშინ, სააკაშვილის მთავრობის დროს, როცა აღარ ვიყავი ელჩი. ჩემი თავი ვეღარ წარმომედგინა სახელმწიფო სამსახურში, ძალიან დაღლილი ვიყავი ყველაფერ იმისგან, რაც მანამდე მქონდა ნაკეთები და, ვხედავდი, რომ, მიუხედავად ჩემი ძალისხმევისა, ეს ყველაფერი არასწორი მიმართულებით მიდიოდა და მე ვერანაირ გავლენას ამაზე ვერ ვახდენდი, – ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. გამიჯვნა მინდოდა, აბსოლუტური დისტანცია. ერთი წამით არ მიფიქრია სხვა რამეზე, გარდა იმისა, რომ დავბრუნებოდი ჩემს ძველ პროფესიას – პედაგოგობას.

– რა უნდოდა მამას, გამოსულიყავით? 

– სკოლას რომ ვამთავრებდი და უნივერსიტეტში უნდა ჩამებარებინა, მაშინ პროფესიების დიდი არჩევანი არ იყო. მეც ასე წარმომედგინა და ჩემს მშობლებსაც, რომ აკადემიური კარიერა მექნებოდა: დისერტაციას დავიცავდი, პროფესორი გავხდებოდი და, პრინციპში, ასეც ვითარდებოდა ჩემი ცხოვრება, რომ არა მსოფლიო მასშტაბის ისეთი მოვლენა როგორიც იყო საბჭოთა კავშირის დაშლა და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. მხოლოდ ამის მერე გახდა შესაძლებელი დიპლომატიური კარიერა. მამა ამით ძალიან კმაყოფილი იყო, მოსწონდა. მე დიპლომატიური კარიერა დავიწყე ყველაზე დაბალი თანამდებობიდან და მივაღწიე ყველაზე მაღალ საფეხურს. ეს არ მომხდარა ერთ დღეში, როგორც ხდება ხოლმე ზოგიერთის ბიოგრაფიაში, არამედ, მრავალი წლის განმავლობაში. რაც შეეხება მამას, ის იყო ძალიან ხალისიანი, ენერგიული, ემოციური, უშუალო ადამიანი და უყვარდა ხალხთან ურთიერთობა. ხშირად ვიყავი მის გვერდით. ბევრს მოგზაურობდა, განსაკუთრებით – საქართველოში და ყველგან დავყვებოდი. 

– თქვენი და ნათიას გათხოვებას როგორ შეხვდა?       

– პირველი მე გავთხოვდი. თავიდან ცოტა დაიბნა   და ინერვიულა კიდეც, მაგრამ, შემდეგ მართლაც შვილებივით შეიყვარა ერთი სიძეც და მეორეც. ვერ გეტყვით, რომ, ვიცოდით, როგორი სიძეები უნდოდა და ამის მიხედვით აგვერჩიოს ან მე, ან ნათიას, მაგრამ, ალბათ, ყველა ქალიშვილი, რომელიც მამაზე გიჟდება (და მე ვგიჟდებოდი მამაზე), იმ თვისებებით წარმოიდგენს თავის მომავალ მეუღლეს, რომელიც მამაში მოსწონთ. 

– პირადმა ცხოვრებამ რომელიმე ეტაპზე თუ შეგიშალათ ხელი თქვენს პროფესიულ საქმიანობაში? 

– ასპირანტურაში ვსწავლობდი, უკვე ვმუშაობდი კიდეც, ბავშვები რომ მეყოლა და ამან ერთი წლით დამიგვიანა დისერტაციის დაცვა, მაგრამ, მაინც მოვახერხე. არც  დიპლომატიურ კარიერაში არ შეუშლია ხელი გათხოვებას, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან კარგად შემიძლია დროის გადანაწილება.  

– ახლა, ალბათ, ოჯახისთვისაც მეტი დრო დაგრჩებათ.

– ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, თითქმის არ მახსენდება დღე, რომ გამეღვიძა სახლში და მეორე დილამდე გადაბმულად სახლში ვყოფილიყავი.  მხოლოდ ეს რამდენიმე დღეა, მოვახერხე ოჯახთან ყოფნა.    

– მნიშვნელოვანია თუ არა თქვენთვის სახლის ინტერიერი, გიყვართ თუ არა განახლება და რომელი ადგილი უფრო მეტად გიყვართ სახლში? 

