კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა ქალს უყვარს...

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N27-46(725) 

კოტე ნერვიულად სცემდა ბოლთას – არ სჯეროდა, რომ დიანა მოვიდოდა. ნახევარი საათით ადრე მივიდა. სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობდა... ვერც სანდროზე, რომელიც მთელი დღე რაღაცას ეჯუჯღუნებოდა და საყვედურობდა. შვილისთვის არაფერი უთქვამს. ხედავდა, როგორ რეკავდა პერიოდულად ვიღაცასთან და ის ვიღაც არ პასუხობდა, მერე კი ტომასთან ერთად სადღაც წავიდა. არც დაუშვია, რომ, შეიძლებოდა, ისიც დეას სანახავად წასულიყო, თუმცა, შინაგანი ხმა, ინტუიცია ჰკარნახობდა, რომ სანდროსა და გოგოს შორის რაღაც ხდებოდა.

– უკვე აქ ხართ?

კოტემ თავი ასწია და სითბო მთელ სხეულში სასიამოვნო ტალღად ჩაეღვარა.

– არ დამიგვიანია. ზუსტად მოვედი, – დეამ საათზე დაიხედა.

– ჰო, ზუსტად მოხვედი, ეს მე მოვედი ცოტა ადრე. მეშინოდა, რომ ამ კაფეს ვერ მოვაგნებდი. აქაურობას ცუდად ვიცნობ. თან, ლექსიკონი წამოვიღე, უკეთესად რომ გავუგოთ ერთმანეთს. გუშინ შეცდომა დავუშვი და გაწყენინე.

– მესმის თქვენი. მერე მეც ვიფიქრე ამაზე და არ გამტყუნებთ, – დეამ ქურთუკი გაიხადა და კოტეს გვერდით მიუჯდა. უბრალო, სადა, შავი სვიტერი და ტანზე მჭიდროდ მომჯდარი შავი შარვალი ეცვა... მაღალყელიანი ჩექმა კიდევ უფრო უსვამდა ხაზს მისი ნორჩი სხეულის სინატიფეს...

– შემომთავაზეთ რამე, ბატონო კოტე... ჩაიზე უარს არ ვიტყოდი... ყველის ნამცხვარიც მიყვარს, – გაუცინა გოგომ და თავისი უცნაურად მოკიაფე თვალები შეანათა.

– დიახ, რა თქმა უნდა... როგორც გითხარით, აქ ძალიან უცხოდ ვარ. არც მენიუ ვიცი და, მართალი გითხრათ, ცოტა დავიბენი. თქვენ შეუკვეთეთ, რაც გინდათ.

– თქვენ რას მიირთმევთ?

– მეც ჩაის... დიანა, შეიძლება, პირდაპირ გკითხოთ?

– დიახ, რა თქმა უნდა. სწორედ იმიტომ მოვედი, რომ გულახდილად ვისაუბროთ. რა გაინტერესებთ?

– მიზეზი, რატომაც მოგინდათ ჩემთან შეხვედრა. ოღონდ, ნუ გამიბრაზდებით, ჩემს ასაკში ნორმალურია, ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურო.

– ანუ, მე მიყურებთ ეჭვის თვალით? – ისევ გაიცინა გოგომ, – ნუ დაიძაბებით, ბატონო კოტე. არაფერი განსაკუთრებული. მომეწონეთ და თქვენი უფრო ახლოს გაცნობა მინდა.

კოტემ იგრძნო, როგორ გაეყინა ხელისგულები.

– ეგ როგორ გავიგო?

– ლექსიკონი ხომ გაქვთ? დაიხმარეთ, – გაეხუმრა დეა და, როცა კაცმა პატარა წიგნისკენ გაიწოდა ხელი, თავისი ლამაზი თითებით ფრთხილად შეეხო მაჯაზე. კაცს შეაჟრჟოლა...

– არ გინდათ... კიდევ ერთხელ გეტყვით – მომეწონეთ.

