კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იქნება დასაქმება აუცილებელი პირობა კერძო პენსიის მიღებისთვის, ვის შეეძლება, ისარგებლოს დაგროვებითი პენსიის სისტემით და რა ბედი ეწევა სახელმწიფო პენსიას

დაგროვებით საპენსიო სისტემის აუცილებლობაზე ჩვენი თითქმის ყველა მთავრობა საუბრობდა, თუმცა მისი შემუშავება ჯერჯერობით ვერც ერთმა ვერ შეძლო. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული საპენსიო რეფორმების სამსახურმა კონცეფცია უკვე მოამზადა, რომელსაც საბოლოო სახე, მართალია, ჯერ არ მიუღია, თუმცა ჩვენი მეტნაკლებად უზრუნველყოფილი სიბერის ზოგადი კონტურები უკვე გამოიკვეთა. ერთის თქმა დანამდვილებით შეიძლება – კერძო პენსიის დანიშვნის საშუალება მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულ მოქალაქეებს შეეძლებათ. დეტალურად საკითხს სამსახურის უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი განგვიმარტავს.

– დაგროვებითი პენსიის თქვენეული სქემა რომელი ქვეყნის გამოცდილებას ეყრდნობა, კოპირებულია თუ მორგებულია ქართულ რეალობას?

– უპირველესად, მინდა, ვთქვა, რომ დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საპენსიო შემოსავალი ორი ძირითადი წყაროსგან შედგება. ერთია, სახელმწიფოს მიერ გაცემული პენსია და მეორეა –  კერძო დაგროვებითი პენსია. შესაბამისად, უცხოეთში მცხოვრები პენსიონერები, ძირითადად, იღებენ ამ ორი ტიპის პენსიას, რაც სოლიდურ თანხას შეადგენს. თუმცა იმისთვის, რომ სახელმწიფო პენსია აიღოს ადამიანმა, ყველა ქვეყანაში არსებობს საკმაოდ ბევრი წინაპირობა, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არანაირი წინაპირობა არ არის და, როგორც კი შეუსრულდება მოქალაქეს საპენსიო ასაკი, მას მაშინვე ენიშნება სახელმწიფო პენსია, რაც, რეალურად, უფრო სოციალური შემწეობაა. სხვა შემთხვევებში, პენსია, რომელსაც ადამიანი იღებს სახელმწიფოსგან, სტაჟსა და დამსახურებაზეა დამოკიდებული. მე ვიმეორებ ამ ტერმინს, თუმცა არ ვეთანხმები, რადგან „დამსახურება“ კომუნისტური ტერმინია.

– კი ბატონო, ვთქვათ, მხოლოდ სტაჟი.

– ასე ვთქვათ, სტაჟი და შემოსავალი. სახელმწიფო პენსია განვითარებულ და, თუნდაც, განვითარებად ქვეყნებში პენსიონერის შემოსავლის ძირითადი წყარო არ არის, რადგან სახელმწიფოს როლი არის მოკრძალებული. სახელმწიფოს გააჩნია ლიმიტები და ძირითადი საპენსიო შემოსავალი გამომდინარეობს კერძო დაგროვებითი პენსიიდან. მაგალითად, ბრიტანეთში მაქსიმალური სახელმწიფო პენსია თვეში 450 ფუნტია, დანარჩენებს აქვთ უფრო ნაკლები –  200-300 ფუნტი, ამასთან, ეს თანხა რაღაც ზღვრამდე არ იბეგრება. ჩვენს შემთხვევაში კი თანხა არც საპენსიო ფონდში შეტანისას დაიბეგრება, არც გამოტანისას და არ დაიბეგრება არც მოგება. მაგალითად, ბელგიაში, სადაც ყველაზე მაღალია სოციალური პაკეტი და, დაახლოებით, 1 800 ევროა თვეში მაქსიმალური სახელმწიფო პენსია, ასევე, იბეგრება პენსია. ხშირად მოგვისმენია, რომ დასავლეთ ევროპაში ძალიან მაღალია პენსია, მაგრამ ხალხმა არ იცის, რომ ეს პენსია იბეგრება.

– მაგრამ მათი დაბეგრილი პენსია ჩვენსაზე მაინც გაცილებით მეტი გამოდის. 

