კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაუპირისპირა ერთმანეთს სტალინმა ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია

მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად, 1936-1937 წლებისთვის, ასეთი ვითარება შეიქმნა: გერმანია, იტალია და იაპონია მსოფლიოს ახალი გადანაწილებისთვის ერთიანი ფრონტით გამოდიოდნენ. ომის დაწყება თუ თავიდან აცილება, დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა ღონისძიებებს გაატარებდნენ: ინგლისი, საფრანგეთი და საბჭოთა კავშირი, გერმანია-იტალია-იაპონიის სამხედრო ბლოკის წინააღმდეგ. მიმდინარეობდა დიდი დიპლომატიური ბრძოლა. ლოგიკურად ინგლის-საფრანგეთ-საბჭოთა კავშირის გაერთიანებას წინ ვერაფერი ვერ უნდა დადგომოდა, რადგან გერმანია ერთნაირად საშიში იყო სამივე ქვეყნისთვის. ჩვენს რუბრიკაში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ვახტანგ გურულის მასალებზე დაყრდნობით. 

ინგლის-საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ლიდერებს შორის დიდი განსხვავება იყო. იოსებ სტალინთან შედარებით, ინგლისის პრემიერ-მინისტრი – ნევილი ჩემბერლენი და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი – ედუარდ დალადიე, არათუ მეორე, არამედ მესამეხარისხოვანი პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ. იმ დროსაც კი, დასავლეთის ქვეყნებში სასიცოცხლო საკითხებს პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები არ წყვეტდნენ. გადამწყვეტ როლს პარლამენტი ასრულებდა. ასე რომ, საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ლიდერის, სტალინისთვის, მარტო ჩემბერლენისა და დალადიეს პრობლემა კი არ იდგა, არამედ ინგლისისა და საფრანგეთის პარლამენტების, სადაც უამრავი ბრწყინვალე პოლიტიკოსი მოღვაწეობდა. ამიტომ იყო, რომ ინგლის-საფრანგეთ-საბჭოთა კავშირის გაერთიანება გერმანიის წინააღმდეგ საკმაოდ მტკივნეული პროცესი გამოდგა და დროში ძალზე გაიწელა. ამით დაუყოვნებლივ ისარგებლა ჰიტლერმა და ჩეხოსლოვაკიას ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა. ადოლფ ჰიტლერი ითხოვდა, გერმანიისთვის გადაეცათ ჩეხოსლოვაკიის ნაწილი – სუდეტის ოლქი, სადაც უმრავლესობას ეთნიკური გერმანელები შეადგენდნენ. ინგლისისა და საფრანგეთის მთავრობები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლა იოსებ სტალინმა და ჩეხოსლოვაკიის მთავრობას გერმანიის წინააღმდეგ დახმარება შესთავაზა. თუმცა კი, წინასწარ იცოდა, რომ ჩეხოსლოვაკიის მთავრობა ამ შეთავაზებას არ მიიღებდა. მისი სტრატეგიაც ამაზე იყო გათვლილი. ჩეხოსლოვაკიის მთავრობისგან საბჭოთა კავშირის მიერ შემოთავაზებულ დახმარებაზე უარის თქმის შემდეგ, ცხადია, ეს ქვეყანა ინგლის-საფრანგეთს უნდა დაეცვა. ფრანგები და ინგლისელები გერმანიასთან ომისთვის მზად არ იყვნენ, მაგრამ ჩეხოსლოვაკიის დაცვაზეც ღიად უარს ვერ იტყოდნენ. ინგლის-საფრანგეთის დიპლომატიამ გამოსავალი იმაში იპოვა, რომ ჰიტლერს მოლაპარაკება შესთავაზა. ეს უკვე გერმანიის გამარჯვების მაუწყებელი იყო. 1938 წლის სექტემბერში, მიუნჰენში გამართულმა კონფერენციამ სუდეტის ოლქი გერმანიას გადასცა. მთელმა მსოფლიომ დაინახა ინგლის-საფრანგეთის უსუსურობა. ესეც სტალინის გეგმის ნაწილი იყო. 1939 წლის გაზაფხულზე გერმანიის ჯარები ავსტრიაში შეიჭრნენ და ავსტრია, გერმანიის სახელმწიფოს ნაწილი გახდა. სულ უფრო ცხადი ხდებოდა, რომ გერმანიის აგრესიის აღკვეთა ინგლის-საფრანგეთს საბჭოთა კავშირის გარეშე არ შეეძლოთ. 1939 წლის მარტში მოსკოვში დაიწყო ინგლის-საფრანგეთ-საბჭოთა კავშირის მოლაპარაკება. ცხადია, ამ მოლაპარაკებაზე მთავარი მოთამაშე საბჭოთა კავშირი გახლდათ. ეს კი ინგლისელებსა და ფრანგებს ძალზე აღიზიანებდათ. მოლაპარაკება უსაშველოდ გაჭიანურდა. ინგლისელები და ფრანგები ეშმაკობდნენ. მათ იცოდნენ, რომ აღმოსავლეთში, კონკრეტულად, მონღოლეთის ტერიტორიაზე საბჭოთა-კავშირ იაპონიის სამხედრო კონფლიქტი მწიფდებოდა. თუ იაპონელები გაიმარჯვებდნენ, სტალინი უფრო დამთმობი გახდებოდა. საბჭოთა ჯარებმა იაპონელები სასტიკად დაამარცხეს, ინგლისელები და ფრანგები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თუმცა, ჯერ კიდევ არ იცოდნენ, თუ რა მოულოდნელ დარტყმას უმზადებდა მათ იოსებ ბესარიონის ძე. ინგლის-საფრანგეთ-საბჭოთა კავშირის მოლაპარაკების პარალელურად, უაღრესად საიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირ-გერმანიის მოლაპარაკება. სრულიად მოულოდნელად, მოსკოვში ჩამოფრინდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინსტრი – იოაჰიმ ფონ რიბენტროპი და 23 აგვისტოს გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას 10 წლის ვადით.  ინგლისისა და საფრანგეთის დიპლომატიისთვის ეს მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ნიშნავდა. ამიერიდან ინგლისი და საფრანგეთი გერმანიის წინააღმდეგ სრულიად მარტოდმარტო დარჩნენ, რადგან გერმანიასთან ომის შემთხვევაში, საბჭოთა კავშირი მათ დახმარებას ვეღარ აღმოუჩენდა. ასე გააკოტრა სტალინმა უდიდესი ტრადიციების მქონე ინგლისური და ფრანგული დიპლომატია. 