– დიანა... მე ახალგაზრდა აღარ ვარ... – მძიმედ დაიწყო კოტემ. სიტყვებს გულდასმით არჩევდა, – ჰო, აღარ ვარ ახალგაზრდა და მიჭირს ასეთი სიურპრიზების მშვიდად და უემოციოდ მიღება... თან, ვგრძნობ, რომ თქვენი სიახლოვე ჩემს შვილთან  შემთხვევითი არ არის...

– ბატონო კოტე, ძალიან დიდ მნიშვნელობას ნუ ანიჭებთ ჩემს სიტყვებს. მე არ მითქვამს, რომ მიყვარხართ, ჯერ მხოლოდ მომწონხართ.

– არა, ახლა მართლა მჭირდება ლექსიკონი... – კოტემ წიგნი გადაფურცლა და რაღაცას ჩააშტერდა, – ჯერ... ანუ...

– არ გინდათ განვრცობა, უბრალოდ, ვისაუბროთ, – დასერიოზულდა დიანა, – რაც შეეხება ალექსანდრეს, ჩვენ მხოლოდ ნაცნობები ვართ, კარგი ნაცნობები.

– მგონი, ის ასე არ ფიქრობს.

– შეიძლება. ნამდვილად ვერ ვიქნები პასუხისმგებელი მის ფიქრებზე. მე ის გითხარით, რაც მე მაკავშირებს მასთან – სულ ეს არის. თუმცა, დავანებოთ თავი ალექსანდრეს, ჩვენზე ვილაპარაკოთ, უფრო კი – თქვენზე... რა გაინტერესებთ, ანუ რით ირთობთ თავს... როგორი ცხოვრება გაქვთ... ძნელია ბიზნესმენობა იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ და, საერთოდ, რა ღირებულებები გაგაჩნიათ?

კოტეს გაეღიმა.

– ინტერვიუს იღებთ ჩემგან? კარგი, გეტყვი: – ბიზნესის კეთება ადვილი არ არის, მით უმეტეს, იმ ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობ, მაგრამ, ეს ჩემი საქმეა და მომწონს, არ ვიწუწუნებ. გართობისთვის კი დრო არ მრჩება, მხოლოდ იშვიათად ვახერხებ თხილამურებით სრიალს. ეს ის არის, რაც მართლა მიყვარს.

– რა კარგია! თხილამურები მეც ძალიან მიყვარს! – ხელი ხელს შემოკრა დიანამ, – მაგრამ მეც იშვიათად ვახერხებ, თავს ამ სიამოვნების უფლება მივცე.

– რატომ? თქვენც ბიზნესის კუთხით ხართ დაკავებული?

– არა, დედაჩემი ცდილობს, არ მომცეს ამის საშუალება – ეშინია, სულ ჰგონია, რომ დავიმტვრევი. ამიტომ, იშვიათად ვსრიალებ. ალპებში ყოფილხართ?

– დიახ, – თავი დაუქნია კოტემ, – თუმცა, ჩემს ქვეყანაშიც არის ამის საშუალება.

– ალპები მაინც სხვაა, – დიანამ ნეტარებით მინაბა თვალები... – იქ მარტო ჩადიხართ ხოლმე?

– ორჯერ ვიყავი, – კოტემ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა... ხომ არ ეტყოდა, ერთხელ საყვარელი მყავდა ჩაყვანილი, მეორედ კი ადგილობრივ ნაშასთან „ვიგულავეო“.

– მეუღლე არ წამოგყვათ თუ არ წაიყვანეთ?

– მეუღლე? ჩემს მეუღლეზე მეკითხებით? ჰო, ჩვენ ცოტა უცნაური ურთიერთობა გვაქვს. არ მინდა ამაზე ლაპარაკი... თანაც, ლენუკას გარუჯვა და წყალი ურჩევნია...

– ლენუკა... საინტერესო სახელია.

– ლენა ჰქვია... ოღონდ, არ მითხრა, რომ მის შესახებაც გაინტერესებს რამე.

– არა. გიყვართ?