– მეტია, მაგრამ, როდესაც სახელმწიფო თავის მოქალაქეს შემოსავლების 60 პროცენტამდე ახდევინებს გადასახადების სახით, რა თქმა უნდა, მეტ პენსიასაც გასცემს. იმავე ბელგიაში საშუალო პენსია 1 000 ევროს ფარგლებშია და დაბეგვრის შემდეგ, თუნდაც, 800 ევრო დარჩეს, ეს თანხა ბელგიაში დიდი შეღავათი არ არის, იქ არსებული ცხოვრების დონისა და ფასების გათვალისწინებით. ამიტომ, როდესაც ამბობენ, რომ აი, ამერიკელი პენსიონერები კარგად ცხოვრობენ, მთელ ცხოვრებას შრომობენ და შემდეგ საპენსიო ასაკში მოგზაურობენ, მთლად ასეც არ არის.

– მაგრამ ეს რეალურადაა ასე, თქვენ გინახავთ ბუნებაში მოგზაური ქართველი პენსიონერი?

– ეს იმიტომ, რომ მათ აქვთ კერძო დანაზოგიც. ამიტომ გვინდა ჩვენც, რომ შევქმნათ დაგროვებითი პენსიის სისტემა, რასაც შედეგი გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება. რადგან, როცა არ უნდა დავნერგოთ ეს სისტემა, დღეს, 10 თუ 100 წლის შემდეგ, შედეგი ექნება დანერგვიდან, მინიმუმ, 20 წელიწადში. მინიმუმ 20 წელი სჭირდება შენატანების დაგროვებას, მათზე მოგების დარიცხვას, რომ ადამიანმა მიიღოს შემოსავალი.

– სქემა როგორი არის, მივხვდით, რომ დაგროვებითი პენსიით საქართველოს 40 წლამდე მოსახლეობა თუ ისარგებლებს, თუ ამ მოდელს ახლავე დავნერგავთ?

– მე ვიტყოდი 45 წლამდე მოსახლეობა. შეიძლება, მამაკაცებისთვის დავუშვათ 50 წელი, ქალებისთვის –  45 წელი და მათთვის, ვისაც ექნება დაგროვების ხანგრძლივობა 15-დან 20 წლამდე და არა 20 წელი, გამოტანის სქემა იქნება განსხვავებული. იმ თანხის გამოტანა კი საპენსიო ასაკის დადგომიდან ადამიანს შეეძლება იმდენი წლის განმავლობაში, რაც იმ დროისთვის იქნება ქვეყანაში საპენსიო ასაკის შემდეგ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. დღეისთვის, ეს მაჩვენებელი მამაკაცებისთვის, დაახლოებით 13-15 წელია.

– იგივე მაჩვენებელი დასავლეთ ევროპაში 22-24 წელია საშუალოდ.

– დიახ. თუმცა ჩვენთან ქალების მაჩვენებელი უფრო მეტია –  19 წელი. ტენდენციაც გვიჩვენებს, რომ მოიმატა 85 წელს ზემოთ პენსიონერთა რაოდენობამ, დაახლოებით, 155 პროცენტით და ეს არის ჯანდაცვის რეფორმის დამსახურება.. მაგალითად, თუ 20-წლიანი დაგროვების მქონენი 15 წელიწადის განმავლობაში შეძლებენ კერძო პენსიის მიღებას, მათ, ვისაც 15-წლიანი დაგროვების ვადა ექნებათ, შეძლებენ 10 წლის განმავლობაში. აქ მნიშვნელოვანია, რომ დაგროვებითი პენსია ხელს არ უშლის სოციალურ სახელმწიფო პენსიას, ამ უკანასკნელს ყველა მიიღებს, რაც დამატებითი სტიმულია, რომ ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს დაგროვებითი პენსიის სისტემაში, იმიტომ რომ ამით არაფერს კარგავს, პირიქით.

– ციფრებით დავითვალოთ: თუ ყოველთვიურად გადავიხდი, პირობითად, 10 ლარს, რა თანხას მივიღებ 20 წლის შემდეგ, ასევე, ყოველთვიურად?

– ხშირად გაგვიგია მოსაზრება, რომ ადამიანს შეუძლია იგივე გააკეთოს ბანკში ანაბარზე თანხის დაგროვებით, მაგრამ ეს არასწორი მიდგომაა: ის, ვინც მონაწილეობას იღებს კერძო დაგროვებით სისტემაში, როგორც წესი, იღებს საგადასახდო შეღავათს.

