კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეძიე კაცი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N31-46(725) 

საღამოს პირველმა ქეთამ დაურეკა სოფოს, მერე – ნათიამ და რუსამ, ცოტა ხანში კი ყველამ ერთად მოაკითხა. გოგოები აჟიტირებულები იყვნენ და თითოეულ მათგანს ერთი სული ჰქონდა, როდის დაიწყებდა საკუთარი თავგადასავლის მოყოლას. ბედის ირონიით, ისე დაემთხვა, რომ ყველაფერი წინა დღით მოხდა და, ამიტომ, ძალიან ბევრი სალაპარაკო დაუგროვდათ.

– აბა, რომელი დაიწყებთ? – იკითხა მასპინძელმა და ყავის ფინჯნები ჩამოარიგა, – მე ყველაზე ბოლოს მოგიყვებით.

– მე დავიწყებ, – თქვა ნათიამ და თვალები აუციმციმდა, მერე ყველას გადახედა, ღრმად ჩაისუნთქა და საზეიმოდ გამოაცხადა: – რეზიკოს შევურიგდი!

– მართლა? როგორ? მოვიდა თუ დაგირეკა? რა გითხრა? – ერთმანეთს არ აცდიდნენ გოგოები.

– ჯერ დამირეკა, მერე მოვიდა, ულამაზესი თაიგული მომართვა, ჩემ წინ მუხლებზე დაიჩოქა და... აბა, თუ გამოიცნობთ, რა ქნა?

– პატიება გთხოვა...

– მომენატრე და უშენოდ ვერ ვძლებო...

– ბავშვების გამო მაინც შემირიგდიო..

– იმ ქალმა გამაკოტრა და ისევ შენ მირჩევნიხარო, – სიცილი აუტყდა სალომეს.

მაგრამ ნათია ყველაფერზე თავს აქნევდა და ეშმაკურად იღიმებოდა.

– მაინც, რა გითხრა ასეთი, აღარ გვეტყვი? – მოთმინების ფიალა აევსო სოფოს.

– რა და, ხელი მთხოვა... – მორცხვად თქვა ნათიამ და გაწითლდა.

– რაო?! – ყურებს არ დაუჯერა ელისომ.

– ცოლად გამომყევიო, მთხოვა და ბრილიანტის ბეჭედი გამიკეთა თითზე. სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ მაშინ არ უქნია, პირველად რომ გადავწყვიტეთ დაქორწინება.

– ანუ, ახლა მეორედ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება? – გაეცინა მიას.

– ჰო, მეორედ და, იმედია, უკანასკნელად.

– კი მაგრამ, ოფიციალურად იყავით გაყრილები?

– განცხადება მქონდა შეტანილი, მაგრამ, ამ დილით გამოვიტანე.

– ბავშვი რას ამბობს?

– ჭკუაზე არაა, ისე უხარია.

 – შენ ეს მარტო ბავშვის გამო გააკეთე? – გამომცდელად ჰკითხა კატომ.

ნათიამ თავი ჩაღუნა და გაჩუმდა, მერე კი უცებ ხმამაღლა და ძალიან თამამად თქვა:

– არა, მარტო ბავშვის გამო არა. მივხვდი, უფრო სწორად, დავრწმუნდი, რომ ისევ ძალიან მიყვარს და არავინ არ მინდა რეზოს გარდა.

– იმას? იმასაც უყვარხარ? – ჰკითხა ლიკამ.

– ჰო, იმასაც ვუყვარვარ, ეს მის თვალებში დავინახე.

– ქორწილი როდის გექნებათ? – ჰკითხა ელისომ, – ლამაზ ზღაპრებში ხომ ასეა: „ისინი ხელმეორედ დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად”...

– ზოგჯერ ზღაპარი ცხოვრებაში რეალიზდება ხოლმე, – თქვა ნათიამ და ყავა მოსვა.

– არ გეწყინოს, ამას რომ გეკითხები, მაგრამ, კიდევ რომ გიღალატოს?