კოტემ ამოიოხრა. არასდროს დაფიქრებულა იმაზე, უყვარდა ლენუკა თუ შეჩვეული იყო. რამდენიმე წლის წინ რომ ეკითხათ, მაშინვე უპასუხებდა, დიახ, მიყვარსო და, მართალიც იქნებოდა ერთ დროს საერთოდ ჭკუას კარგავდა ამ ქალზე. თუმცა, ლენუკამდე მის ცხოვრებაში არსებობდა სხვა ქალი, რომლის სახებაც მეხსიერების შორეულ კუნჭულში მიიჩქმალა... აი, ის კი მართლა ძალიან უყვარდა; ისე ძალიან, რომ ყველაფერი გააკეთა მის დასავიწყებლად...

– რაზე ჩაფიქრდით? – ფრთხილად, გულში ჩამწვდომი ხმით ჰკითხა დეამ.

– ჩემს ცხოვრებაზე... დამავიწყდა, როგორი განცდაა – გიყვარდეს.

– ცუდია.

– ჰო, ცუდია ძალიან ცუდი. სამწუხაროდ, დროც აღარ დამრჩა, ამაზე მეფიქრა... ახლა კი ვხვდები, რომ ეს ჩემი სერიოზული შეცდომაა.

– ბევრი შეცდომა დაგიშვიათ?

– ალბათ... ჩვეულებრივი ადამიანი ვარ... ნაკლიც ბევრი მაქვს, როგორც ყველას... რა გითხრა, დიანა, როგორ ფილოსოფიურ განწყობაზე დამაყენე. დიდი ხანია, ამდენი აღარ მიფიქრია, მით უფრო, ასეთ თემებზე... თხილამურებზე დადგომაც მომინდა... ალპებშიც კარგი იქნებოდა ხის სახლი, ბუხარი...

– რომანტიკულიც ყოფილხართ. რას იტყოდით, ალპებში წასვლა რომ შემომეთავაზებინა? – გოგომ მაცდურად მოწკურა თვალები. კოტეს ეგონა, მომესმაო და უცებ შეცვალა მიმართვის ფორმა:

– მე და შენ ალპებში რომ წავიდეთ?

– ჰო, ზუსტად ეს გითხარით.

– როდის?

– თუნდაც ხვალვე. შეძლებთ ტექნიკური საკითხების მოგვარებას? – უკან არ დაიხია გოგომ. კოტეს შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა. ეს პატარა გოგო ან სახიფათოდ ეთამაშებოდა, ან... კოტესთვის რთული იყო უფრო სერიოზულზე ეფიქრა... ჩაი მოსვა და დიანას დაჟინებული მზერა მიაპყრო:

– კიდევ ერთხელ გაიმეორე, რა მითხარი?

– საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექნებათ, თუ მე და თქვენ ორი-სამი დღით ალპებში გავემგზავრებით თხილამურებით სასრიალოდ, – მკაფიოდ და დამარცვლით გაუმეორა გოგომ.

– მერე, შენი მშობლები?

– ჯერ ერთი მე სრულწლოვანი და თავისუფალი ვარ; მეორეც – საერთოდ არ ვაპირებ, მოვუყვე ამის შესახებ, მაინც აქ ვარ და არა მათ გვერდით და ვერაფერს გაიგებენ. ტელეფონით ალპებიდან დაველაპარაკები თუ ირლანდიიდან, ამას რა მნიშვნელობა აქვს? – მხრები აიჩეჩა გოგომ და კოტე მიხვდა, რომ ორივე ფეხით გაება. თუმცა, ამის საწინააღმდეგო რომ არაფერი ჰქონდა, ამას გრძნობდა.

– ალექსანდრე? – იკითხა მან.

– ალექსანდრე? რა, ნებართვა მისგანაც უნდა ავიღოთ? მე ვფიქრობ, ცოტა არასერიოზულია...

– კარგი, შენ მართალი ხარ. არ მინდა, გაუბედავი კაცის შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ, ეს ცოტათი სიგიჟეს ჰგავს... – ამოიოხრა კოტემ.