– ანუ?

– მაგალითად, თქვენ გაქვთ ხელფასი 1 500 ლარი და გინდათ, რომ ყოველთვიურად კერძო სადაზღვევო ფონდში გადარიცხოთ 500 ლარი. ეს 500 ლარი ისე გადაირიცხება თქვენს საპენსიო ანგარიშზე, რომ არ დაიბეგრება, დაიბეგრება თქვენი დარჩენილი ხელფასი, რომელსაც ხელზე აიღებთ, ანუ 1 000 ლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში 1 500 ლარიდან დაიბეგრებოდით, ანუ გადაიხდიდით იმ 500 ლარის 20 პროცენტს საშემოსავლო გადასახადის სახით და ხელზე დაგრჩებოდათ 400 ლარი. 

– ანუ მოვიგებ 100 ლარს.

– ანუ თქვენ გაქვთ ორი არჩევანი: თუ ირჩევთ დაგროვებითი პენსიის სისტემას, თქვენი 500 ლარი სრულად ხვდება თქვენს ანგარიშზე, მაშინ, როდესაც მისი ხელფასად აღების შემთხვევაში ის იქნება 400 ლარი. ესე იგი, თქვენ ავტომატურად იღებთ მოგებას დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობით. ამას გარდა, თქვენს ანგარიშზე დამატებით რიცხავს თანხას თქვენი კომპანიაც, სადაც ხართ დასაქმებული. თქვენი, ანუ დაქირავებულის წახალისების მიზნით, დამქირავებელს დაეკისრება თქვენს სასარგებლოდ თანხის ჩარიცხვა, ისევე, როგორც სახელმწიფოს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი პროცენტულად უნდა დადგინდეს. მაგალითად, თუ კომპანიას ექნება ვალდებულება, რომ თქვენი ხელფასის 2 პროცენტი ჩაგირიცხოთ, იმავე ოდენობის თანხას გაჩუქებთ სახელმწიფოც.

– სახელმწიფო საიდან, ბიუჯეტიდან?

– იმ 20 პროცენტი საშემოსავლო გადასახადიდან, რასაც თქვენ იხდით, სახელმწიფო დაგიბრუნებთ 2 პროცენტს. ოღონდ ამ შემთხვევაში სახელმწიფო და დამსაქმებელი არ არიან უპირატეს მდგომარეობაში, უპირატეს მდგომარეობაშია დასაქმებული. თუ დასაქმებული თანხმდება, რომ სახელმწიფოსგან და დამსაქმებლისგან მიიღოს თავისი ხელფასის 2-2 პროცენტი საჩუქრად, აქვს ერთი ვალდებულება –  თავისი ჯიბიდანაც გაიღოს თავისივე ხელფასის 2 პროცენტი, რომ მთლიანი შენატანი გამოვიდეს მისი ხელფასის 6 პროცენტი.

– დავითვალოთ, თუ 1 000 ლარი მაქვს ხელფასი, მე ვიხდი 20 ლარს, ჩემი დამსაქმებელიც, ასევე, 20 ლარს, სახელმწიფოც მიმატებს 20 ლარს და ჩემი ყოველთვიური შენატანი გამოდის 60 ლარი, არ შემიძლია მეტი შევიტანო, ვთქვათ, ჩემი ხელფასის 10 პროცენტი და ამ შემთხვევაში რა პროცენტის დამატება დაეკისრებათ დამსაქმებელსა და სახელმწიფოს?

– თუ თქვენ არ გადაიხდით ამ 20 ლარს და გირჩევნიათ, რომ ახლა აიღოთ ის, რეალურად აიღებთ 16 ლარს, იმიტომ რომ ის 20 ლარი დაიბეგრება, ასე რომ, თქვენი ასარჩევია: 16 ლარი გირჩევნიათ თუ 60 ლარი?! რაც შეეხება საპენსიო შენატანის გაზრდას: ეს არის ხელფასის, მაქსიმუმ, 5 პროცენტი, თუმცა კომპანიისა და სახელმწიფოს კონტრიბუცია იქნება ფიქსირებული –  2-2 პროცენტი ნებისმიერ შემთხვევაში.

– მაგრამ კომპანიამ ხომ თავისი მოგებიდან უნდა აიღოს ის 2 პროცენტი?

