კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

უახლოესმა მეგობრებმა მიღალატეს

ძალიან ნაწყენი და გულნატკენი ვარ ჩემი ბავშვობის მეგობარზე და, აღარ მგონია, რომ მასზე ოდესმე გული მომიბრუნდეს. ერთად გავიზარდეთ, ერთად ვსწავლობდით სკოლაშიც და ინსტიტუტშიც; უერთმანეთოდ, რომ იტყვიან, წყალს აღარ ვსვამდით, მან კი მართლაც თხასავით გამყიდა, რასაც ნამდვილად არ მოველოდი მისგან. ახლაც ვერ მოვდივარ აზრზე, რატომ მომექცა ასე, რა დავუშავე. მთელი ცხოვრება თან ვყვებოდი, მან კი რით გადამიხადა!

საქმე ისაა, რომ მარიკას გავაცანი ჩემი თანაკურსელი გოგო, სოფო, რომელსაც პირველი კურსიდანვე დავუმეგობრდი. მეგონა, სამივე ვიმეგობრებდით და ერთმანეთთან მაგრად ვიქნებოდით, მაგრამ, მარიკამ და სოფომ ჯერ ჭორაობა დაიწყეს ჩემზე, მერე – შარების მოდება – ხან რაზე მირჩევდნენ საქმეს და ხან რაზე: ასე რატომ თქვი, ისე რატომ მოიქეცი, იმას რატომ შეხედეო. ბოლოს კი „ჩორტების ჩაგდება“ დაიწყეს ჩემსა და ჩემს შეყვარებულს შორის. უფრო სწორად, დათა შეყვარებული კი არ არის, უბრალოდ, მომწონს და ხანდახან ვხვდები ხოლმე, რადგან მას ძალიან ვუყვარვარ. ამათ კი ჭკუის სწავლება დამიწყეს, რა უნდა მეთქვა დათასთვის, უნდა შევხვედროდი თუ არა. მერე დათას ყველაფერი ჩაუკაკლეს, რაც კი მათთვის მქონდა ნათქვამი, თან, თავიანთი მხრიდანაც დაუმატეს ისეთი რაღაცეები, ბიჭი გააგიჟეს და ბოლოს დაგვაშორეს კიდეც ერთმანეთს. როცა გავიგე, რომ დათას განაწყენების მიზეზი ჩემი დაქალები იყვნენ, საყვედური ვუთხარი; მათ კი მიპასუხეს, რომ დათაზე ცუდი რაღაცეები გაიგეს, რომ ჩემი შესაფერისი არ იყო, რომ მომავალს გამიფუჭებდა და იმიტომ მოიქცნენ ასე, ანუ, მათი თქმით, ჩემზე იზრუნეს. მაგრამ ეს თავიდანვე არ დავიჯერე, რადგან, თუ ეს მართალი იყო, ჩემზე ჭორაობისა და დათასთან ენების მიტანის გარეშე უნდა მოეხერხებინათ ამის გაკეთება. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ მართალი ვყოფილვარ, მათი რომ არ მჯეროდა, თუმცა, რაც გავიგე, იმას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი: თურმე სოფოს თვითონ მოსწონდა დათა პირველი კურსიდან, ის კი ყურადღებასაც არ აქცევდა, სულ მე დამდევდა კუდში; სოფო კი იმიტომ დამიმეგობრდა, რომ დათა უფრო ხშირად ენახა ხოლმე. მოკლედ, მეგობარი რომ მეგონა, მტერი ყოფილა. მე კი ეს მტერი ჩემი ბავშვობის მეგობარს გავაცანი და ისიც მტრად და მოღალატედ მიქცია.

ყველაზე დიდი საშინელება კი ის არის, რომ, ჩემი და დათას დაშორების მიუხედავად, სოფომ მაინც ვერ მოახერხა დათას გულის მოგება, მაგრამ მარიკასთვის უთქვამს, ამას ისე აღარ ვდარდობ, მთავარია, რომ ისინი ერთმანეთს აღარ ხვდებიანო. მარიკა კი ორმაგ თამაშს ეწეოდა – ჩემი ნათქვამი სოფოსთან მიჰქონდა, იმისას კი მე მეუბნებოდა და თან მაღიზიანებდა – ძალიან ცუდ ჭორებს გიყრისო.

