კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ გააბოროტა ქართველი და რატომ არ განსხვავდება ის ამ კუთხით სხვა ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქისგან, მამუკა ღლონტის აზრით

მინი-დოსიე:

პროფესია: ტელემენეჯერი; არქიტექტორი.

საცხოვრებელი ადგილი: რუსთავი.

სამუშაო ადგილი:  რადიო „მაესტრო”.

ოჯახი: მეუღლე, სამი შვილი, ერთი შვილიშვილი.

მამუკა ღლონტი: ქართველები ვართ ჩვეულებრივი ხალხი, ისევე, როგორც მსოფლიოს დანარჩენი ხალხები და, არანაირ განსაკუთრებულ ფენომენს არ წარმოვადგენთ. უბრალოდ, გვაქვს ჩვენი ცხოვრების ინდივიდუალური წესი და მსოფლმხედველობა იმასთან მიმართებაში, როგორი უნდა იყოს ჩვენი ყოფა – მხოლოდ ამით გამოვირჩევით სხვა ერებისგან, სხვა არანაირი განსაკუთრებულობა ჩვენ არ გაგავაჩნია და არც რაიმე მოვლენას წარმოვადგენთ.

– მაშ, რამ მოიტანა იმის განცდა, რომ, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ?

– ჩემი ვარაუდით, ამაში დამნაშავეა ჩვენი მიწა და ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენი ქვეყნის  მიწა არ მოითხოვს განსაკუთრებულ დამუშავებასა და დიდ ძალისხმევას; ჩვენთან  არ არის მკაცრი ზამთარი და ძალიან ცხელი ზაფხული; გვაქვს მთა, გვაქვს ზღვა და ყოველთვის ადვილად ხდებოდა სარჩოს  მოპოვება და თავის გატანა; აქ არ არის არც ნიანგი და არც ლომი, რომ თავის დაცვა გვიწევდეს მისგან... ანუ, ვინაიდან ჩვენ გვერგო ძალიან კარგი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, გაგვიჩნდა იმისი განცდა, რომ, რადგან გვაქვს ასეთი კარგი მიწა, ჩვენ ვართ ყველაზე კარგები. 

– სამაგიეროდ,  ლომებისგან თუ არა, საკმაოდ ძლიერი ქვეყნებისგან გვიწევდა თავის დაცვა მუდმივად

– თუ იმ ომებს გულისხმობთ, რომლებიც საქართველომ თავისი არსებობის განმავლობაში გადაიტანა, არც ევროპის ქვეყნები ყოფილან უკეთეს დღეში. ომები ისეთი უნდა, ევროპაში რომ იყო. ის სახელმწიფოებიც, მარტო ჩვენ არ გვეომებოდნენ, ერთმანეთშიც ომობდნენ. სიმშვიდე მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა ხანგრძლივად. ნგრევა და უბედურება ევროპასაც არ დაჰკლებია. ქვეყნები და ერები ყოველთვის ომობდნენ, კიდევ იომებენ ერთმანეთში და  ეს არ იყო ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მოვლენა. იმაში, რომ სახელმწიფოდ ვერ ჩამოვყალიბდით, დამნაშავეა ისევ ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და ის, რომ გვყავს იმპერიალისტური ზრახვებით შეპყრობილი მეზობელი, რომელიც თვითონაც ვერ ვითარდება დემოკრატიული და ტექნოლოგიური გზით და, ჩვენც გვაიძულებს და მუდმივად გვაიძულებდა, ვყოფილიყავით განვითარების მასზე დაბალ საფეხურზე, – რუსეთზე მაქვს საუბარი. ჩვენი ბევრი პრობლემა სწორედ აქედან იჩენს თავს და, ჩვენი სურვილიც, რომ უფრო მჭიდრო ურთიერთობა გვქონდეს ევროპასთან, აქედან მოდის. თუ ეს გამოვიდა, კულტურულად, სულიერად, ტექნოლოგიურად და პოლიტიკურადაც, შესამჩნევად წავალთ წინ, რადგან, ევროპას ახასიათებს ჰარმონიული განვითარება. 

– ხომ არ დევს ქართველ ერში თვითგანადგურების მექანიზმი, ანუ, ხომ არ ვუშავებთ საკუთარ თავს იმაზე მეტს, ვიდრე გვიშავებენ სხვები?

– ლეგიტიმური კითხვაა. რა თქმა უნდა, ის სტერეოტიპი, რომ ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს და ერთმანეთის გატანა არ ვიცით, სწორი არ არის. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამოწვეულია მძიმე სოციალური ფონის გამო. – ასეთი მძიმე ყოფა გააბოროტებდა ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა. როცა ადამიანს არ აქვს საჭმელი, სცივა და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ის ბოროტდება და, მისი ქმედებები თუ ემოციები არის მხოლოდ უარყოფითი. დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენთან სოციალური ფონი  ოდესმე  ოდნავ მაინც გაუმჯობესდება, ქართველი მაშინვე გახდება ლაღი, კეთილი და კეთილმოსურნე ერი. 

– „ქართველობას გვართმევენ!” – რა  დევს ამ ფრაზის მიღმა?

