კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორია ოლიგარქებთან თამაში, ირაკლი ლაბაძის აზრით და რომელ დღეს უთმობს ის მეგობრებს კვირის განმავლობაში

ირაკლი ლაბაძე, დღეს რუსეთში ცხოვრობს და საკუთარ საქმიანობას იქ აგრძელებს. ჩოგბურთის გარეშე ერთი წუთიც არ უცხოვრია. ტრავმის შემდეგ მწვრთნელობას მიჰყო ხელი. იმდენადაა საკუთარ პროფესიასა და ბავშვებზე შეყვარებული, რომ არანაირი შემოთავაზების სანაცვლოდ არ დათმობს მათ. ირაკლი უკვე 33 წლისაა. ამ პერიოდის განმავლობაში მისგან არა ერთი წარმატება ახსოვს ქათველებს. სამშობლოს სახელიც ბევრჯერ გაუტანია ქვეყნის გარეთ. როგორ ცხოვრობს დღეს ახალგაზრდა, მაგრამ ვეტერანი ჩოგბურთელი და არის თუ არა მის პირად ცხოვრებაში სიახლე, ამაზე თავად მოგვიყვება.

 

– როგორ ცხოვრობს დღეს ირაკლი ლაბაძე მოსკოვში? რით ხართ ძირითადად დაკავებული?

– ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობ. როგორც ადრე, ახლაც ჩოგბურთთან მაქვს შეხება. მწვრთნელი ვარ. ვფიქრობ, ეს საქმე უფრო საპასუხისმგებლოა.  როცა მოთამაშე ხარ, ნაკლებად ნერვიულობ. თამაშის დროს აზარტში შედიხარ და ნერვიულობაც  გავიწყდება. იყო მწვრთნელი – რთულია. ჩემი მოსწავლის თამაშს რომ ვუყურებ, ამ განცდას ნერვიულობას ვერ დავარქმევ. ეს უფრო მეტია. ძალიან კარგი ბავშვები მყავს და იმედი მაქვს, რამდენიმე წელიწადში თქვენც გაიცნობთ. მათთან ერთად ვარ სულ. კვირაში ექვსი დღე ვმუშაობ, შესაბამისად, ძირითადად, სამსახურში ვარ. მცირე დრო მრჩება მეგობრებისა და გართობისთვის. თუმცა, ამასაც ვახერხებ (იცინის). დაახლოებით 2 წელია, რაც აქეთ ვარ. მეგობარს ჩამოვყევი და შემდეგ დავრჩი. კარგი შემოთავაზებები იყო და მეც აღარ წავსულვარ.

– საქართველოში არ აპირებთ ჩამოსვლას და თქვენი საქმიანობის აქ გაგრძელებას?

– ვის არ უნდა საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება და არც მე ვარ გამონაკლისი. რა თქმა უნდა, დავბრუნდები, მაგრამ ჯერ არა. პირდაპირ რომ გითხრათ, ეს ყოველივე ფინანსებთანაა დაკავშირებული. სადაც კარგი ანაზღაურება გაქვს, შენც იქ გირჩევნია ყოფნა. ცოტა განსხვავება რომ იყოს ანაზღაურებაში, მირჩევნია, ჩემს თბილისში ვიყო და იქ ვასწავლო ბავშვებს ჩოგბურთი. მაგრამ, ისე არაა როგორც ჩვენ გვინდა. აქ უფრო კარგად ესმით ჩოგბურთის მნიშვნელობა, ძალიან ბევრი თამაშობს და უყვართ ეს სპორტი. შესაბამისად, დაფასებაც მეტია. მოსკოვში უფრო ვგრძნობ პატივისცემას, ვიდრე საქართველოში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველებზე ნაწყენი ვარ ან რაიმე მსგავსი, უბრალოდ, აქ გისმენენ, გეკითხებიან – რა როგორ უნდა. ჩემი სიტყვა ამათთვის ბევრს ნიშნავს. ეს ყოველივე ერთად კი, ძალიან სასიამოვნოა. საქართველოში ხომ იცით, როგორც არის – ბავშვი რომ თამაშს მოიგებს, დედაც და მამაც ჩოგბურთელი ხდება (იცინის). ბოლოს ისე გამოდის, რომ ყველამ ჩოგბურთი იცის, მწვრთნელი კი არავის ახსენდება. რამდენიმე წელი არსად ვაპირებ წასვლას, მოსკოვში დავრჩები. ბავშვობიდან ჩემი ცხოვრება ისე იყო, რომ ვერასდროს ვიტყოდი: 5 წელი აქ ვიქნები, 3 – აქ და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ახლა მაქვს დაგეგმილი, ერთი 5 წელი ნამდვილად არ დავტოვებ მოსკოვს.