– სახლის ინტერიერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი სახლი ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა, ყოფილიყო. აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე ჩემი შემოქმედებაა. იქ ვერ ნახავთ ძვირფას ნივთებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ძალიან გემოვნებით არის გაკეთებული. რაც შეეხება სამზარეულოს, დედაჩემი, რომელიც ძალიან სერიოზული მეცნიერი და მთარგმნელია, მიუხედავად იმისა, რომ დიდ საქმეებს აკეთებდა მთელი ცხოვრება, ის იყო ჩვენს სახლში ძირითადი მზარეული. ამიტომ ვამბობ, რომ დროის სწორად განაწილება უმთავრესია ცხოვრებაში და ეს თვისებები დედაჩემისგან მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დატვირთული სამი წელი გავიარე (პირველი – ოპოზიციის და, შემდეგ, ორი წელი – მინისტრობის), თამამად შემიძლია, ვთქვა: ამ სამი წლის განმავლობაში არ ვარღვევდი ტრადიციას და სტუმრად მოსულ მეგობრებს ჩემი მომზადებული კერძებით ვუმასპინძლდებოდი. ყველა მეუბნება, რომ ძალიან კარგად გამომდის საჭმელების კეთება.                                          

– რემონტის დროს თუ იყავით ჩართული, თუ წასულხართ თუნდაც ელიავას ბაზრობაზე ან სანტექნიკის მაღაზიებში თუ გივლიათ? 

– არათუ ელიავაზე, თბილისში, ალბათ, არ დარჩა ადგილი, სადაც არ ვარ ნამყოფი იმ პერიოდში, როდესაც სახლს ვაკეთებდით. ელიავაზეც ვარ ნამყოფი და ყველა სხვა მაღაზიაში, სადაც იყიდება კაფელი, მეტლახი, ლამინატი, საღებავები და ასე შემდეგ. ჩემი ხელით მაქვს არჩეული ყველაფერი. 

– რისკიანი ხართ? 

– თავის დროზე, როცა „ქართულ ოცნებაში” წავედი, ესეც რისკიანი ნაბიჯი იყო. 

– რას გულისხმობთ? 

– ეს იყო რისკი ჩემი ოჯახისთვის, რაც უკვე ვთქვი – ჩემმა მეუღლემ რომ დაკარგა სამსახური.

– ჭორები, ალბათ, თქვენზეც ყოფილა. თქვენს ყურამდე მოსული რომელი ჭორი იყო ყველაზე მძიმე?

– ყველაზე შეურაცხმყოფელი არის ის, რაც ახლა ხდება – ირაკლის ადანაშაულებენ იმაში, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია მისგან. ეს არის ისეთი აბსურდი, რომლის მსგავსიც ვერ წარმომიდგენია. რაც შეეხება თვითონ ჭორს, იმისთვის არის ჭორი, რომ ის სერიოზულად არ მიიღო. ინტერნეტსივრცეში ჩემი რჩევა იქნება, რომ, თუ ასე ვინმე რამეს დაგაბრალებთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ. დარწმუნებული იყავით, ამას სპეციალურად აკეთებს, რომ ნერვები აგიშალოთ.                                          

– სწორედ ინტერნეტსივრცეში ვნახეთ თქვენი ერთ-ერთი ვიზიტის დროს უცხოეთში გადაღებული ფოტოები, რომლებიც დაკომენტარებული იყო, რომ, თურმე, საქმეებზე კი არ დადიხართ საზღვარგარეთ, არამედ, გასართობად.  

– ვისაც ჰგონია, რომ ცნობილი ადამიანები არც მაღაზიებში შედიან, არც რესტორნებში და არც კონცერტებს ესწრებიან, ძალიან ცდებიან. თუ დრო დარჩა, აუცილებლად შევდივარ მაღაზიაშიც და ყველგან. 

– ყოველთვის ძალიან მკაცრი ჩაცმის სტილი გაქვთ და ეს გასაგებიც არის.    

– ძალიან მომწონს ავთო ცქვიტნიძესთან ურთიერთობა და მომავალშიც ვაპირებ გავაგრძელო თანამშრომლობა. ვაღიარებ, კარგად ჩაცმა ძალიან მიყვარს, თან – ბავშვობიდან. დედა ძალიან კარგად ხატავდა და, როდესაც საწერ მაგიდასთან იჯდა და მუშაობდა, მივუცუცქდებოდი და ვთხოვდი ხოლმე, კაბა დამიხატე-მეთქი. მხატავდა სხვადასახვა კაბებში გამოწყობილს და მერე ვთხოვდი, რომ ეს კაბა შეეკერა. დედას მივყავდი მაღაზიაში, ერთად ვარჩევდით ნაჭრებს, მერე მივდიოდით მკერავთან და, რასაც ხატავდა, იმას აკერინებდა. მერე, მოთხოვნილებამ, რომ კარგად მცმოდა, თანდათან მოიმატა და ახლაც დიდ ყურადღებას ვაქცევ ამას. შემიძლია ვთქვა, მთელი ჩემი შემოსავალი ამ საქმეში მიდიოდა. 