1939 წლის 23 აგვისტოს საბჭოთა კავშირ- გერმანიის თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას რამდენიმე საიდუმლო მუხლი ჰქონდა. სტალინმა და ჰიტლერმა, პრაქტიკულად, ევროპის ტერიტორია გადაანაწილეს. ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, რომლებიც მაშინ დამოუკიდებელი ქვეყნები იყვნენ, საბჭოთა კავშირს ერგო. პოლონეთის სახელმწიფო გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ორად გაყვეს. მდინარე ვისლას აღმოსავლეთ ტერიტორია საბჭოთა კავშირის უნდა ყოფილიყო, ვისლას დასავლეთით მდებარე ტერიტორია კი – გერმანიის. ვისლაზე მდებარე პოლონეთის დედაქალაქი ვარშავაც ორად უნდა გაყოფილიყო. ჰიტლერმა სტალინისთვის მიცემული სიტყვა დაარღვია და პოლონეთის დაპყრობის შემდეგ, საბჭოთა ჯარებს ვისლას აღმოსავლეთ ოლქების მთლიანად დაკავების საშუალება აღარ მისცა. საბჭოთა კავშირს მხოლოდ დასავლეთ უკრაინა და დასავლეთ ბელორუსია ერგო, რომელიც ამ დროისთვის პოლონეთს ჰქონდა მიტაცებული. ასე რომ, მთელი პოლონეთი, პრაქტიკულად, გერმანიას დარჩა. სტალინმა წყენა არ შეიმჩნია, ამ საკითხზე ხმაურის ატეხა არ ღირდა,  რადგან 23 აგვისტოს ხელშეკრულების საიდუმლო მუხლი გამჟღავნდებოდა. თუმცა, სტალინს წყენის დავიწყება არ სჩვეოდა და ეს გერმანელებმა მალე გამოსცადეს საკუთარ თავზე. 