დეა მისკენ გადაიხარა, ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა და ჩასჩურჩულა:

– ჩავიდინოთ სიგიჟე, სიგიჟის გარეშე ცხოვრება ძალიან უინტერესოა...

ეს იყო ბოლო წვეთი კოტეს ისედაც ვნებით აცახცახებული გრძნობის ფიალაში და ნერვებმა უმტყუნა.

– ბილეთებს და სასტუმროს შევუკვეთავ... ხვალვე მივდივართ...

***

ლინამ ეჭვით შეხედა სავარძელში ფეხმორთხმულ, განაბულ დიანას, კიდევ ცოტა ხანს აცადა და მერე ჰკითხა:

– დიდხანს იქნები ჩუმად? მოვკვდი ინტერესით, მითხარი რამე...

– რა გითხრა? არაფერი მაქვს სათქმელი.

– როგორ თუ არაფერი? მთელი საღამო დაკარგული იყავი, გუშინაც გაუჩინარდი ორი საათით... ალექსანდრეს ზარებსაც არ პასუხობ. იქნებ ამიხსნა, რა ხდება?

– არაფერი, დავიღალე და ვისვენებ. რაც შეეხება იმას, თუ სად ვიყავი გუშინ და დღეს, გავისეირნე, ვფიქრობდი...

– ვისზე, სანდროზე?

– ჰო, სანდროზე. რატომ, არ შეიძლებოდა, მეფიქრა? არ მიყვარს – თუკი ეს გაინტერესებს.

– მობილურზეც მაგიტომ არ პასუხობ?

– არ შემიძლია მისი მოსმენა, თან, სათქმელიც არაფერი მაქვს.

– გადავირევი! – ლინამ ბალიში იატაკზე ისროლა და მეგობარს სავარძლის სახელურზე ჩამოუჯდა, – დეა, აშკარად რაღაცას მიმალავ... შენ ხომ გინდოდა მაგ ბიჭის გაცნობა? ლონდონიდან რომ დამირეკე, შენ არ მთხოვე, მასთან შეხვედრის რამე შანსი თუ არსებობსო?

– ჰო, ასე იყო. მერე რა... მაშინ მაინტერესებდა, ახლა აღარ მაინტერესებს.

– შენ ისიც არ გითქვამს ჩემთვის, საიდან იცოდი ალექსანდრეს არსებობის შესახებ. დაგესიზმრა?

– ჰო, დამესიზმრა, – სერიოზულად მიუგო დიანამ. ლინა შეიჭმუხნა:

– მეხუმრები?

– არა, მართლა დამესიზმრა.

– კარგი რა, ეგ რა გამოდის? მეგონა, შენი მეგობარი ვიყავი, არადა, ვგრძნობ, იმდენ რამეს მიმალავ... საიდუმლოებებით სავსე ხარ...

– არა, გეშლება, ჩვეულებრივი ვარ. ყველა ადამიანს აქვს პატარ-პატარა საიდუმლოებები. რაშიც არანორმალური არაფერია... – დეა გაჩუმდა. გრძნობდა, როგორ უყურებდა ლინა... – რაღაც უნდა გთხოვო...

– მიუხედავად იმისა, რომ არ მენდობი?

– ასე ნუ ამბობ, ძალიან გენდობი. ოდესმე ყველა შენს კითხვას გავცემ პასუხს, მაგრამ ახლა მართლა არ შემიძლია.

 – ესე იგი, საიდუმლო არსებობს – თვალები აუციმციმდა ლინას, – ვიცოდი, ვიცოდი! მაგრამ, ბევრს მაინც ვერაფერს მივხვდი...

– საჭირო არ არის. სიზმრის ამბავი კი მართალია. მე ხშირად ვნახულობ უცნაურ სიზმრებს, რომელთა შესახებაც არავინ იცის, დედაჩემმაც კი...

– მეც არ მეტყვი?

– ხომ გითხარი, გეტყვი-მეთქი... მომისმინე, მე სამი დღით სადღაც მივემგზავრები...

– ბრუნდები მშობლებთან?  აბა, ერთი-ორი კვირა დავრჩებიო?

