კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (155)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

ეძიე კაცი

ლექსოს მაშინვე გაუქრა სახიდან ცინიკური გამომეტყველება და დაბნეულობისა თუ სიბრაზისგან თვალის გუგები გაუფითრდა, მაგრამ, მაინც მოახერხა თავის ხელში აყვანა, კიდევ ერთი ღერი ამოიღო დაუკითხავად სოფოს კოლოფიდან, სკამის საზურგეს მიეყრდნო, სიგარეტს მოუკიდა და ქალს დაუფარავი აგრესიითა და სიძულვილით მიაშტერდა, მერე წინ გადაიწია, სახე სახესთან ახლოს მიუტანა და ძალიან დამცინავად ჰკითხა:

– ესე იგი, შენ ხარ ეგრეთ წოდებული სესილი და შენმა დაქალმა დაგავალა, ჩემთან რომანი გაგება? რა უნდა, ვეღარ ძლებს უჩემოდ და ახლა სხვების დახმარებით მეჩალიჩება? გადაეცი, რომ არაფერი გამოუვა. მე მაგას იმდენი რამე ვაპატიე, წესით, სხვანაირად უნდა მომქცეოდა. რა ეგონა, მე თუ გამაგდებდა, მისი რომელიმე საყვარელი შეირთავდა ცოლად და აშენდებოდა? მიაც და მისი ნაბიჭვარიც ჩემთვის უკვე განვლილი ეტაპია, უსიამოვნო წარსულია, რომელში დაბრუნების სურვილიც ნამდვილად არ მაქვს და ასეც გადაეცი, გაიგე?

სოფო ისე გააგიჟა ლექსოს არაკაცობამ, კინაღამ თავი ვერ შეიკავა და თვალები ამოკაწრა, მაგრამ, დიდი ძალისხმევის შემდეგ, მოახერხა, შეძლებისდაგვარად შეენარჩუნებინა სიმშვიდე და უთხრა:

– მე სესილი არ ვარ, სესილის დეიდაშვილი ვარ და, მთხოვა, მე შეგხვედროდი და მისი სიტყვები გადმომეცა, რადგან, ვერაფრით ვერ მოახერხა დღეს მოსვლა. მია კი აქ არაფერ შუაშია.

– მერე, რაში სჭირდებოდა შუამავლები, ვერ დამირეკა? – დაეჭვდა ლექსო.

– ასე მითხრა, ერთხელ უკვე გადავადებინე პაემანი და, ახლაც რომ იგივე ვუთხრა, ეგონება, რომ ვეღადავები და გაბრაზდებაო.

– რაო, რა დაგაბარა სესილიმ? – ლექსოს შეეტყო, რომ სოფოს სიტყვები დაიჯერა, – დღეს რატომ ვეღარ მოახერხა მოსვლა?

– სესილის ძმა დიდ ვალში გადავარდა და, რომ არ დაეჭირათ ან არ მოეკლათ, სასწრაფოდ სჭირდებოდა დიდი თანხა, რომელიც ვერ იშოვა. ამიტომ, სესილიმ ორ დღეში გაყიდა თავისი ბინა და ფული ძმას მისცა. ბოლო სამი დღეა, გადაფორმებაზე დარბის და ამიტომ ვერ მოიცალა.

– რა?! ბინა გაყიდა და ფული ძმას აჩუქა? თვითონ სად უნდა იცხოვროს?

– მშობლებთან. ის ფული კი ძმას ასესხა, ანუ, როცა იმას მდგომარეობა გამოუსწორდება, დაუბრუნებს. შენთან კი დამაბარა, როგორც კი გადაფორმების საქმეებს მოვრჩები, მე თვითონ დავურეკავო, – უთხრა სოფომ და კინაღამ ხმამაღლა გაეცინა, როცა დაინახა, როგორ უცბად შეეცვალა სახე ლექსოს.

– გადაეცი, რომ ნუღარ შეწუხდება.

– რატომ? – ვითომ გაუკვირდა ქალს.

– ვერ ვიტან გამოსირებულ გოგოებს.

– რატომ არის გამოსირებული, ძმას რომ დაეხმარა?

– ჰო, თუნდაც.

– ასე რატომ გაგიფუჭდა ხასიათი, რამე გეგმები ხომ არ ჩაგიშალა სესილის ამ ნაბიჯმა?