– გამორიცხულია! – წამოიძახა ნათიამ, – მაგრამ, თუ ასეთი რამ კიდევ მოხდება, ამით დამთავრდება ჩვენი ელემენტარული ურთიერთობაც კი.

– არ მეგონა, ამდენი ამბის შემდეგ კიდევ თუ ენდობოდი, – ეჭვი გამოთქვა ქეთამ, – მაგრამ, პრინციპში, სწორად მოიქეცი; ერთი შანსი ყოველთვის უნდა მისცე ადამიანს – ეს ჩემი პრინციპია.

– ჩვენიც, – დაეთანხმა მირანდა, – მე რომ ივიკოსთვის სცენები მეტარებინა, რას მოვიგებდი? ერთი-ორჯერ ძალიან სერიოზულად დაველაპარაკე, თვითონაც დაფიქრდა, მიდგა, მოდგა და, ზუსტად გუშინ დილით დაურეკა ჩვენმა მეჯვარემ – თავის ფირმაში წაიყვანა კარგ თანამდებობაზე და კარგ ხელფასზე – შენნაირი „ტვინები“ მჭირდებაო. ასე რომ, აწი აღარ გაგვიჭირდება.

– ამდენი კარგი ამბავი ერთ დღეს – მართლაც ზღაპარს ჰგავს, – თქვა რუსამ, – აბა, კიდევ ვის რა გაქვთ მოსაყოლი?

– ჩვენ გვაქვს, – თქვა სალომემ, – სამსახურიდან მე და ელისოს გერმანიაში გვიშვებენ ერთი წლით.

– ესეც გუშინ მოხდა? – გაუკვირდათ გოგოებს.

– პრინციპში, ადრეც ვიცოდით, რომ აპირებდნენ, მაგრამ, გუშინ გადაწყდა. არ ვიცოდით, გამოვიდოდა თუ არა ეს ამბავი და ამიტომ არ ვამბობდით არაფერს – ცუდად გვაქვს დაცდილი წინასწარ ლაპარაკი.

– როდის მიდიხართ?

– ალბათ, ორ კვირაში.

– და, გაისამდე ვეღარ გნახავთ?

– ზუსტად არ ვიცი, შეიძლება, თითოჯერ მოგვიწიოს ჩამოსვლა, მაგრამ, სკაიპით ყოველ საღამოს დაგიკავშირდებით.

– დანარჩენებს რა სიახლე გაქვთ? – გადახედა გოგოებს სოფომ.

– მე მაქვს სიახლე, თანაც, ორი. ორივე ძალიან მნიშვნელოვანია და, არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ამიტომ, ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა, ოღონდ, ჭკვიანური და არა ემოციებიდან გამომდინარე. ერთი ამბავი ჩემს სამსახურსა და საქმიანობას ეხება, მეორე კი – პირადულს. რომლით დავიწყო?

– პირადულით, რა თქმა უნდა! – ერთხმად იკივლეს გოგოებმა.

– კარგი, იყოს პირადული... – მიამ ეშმაკურად გადახედა დაქალებს და მათი მოუთმენელი და მომლოდინე თვალების დანახვაზე სიცილი აუტყდა: – ნეტავი სარკეში ჩაგახედათ, რას ჰგავხართ! – მერე დინჯად ამოიღო კოლოფიდან სიგარეტის ღერი, დინჯადვე მოუკიდა და ნეტარი სახით გააბოლა.

– წარმოგიდგენია, რა სადისტია?! – აღშფოთდა ქეთა.

– მარტო სადისტი კი არა, მაზოხისტიც ვარ, – ისევ გაეცინა მიას, – თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ტანჯვად მიჯდება ახლა ასეთი საქციელი, რადგან, ერთი სული მაქვს, ყველაფერი მოგიყვეთ, მაგრამ, ვერც იმას წარმოიდგენთ, რა სიამოვნებას მანიჭებს სასწაულის მოსმენის მოლოდინით აღსავსე თქვენი სიფათების ყურება.