– სხვა ქვეყნიდან რომ იყოს შემოთავაზება მაინც არ წახვიდოდით?

– არა. ვერ დავთმობ, ერთი უბრალო მიზეზის გამო. რომ წავიდე, აქ უნდა დავტოვო ყველა. იმ ოლიგარქებს თავი რომ დავანებოთ (იცინის), ჩემი ბავშვების დატოვებაც მომიწევს. მარტო მაგათ გამო არსად წავალ. 

– ოლიგარქებთან თამაშობთ, რთულია?

– არა, რატომ უნდა იყოს რთული. რადგან ადამიანს შენზე მეტი ფული აქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან თამაში რთულია. გულწრფელად გეუბნებით, ისინიც ჩვეულებრივი ადამინები არიან. უბრალოდ, წარმატებული ხალხია თავის სფეროში. ნამდვილად მდიდრები არიან, მაგრამ ეს რამეს არ ცვლის თამაშის დროს. 

– სამსახურის, ჩოგბურთის გარდა, კიდევ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში?

– ჯერჯერობით არაფერი. მხოლოდ სამსახური, მუშაობა და მუშაობა.  ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მაქვს შემდეგი გრაფიკი: სამსახური – სახლი (იცინის).  კი შემიძლია, კვირაში რამდენიმე დღე დავისვენო და ჩემი დამხმარე დავაყენო, მაგრამ არ მინდა. როცა საქმე ბავშვებს ეხება, უფრო სერიოზულად უნდა შეხედო. ეს არის პროფესია, როცა პასუხისმგებლობას იღებ თითოეული ბავშვის მომავალზე. ამიტომ, თავს ვერ მივცემ უფლებას, დავისვენო და მათ ყურადღება მოვაკლო. კვირა დღე მაქვს მეგობრებისთვის შენახული (იცინის). ვისვენებ და ვცდილობ, მათთან ერთად ვიყო. ხანდახან ჩემი მეგობრებიც ჩამოდიან მოსკოვში. ამჟამად დედაა აქ. თბილისშიც ჩამოვდივარ ყოველ ორ, ან სამ თვეში ერთხელ მაინც. მაგრამ, ცოტა ხნით, მაქსიმუმ სამი დღით.

– რამდენადაც ვიცი, ერთხელ იყავით შეყვარებული. დღეს რამე ხომ არ შეცვლილა?

– არა, არაფერი შეცვლილა. იმ ერთხელაც საკმარისი იყო (იცინის). ჯერ არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, ვისთან ერთადაც ოჯახს შევქმნი. შემიყვარდა, ცოლად მომყავს და  დარჩენილი ცხოვრება მასთან ერთად უნდა გავატარო, ასეთი მომენტი ჯერ არ მქონია. 

– ანუ, ისევ გართობა გირჩევნიათ ოჯახის უღელს?

– მთლად ეგრეც ვერ ვიტყვი, ალბათ, არა. უბრალოდ, არ შემხვედრია ისეთი ადამიანი, ვისაც ჩემს ცოლს დავარქმევ (იცინის). როდესაც მივხვდები, რომ ის, ის არის, ამ შანსს აუცილებლად არ გავუშვებ ხელიდან (იცინის). რომ გითხრათ, დღე და ღამე ოჯახის შექმნაზე ვფიქრობ-მეთქი, ტყუილია, მაგრამ გამიელვებს ხოლმე თავში რაღაც მსგავსი. მხოლოდ ფიქრიც არაფერია.

