კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ურჩევს არავის მირანდა მირიანაშვილი ჯუნგლებში დასვენებას და რამდენი ხნით სწყდება ის ყოველწლიურად ცივილიზაციას

მირანდა მირიანაშვილს ჩემი დახასიათება ნამდვილად არ სჭირდება. მას ყველა ძალიან კარგად იცნობს. თუმცა, ცოტა რამეს მისი ცხოვრებიდან, მაინც შეგახსენებთ. ის წლებია, რუსეთში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. მოგზაურობს ძალიან ბევრს და მსოფლიოს ეგზოტიკური ადგილების ხშირი სტუმარია. ადგილი, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ცენტრალური და ლათინური ამერიკის ჯუნგლებია. ხელოვნება მისი ცხოვრების ნაწილია. ამ მხრივ, სადაც არ უნდა იყოს გამუდმებით ახლის ძიებაშია. 

– კოსტა-რიკა ზრაპრული ქვეყანაა, ლამაზი და საინტერესო. ის კონკრეტული ადგილი კი, სადაც ცივილიზაციას ვემალებით ნამდვილად უნიკალურია და საფრთხეს მოკლებული არაა. საშიშიც კი შეიძლება დავარქვათ. იქ ყოველ წელს რაღაც ექსტრემალური ხდება. საბედნიეროდ, მსგავსი რამ ჩვენ არ გადაგვხდენია. ჯუნგლებში ყოველ წელს, 3-4 კვირით მივდივართ და სრულიად მოწყვეტილები ვართ გარე სამყაროს: არც ტელეფონი გვაქვს, არც ინტერნეტი,  არანაირი საკომუნიკაციო საშუალება არ გაგვაჩნია მარტო რაცია გვაქვს. მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვართ შუაგულ ტყეში (იცინის). ეს ადგილი მართლაც რომ საოცარია. დანიშნულებამდე მისასვლელად, ჯერ უნდა ჩაფრინდე სან-ხოსეში, იქიდან პატარა თვითმფრინავით გადაფრინდე გოლფიტოში და ბოლოს, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, ნავით უნდა გაცურო ნაპირამდე. ჯუნგლებამდე მხოლოდ მოტორიანი ნავის მეშვეობითაა შესაძლებელი მისვლა. პირველად, რომ ჩავედი ცოტა  შემეშინდა, მივდიოდით და არაფერი ჩანდა, არც სახლები, არც ადამიანები, აბსოლუტური გარეული სამყარო იყო, მარცხნივ უკიდეგანო წყალი, ხოლო მარჯვნივ – გაუვალი ჯუნგლები. მივდიოდით და არ მთავრდებოდა ეს გზა, თან უკვე ბნელდებოდა. ნაპირს რომ მივუახლოვდით, ერთი პატარა ხიდი დავინახე, რომელსაც ბილიკი მოსდევდა და ამ გზით უნდა შევსულიყავით შუაგულ ტყეში. ამ დროს ვიკითხე, თუ სად ვიყავით. მითხრეს, რომ 200 მეტრის შიგნით იყო ყველაფერი. შუაგულ ჯუნგლებში დამხვდა სახლი. ბოლოსდაბოლოს დავბინავდით, მაგრამ არ გეგონოთ, იქ სასტუმროში ვცხოვრობ. ტყეში არის სახლი, რომელსაც არც კარი აქვს და არც ფანჯრები. პირველად შიში ნამდვილად მძლევდა, მაგრამ მერე გონებამ საოცარი დასვენებდა დაიწყო. დილის 6-ის ნახევარზე, მაიმუნების ყვირილის ხმაზე ვიღვიძებ, რომლებიც ისეთ ხმებს გამოსცემენ, გეგონებათ ათასობით ურჩხული ყვირის (იცინის). 

– სახიფათო სიტუაციაში თუ აღმოჩენილხართ?