– მია, ეს უკვე ბოროტებაა, – თქვა სოფომ და თითი დაუქნია.

– კარგი, გეტყვით. მოკლედ, გუშინწინ ტომასმა სამსახურში მომაკითხა და მერე რესტორანში წამიყვანა. სხვათა შორის, ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა. ყველაფერი მიამბო თავის შესახებ და ჩემზეც რაღაცეები მკითხა.

– როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ამჯერად, რა გიკარნახა შენმა „უტყუარმა ალღომ“? – გაეცინა ნათიას.

– ნუ დამცინი, – თქვა მიამ, – ამჯერად კიდევ უფრო უკეთესი წარმოდგენა შემექმნა მასზე, ვიდრე პირველი და მეორე შეხვედრისას.

– ანუ, ეს მესამე იყო და დაგვიმალე? – აღშფოთდა ლიკა.

– კი არ დაგიმალეთ, საშუალება არ მომეცა, მომეყოლა, – თავი იმართლა მიამ.

– მერე? ამით დასრულდა ყველაფერი? – გამომცდელად ჰკითხა ელისომ.

– არა, – უპასუხა მიამ და გაჩუმდა.

– რა – „არა“? ესე იგი, იყო რაღაც „შური-მურები“? – თვალები შუბლზე აუვიდა სალომეს.

– რა „შური-მურებს“ გულისხმობ? –  გაბრაზდა   მია.

– მაგალითად, სულ მცირე, კოცნას, – დაუზუსტა სალომემ.

– გოგო, მე შენ პატარა თინეიჯერი ლაწირაკი ხომ არ გგონივარ? – შეუწყრა მია, – რა დროს კოცნებზეა ლაპარაკი, უფრო სერიოზული ამბები მოხდა.

– რა, ლოგინში შეგიტყუა?! – შეიცხადა ქეთამ.

– ღმერთო ჩემო, რა პრიმიტიულად აზროვნებთ! – აღშფოთდა მია, – და, თანაც, თქვენი ფანტაზიაც ნულს უახლოვდება, რაც ძალიან გამაღიზიანებელია.

– აბა, რა მოხდა, აღარ გვეტყვი? – ლამის ერთად იყვირეს გოგოებმა.

– რა და... – მია ისევ გაჩუმდა რამდენიმე წამით, მერე კი ღრმად ამოისუნთქა და, როგორც იქნა, თქვა: – ტომასი გუშინ დილით მოვიდა ჩემთან და ჩემს მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა...

– დილით ხელის თხოვნა აღარ გამიგია, – გაუკვირდა ელისოს, – ეს რა, ამერიკული წესია?

– არა, უბრალოდ, ასე მოხდა. ტელეფონში საუბრისას ვუთხარი, ჩემი მშობლები ჩემთან არიან-მეთქი და მომენტი გამოიყენა. თან, მერე მთელი დღე დაკავებული ჰქონდა ფირმის საქმეებით და... – თითქოს თავი იმართლა მიამ.

– შენი სახლი საიდან იცოდა, ნამყოფი იყო შენთან? – დაეჭვებით ჰკითხა ქეთამ.

– ბინა არა, სადარბაზო და სართული იცოდა, – ისევ იმართლა თავი მიამ და უცებ გაბრაზდა: – თქვენ რა, დაკითხვებს მიწყობთ? რა დაეჭვებულები მელაპარაკებით?

– დაკითხვას არა, გამოკითხვას, – სიტყვა შეუსწორა ქეთამ, – მაგრამ, მთავარი, ჩემი აზრით, ის კი არ არის, იყო თუ არა მანამდე შენს ბინაში ნამყოფი ან რატომ მოვიდა ხელის სათხოვნელად უთენია, არამედ ის, რა უთხარით პასუხად შენ და შენმა მშობლებმა, – და გამომცდელად შეხედა მიას, რომელიც დაბნეულად გამოიყურებოდა, რაც საკმაოდ უჩვეულო იყო მისთვის.

