კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი გაკეთება მოასწრო ნიკუშა შენგელაიამ „ვირის კუდივით მოკლე“ ცხოვრების განმავლობაში და ჩაუდენია თუ არა მას სისულელეები

ჩვენს რუბრიკაში ერთი და იმავე კითხვებით მივმართავთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე და სხვადასხვა სოციალურ საფეხურზე მდგომ ცნობილ ადამიანებს. 

 

– ვინ ხართ, გაგვეცანით?

– ნიკუშა შენგელაია, – მხატვარი, საქართველოს მოქალაქე.

– ყველაზე მძაფრი შეგრძნება ბავშვობიდან...

– პირველად ფეხბურთის ტყავის ბურთი რომ მაჩუქეს. ჩვენს დროს სად იყო ეგეთი ბურთები. ისე გამიხარდა, იმ ღამეს, ბურთთან ერთად მეძინა. ალბათ 6 წლის ვიყავი მაშინ.

– დაახასიათეთ საკუთარი თავი.

– საკუთარი თავის დახასიათება რთულია. ხან როგორ ხასიათზე ვარ, ხან – როგორზე.

– სწორი არჩევანი გააკეთეთ ცხოვრებაში?

– გააჩნია როდის, ბევრი შეცდომაც მომსვლია, ბევრჯერ სწორი არჩევანიც გამიკეთებია. მე ვფიქრობ, ცხოვრება შედგება შეცდომების, პრობლემებისა და მათი გამოსწორება-დაძლევისგან. ადამიანი ყოველთვის იბრძვის საკუთარ თავთან – შენში ნათელსა და ბნელს შორის ყოველთვის მიმდინარეობს ბრძოლა – მთელი ცხოვრება ის არის, რომ ბოლოს და ბოლოს, სინათლემ უნდა გაიმარჯვოს.

– გაინტერესებთ, რას ფიქრობენ თქვენზე?

– რა თქმა უნდა, მაგრამ გამოცდილებიდან და ასაკიდან გამომდინარე, თანდათან მინელდება ეს ინტერესი. იმიტომ რომ, ვხვდები, ადამიანები ხშირად სხვაზე ფიქრით უფრო არიან დაკავებულნი, ვიდრე საკუთარ თავსა და საქმეზე. ამიტომ, ნელ-ნელა უფრო ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, თუ რას ფიქრობენ ჩემზე.

– ვინ გინდოდათ ყოფილიყავით და ვინ ხართ რეალურად დღეს?

– გონების წყობით, მე ვარ შემეცნებისკენ ძალიან მიდრეკილი ადამიანი. მაინტერესებდა ყოველთვის ასტროლოგია, ფიზიკა, მეცნიერება. ამ დროს, ბუნებითა და ნიჭით, აღმოვჩნდი ხელოვანი, მაგრამ ყოველთვის შემეცნების ეს ლტოლვა მაინც რჩება ჩემში. დროდადრო ჩემში მეცნიერი ებრძვის შემოქმედს, უფრო სწორად ეს ბრძოლა კი არაა, ერთმანეთს ავსებენ. საკუთარი შიდა სამყაროს შემეცნება და გარე სამყაროს მოყვანა რეალობასთან, ყოველთვის ჩემი ინტერესის სფეროა, ვფიქრობ შემოქმედებით ნაწილშიც ამ შიდა სამყაროს გადმოცემა ხდება უნებურად. ენით აუღწერელს რასაც გულისხმობს მხატვარი, ის გადადის ნახატში. ეს არის მისი ბუნება და ყველაფერი ეს არის ხელოვნება. ასე რომ, ერთადერთი, მეტ დროს დავუთმობდი როგორც ხატვას, ისე ფიზიკას, გენეტიკას, ასტრონომიას.

– რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ საკუთარ თავში?

– თავში არ მომწონს ის, რომ ხშირად ძალიან დიდხანს ვფიქრობ რაღაც გადაწყვეტილების მიღებისას. ასევე, არ მომწონს, რომ ბევრი იდეა გავატარე და რეალიზაცია არ გავუკეთე, ჩემი თუ ორგანიზების მიზეზის გამო. კიდევ, ბევრი რამ არ მომწონს ჩემს თავში...

მომწონს, რომ ბოღმა და ბოროტი არ ვარ, გულში არაფერს ვიდებ. მომწონს, რომ სხვისი უფლებების გამო – თუ ვხედავ, რომ ძლიერი სუსტს ჩაგრავს, საშინელ რეაქციას მაძლევს და მზად ვარ, შევაკვდე. კიდევ მომწონს, რომ სხვა ადამიანებს ვაცლი ლაპარაკს და მიყვარს მოსმენა.