– ეს მას გაუზრდის ხარჯს, მაგრამ ეს კულტურა, ადრე თუ გვიან, უნდა დავნერგოთ.

– მე გეთანხმებით, მაგრამ დამქირავებლები რას ამბობენ, გეთანხმებიან, რომ გვიწილადონ დაქირავებულებს თავიანთი მოგება?

– კომპანიას სახელფასო ხარჯი არ გაეზრდება 2 პროცენტით, რადგან ყველა თანამშრომელი ამას არ დათანხმდება, ამასთან, იქნებიან თანამშრომლობი, რომლებიც ასაკის გამო ვერ მიიღებენ მონაწილეობას ამ სისტემაში. შესაბამისად, კომპანიას სახელფასო ხარჯი გაეზრდება არა ზუსტად 2 პროცენტით, არამედ, საშუალოდ, 1-1,2 პროცენტით. ვიმეორებ, არა მთლიანი, არამედ მხოლოდ სახელფასო ხარჯი, რაც ნამდვილად არ შეუქმნის ფინანსურ პრობლემებს.

– თქვენ, ალბათ, გაქვთ დათვლილი, ვთქვათ, ყოველთვიურად 20 წლის განმავლობაში გადავიხადეთ 60 ლარი მე, დამსაქმებელმა და სახელმწიფომ, რა თანხას მივიღებ, პენსიაში რომ გავალ?

– ყველაზე უხეში გათვლებით, შეიძლება, ასეთი სურათი გამოიკვეთოს: ჩვენ შევიმუშავეთ მოდელები და ადამიანი, რომელსაც ერიცხება 1 000 ლარი ხელფასი და მხოლოდ 20 ლარს გადარიცხავს თავისი ჯიბიდან, 20 წლის შემდეგ საპენსიო ასაკში გასვლის შემდეგ ყოველთვიურად აიღებს დღევანდელ, დაახლოებით, 420 ლარს.

– დაგროვების შეწყვეტა შეუძლია?

– შეუძლია, მაგრამ თანხა დაიბეგრება და დაჯარიმდება, ამდენად, გამოტანის მომენტისთვის დაგროვილი თანხის ნახევარს მიიღებს. თუმცა გათვალისწინებული იქნება ფორსმაჟორული სიტუაციები: თუ ოჯახის წევრი გარდაეცვალა, რაღაც კატეგორიის დაავადება შეეყარა, თუ თანხა შვილის განათლებისთვის დასჭირდა…. თუმცა სახელმწიფო იმიტომ გაძლევთ სტიმულს, რომ თანხა დააგროვოთ და საპენსიო ასაკში გქონდეთ შემოსავალი, რომ ეს გათვლილია სიღარიბის დაძლევაზე. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს გაუჭირდება დღეს არსებული სახელმწიფო პენსიის – 150 ლარის გაცემაც და დამატებით კიდევ – 420 ლარისაც. ამიტომ ურჩევნია, ეტაპობრივად გაიღოს ხარჯი დღეს, რომელიც ისევ ეკონომიკაში ინვესტირდება. ეს ძალიან საინტერესო სქემაა: ამ თანხის ნაწილი გავა ქვეყნის გარეთ და ინვესტირდება მსოფლიო ეკონომიკაში, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ საპენსიო ფონდის შემოსავალი არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მსოფლიო ეკონომიკაზე იქნება დამოკიდებული. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ინსტრუმენტი, რომელიც სიბერის დაგეგმვის საშუალებას  მოგვცემს. ამასთან, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასაც: რადგან დღეს საფინანსო რესურსის ერთადერთი წყარო ბანკია, ამ შემთხვევაში კი, საპენსიო ფონდების მეშვეობით ჩნდება დამატებითი ინსტრუმენტი. 

– ეს საპენსიო ფონდები კერძო იქნება თუ სახელმწიფო? 

– კერძო ფონდები იქნება. უცხოურ-ქართული, ჩვენი მოთხოვნა იქნება ქართული თანამონაწილეობა. შევეცდებით, დავაინტერესოთ და შემოვიყვანოთ მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.

– როდის ვარაუდობთ ამ სისტემის ამოქმედებას?

–  ვფიქრობთ, წელიწად-ნახევარში ჩავრთოთ ეს კონცეფცია, ბევრი დეტალია დასამუშავებელი, რასაც ერთ ინტერვიუში, ბუნებრივია, ვერ ჩავტევთ.

скачать dle 11.3