– სიმართლე გითხრათ, ჩემს მშობლებს კონკრეტული პასუხი არ მიუციათ, არც დადებითი და არც უარყოფითი, – კარგა ხნის პაუზის შემდეგ გასცა პასუხი მიამ მთავარ შეკითხვას.

– ეგ როგორ გავიგოთ? – ჩაეკითხა ლიკა.

– პრინციპში, დედაჩემი და მამაჩემი კი არა, მეც არ ვიყავი აზრზე, „ხაშზე” თუ დამადგებოდა თავზე და ცოლობას თუ მთხოვდა. მართალია, წინა დღეს ჩამოაგდო ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ, გადაწყვეტით თანხმობა არ მიმიცია და, არ მეგონა, ასე სწრაფად თუ შეუდგებოდა საქმეს. ჯერ სამივე დავიბენით. მერე სტუმარი დილის საუზმეზე მივიპატიჟეთ და ასე განვიხილეთ საკითხი.

– ანუ? – დაინტერესდა სალომე, – თუ ქალი ხარ, ჯვარს ნუ გვაცვი და შეწყვიტე ამ რებუსებით ლაპარაკი. რას ნიშნავს, საკითხი განიხილეთ?

– ანუ, მამაჩემმა უთხრა, კარგი კაცი ჩანხარ, მაგრამ, ჩვენ არ გიცნობთ, ამიტომ, მეშინია, ჩემი შვილი აბსოლუტურად უცნობ ადამიანს ვანდო; ასეც რომ არ იყოს, ეს მიამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ოღონდ, დიდი დაფიქრებით, რადგან, ორჯერ უკვე გადადგა დაუფიქრებელი ნაბიჯი, ორჯერვე დიდი ტკივილი გადაიტანა და მესამედ იმავეს გადატანას ვეღარ შეძლებს; თანაც, შენც იმათსავით თუ ატკინე გული, უკვე ჩემთან გექნება საქმე, მე ვეღარ გაპატიებო.

– დედაშენმა?

– დედაჩემმა პირდაპირ დაუსვა საკითხი: მიას ორი ბიჭი ჰყავს გასაზრდელი და გზაზე დასაყენებელი, ორივეს მამის დეფიციტი აქვს და, გიყვარს კი ჩემი შვილი ისე, რომ მის შვილებს მამობა გაუწიოო?

– მერე, რაო ტომასმა? – ყველას მაგივრად ჰკითხა ნათიამ.

– თქვა, რომ პირველი დანახვით მოვეწონე და პირველი შეხვედრისას შევუყვარდი; რომ ხელისგულზე მატარებს მთელი ცხოვრება, ჩემს ბიჭებს საკუთარი შვილებივით გაზრდის, საუკეთესო განათლებას მისცემს და, საერთოდ, ცხოვრების საუკეთესო პირობებს შეუქმნის; გარდა ამისა, თუკი ჩემი სურვილიც იქნება, თავის გვარს მისცემს ორივეს, ანუ, ოფიციალურად იშვილებს და მემკვიდრეებადაც გამოაცხადებს.

– ცოტა ზედმეტად ხელოვნურ პათოსს ხომ არ ჰგავს მისი სიტყვაში გამოსვლა? – დაეჭვდა ელისო.

– არა, საერთოდ ასეთი ტიპია – რასაც ფიქრობს, ყველაფერს ხმამაღლა ამბობს.

– შენ თვითონ რა უპასუხე, აცრემლებული გადაეხვიე და მარადიულ სიყვარულს შეჰპირდი იმის გამო, რომ შვილებიანი ქალის ხელის თხოვნა იკადრა ამერიკელმა ბიზნესმენმა? იცოდე, ძალიან ფრთხილად იყავი, თავბრუს ნუ დაგახვევს ამერიკაში წასვლა, – სიტყვით გამოვიდა რუსა, – შენი შვილების მომავალზეც უნდა იფიქრო და პირად ბედნიერებაზეც. შვილები თავისთავად, მაგრამ, შენც ხომ გაქვს უფლება, გიყვარდეს და უყვარდე? ჰოდა, ამაზეც იფიქრე.

