კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ აძლევდნენ რობი კუხიანიძეს თბილისში სიმღერის უფლებას და რატომ მოუწია მას საკუთარ დაჯილდოებაზე, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში შეპარვა

ქართული პანკი, ყოველთვის რობი კუხიანიძის სახელთან ასოცირდება.  ეს ადამიანი რომ ნიჭიერი მუსიკოსია, ამაზე არავინ დავობს. უფრო მეტიც, ის ერთ– ერთი საყვარელი მომღერალია, რომლის სიმღერებიც ყველა თაობასაა მორგებული. საინტერესო და გულწრფელი რესპონდენტი თავისი ცხოვრების შესახებ გვიამბობს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, იყო დრო, როცა მას სიმღერის უფლებას არ აძლევდნენ, კიდევ ბევრი რამე იყო მის და „აუტსაიდერის“ ცხოვრებაში. თუმცა, ეს ორი ერთმანეთისგან რამ გაყო. როდესაც ინტერვიუს ჩასაწერად დავუკავშირდი, ბატონობით მივმართე, რაზეც გამინაწყენდა და თუ რატომ, თავად რობის პასუხიდან გაიგებთ.

– ბატონოთი დიმპიტაურის კლიპის შემდეგ მომმართავდნენ. კოსტიუმი ჩავიცვი და უფრო სერიოზულად გამოვიყურებოდი (იცინის). შეხვედრებზეც კარგი მანქანებით დავდიოდი. შეხედეს თუ არა ულვაშებს, კოსტიუმს, ჰალსტუხს, „ჯიპებს” და ასე შემდეგ, ყველამ ბატონოთი დამიწყო ლაპარაკი. პირეველივე შეხვედრაზე ჰქონდა ეფექტი ჩემი იმიჯის შეცვლას. ერთ-ერთი ტელევიზიიდან დამიკავშირდნენ, გადაცემაში უნდა მიმეღო მონაწილეობა. მითხრეს, რომ მანქანა მომაკითხავდა და მიმიყვანდა ტელევიზიაში. ამაზე უარი ვთქვი, ჩვენი მანქანით მოვალთ-მეთქი. მივედი ტელევიზიაში და გადავურეკე ვინც მიკავშირდებოდა, ახლოს ვიყავი იმ ბიჭთან, კარგად ვიცნობდი. პირველი, რაც  იყო, მკითხა, ძალიან მთვრალი ვიყავი თუ არა. რას მეუბნები, რა მთვრალი, საქმეზე ვარ მოსული და ნასვამი როგორ მოვიდოდი-მეთქი (იცინის). მაინც არ დამიჯერა, კაი ახლა რობერტია, ნუ მატყუებო. რას გატყუებ, თუ ჩემთან საქმე გაქვს, აქ ვარ, თუ არა და წავედი-მეთქი. ჩამოვიდა და არტყამს „კრუგებს,” ვერ დამინახა, თითქმის ყველა მანქანაში შეიხედა. ოღონდ იცი, როგორ მანქანაში? აი, სადაცაა, რომ დაიშლება. ჩვენ „ჯიპში” ვისხედით. გადავურეკე ისევ და ვუთხარი, შემობრუნებულიყო. რომ დამინახა, გაოცდა, თვალები შუბლზე აუვიდა, ეს შენ ხარო (იცინის). ისეთ „ზმანზე“ ვიყავი, ტყავის კოსტიუმი მეცვა, მაგრად „მიტყდებოდა,“ ასე რომ გამოვიყურებოდი (იცინის). მაშინ ასეთი ჩაცმულობა ფუფუნების საგნად ითვლებოდა და ფულიანი ბიჭები „იზმანებოდნენ“ ხოლმე. აკორდეონზე ვინც უკრავდა, გადმოხტა მანქანიდან და კარი გამიღო. გეგონებოდა, ეს დადგმული მქონდა, მაგრამ არა, საერთოდ არ მქონია მიზნად დასახული, ვინმეს გაკვირვება. რატომ უნდა მომმართონ ბატონობით, როცა შეუძლიათ რობი, რობერტია დამიძახონ (იცინის). ბატონი და ქალბატონი ის იყოს, ვინც თავს მიიჩნევს ბატონად და ქალბატონად.

– როდის ჰქონდა „აუტსაიდერს“ რთული პერიოდი?