– ნუ მეიაზვები, გოგო, ეგ შენი საქმე არ არის, მე რა გეგმები ჩამეშალა. იმ შენს სესილის კი გადაეცი, ნუღარ შემეხმიანება, კაროჩე, დამივიწყოს.

– მიას და შენს შვილს არაფერი გადავცე? – ჰკითხა სოფომ და წამოდგა.

– მე შვილი არ მყავს. მიას კი... ჰო, მიას გადაეცი, რომ ბავშვი თავის გვარზე გადაიყვანოს და ნურც ალიმენტის მოლოდინი ექნება ოდესმე. არავითარი სურვილი არ მაქვს, ვიღაცის შვილი ჩემს გვარსა და სახელს ატარებდეს, და მე კი ფულს ვუგზავნიდე. რაც უფრო მალე გააკეთებს ამას, მით უკეთესი.

სოფომ ოფიციანტს დაუძახა და დანახარჯი გადაიხადა, მერე მაგიდაზე დადებული სიგარეტის კოლოფი ლექსოსკენ გააცურა და გამგმირავი ღიმილით უთხრა:

– ეს შენ დაიტოვე. მართალია, შენი სიგარეტიც გიდევს ჯიბეში, მაგრამ, რატომღაც, არ გამოაჩინე. ესეც გქონდეს, ცოტა ეკონომია გამოგივა. თან, ხომ იცი, მუქთა ყველაფერი კარგია.

ლექსომ პირი გააღო, რომ საპასუხოდ რამე მწარე ეთქვა, მაგრამ ქალს აღარ დაუცდია მის მოსასმენად და სწრაფი ნაბიჯით გავიდა კაფედან.

– თქვენი დედაც, ყველასი ერთად!.. – მიაგინა გაცოფებულმა ლექსომ და მაგიდას მუშტი დაჰკრა. დღევანდელი დღის ასე დასრულებას ნამდვილად არ ელოდა. ხმაურით გააჩოჩა სკამი და წამოდგა. მერე გვერდითა სკამიდან ყვავილებიანი ცელოფანი აიღო, სოფოს დატოვებულ კოლოფში ჩაიხედა, კმაყოფილი სახით ჩაიდო ჯიბეში და კაფედან გავიდა.

... სოფომ ფეხით გასწია სახლისკენ. დრო სჭირდებოდა, რომ მომხდარი გადაეხარშა. თვითონ კიდევ ერთხელ რომ არ გაუმართლა, ეს ყველაზე ნაკლებად ადარდებდა. ახლა იმაზე ფიქრობდა, როგორ ეთქვა ეს ყველაფერი გოგოებისთვის და, კონკრეტულად – მიასთვის, ან, საერთოდ, ეთქვა თუ არა. სახლამდე ისე მივიდა, მთელი გზა ამაზე ფიქრობდა, მაგრამ, ვერანაირი გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

სადარბაზოში რომ შეაბიჯა, დაინახა, რომ ლიფტში ვიღაცა შევიდა, დაუძახა, დამიცადეო და ნაბიჯს აუჩქარა.

– გმადლობთ, – უთხრა სოფომ და ღიმილით შეხედა უცნობ მამაკაცს, მაგრამ, გაოცებისგან პირი დააღო – მის წინ კიანუ რივზის ორეული იდგა და მაცდუნებლად უღიმოდა.

„აქ პირველად ვხედავ, ნეტავი ვისთან მიდის?“ – გაიფიქრა და თავისდაუნებურად თმა შეისწორა.

– რომელ სართულზე მიბრძანდებით? – ჰკითხა უცნობმა ხავერდოვანი ბარიტონით და ქალი თავიდან ფეხამდე აათვალიერ-ჩაათვალიერა.

– ბოლო სართულზე, – ძლივს ამოიღო ხმა სოფომ და რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ შედარებით თამამად დააზუსტა: – მეცხრეზე.

– მართლა? მეც მეცხრეზე მივდივარ, – თქვა კაცმა და ღილაკს თითი მიაჭირა.

– ვისთან? – უნებურად ჰკითხა სოფომ, – მეცხრე სართულზე სულ სამი ბინაა, ერთში მე ვცხოვრობ, ერთი დაკეტილია – პატრონები უცხოეთში წავიდნენ, ერთი კი ახლახან გაიყიდა და ჯერ არავინ გადმოსულა – რემონტს აპირებენ.

– ჰოდა, გამოდის, რომ თქვენთან მოვდიოდი, – მაცდურად გაუღიმა კაცმა.