– ყველაზე დიდი სისულელე, რაც ცხოვრებაში ჩაგიდენიათ?

– სისულელების მეტი რა ჩამიდენია. ხანდახან რომ მეუბნებიან, შენს ასაკთან შედარებით, კარგად გამოიყურებიო, სამ რეცეპტს ვაძლევ: 1. არ უნდა შემოუშვა სიბრძნე; 2. არ დაკარგო სისულელეების კეთების უნარი; 3. არ იყო ბოღმა. 

– ყველაზე მეტად გიყვართ...

– მიყვარს ადამიანები, განსაკუთრებით ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები.

– რომელ ეპოქასა და ცივილიზაციაში იცხოვრებდით  და რას გააკეთებდით?

– შუა საუკუნეების აღორძინების ხანაში ვიცხოვრებდი და გავაკეთებდი იგივეს, რასაც ახლა ვაკეთებ – დავხატავდი. საინტერესო იქნებოდა ჩემთვის აგრეთვე რომის და საბერძნეთის პერიოდში ცხოვრება. იმ პერიოდში ვიქნებოდი ალბათ სამხედრო ხელმძღვანელი.

– დღეს იქ ხართ, სადაც თქვენი ადგილია?

– ამას მხოლოდ ჩვენ არ ვწყვეტთ. მე საერთოდ, ვფიქრობ, რომ სადაც გაჩნდები და სადაც ხარ,  ესე იგი განგებას უნდა, რომ იქ იყო. 

– როდის გრძნობთ თავს უხერხულად და როგორი ხართ ამ დროს?

– უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა მაქებენ, ჩემს ოჯახს აქებენ და იმ ეპითეტებით მამკობენ, რაც გასაგონად უხერხულია ჩემთვის. მე ვფიქრობ, იმის ნახევარიც კი არ გამიკეთებია, რანაირადაც ხანდახან მომმართავენ. ჩემი აზრით, ბევრად მეტის გაკეთება შემეძლო და კიდევ შემიძლია. ამიტომ, როცა უხერხულად ვგრძნობ თავს, ვცდილობ, შევაწყვეტინო ქება. თუ არ შეწყვეტს, ვცდილობ, გავერიდო.

– საერთოდ ფიცხი ხართ?

– ხანდახან ფიცხი ვარ. 

– როგორი ხართ გაბრაზებული?

– გაბრაზებული რომ ვარ, კახურადაც ვიგინები ხოლმე. მტვრევით არაფერს ვამტვრევ.

– მეშინია...

– ცხოვრების დროებითობის, ანუ სიკვდილის მეშინია – ბუნებრივი შიშია. ამაზე უფრო მეშინია, ჩემი ახლობლების სიკვდილის. 

– მინდა...

– მინდა, რომ ნიჭი, წესიერება, სილამაზე, სილაღე სიკეთე მეფობდეს.

– მომწონს...

– მომწონს მშვენიერი ქალბატონები... ასევე, როცა ადამიანის საქციელი არის ლამაზი. მომწონს ბუნება, ვგიჟდები ველურ ბუნებაში გასვლაზე, მომწონს ხელოვნება... 

– მაღელვებს...

– უნიჭობა მაღელვებს და ჩემი ქვეყნის მომავალი. 

– მაშფოთებს...

– უზნეო ადამიანების მოქმედება, არადამსახურებული ადამიანების დროებითი გამარჯვება და მათი დემაგოგია. ერთი სიტყვით, მაშფოთებს უშნო ადამიანი შინაგანადაც და გარეგნულადაც.

– კომფოტულად მაშინ ვგრძნობ თავს, როცა...

– თანამოაზრეთა გარემოში ვარ.

– ხშირად დამთვრალხართ? როგორი ხართ ამ დროს?

– ძალიან ხშირად დავმთვრალვარ. მიყვარს ქეიფი – ვმღერი, მხიარული ვარ და როგორც სხვები მეუბნებიან, იმდენად გადასარევი სიმთვრალე გაქვს, ფხიზელ ნიკუშა შენგელაიას ჯობიხარო (იცინის).

– როგორ გამოიყურება თქვენი ოთახი ჩვეულებრივ, ანუ მაშინ, როცა არავის ელით?

– ზუსტად ისევე, როცა ვინმეს ველი. მე მიყვარს, როცა ვიცი, რა ნივთი სად, როგორ და რანაირად დევს. მხატვარი ვარ და ჩემთვის ფუნქციურ მხარესაც მნიშვნელობა აქვს და ესთეტიკურსაც.