– სულ თავიდან, ვიდრე ხალხი გაგვიცნობდა და მოგვისმენდა. „აუტსაიდერის“ შექმნა 1989 წლიდან დაიწყო. „აუტსაიდერი“ ანუ წრის გარეთ.  ქუთაისურად, ჯგუფის სახელს, სულ სხვაგავრად ვხსნი – „გარე წრები”, ანუ წრის გარეთ მყოფები (იცინის). 90-იან წლებში ურთიერთობა დავამყარეთ ესტონელებთან. პირველი კონცერტიც ესტონეთში გვქონდა. იყო სხვადასხვა ხელშეკრულება და შემოთავაზებები. თუმცა, ჩემი ავადმყოფობის გამო, ყველაფერი ჩაგვეშალა. 7 თვის განმავლობაში სამი ოპერაცია გავიკეთე. თავიდან ძირითადად გამოვდიოდით ქუთაისში ან საქართველოს საზღვრებს გარეთ. თბილისში ქუთაისელებს არ გვამღერებდნენ (იცინის). ამდენს „დავწანწალებდით“, სხვადსხვა ქვეყანაში ვმღეროდით და ყველაზე მეტად თბილისში გვინდოდა კონცერტის ჩატარება. დედაქალაქში ისე გვიყურებდნენ, თითქოს ქუთაისში პანკები რა იყო, არ ვიცოდით. ამიტომ, არ გვაძლევდნენ სიმღერის უფლებას. ბოლო-ბოლო თბილისში, ჯგუფის შექმნიდან 4 წლის მერე დავუკარით. ერთხელ ასეთი ინციდენტიც მოხდა – რადიოში  „აუტსაიდერს“, რეიტინგის მიხედვით,  პირველი სამი ადგილი ეჭირა. ეს ჩვენ არ ვიცოდით. ამასთან დაკავშირებით, წლის ბოლოს ყველაზე რეიტინგულ მუსიკოსებს აჯილდოებდნენ. მაშინ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ თუ გვსურდა, თბილისში უნდა ჩავსულიყავით პრიზის ასაღებად. არ მინდოდა წასვლა, მაგათი პრიზი რაში გამომადგება-მეთქი, მაგრამ თბილისიდან დაქირავებული მანქანით ჩამოგვაკითხა ერთმა კაცმა. დაჯილდოება ფილარმონიაში იყო. მოსაწვევზე არ ეწერა ჩემი სახელი და გვარი, ამიტომ დაცვის წევრები დარბაზში არ მიშვებდნენ. ეს იყო ყველაზე სასაცილო, პირველი ადგილის მფლობელი ვიყავი და ფილარმონიაში არ მიშვებდნენ (იცინის). ზემოდან მუსიკოსები გვიყუებდნენ, გვიცნობდა ის ხალხი და მათ „იჩალიჩეს“,  რომ შევეყვანე. მოახერხეს და შემაპარეს. ორგანიზატორები საერთოდ არ გვაქცევდნენ ყურადღებას. დავჯექი დარბაზში და გამაფრთხილეს, ჩემს გვარს გამოაცხადებდნენ და სცენიდან მადლობა უნდა გადამეხადა. ველოდები, ველოდები, დამთავრდა კონცერტი და ჩემი გვარი არ გამოაცხადეს. 

– არაფერი გითქვამთ ორგანიზატორებისთვის? თუნდაც ფილარმონიაში შესვლასთან დაკავშირებით, ან საერთოდ, უკან გაბრუნებაზე არ გიფიქრიათ?