– ქართველი უნდა იყოს თქვენი რჩეული თუ ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს?

– ქართველი იქნება თუ რუსი დიდი მნიშვნელობა მართლა არა აქვს, მთავარია, ნორმალური და ერთგული ადამიანი იყოს. 

– კიდევ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს?

– როგორი უნდა იყოს ჩემი ცოლი? როგორი და ქალი უნდა იყოს, ოჯახი, ბავშვები უნდა უყვარდეს. მხიარული ადამიანი უნდა იყოს. ძალიან მიყვარს გოგო რომ იღიმის, გაბრაზებული და ბრაზიანი გოგონები, ზედმეტად რომ თავს იფასებენ, შორს (იცინის). მინდა ჩვეულებრივი იყოს, განსაკუთრებული და ყველასგან გამორჩეული, არ მინდა. კიდევ ერთს დავამატებ, შავგვრემანი მირჩევნია ქერას.

– გინანიათ რამე ცხოვრებაში?

– თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ არასდეს არაფერი მინანია. უფრო მეტიც, მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში არასოდეს არაფერი არ უნდა ინანო. ვიცხოვრე შეცდომებით, მაგრამ არ მინანია.  შეცდომები ცოტა ცუდად ჟღერს, სერიოზულადაც არ შევმცდარვარ რამეში. ყველანი ადამიანები ვართ და რაღაცეებში ვცდებით ხოლმე. არაფერს არ ვნანობ აბსოლუტურად. 

– ჩოგბურთელობა თავად გინდოდათ?

– მამას ჰქონდა სურვილი, რომ ჩოგბურთზე მევლო. თავადაც საკმაოდ კარგად თამაშობდა. ყველა ეუბნებოდა, რომ მისი შვილი ნიჭიერი იქნებოდა ამ სპორტში და შემიყვანა. დაბადებული არ ვიყავი, ჩოგბურთელის „იარლიყი“ რომ დამკიდეს (იცინის). 

– რამდენადაც ვიცი, აგასის თამაშის დაწყების წინ უთქვამს, საქართველო რომელია, მანდ საერთოდ ჩოგბურთი იციანო. ეს მართალია?

– კი, მართალია. ვვარჯიშობდი და ჩემს მეგობარს შეეკითხა, საქართველოში საერთოდ ჩოგბურთი არისო. ჩემმა მეგობარმა უპასუხა, ცოტა ხანში ნახავ, როგორი ჩოგბურთიც არისო (იცინის). გაეცინა თურმე, როგორ იფიქრებდა, რომ მოვუგებდი. 

– საქართველო რომ არ დაგეტოვებინათ, აქ როგორ აეწყობოდა თქვენი ცხოვრება?

– არ მიფიქრია ამაზე, რადგან ვიცოდი, აუცილებლად წავიდოდი. ძალიან მინდა აკადემიის დაარსება, მაგრამ ერთი კაცი ვერ შეძლებს ყველაფერს. ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ქაბაბისა და ხინკლის მეტი არაფერი აინტერესებთ. 

– რა გინდათ ყველაზე მეტად ცხოვრებაში რომ გამოგივიდეთ?

–  რაც მინდოდა, ნაწილობრივ ავისრულე კიდეც. მწვრთნელის კარიერა მინდა მქონდეს კარგი და ჩემი ბავშვებიდან რომელიმე მაინც გახდეს ცნობილი ჩოგბურთელი. მეორე, რაც მსურს ისაა, რომ ერთი-ორი პატარა ირაკლი ლაბაძე დარბოდეს (იცინის). ერთი ირაკლი ლაბაძე დარბის უკვე, ჩემი ძმის შვილია, მეორეც იქნება, აბა, სად წავა (იცინის). ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. შვილი როცა მეყოლება, აუცილებლად შევიყვან ჩოგბურთზე. თუ ჩემი გენები გამოჰყვება ბავშვს და არა დედამისის... ოღონდ დედა არ ვიცი, ჯერ ვინ იქნება (იცინის). 

 

скачать dle 11.3