– ჩემთან? – თვალები გაუფართოვდა სოფოს, – ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს?

– ჯერ არა, მაგრამ, ახლა გავიცნობთ: მე ალეკო მქვია, თქვენ?

– სოფო, – მექანიკურად უპასუხა ქალმა და სახე შეეჭმუხნა.

– რამე მოხდა? – მაშინვე შენიშნა ალეკომ.

– ისეთი არაფერი, უბრალოდ, რატომღაც, დღეს ყველა და ყველაფერი მეტ-ნაკლებად ამ სახელს უკავშირდება, – უკმაყოფილო სახით თქვა სოფომ და დაამატა: – ამ ლიფტს რაღა დაემართა, რომ მეცხრე სართულამდე ვეღარ მიაღწია! – მერე ჩანთიდან წინასწარ ამოიღო ბინის გასაღები და კაცს ცოტა დაძაბული ხმით ჰკითხა: – თქვენ მართლა ჩემთან მოდიოდით? ვინ ხართ და რა გნებავთ?

ლიფტი, როგორც იქნა, გაჩერდა და კარი ჯაყჯაყით გაიღო. სოფო კაბინიდან გავიდა და გაუბედავი ნაბიჯით დაიძრა თავისი ბინისკენ. მაგრამ კაცი უცებ წინ გადაუდგა, თავზე ხელი გადაუსვა და ჩუმად უთხრა:

– ვინ ვარ, ამას მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ, რაც მნებავს, ახლავე გეტყვი: მნებავს თქვენი საფულე და ის სამკაულები, რაც თქვენს ხელებს, ყელსა და ყურებს ამშვენებს. თუ თავად ვერ შეძლებთ, მე მოგეხმარებით მოხსნაში, – უცნობმა ღიმილით ჩახედა თვალებში შიშისგან გულგახეთქილ ქალს, ნაზად გამოართვა ხელი, ფრთხილად მოხსნა ბეჭდები და ჯიბეში ჩაიწყო, მერე აკანკალებულ თითებზე აკოცა და „დაამშვიდა“: – ნუ გეშინია, არაფერს გავნებ, – და საყურეების მოხსნას შეუდგა.  

სოფო დაჰიპნოზებულივით იდგა გაქვავებული. მხოლოდ ერთ რამეს გრძნობდა: როგორ სათუთად ეხებოდა მამაკაცი ჯერ ყურებზე, მერე ყელზე და, როცა უცნობის დაოსტატებულმა ხელმა ძეწკვიც შეხსნა და „მადლობის“ ნიშნად ყელზე ნაზად აკოცა, უცებ დაუბნელდა თვალთ და გულწასული მიესვენა მძარცველის მკერდს.

კაცი ასეთ ფინალს არ ელოდა. მექანიკურად აიყვანა სოფო ხელში, ძირს დავარდნილი გასაღები გაჭირვებით აიღო და ბინის კარი გააღო. ქალი დივანზე დააწვინა და შეყოვნდა. პირველად თავის ცხოვრებაში, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ქალს გახედა და, რაღაცნაირად, შეეცოდა, ისეთი უმწეო და უბედური მოეჩვენა. მერე სასწრაფოდ ჩაკეტა შემოსასვლელი კარი, სამზარეულო მოძებნა და ჭიქა წყლით აავსო. ოთახში რომ დაბრუნდა, სოფო იმავე მდგომარეობაში დახვდა. კაცი მის თავთან ჩაიცუცქა, ხელი დაისველა და, ჯერ ყურები დაუზილა, მერე კი სახეზე და ყელზე მიასხურა წყლის წვეთები. სოფომ ოდნავ გაახილა თვალი და, რატომღაც, აღარ შეშინებია, ისევ ის სახე რომ დაინახა.

– უკეთ ხარ? – ჰკითხა კაცმა და წამოდგა, – ერთი-ორი ყლუპი წყალი დალიე და კარგად გახდები, – უთხრა და ჭიქა პირთან მიუტანა.

სოფომ მორჩილად დალია და წამოჯდომა სცადა.

– ცოტა ხანს იწექი, – თქვა კაცმა, ოთახი მოათვალიერა, სავარძელზე დადებული დაკეცილი თხელი პლედი აიღო და დააფარა, – გინდა, ყავა მოგიდუღო?

– არა, – ჩურჩულით თქვა სოფომ და თვალები დახუჭა.