– რა აზრი ჰქონდა ვინმესთვის რამის თქმას. სად უნდა წავსულიყავი, არც სახლი მქონდა და არაფერი.  ასეთ დამოკიდებულებას, ახლაც არ ვაქცევ ყურადღებას. თუ რაღაცეები არ „გაატარე,“ ვერასოდეს გააკეთებ იმას, რაც  გინდა. ყველაზე მთავარი არ მითქვამს ამ დაჯილდოებასთან დაკავშირებით. ის პრიზი, რომელიც ჩემთვის უნდა გადმოეცათ, სხვას მისცეს, ისეთ ადამიანს, რომელიც საერთოდ კონკურს გარეთ იყო. ჩვენ კი ვისხედით ასე ხმის ამოუღებლად (იცინის). ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა შეამჩნია ეს უსამართლობა და „გაჭედა“. კაცი ამხელა გზიდან ჩამოიყავნეთ და პრიზი როგორ არ მიეცითო (იცინის). საბოლოოდ, ყველაფერი მიფუჩეჩდა. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ რიკოთზე მანქანა გაგვიფუჭდა, ორმოში ჩავვარდა. ვაწვებოდით, ორმოდან რომ ამოგვეყვანა და „იმენა“ ტალახიანები ვიყავით (იცინის). ყველაფერი რომ დამთავრდა, მამშვიდებდნენ, არ მენერვიულა. მაშინ ვთქვი, რას მაწყნარებთ, არ მქონია ეს პრიზები და დღემდე მოვაღწიე-მეთქი (იცინის). ამ ფაქტისთვის ცოტა ემოციურად რომ შემეხედა, შეიძლება, მუსიკისკენ საერთოდ აღარ გამეხედა. იმ პერიოდში, სადაც თბილისში ვუკრავდით ყველგან კონფლიქტით იწყებოდა ან მთავრდებოდა. ისე, რომ ჩვენ არ ვმონაწილეობდით ამ ყოველივეში.

– მსგავსი უსამართლობის წინაშე კიდევ ყოფილხართ?

–  ასეთი რაღაცეები იყო თავიდან, ვიდრე ხალხი კარგად გაგვიცნობდა. ახლოს რომ მოდიოდნენ, გაგვიცნობდნენ და მოგვისმენდნენ, მერე უკვე „ჯიგრულად“ იყვნენ ჩვენთან. ერთი ფესტივალი იყო თბილისში, სახელწოდებით „ხელები“. იქ მონაწილეობა დათო ევგენიძის ინიციატივით მივიღეთ. მე-2 არხი უჩვენებდა ტელევიზიით ამ ფესტივალს. მაშინ ცენზურა იყო ტელევიზიებში, ახლაცაა, მაგრამ ვითომ არაა (იცინის). ანუ, მაშინ იცოდი, რომ არ შეიძლებოდა, ახლა გეტყვიან შეგიძლია ის იმღერო, რაც გინდა, მაგრამ თუ არ მოეწონათ, მთელ სიცოცხლეს გაგიმწარებენ. ამ ტელევიზიიდან მოგვთხოვეს სიმღერის ტექსტები, რომელიც არ მქონდა. მაშინ სათაურები მაინც უნდა დამეწერა. ჩვენს პროდიუსერს დავავალე ეს საქმე, მანაც ჩამოწერა და შემომიბრუნდა: რობი ამას ვერ მივცემ, თავად გადახედეო. ჩავხედე და რას წაიკითხავდი უკეთესს, ისეთი სათაურები იყო, რომ მართლა არ შეიძლებოდა მათი საჯაროდ გახმაურება. მაინც მივეცი ეს ფურცელი ტელევიზიის წარმომადგენელს, დაიწყო კითხვა, შეხედა ერთს, მეორეს და თქვა: „ასეა რა, ჩამოეთრევით თბილისში და ისიც არ იცით, რა უნდა გააკეთოთ, როგორ უნდა მოიქცეთ. ახლა კიდევ ტელევიზორში მომინდომეთ მე-2 არხზე გამოჩენა“, აალაგა კამერები, მთელი ტექნიკა და არ გადაგვიღო (იცინის). მათი ჩალაგება იყო და ჩვენ ამოვალაგეთ საკუთარი ტექნიკა – მაინც გადავიღეთ და დავუკარით. 

– რატომ გადმოხვედი თბილისში საცხოვრებლად? 

–  არსადაც არ გადმოვსულვარ. არ მაქვს სახლი თბილისში. აქ უბრალოდ, გამიგრძელდა ყოფნა. 15 წელია თბილისში ვარ. არც ქუთაისში ვცხოვრობ. საქართველოს მოქალაქე ვარ და სადაც მინდა, იქ ვიცხოვრებ. კომფორტს არ ვაღიარებ. კარგია სახლი თუ გაქვს, მაგრამ ეს ჩემში არ იწვევს აუცილებლობას. 50  წლის ვარ. პირველი 20 წელიწადი უსახლკარობა ცოტა რთულია, მერე ეჩვევი. ახლა საშუალება რომ მქონდეს, სახლი არა, მაგრამ კარგი სტუდია მექნებოდა. ალბათ, სახლი ისეთ ადამიანს სჭირდება, ვისაც რაღაც აქვს შესანახი, დაცვა დასაყენებელი და ასე შემდეგ (იცინის). რაღაც მატერიალურის „ყარაული“ არასოდეს გავხდები. დარაჯობა არ „მიტყდება“, მაგრამ დიდი ფულისა და ქონების მცველი არ ვიქნები. საქართველოში არც ფული მჭირდება და არც სახლი. ასეთ გაჭირვებულ სახელმწიფოში ვმღერი და ფული რაში მჭირდება. ვგულისხმობ ღორობას – დინგი თუ არ გაქვს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ღორი არ ხარ.