– ქართველობას მხოლოდ თვითონ ქართველი თუ წაართმევს საკუთარ თავს. ერთმა ამერიკელმა ძალიან კარგად თქვა – მიწა აქვს აქ ნაყიდი და ამუშავებს: ქართველებს ქართველობას ისევ ქართველი თუ წაართმევსო. ქართველობა არ ნიშნავს არატოლერანტობას, სუსტის დაჩაგვრას, სხვა ერის დაკნინებას; პირიქით, ქართველობა ყოველთვის საპირისპიროს ნიშნავდა – კეთილგანწყობას სხვების მიმართ. ის არ არის ქართველობა, სკამზე დამდგარმა ყანწით რომ დალიო საქართველოს სადღეგრძელო. შემდეგ კი გარეთ გამოხვიდე და შენზე სუსტს სცემო და აგინო; ქართველობაა შრომა, დოვლათის შექმნა და იმ ადამიანზე ზრუნვა, რომელსაც ბევრი სიკეთე აკლია და არაფერი აქვს. იდეალურისკენ უნდა ვისწრაფოთ და ვიაროთ ყოველთვის, რათა საშუალო დონის ქვეყანა მაინც გვქონდეს. 

– ხომ არ შემოგვრჩა მხოლოდ სიამაყე განვლილ დღეთა და უაზრო ამბიციები? 

– კი, ეგ გვახასიათებს. ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, უფრო წარსულზე დამოკიდებული ხალხი ვართ. ეს უნდა შეიცვალოს, მაგრამ, სამწუხაროდ, მანამდე არ მოხდება, სანამ ტოტალურად არ შეიცვლება ქვეყანაში განათლების პრინციპები; სანამ არ გაიზრდებიან განათლებული თაობები, რომლებიც ევროპაშიც მიიღებენ განათლებას. მერე კი დაბრუნდებიან  და გამოადგებიან ქვეყანას. ჩვენ ახლა საკუთარ თავში ვართ ჩაკეტილები; გვირჩევნია, გავიხსენოთ, რა კარგად ვცხოვრობდით გუშინ, არ ვიფიქროთ მომავალზე, არ გავანძრიოთ ხელი ამ მომავლის შესაქმნელად და ჩვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. 

– როგორ ფიქრობთ, ძალიან განვსხვავდებით დავით აღმაშენებლის ეპოქის ქართველისგან?

– ვფიქრობ, რომ – არა. ადამიანის ბუნება დიდად არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც ის გონიერი გახდა და ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ისტორიის გამოცდილებამ ბევრი ვერაფერი გვასწავლა, თანაც, არა მარტო ქართველს, არამედ, ზოგადად ადამიანებს. მაშინდელი საქართველოც, ალბათ, იმით განსხვავდებოდა დღევანდელი საქართველოსგან, რომ ჰყავდა გონიერი მმართველი დავით აღმაშენებლის სახით რომელიც, უპირველესად, ქვეყნის კეთილდღეობაზე ფიქრობდა, ჩვენი დღევანდელი ჩინოვნიკები კი საკუთარ კეთილდღეობას აყენებენ ქვეყნის კეთილდღეობაზე წინ. სამწუხარო ის არის, რომ არჩევნის საშუალებაც კი არ გვაქვს დიდი – ყოველთვის  ცუდსა და უარესს  შორის  ვირჩევთ. 

– არ არის ეს ჩვენი ტრაგედია?

– ტრაგედია ნამდვილად არ არის, თუმცა, ცუდია, რა თქმა უნდა. ჩვენ რომ გადავხედოთ სხვა ქვეყნებს, ძალიან ბევრია ისეთი, სადაც ჩვენზე გაცილებით უარესი მდგომარეობაა: მძვინვარებს შიმშილი; ხალხს უფრო მეტად უჭირს; ინფრასტრუქტურა არა აქვთ მოწყობილი... ბევრ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ ძალიან კარგი პერსპექტივა გვაქვს, თუკი გონივრულად მოვიქცევით. ასეა თუ ისე,  მაინც სწორი მიმართულებით მივდივართ და არც ჩვენი ყოფაა ტრაგიკული. 

– ანუ, ქართველი მაინც ევროპელია თუ აზიელი?

– (იცინის) ჩვენ ვართ ჰიბრიდული ერი. ჩვენზე ძალიან დიდი გავლენა იქონია აზიამ, რადგან, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიცხოვრეთ აზიურ სისტემაში, მაგრამ, ჩვენი მენტალობა და ჩვენი სულიერება მაინც ევროპულია;  ჰიბრიდულობა კი მეტად საინტერესოს გვხდის ჩვენც და ქვეყანასაც. ისე, აზიური ქვეყანაა იაპონიაც, მაგრამ შეუდარებელია თავისი ტრადიციულობითა და განვითარების დონით. 

– ქართველის სამი მთავარი ნაკლი...

– სიზარმაცე, ცრუ მოლოდინები და გულუბრყვილობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ველით უკეთეს მომავალს და არ ვანძრევთ ხელს;  

ასევე, საზოგადოების ინტერესებზე წინ საკუთარი ინტერესების დაყენება. 

– დღევანდელ ქართველს რა ღირსებები აქვს?

– სწრაფა ცივილიზაციისკენ. რომელიც დღეს არ შეგვიძენია; ალბათ, ტოლერანტობა, რაც ასევე ისტორიულად მოგვდევს და – გონიერება, რომელიც ნამდვილად გვაქვს, მაგრამ, ხანდახან მას სიზარმაცე ჯაბნის, ხოლმე.  

– როგორი უნდა იყოს კარგი ქართველი?

– კარგი ადამიანი უნდა იყოს. 

скачать dle 11.3