– კონიაკი ხომ არ გაქვს? ორი ყლუპი სასმელი მთლიანად აღგიდგენდა ძალას.

სოფომ ხელით ანიშნა პატარა ბარისკენ. კაცმა ბოთლი და კარგა მოზრდილი ჭიქა გამოიღო, თითქმის ნახევრამდე შეავსო და ტუჩებთან მიუტანა.

– ამდენს ვერ დავლევ, გავითიშები, – უმწეოდ გაეღიმა სოფოს.

– არ გაითიშები, დალიე, – დააძალა უცნობმა და ძალით გადააყლაპა რამდენიმე ყლუპი.

– შენთვისაც დაისხი, – უთხრა რამდენიმე წუთის შემდეგ სოფომ ჩუმად, – შენც კარგად შეშინდი.

– არა, არ მინდა. შენ უკვე უკეთ ხარ და მე წავალ, – კაცმა კონიაკიანი ჭიქა ჟურნალების მაგიდაზე დადო და უხერხული ნაბიჯით გაემართა კარისკენ.

– არ დამტოვო... – ამოიჩურჩულა სოფომ და თვალები თავისით დაეხუჭა.

სოფოს მთელი ღამე თითქმის უშფოთველად ეძინა. მხოლოდ რამდენჯერმე გაახილა თვალი, რომ შეემოწმებინა, ალეკო ისევ იქ იყო თუ არა და, როცა სავარძლის საზურგეზე მისვენებულ და ჩაძინებულ კაცს დაინახავდა, ისევ მშვიდად განაგრძობდა ძილს.

რომ გაეღვიძა, უკვე კარგად იყო გათენებული. მაშინვე სავარძლისკენ გაიხედა და, ცარიელი რომ დაინახა, შეშფოთებული წამოდგა. ცოტა კი დაბარბაცდა, მაგრამ, აშკარად უკეთ იყო. ჯერ სამზარეულოში გავიდა, მერე აბაზანასა და ტუალეტშიც შეიხედა, მაგრამ ალეკო არსად ჩანდა.

„წავიდა!..“ – რატომღაც, შეშფოთებულმა გაიფიქრა და საოცრად დასწყდა გული. მიუხედავად იმისა, რაც გუშინ გადახდა, აზრადაც არ მოსვლია, ბინა დაეთვალიერებინა და შეემოწმებინა, რამე ხომ არ გააყოლა ხელს მისმა ახალმა ნაცნობმა.

ოთახში რომ დაბრუნდა, მხოლოდ მაშინ დაინახა ჟურნალების მაგიდაზე დადგმული ყავით სავსე ფინჯანი და მის გვერდით დაწყობილი გუშინდელი „ნაალაფევი“ სამკაული. თვითონვე გაუკვირდა, მაგრამ, ეს ნივთები ახლა უფრო შეუყვარდა. მაშინვე აიღო, ჯერ ხელით მოეფერა და სასწრაფოდ გაიკეთა, მერე სავარძელში ჩაჯდა და ფინჯანი აიღო. ყავა საკმაოდ შეგრილებულიყო, მაგრამ ასეთი ნეტარებით ცხოვრებაში არ დაულევია. სურნელოვანმა სასმელმა აშკარად გამოაცოცხლა. ცოტა ძალები რომ მოიკრიბა, იქვე დადებული თავისი მობილური აიღო და გაუკვირდა, გამორთული რომ დახვდა.

„ეტყობა, ალეკომ გამორთო, ვინმეს რომ არ შევეწუხებინე“, – მიხვდა და კმაყოფილმა გაიღიმა, მერე კი ხმამაღლა გაეცინა – ცხოვრებაში პირველად იზრუნა მასზე ასე მამაკაცმა; მართალია, ძალიან საეჭვო პიროვნებამ, მაგრამ, მაინც მამაკაცმა და, თანაც, საოცრად მომხიბლავმა.

სოფოს თვითონვე გაუკვირდა, მაგრამ, უცბად უცნაური სიმშვიდე დაეუფლა – კმაყოფილების, სიხარულისა და ბედნიერების შემცველი. კინაღამ ხმამაღლა სიმღერა დაიწყო. ერთადერთი, რაც ამ განწყობას ჩრდილავდა, ის იყო, რომ არ იცოდა ალეკოს არც გვარი, არც ტელეფონის ნომერი და არც მისამართი, თორემ, ახლავე მოძებნიდა.