ასე დავკარგე ერთბაშად სამი უახლოესი ადამიანი და ახლა აბსოლუტურად მარტო ვარ. თან, რაც მთავარია, ისე დაკარგული მაქვს ნდობა ყველას მიმართ, რომ აღარც კი ვიცი, მინდა თუ არა, მყავდეს შეყვარებული ან მეგობრები და, არც ის ვიცი, ოდესმე მეყოლება თუ არა.

ნატა, 20 წლის.

 

ქმარი აღარ მიყვარს

მრცხვენია, ამას რომ ვამხელ, მაგრამ, ვერავის ვერაფერს ვეუბნები. ამიტომ, გადავწყვიტე, თქვენ მოგწეროთ, რომ ცოტათი მაინც მომეშვას დარდი, თუმცა, ვიცი, რომ ეს საქმეს არ უშველის. ერთადერთი გამოსავალი (თუკი ამას გამოსავალი ჰქვია) – ქმართან გულწრფელი აღიარებაა, მაგრამ ამ ნაბიჯს ვერ ვდგამ, რაღაცნაირად მეცოდება. კარგად მექცევა – არ ჩხუბობს, არ სვამს, არ „გულაობს“ ქალებში და ხელფასსაც მე მაბარებს. მაგრამ, ამას წინათ, სრულიად მოულოდნელად, აღმოვაჩინე, რომ საშინლად მაღიზიანებს მისი ეს წესიერება. ამ აღმოჩენამ თვითონვე გამაკვირვა, რადგან, ყველა ჩემი მეგობარი შემომნატრის – შენ ისეთი ქმარი გყავს, რა დაგაბერებსო. გარედან მართლაც ასე ჩანს, თუმცა, ობიექტური თუ ვიქნები, რამე „ისეთი“ სათქმელი, აქამდე ნამდვილად არაფერი მქონდა. ამიტომ, იმ „აღმოჩენის“ შემდეგ, სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ ნერვები მეშლებოდა მის ყოველ სიტყვასა (თუნდაც მოსაფერებელზე) და ქმედებაზე. ერთ დღეს კი, რაღაც სიტუაციაში აღმოვჩნდით და სწორედ მაშინ მივხვდი, რატომ „გადამიყვარდა“ ქმარი. სახლში ერთად მოვდიოდით ფეხით. გოგი სიგარეტის საყიდლად შეჩერდა ჯიხურთან, მე კი ნელი ნაბიჯით განვაგრძე გზა. უცებ დავინახე, რომ ორი ბიჭი მოდიოდა. აშკარად მთვრალები იყვნენ და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. რომ შემამჩნიეს, ერთმანეთს სიცილით უთხრეს – ნახე, რა მაგარი ნაშაა. მოდი, დავებაზროთ, იქნებ წამოგვყვეს და ცოტა გავერთოთო (ოღონდ, მათ საკმაოდ უწმაწურად თქვეს ეს ყველაფერი) და ჩემკენ ნაბიჯს აუჩქარეს, თან დამიძახეს – მოიცა, დაგვევასე და ამაღამ ჩვენთან უნდა წამოხვიდეო. ისე ხმამაღლა ყვიროდნენ, ყველამ ჩემკენ გამოიხედა. გამორიცხული იყო, გოგის არ გაეგონა, რადგან სიგარეტების ჯიხურიდან ათიოდე მეტრში ვიყავი, მაგრამ, მან ყური მოიყრუა, ჩემკენ არც კი გამოუხედავს და ერთი კოლოფი სიგარეტის ყიდვას ლამის ათი წუთი მოანდომა. ანუ, მანამდე არ მოშორდა ჯიხურს, სანამ ის ბიჭები თვითონვე არ გამეცალნენ. რომ დაინახა, წავიდნენ, მხოლოდ მაშინ გამოემართა ჩემკენ ისეთი სახით, ვითომ არც არაფერი გაუგონია და არც არაფერი დაუნახავს. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ მშიშარა იყო და, მის თვალწინ რომ ვეცემე ან გავეუპატიურებინე იმ ბიჭებს, გვერდზე ისე ჩამივლიდა, ვითომ არ მიცნობდა, ან, საერთოდ, გაიქცეოდა იქიდან. ეს ამბავი რომ მოხდა, იმ დღის შემდეგ ვფიქრობ და ვერ გადამიწყვეტია, როგორ მოვიქცე: ყველაფერი ძველებურად დავტოვო და შევეგუო იმ აზრს, რომ ჩემი ქმარი დრაკონებთან მებრძოლი და ჩემი დამცველი რაინდი არ არის, თუ, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დავუსვა ყველაფერს – ვუთხრა, რომ მხდალი და მშიშარაა და, რაც შეიძლება, შორს წავიდე მისგან.