– არ მივდივარ ლონდონში. ისიც კი არ მინდა, რომ ჩემმა მშობლებმა შეიტყონ, აქ რომ არ ვიქნები.

– ვერაფერი გავიგე... დავიბენი.

– ახლავე გეტყვი. მე ორი დღე შენთან არ ვიქნები, მაგრამ შენ ისე უნდა მოიქცე, თითქოს აქ ვარ და ფეხი არსად გამიდგამს. არავინ არ უნდა გაიგოს ჩემი ხანმოკლე ვოიაჟის შესახებ.

– ალექსანდრესთან ერთად მიდიხარ სადმე?

– დაკითხვას ნუ მიწყობ და ნურც სისულელეს იტყვი. ალექსანდრესთან ერთად რომ მივდიოდე, მის ზარებს არ ვუპასუხებდი? გთხოვ, არც მას და არც ტომასს არ უთხრა, რომ აქ არ ვიქნები. შეგიძლია, ამის პირობა მომცე?

ლინა აფორიაქებული წამოხტა და ხელების ქნევით წინ და უკან სირბილს მოჰყვა.

– შეუძლებელია!.. მითხარი, რა ჩაიფიქრე, ვინ არის „ის“?

– ვინ „ის“? დამშვიდდი, არავითარი „ის“ არ არსებობს, გესმის? ალპებში მინდა წასვლა სათხილამუროდ, დედაჩემი კი არ მიშვებს. ორი დღით გავძვრები, რა...

– მეც რომ წამოვიდე?

– გიყვარს თხილამურებით სრიალი? იცი, დგომა?

– არა, მაგრამ, ამას რა მნიშვნელობა აქვს. ვისწავლი.

– ლინა, გეხვეწები... მარტო მინდა წავიდე. შენ არ იცი, ეს რამხელა სიამოვნებაა. მინდა, ბოლომდე გავშალო ფრთები და ღრმად ჩავისუნთქო თავისუფლება.

– გიჟი ხარ, რა... კარგი, ისე მოვიქცევი, როგორც შენ გინდა, თუმცა, არ მემის, ბიჭებმა მაინც რატომ არ უნდა იცოდნენ.

– იმიტომ, რომ შენსავით ისინიც არ ამეკიდონ, ჩვენც წამოვალთო. ახლა გაიგე?

ლინამ თავი დაუქნია.

– თუ მკითხავენ, სად არისო?

– სახლში ვარ და არავის ნახვა არ მინდა. შენც ნუ შეხვდები ტომასს ორი-სამი დღე, რა მოხდება?

– რომ მომწონს მასთან ყოფნა?! ძალიან მომწონს, – ტუჩი აიბზუა ლინამ, – თუმცა, არ მიყვარს.

– მის გარეშე რომ ვერ ძლებ, ეგ, მგონი, უკვე სიყვარულია, თუმცა, შენი საქმის შენ იცი...

***

თამრიკომ წუთის წინ გააცილა თიკო და, ჭორაობით დაღლილი, ნებივრად ჩაეშვა სავარძელში. კარზე დააკაკუნეს.

– მობრძანდით!

უხეშნაკვთებიანმა მამაკაცმა უცერემონიოდ გაიარა ოთახი და ქალს წინ დაუჯდა. თამრიკომ მაშინვე გაიხსენა ის სტუმარი, რომელსაც შეფის გამოთრობა დაუკავშირა.

– გისმენთ, რით შემიძლია, დაგეხმაროთ?

– შენი უფროსი კიდევ არ დაბრუნებულა?

– არა. რა გნებავთ?

– მე რაც მნებავს, იმას შენ ვერ მომცემ და, გირჩევ, შენს შეფს უთხრა, ეყოფა ევროპაში სეირნობა, ვალების გადახდის დრო მოვიდა-თქო.

– რა ბრძანეთ?! – თვალები გაუფართოვდა ქალს.

– ვერ გაიგე? დარწმუნებული ვარ, ტელეფონით ხშირად გელაპარაკება. ჰოდა, სიტყვასიტყვით გადაეცი ის, რაც გითხარი...

     გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3