„არ მაინტერესებს, ვინ არის და რას წარმოადგენს. ცუდი ადამიანი რომ ყოფილიყო, გული რომ წამივიდა, გადამაბიჯებდა და გაიქცეოდა; ან, სულაც, ბინიდან გაიტანდა ყველაფერს, რაც მოეწონებოდა“, – გაიფიქრა და მობილური ჩართო. გოგოებს, ალბათ, ათ-ათჯერ ჰქონდათ დარეკილი. ესემესებიც წაიკითხა. ძირითადად, სწერდნენ, სად ხარ, რა დაგემართა, ხომ მშვიდობააო. ბოლო მესიჯით მიხვდა, რომ დაქალებმა სახლშიც მოაკითხეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ალეკომ კარი არ გაუღო და ამის გაფიქრებაზე კმაყოფილმა გაიღიმა – ახლა მასაც ჰქონდა პირადი საიდუმლო, თუმცა, ზუსტად იცოდა, რომ ეს საიდუმლო მაქსიმუმ შუადღემდე თუ გასტანდა – ნამდვილად არ გაუძლებდა გული, რომ გოგოებისთვის დაწვრილებით არ მოეყოლა ყველაფერი.

„ისე, პრინციპში, მართლაც აწსორებს თავგადასავლები –  ერთფეროვნებასაც ახალისებს და ადრენალინსაც გაგრძნობინებს,” – გაიფიქრა და ხმამაღლა დაამატა: – ოღონდ, ცხადია, როცა ყველაფერი კარგად მთავრდება.

ის იყო, მობილური აიღო და გოგოებიდან რომელიმესთან უნდა დაერეკა, რომ ტელეფონი აწკრიალდა – მია რეკავდა.

– ნუ გეშინია, კარგად ვარ! – მაშინვე ჩასძახა ყურმილს.

– გოგო, შენ ნორმალური ხარ? – კიოდა მია, – კინაღამ ინფარქტი დაგვმართე!

– კარგი, დაწყნარდით, ყველაფერი რიგზეა, მე ძალიან კარგად ვარ; ასე კარგად ჯერ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მართლა, – გახარებული ხმით უთხრა სოფომ, – თქვენ სად ხართ?

– სად ვართ და, ახლა გამოვედით შენი სამსახურიდან. იქაც გიჟებს ჰგვანან, ვერ გაიგეს, სად გაქრი! ახლავე დაურეკე შენს უფროსს და, რაც გინდა, მოატყუე, ოღონდ კი შენი ხმა გააგონე.

– კარგი, დავურეკავ. თქვენ როდის მოხვალთ?

– რადგან ცოცხალი და ბედნიერი ხარ, საღამოს მოგაკითხავთ სახლში.

– ყველანი?

– როგორც მოვახერხებთ. რა იყო, გინდა რამე?

– არა, უბრალოდ, ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი და, მინდა, ყველას ერთად მოგიყვეთ. გუშინ იმდენი რამ გადამხდა, ჭკუაზე არ ვარ, თავი სიზმარში მგონია.

– კარგი, მოვალთ. სხვათა შორის, გუშინ, ეტყობა, განსაკუთრებული დღე იყო ყველასთვის?

– ანუ?

– ანუ, მეც ძალიან ბევრი რამ გადამხდა, რამდენადაც ვიცი, დანარჩენებსაც და, შესაბამისად, მოსაყოლი ჩვენც ბევრი გვექნება. ერთი სული მაქვს, როდის მოვალ, მაგრამ, მანამდე მხოლოდ ერთ რამეს გკითხავ: შეხვდი იმ ალეს?

– ჰო, – მოკლედ უპასუხა სოფომ.

 მერე?

– მერე არაფერი, შენი ეჭვები გამართლდა, დანარჩენს კი საღამოს გეტყვი.

– მშვიდობით დაშორდით ერთმანეთს? – ვერ მოითმინა მიამ.

– პრინციპში, ჰო. ნუ გეშინია, ცოცხალი და ჯანმრთელი დაგხვდებით, – გაეცინა სოფოს, – თუმცა, საკმაოდ მძიმე თემებზე გვექნება საუბარი, – სოფომ სწორედ მიასთან ლაპარაკის დროს გადაწყვიტა, მისთვის ყველაფერი მოეყოლა ლექსოზე, რომ უფრო დაცული ყოფილიყო თავისი ყოფილი ქმრისგან.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3