1939 წლის 23 აგვიტოს ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რომ ინგლის-გერმანიის ომის შემთხვევაში, საბჭოთა კავშირს გერმანიის მხარე დაეჭირა. საბჭოთა მხრიდან გარანტიები ძალიან მტკიცე იყო. 1940 წლის გაზაფხულზე გერმანიამ ომი დაუწყო ინგლისს, მაგრამ წარმატებები ვერ მოიპოვა. ინგლისის ქალაქებზე მხოლოდ საავიაციო დარტყმები ხორციელდებოდა. ომი გაჭიანურდა. სამაგიეროდ, 1940 წლის ზაფხულში გერმანიამ ადვილად დაიპყრო საფრანგეთი, ინგლისი კი მედგრად აგრძელებდა ბრძოლას. 1940 წლის შემოდგომაზე ბერლინში ჩავიდა საბჭოთა კავშირის დელეგაცია ვიაჩესლავ მოლოტოვის ხელმძღვანელობით. იოჰან ფონ რიბენტროპმა მას დაპირების შესრულება მოსთხოვა. მოლოტოვმა, დიპლომატიური ეთიკის სრული დაცვით, რიბენტროპს მოუბოდიშა, რომ ინგლისის წინააღმდეგ ომში საბჭოთა კავშირი გერმანიას ვერ დაეხმარებოდა. ეს გერმანელებისთვის უმძიმესი დარტყმა იყო. ამრიგად, სტალინმა შეძლო, ინგლის-საფრანგეთის დაპირისპირება გერმანიასთან, რაც საბოლოოდ საფრანგეთის კაპიტულაციითა და ინგლის-გერმანიის გაჭიანურებული ომით დასრულდა. სულ უფრო და უფრო იკვეთებოდა ვითარება, რომლის ფინალი საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომი უნდა ყოფილიყო. სანამ ინგლისი გერმანიის წინააღმდეგ ომს აგრძელებდა, საბჭოთა კავშირის მდგომარეობა გერმანიასთან მოსალოდნელ ომში, არც ისე უიმედო იყო. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, გერმანიის მხარეზე არ დადგებოდა, საბჭოთა კავშირის მდგომარეობა, კიდევ უფრო ხელსაყრელი ჩანდა. სტალინის მთავარი სტრატეგია ის გახლდათ, რომ გერმანიას ერთდროულად 2 ფრონტზე ებრძოლა – ინგლისისა და საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ამას მან მიაღწია კიდეც. ამასთან ერთად, სტალინის წინაშე იდგა ერთი მეტად რთული, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემა: გერმანიის მოთხოვნით, შეიძლებოდა, შორეულ აღმოსავლეთში იაპონიას ომი დაეწყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ეს კი გერმანიასთან ომში ჩაბმული საბჭოთა კავშირისთვის სასიკვდილო დარტყმის ტოლფასი იქნებოდა. 

1941 წლის გაზაფხულზე იაპონიის პრემიერ-მინისტრი გერმანიაში იმყოფებოდა. ცხადია, ამ შეხვედრაზე  ჰიტლერის მთავარი სათხოვარიც რა იქნებოდა იაპონიისადმი – ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. იაპონიის პრემიერ-მინისტრი სამშობლოში მოსკოვის გავლით დაბრუნდა. ის შეხვდა იოსებ სტალინსაც. ამ მოლაპარაკების თემაც ცხადია, იაპონიის მხრიდან ნეირტალიტეტის დაცვა იყო. მოლაპარაკებამ, რა თქმა უნდა, უაღრესად საიდუმლო ვითარებაში ჩაიარა, მაგრამ მთელი მსოფლიო ელვის სისწრაფით მოიარა უცნაურმა ამბავმა: პირველი შემთხვევა იყო, როცა, სტალინმა უცხო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სარკინიგზო სადგურამდე მიაცილა, ბაქანზე გადავიდა და ვაგონში შეჰყვა.  რატომ გააკეთა ეს სტალინმა? მოლაპარაკება, ხომ ფაქტობრივად, კრემლში დასრულდა. ამ მოულოდნელი ჟესტით, დიდმა „რეჟისორმა” უმძიმესი ფსიქოლოგიური დარტყმა მიაყენა ადოლფ ჰიტლერს, რომლისთვისაც სიკვდილამდე ამოუხსნელი დარჩა, რაზე საუბრობდნენ ვაგზლის ბაქანზე, ან ვაგონში საბჭოთა ბელადი და იაპონიის პრემიერ-მინისტრი. ჰიტლერზე არანაკლებ გაოგნებულნი დარჩნენ ინგლისელი და ფრანგი დიპლომატები. სტალინთან ორთაბრძოლაში გაკოტრებულმა ნევილი ჩემბერლენმა და ედუარდ დალადიემ სათამაშო მოედანი დატოვეს. ამიერიდან, მესამე მოთამაშე – სტალინის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთაგან, ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, ინგლისის პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილი გამოდიოდა სამოღვაწეო ასპარეზზე. ცოტა მოგვიანებით, მათ მეოთხე – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ფრანკლინ რუზველტი დაემატა. საჭადაკო დაფაზე ახალი, რთული და ხანგრძლივი პარტია იწყებოდა. 

скачать dle 11.3