– ერთხელ თქვით, რომ ადრე ქუთაისში სამაგალითო ბიჭი ვიყავი, მერე ჭორები გამივრცელესო. რას გულისხმობდით?

– საერთოდ წყნარი, მორცხვი, მშვიდი ბიჭი ვიყავი. მერე დავიწყე ცუდი რაღაცეები (იცინის). ბევრს ვსვამდი, სხვა რამე არ იფიქროთ, მხოლოდ სასმელი იყო ჩემი სიცუდე. დალევა ძალიან ცუდია, ეს ყველამ უნდა იცოდეს. მეც ვიცოდი, მაგრამ მაინც ვსვამდი. ბევრჯერ  „მილოთავებია“.  ამ ბოლო დროს შევძელი და უარი ვთქვი სასმელზე. უფრო მეტიც, საერთოდ აღარ ვსვამ. საქართველოში ერთი ბოთლი ღვინო უნდა ღირდეს ერთი საშუალო გიტარის ფასი – 2 000 დოლარი მაინც, მისი ყიდვა რომ ვერ შეძლო. საბედნიეროდ, წამალს ვარჩიე, მაგრამ მე თუ მკითხავ, არავითარი განსხვავება არაა მათ შორის. 

– ბაბუა ხართ, ერთი შვილიშვილი გყავთ ხომ?

– კი ერთი შვილიშვილი მყავს, სანდრო. არ ვერევი მის გაზრდაში. როცა პიროვნება ყალიბდება, ძალიან სათუთი უნდა იყო, რომ მაგალითი არ გახდე მისთვის. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ, ჩვენს შორის ბარიერი იყოს. ვუფრთხილდები და გარედან ვუყურებ. უფრო მისგან მინდა ვისწავლო რამე, ვიდრე ჩემგან რაღაცეები აიღოს და შეითვისოს. ჩემში სამაგალითოს ვერაფერს ვხედავ (იცინის). თან, იმიტომ კი არა, რომ ცუდ რამეს ვაკეთებ, უბრალოდ სხვა თაობის ვარ. მირჩევნია, რომ თამაშობს, დავაკვირდე. ბავშვს არაფერი არ უნდა ასწავლოს ბებიამ და ბაბუამ.

– ცოლი როგორ მოიყვანე?

– მაგაზე დიდხანს რომ მეფიქრა, უცოლო ვიქნებოდი, ან ბევრი ცოლი მეყოლებოდა (იცინის). მიყვარდა ბევრი, მართლა ბევრი შეყვარებული მყავდა. ბოლოს, ისე მაგრად შემიყვარდებოდა რომელიმე და ისე შინაური ხდებოდა ჩემთვის, მერე „მიტყდებოდა“, ვერ წარმომედგინა, ცოლად როგორ უნდა მომეყვანა. ერთი მეუღლე მყავს და მეტი არ მყოლია. როგორც ხელოვანი ამაში მოვიკოჭლებ (იცინის). ჩვენი შეუღლება ძალიან უცებ მოხდა. ესტონეთში ვიყავი კონცერტზე და იქ გამეხსნა მისდამი სიყვარული. ბევრი შეყვარებული ხომ მყავდა, ერთი მომენატრა, ორი, სამი და ბოლოს ესეც მომენატრა. ამაზე ვა, ეს, რატომ? ჩემს თავს ვკითხე, ვერ მივხვდი. რომ ჩამოვედი, ერთი ჩემოდანი რეზინის სათამაშოები ჩამოვუტანე – კვატები, გოჭები და სხვადასხვა ცხოველი. ამ სათამაშოებს ხელს რომ მოუჭერდი, „წრუპუნებდა“.  მაშინ პატარები ვიყავით. მივედი მასთან, დავლიეთ და აგუძერაში ამოვყავით თავი. ასე შევუღლდით და 22 წელია, რაც ერთად ვართ. 

скачать dle 11.3