– დაანებე ლოზუნგებს თავი, თუ ქალი ხარ! – შეუწყრა რუსას მირანდა, – მია იმდენჯერ გააწბილეს კაცებმა, რომ ჩვენი გაფრთხილება და ჭკუის დარიგება აღარ სჭირდება, თითოეულ ჩვენგანზე უფრო წინდახედულად მოიქცევა.

– და მაინც, რა პასუხით გაისტუმრეთ ამერიკელი სასიძო? – სერიოზულად ჰკითხა კატომ, – თანხმობა უთხარი?

 – ჰო, – თქვა მიამ და თავი ჩაღუნა, – იმ მომენტში უცბად მივხვდი თუ ვიგრძენი, რომ ტომასზე უკეთესი ვარიანტი აღარ გამომიჩნდება.

– გიყვარს? – მოკლედ ჰკითხა კატომ და გამომცდელად შეხედა.

– მე მგონი, კი, – დაფიქრებით თქვა მიამ.

– აბა, „ვარიანტი“ რა შუაში იყო? – წარბი ასწია ელისომ, – ან, „მე მგონი“ რას ნიშნავს, გიყვარს თუ გაწყობს? – ჩაეძია ელისო.

– არ ვიცი, როგორ აგიხსნათ... – მიამ ისევ სიგარეტს მოუკიდა, თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდნო და თვალები დახუჭა, მერე რამდენიმე ნაფაზი ზედიზედ დაარტყა და განაგრძო: – მის გვერდით თავს საოცრად მშვიდად და დაცულად ვგრძნობ; არ  მიწევს თამაში, ვარ კომფორტულად, მსიამოვნების მასთან საუბარი ნებისმიერ თემაზე; მაკმაყოფილებს მისი ინტელექტი, იუმორის გრძნობა, მოქალაქეობრივი პოზიცია, ხასიათი, დამოკიდებულება საერთოდ ადამიანების და, კონკრეტულად, ქალების მიმართ და, კიდევ, რაც ამ ყველაფერზე არანაკლებ მთავარია, როცა მასთან ვარ, სასურველ ქალად ვგრძნობ თავს; ყოველივე ეს კი, ერთად კი არა, ცალ-ცალკეც კი, იმდენი ხანია, არ განმიცდია, რომ, სიმართლე გითხრათ, აღარც კი მეგონა, რომ კიდევ მქონდა შერჩენილი მსგავსი შეგრძნების უნარი. რაც ჩამოგითვალეთ, ეს თავიდან ბოლომდე მე მეხებოდა, მაგრამ, გარდა ამ ყველაფრისა, ათასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ჩემს შვილებს არასდროს მოშივდებათ, არასდროს შესცივდებათ, მიიღებენ საუკეთესო განათლებას, ეყოლებათ ერთი, საერთო მამა, რომელიც ყოველთვის იზრუნებს მათზე და ჩვენ ყველანი ვიცხოვრებთ ერთ დიდ, ლამაზ და ბედნიერ ოჯახად...

– ესე იგი, გყვარებია... – გაეღიმა ქეთას.

– მე არ ვიცი, კონკრეტულად რას ჰქვია სიყვარული, მაგრამ, როცა მის გვერდით ყოფნა გიხარია და როცა მთელი არსებით გრძნობ, რომ შეგიძლია, თვალდახუჭულმა ანდო საკუთარი თავი  და, რაც მთავარია,  შვილები, ალბათ, სიყვარულიც ესაა.

– მია, არ გეწყინოს, რასაც ახლა გეტყვი, მაგრამ, არ შემიძლია, არ ვთქვა, – მორიდებით წამოიწყო კატომ.

– ყველაფერი მითხარით, რასაც ფიქრობთ, მე ეს ძალიან მჭირდება, – უპასუხა მიამ და მოსასმენად მოემზადა.