ლიზი, 26 წლის.

 

ცხოვრებაში მთავარი ფული და მუშტია

მყავს უმცროსი ძმა, ბაჩო, რომელიც მეშვიდე კლასში სწავლობს. ყველანაირად კარგი ბიჭია – წესიერი, ზრდილობიანი, სიმპათიური; დადის სპორტზე (კრივზე), გატაცებულია ჯაზით და საკმაოდ კარგად უკრავს. მაგრამ, თავისი ამ მონაცემების მიუხედავად, ზედმეტად მორიდებულია და ამიტომ ბიჭები ალმაცერად უყურებდნენ, რაღაცნაირად, განაპირებული ჰყავდათ. ზუსტად ვიცი, რაც არის ამის მიზეზი: თვითონ უვიცები, უტვინოები და უზრდელები არიან, შურთ ჩემი ძმის და ამ შურს გოგოების თანდასწრებით აბუჩად აგდებით გამოხატავდნენ. ამ ასაკის გოგოებს კი, ხომ იცით, უზრდელი, თავხედი და ხეპრე ბიჭები მოსწონთ – კარგი ტიპები ჰგონიათ. ამიტომ, ისინიც არ ემეგობრებოდნენ ჩემს ძმას, მხოლოდ მაშინ თუ დაელაპარაკებოდნენ, როცა დავალება ან საკონტროლო ჰქონდათ გადასაწერი.

ბაჩოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ კრივში, მაგრამ კლასში ეს არავინ იცის – არ უყვარს ტრაბახი და თავის გამოჩენა. სამაგიეროდ, ის იციან, რომ ბაჩოს მდიდარი მშობლები არ ჰყავს და ამიტომაც არ არის მასთან მეგობრობა „საინტერესო“.

ამას წინათ კი, ერთმა თანაკლასელმა ბიჭმა მთელი კლასის წინაშე რაღაც დასაცინი სიტყვა უთხრა (ეს ამბავი ჩემი მეზობელი გოგოსგან გავიგე, რომელიც ბაჩოს კლასში სწავლობს). ამ ამბავს ერთი თანაკლასელი გოგოც ესწრებოდა, რომელიც ბაჩოს მოსწონს (ესეც იმ მეზობლის ბავშვმა მითხრა). მის გამო ჩემს ძმას, ეტყობა, ძალიან შეელახა თავმოყვარეობა და იმ ბიჭს უთხრა, თუ ახლავე ბოდიშს არ მომიხდი, დაგალილავებო, რაზეც, თურმე, მთელ კლასს სიცილი აუტყდა. ბაჩოს კი აუღელვებლად უპასუხია: გაკვეთილების შემდეგ სკოლის უკან ვიჩხუბოთ. თუ მე მოგერევი, მთელი კლასის წინაშე ბოდიშს მომიხდი და პატიებას მთხოვ, თუ შენ მომერევი, ნებისმიერ სამ სურვილს შეგისრულებო. 

გაკვეთილების შემდეგ მარტო ამათი თანაკლასელები კი არა, თურმე, სკოლის რამდენიმე „ყოჩიც“ დარჩა ჩხუბის საყურებლად და ბაჩომ ისეთ დღეში  ჩააგდო ის ბიჭი, რომ, საწყალი ხმამაღლა ატირებულა. პირობა პირობა იყო და, იმას იქვე მოუხდია ბოდიში, მაგრამ მერე საერთოდ გადასულა სკოლიდან.

იმ დღის შემდეგ ჩემი ძმა ნამდვილი გმირი გახდა სკოლაში, ბიჭებიც და გოგოებიც პატივისცემით ეპყრობიან. ყველა ცდილობს, მასთან იმეგობროს და მერე ამ მეგობრობით ერთმანეთთან ტრაბახობენ.

ყველაფერი გასაგებია – მათი ასაკიც, მენტალიტეტიც და ბევრი სხვა რამეც, მაგრამ გული იმაზე მწყდება, რომ, ბავშვებს შორის მაინც არ უნდა წყვეტდეს საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრებას მუშტი და მშობლების მატერიალური მდგომარეობა.

ეკა, 17 წლის.

скачать dle 11.3