– თუ იცავ წესებს „მე არ გერჩი შენ! შენ არ მერჩი მე“,  მაშინ  საფრთხე ნაკლებია. თუმცა დაცული არაფრისგან ხარ. პირველად რომ ჩავფრინდი, შევხედე აბრას, სადაც ეწერია „ღამით ცურვა არ შეიძლება, აქ ნიანგებია!“ ხუმრობა მეგონა, ტურისტის მოსახიბლად დაწერილი. თუმცა, შემდეგ ისიც გამახსენდა, რომ ეს ადგილი ტურისტებისთვის არაა განკუთვნილი. როცა იქ ვარ, ზღაპარში მგონია თავი. ფილმებს რომ იღებენ, ისეთი ადგილია. ამ ადგილას ისეთი ხალხი ჩადის, ვისაც ფლორა და ფაუნა აინტერესებს. საოცარი ცხოველებია, ჯოგებად დადიან, ზოგი არც ტახია, არც ვირთხა – ორივეს ჰგავს (იცინის). ღამის ტყე საოცრებაა, სულ სხვა სამყაროა. წვიმის შემდეგ  გავდივართ ხოლმე ტყეში. ამ დროს ყველა გამოდის სამალავებიდან. ღამე უფრო შენელებული რეაქცია აქვთ, არ ეშინიათ შენი. იქ ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს. დილით 2 საათი იოგა, შემდეგ საათ-ნახევარი ვცურავ, მერე ვსაუზმობ და მივდივარ ტყეში. არ გეგონოთ ტყეში ვსეირნობ, ძალიან რთულია სიარული. 3-4 კილოგრამს ვიკლებ ხოლმე. ეს არის ადგილი სადაც ვმშვიდდები, ყოველგვარ დაძაბულობას, სტრესს ვიხსნი, ვიწმინდები, ვფიქრობ, მომავლის გეგმებს ვადგენ, ვწერ ბევრს და ვკითხულობ. სუფთა ენერგიას მმატებს იქაურობა. ძალიან მიყვარს ხალხი ვინც იქ მუშაობს, სულ მელოდებიან და ახლაც სულმოუთქმელად მელიან.

– მოგზაურობა როდის დაიწყეთ?

– პირველად უცხოეთში რომ წავედი, 9 წლის ვიყავი, მშობლებმა წამიყვანეს. მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო და პოლონეთში, ბულგარეთში მივდიოდით. მამა ძალიან კრეატიული ადამიანია, გემით მივდიოდით ოდესამდე და შემდეგ მანქანით ვაგრძელებდით გზას. პრაღაში მამას მეგობრებთან  ჩავდიოდით. იქიდან ცოტა ჩეხურიც მახსოვს. 

– მშობლები ახსენეთ. ვიცი, რომ მამათქვენი ძალიან მკაცრი იყო...

– კი, ძალიან მკაცრი იყო. მთელი ბავშვობა თქვენობით ველაპარაკებოდი. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს, დაგვსვა მე და ჩემი და და გვითხრა, რომ უკვე დიდიები ვიყავით და შეგვეძლო, შენობითაც მიგვემართა (იცინის). გემით ვმოგზაურობდით და ისე მოხდა, რომ გავხდი „მის კრუიზი“. ეს მამამ არ იცოდა, კაიუტაში იყო. ჩვენ გავიპარეთ, დედაც წამოგვყვა. მაშინ 16 წლის კი ვიყავი, მაგრამ საკმაოდ მოწიფულად გამოვიყურებოდი (იცინის). რომ დაასახელეს რა მოთხოვნებიც იყო საჭირო კონკურსში მონაწილეობის  მისაღებად, გულმა არ მომითმინა და გავედი. მე გავიმარჯვე და გავხდი „მის კრუიზი“, დამახურეს გვირგვინი და მიმიწვიეს კაპიტნის მაგიდასთან სავახშმოდ. აქ უკვე შემეშინდა. რა უნდა გაგვეკეთებინა? სხვა გზა არ გვქონდა და იმ ადგილიდან გამოვიპარეთ. ამ დროს კაპიტანმა დამიწყო ძებნა და მოადგილე გამოგზავნა ჩემს მოსაყვანად. კაიუტაში მამას ეძინა, კაკუნმა გამოაღვიძა. კარი გააღო და შერჩა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იმის სათქმელად მოვიდა, რომ მირანდას კაპიტანი  სავახშმოდ ელოდებაო (იცინის). წარმოიდგინეთ, ახალგაღვიძებული მამა რა დღეში ჩავარდა (იცინის), გაგიჟდა კაცი. ბუზს არ ვუფრენ, თქვენობით ველაპარაკები და კაპიტანი მიბარებს სავახშმოდ – როგორია? მამამ ჩაიცვა თეთრი ჯინსები და ამოვიდა ჩვენთან. რაღა უნდა მექნა, ვუთხარი სიმართლე. საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა (იცინის).