– კარგად დაფიქრდი, ხომ არ არის ეს მირაჟი, ილუზია, რომ, ბოლოს და ბოლოს, ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, შეხვდი შენი ოცნების მამაკაცს?

– მირაჟი და ილუზია რატომ უნდა იყოს, თხუთმეტი წლის გამოუცდელი თინეიჯერი ვარ? – გაუკვირდა მიას.

– თინეიჯერი არა, მაგრამ, შენ ხარ მამაკაცის სითბოსა და ალერსს მონატრებული ქალი და, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ ყველაფერს ყველა იმ კაცში ეძებდე (შენდაუნებურად, რა თქმა უნდა) და ხედავდე კიდეც, ვინც შენ მიმართ ყურადღებას გამოიჩენს... ანუ, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ხომ არ გგონია, რომ ტომასი მართლა ისეთი მამაკაცია, როგორიც გინდა, რომ იყოს?

– მაგაზე მეც ბევრი ვიფიქრე, მაგრამ, არა მგონია, ვცდებოდე. ზოგადად, საქართველოში თითქმის ყველა ქალს აქვს მამაკაცის დეფიციტი და არც მე ვარ გამონაკლისი. ტომასს კი, დარწმუნებული ვარ, რომ ვუყვარვარ ოღონდ, არაქართულად, რაც ძალიან მომწონს და, ყოველთვის ეცდება, ბედნიერ ქალად მაქციოს.

– ქართულად სიყვარული რა არის, გაფიცებ, მითხარი, – შეეხვეწა სოფო.

– კუხნა, ოჯახის საქმეები, ფულის შოვნა და ალიკაპი პირზე, – „აუხსნა” მიამ სიცილით.

– შენ? შენ თუ გიყვარს?

– შენ წარმოიდგინე, მეც მიყვარს, – გაეღიმა მიას.

– ტომასს შვილები ჰყავს? – ჰკითხა ნათიამ.

– ერთი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან, თოთხმეტი წლის გოგონა და, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მასთან.

– შენ რომ მოგთხოვოს შვილის გაჩენა? – დაინტერესდა  ელისო.

– ცხადია, გავაჩენ.

– ესე იგი, მართლა შეგყვარებია, – დაადგინა სალომემ, – მაგრამ, სად აპირებთ ცხოვრებას, შენს მშობლებს მარტო დატოვებ?

– ტომასს აქაც აქვს ბიზნესი და, შესაბამისად, ალბათ, ნახევარჯერ აქ მოგვიწევს ყოფნა, მაგრამ, პრობლემა სხვა რამეა, – დაფიქრებით თქვა მიამ.

– რა სხვა რამე? – დაინტერესდნენ გოგოები.

– რა და, მე რომ ბავშვები ქვეყნიდან გავიყვანო, ორივე ყოფილი ქმრის ოფიციალური თანხმობა დამჭირდება, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ჯინაზე იტყვიან უარს. არცერთ მათგანს ერთხელაც არ უნახავს თავისი შვილი იმ დღიდან, რაც ერთმანეთს გავეყარეთ, მაგრამ, ახლა გამოიდებენ თავს კარგ მამობაზე და არ მომიწერენ ხელს. არადა, ბავშვებს თუ ვერ წავიყვან, შანსი არ არის, ისე არ გავყვები ტომასს.

– მაგაზე არ იდარდო, – ეშმაკური ღიმილით უთხრა სოფომ, სავარძელში ფეხები მოიკეცა და მოსაყოლად მოემზადა, – ახლა მე მომისმინეთ. თმა ყალყზე დაგიდგებათ, ისეთი რამე უნდა მოგიყვეთ, – და თავიდან ბოლომდე დაწვრილებით უამბო ლექსოსთან შეხვედრის ყოველი წვრილმანი, მხოლოდ გაძარცვის ეპიზოდი შემოინახა ბოლოსთვის, „ტკბილ ლუკმად“.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3