– თავისუფალ დღეებში არ გქონიათ რადიკალურად განსხვავებულად ჩაცმის სურვილი? ვთქვათ, დახეული ჯინსები ჩაგეცვათ? 

– არა, დახეული ჯინსების ტიპი არასდროს ვყოფილვარ იმის გამო, რომ ჩემი მთელი შრომითი საქმიანობა ოფიციალური იყო. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევდი, რომ კორექტულად ჩაცმული ვყოფილიყავი, როცა კლასში ან ლექციაზე შევდიოდი; დიპლომატიურ სამსახურს კიდევ, თავისი ჩაცმის სტილი აქვს

– თუმცა, ეს ორი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება.

– კი, არ განსხვავდება, მაგრამ, არ შეიძლება, ზიზილ-პიპილებით იარო მინისტრებთან შეხვედრაზე ან შეხვიდე  ლექციაზე. ყოველთვის აკადემიური უნდა იყო. 

– თმის ვარცხნილობა, პლასტიკური ოპერაცია… ანუ, იმიჯის შეცვლის სურვილი თუ გქონიათ? 

– თმა არასდროს შემიღებავს, ეს არის ჩემი ბუნებრივი თმის ფერი. რაღაც პერიოდი ოდნავ ვიკეთებდი მელირებას, მერე ისიც მოვიცილე. არასდროს ვყოფილვარ ქერა, არასოდეს არაფერი გამიკეთებია რადიკალური, თუნდაც პლასტიკა. ისე მეშინია ყველანაირი ტკივილის, რომ, ჩემი ნებით ტკივილს ვერ მივიყენებ. ის ფული, რომელიც შეიძლება ამაში დახარჯო, ჯობია, უფრო გონივრულად გამოიყენო, მაგალითად, ძვირფასი კრემები შეიძინო სახისთვის. მე მირჩევნია, არ ვიყიდო ახალი კაბა და ვიყიდო სახის კანის მოვლის ძვირფასი საშუალებები. 

– „ფეისბუქის” მომხმარებელი თუ ხართ? 

– სამწუხაროდ, არ ვარ. მქონდა ოფიციალური გვერდი, რომლის ადმინისტრირებასაც ვახდენდი ჩემი თანამშრომლების დახმარებით. ახლა ვფიქრობ, ხომ არ გავაქტიურდე ისევ-მეთქი. რაც შეეხება პირად გვერდს, ჩემი სახელით არის შექმნილი რამდენიმე პროფილი. პირველი უცებ გაჩნდა „ოცნების” პერიოდში და ერთი-ორი ათასი მეგობარი ჰყავდა იმ გვერდს. არაფერი ისეთი იმ გვერდზე არ ხდებოდა, მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს, ვხედავ, ვიღაც გაჭირვებულმა ადამიანმა მომწერა იქ წერილი და მთხოვდა, დავხმარებოდი. ცხადია, ვერ ვუპასუხებდი – იქ შესასვლელი ბერკეტი არ მქონდა. ამიტომ, ზრდილობიანად მივწერე ჩემი შვილის ფეისბუქ-გვერდიდან ადამიანს, რომელსაც ეს გვერდი ჰქონდა ჩემი სახელით გახსნილი და ვუთხარი: როგორც ჩანს, ხალხი წერილებს მწერს, მე კი არ მაქვს საშუალება, რომ მათ ვუპასუხო და უხერხულია-მეთქი. ვთხოვე, გამოჩენილიყო.  მერე გამომეხმაურა და აღმოჩნდა ახალგაზრდა ბიჭი. მე იმიტომ გავაკეთე ეს გვერდი, რომ გიყურებთ, რამდენს მუშაობთ  და ამის დრო არ გაქვთო. ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ, იქნებ მაინც დახურო-მეთქი. მერე დასახმარებლად მივწერე „ფეისბუქის” ადმინისტრაციას, თუმცა, ვერაფერს გავხდი. არ არის გამორიცხული, კიდევ არსებობდეს ის გვერდი. გავხსნი თუ არა პირად გვერდს, ეს ჯერ არ გადამიწყვეტია. 

скачать dle 11.3