– ვის ეკუთვნოდა რჩევა, რომელიც ცხოვრებაში     გამოგადგათ და რა იყო მისი შინაარსი?

– ძალიან ბევრს ეკუთვნოდათ ეს რჩევები –  დაწყებული ბერძენი ფილოსოფოსებიდან დამთავრებული ჩემი მშობლებით. შინაარსი იყო გამოცდილება, რაღაცის მიმართ დამოკიდებულება და გააზრება იმისი, თუ რა, როგორ არის მოწყობილი. დედაჩემის ერთ რჩევას გავიხსენებ, მეუბნებოდა: დროს ნუ კარგავ, ეს ცხოვრება ვირის კუდივით მოკლეა და რა ნიჭიც ღმერთმა დაგანათლა, უკან უნდა დაუბრუნოო.

– ცხოვრებამ მასწავლა, რომ...

– ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ კიდევ უფრო ბევრი სასწავლი მაქვს.

– მინდა, ყველამ იცოდეს, რომ...

– ბედნიერი ვარ, რომ გავჩნდი ამქვეყანაზე. გავჩნდი ჩემი მშობლების ოჯახში, ჩემს ქვეყანაში. მინდა, ყველამ იცოდეთ, რომ მიყვარხართ.

– რისთვის ღირდა ცხოვრება?

– ერთხელ ზამთარში ბარდნიდა, მე სვეტიცხოველში გადავძვერი გალავანზე შუაღამისას და დავწექი მიწაზე. ქვემოდან სვეტიცხოველს ავყურებდი, ზემოდან ბარდნიდა და იყო სიჩუმე. ამ შეგრძნებისთვის ღირდა ცხოვრება. ცხოვრება ღირდა იმისათვისაც, რომ დამენახა მზე, ცა, ჩემი საყვარელი ადამიანების თვალები.

– რა გიქმნით დისკომფორტს?

– ბევრი რამ მიქმნის დისკომფორტს, ყველაზე მძაფრად პიკის საათში მოძრაობა და ამ დროს მანქანებში შეწუხებული ადამიანების სახეები.

– რას არ გააკეთებთ არასდროს, რამდენი ნულით დაბოლოებული თანხაც არ უნდა შემოგაძლიონ? 

– არასდროს არ თქვა არასდროს.

– რაზე არ ამბობთ არასდროს უარს?

– არასდროს არ ვამბობ უარს, დილით ერთ ღერ სიგარეტსა და  ფინჯან ყავაზე. უარს არ ვამბობ  იმის გაკეთებაზე, თუ ეს ახლობელს სჭირდება.

– ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია...

– მიმიღია რო, ჭკვიანური გადაწყვეტილება?... (იცინის).

– რით ხართ მდიდარი?

– ადამიანებით, მეგობრებით, ჩემი ქართველი ხალხის სიყვარულით, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობ – იქნება ეს ქუჩაში, ქალაქში თუ სოფელში. 

– რელიგიური ხართ?

– მე ვარ ქრისტიანი.

– რელიგიური ადამიანი არის…

– რელიგიურია ადამიანი, რომელსაც სჯერა და მიჰყვება იმ მცნებებს, რასაც ქადაგებდა იესო ქრისტე. 

– სხვა რელიგიის წარმომადგენელი რომ შეგყვარებოდათ და მას არ მიეღო თქვენი რჯული, მაინც იქორწინებდით?

– არანაირი შეფერხება არ იქნებოდა. ხელს მოვაწერდით და  დავრჩებოდით ჩვენ-ჩვენ რწმენაზე. 

– ჯვარს რომ არ დაგწერდნენ?

– მერე რა, ჩემთვის სიყვარული უფრო დიდი სიტყვაა სახარებაში, ვიდრე ჯვრისწერა.

– როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი სიბერეში?

– ნეტა, დავბერდე და... თუ გაჩერდნენ ჩემთან შვილიშვილები, იმიტომ რომ, ერთი შვილი ერთ ქვეყანაშია, მეორე – მეორეში, კალთაში ჩავისვამ და ზღაპრებს მოვუყვები, ეგ მინდა. თუმცა, ვფიქრობ, სიბერეში გაცილებით მეტ დროს დავუთმობ ფერწერას, ვიდრე – ახლა.

– რას დაწერენ თქვენზე 22-ე საუკუნეში?  

– „აქაც კარგი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა” (იცინის). მე არ მაინტერესებს ჩემზე რას დაწერენ, მე მაინტერესებს ჩემი შვილები ამაყად ივლიან თუ არა, როცა ჩემს სახელს ახსენებენ. 

 

скачать dle 11.3