– სხვადასხვა მხატვრის ძალიან ბევრი ნამუშევარი გაქვთ. კოლექციონერი ხართ?

– როდესაც საკუთარ თავს კოლექციონერად მოიხსენიებ, უნდა იცოდე, რომ ამ კოლექციას პატრონობა სჭირდება. უამრავი ნამუშევარი მაქვს, მაგრამ ამ ყოველივეს არ აქვს კონცეფცია: არ მაქვს კატალოგი, არ ვაკეთებ გამოფენებს, ნამუშევრები არ მიმაქვს მუზეუმებში. კოლექციონერობა დიდი მუშაობაა და არა მხოლოდ ნამუშევრების ფლობა. თითოეულ ნამუშევარს ჩემი (ჩვენი) ემოციის ფონზე ვიძენ, ალბათ ოდესმე იმას, რაც მაქვს კოლექციას დავარქმევ. მთელი ელიტა მიცნობს როგორც კოლექციონერს, მაგრამ მე ასე მიმაჩნია, უფრო თავისუფალი მყიდველი ვარ. კოსტა-რიკაში აღმოვაჩინე ერთი მხატვარი – ტაპია. ისეთი ნამუშევრები ჩამოვიტანე იქიდან, ყველა გაოგნებულია. ავსტრალიის აბორიგენთა მხატვრობაზე აღარაფერს ვამბობ. ეს მართლაც, რომ საოცრებაა. იქ ერთი თვე გავატარე, დიდი აღმოჩენები მქონდა. მსოფლიომ რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა აბორიგენთა ხელოვნება. მეც პირველად ვიყავი ავსტრალიაში და ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ამ დონის მხატვრობა თუ დამხვდებოდა. სადაც მივდივარ, ყველგან ახალს ვეძებ. ეს ჩემი პროფესიაცაა, პირადი ინტერესებიც და საერთოდ, ესაა ჩემი ცხოვრება. იქ, ერთი შეხედვით, პრიმიტიული ხალხი ცხოვრობს, არანაირი ინტელექტუალური ზრდა მათ არ გააჩნიათ. ამ ადამიანებს შორის ძალიან საინტერესო მხატვრებია. მათი შემოქმედება ღრმა და ჩვენნაირია. ადრე, აბორიგენები ქვიშაზე ხატავდნენ.  ფუნჯი და ტილო თეთრმა ხალხმა ჩაიტანა აბორიგენთა იზოლაციაში 70-80-იან წლებში, 30 წლის წინ ჩამოყალიბდა აბორიგენთა მხატვრობა.  მათ   მაღალი პენსიები აქვთ და ქვეყანა მაღალ კომპენსაციას უხდის. თითქოს დამნაშავედ გრძნობენ ამ ხალხის წინაშე თავს. ზარმაცი ხალხია – არც სწავლა უნდათ და არც მუშაობა. ორი სისუსტე აქვთ: კაზინო და სასმელი. ერთ-ერთი მხატვრის რამდენიმე ნამუშევარი მაქვს. ქალი იყო, მაჩინო ერქვა, სამწუხაროდ, უკვე გარდაიცვალა. მაჩინოს ნამუშევრები, აბსოლუტური კით ჰერინგია. უბრალო აბორიგენის ნამუშევრები მისი სიღრმით ჰგავს ჰერინგის, რომელმაც  ნიუ-იორკში მიიღო განათლება და შემოქმედების უმაღლეს მწვერვალზე იყო. ამ მსგავსებამ დამაეჭვა და ინფორმაციის მოძიება დავიწყე. მაინტერესებდა, იყო თუ არა საერთო ავსტრალიელებსა და ჰერინგს შორის.  როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ჰერინგს არანაირი შეხება არ ჰქონია ავსტრალიის აბორიგენებთან. ძალიან მინდა შედარებითი გამოფენა გავაკეთო, დიდი მხატვრების და აბორიგენების. 

скачать dle 11.3